საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე საზოგადოებაში მუდმივად ისმის კითხვა, რა შეიცვლება თუ კონსტიტუციის აღიარებული „შრომის თავისუფლება“, შრომის „უფლებად“ იქცევა? ხშირია ეჭვნარევი კითხვები იმის შესახებ, ხომ არ ნიშნავს შრომის უფლება იმას, რომ სახელმწიფო ვალდებულია ყველა ადამიანი, უპირობოდ, სურვილისა და შესაბამისი კვალიფიკაციისა მიხედვით დაასაქმოს? ამას ხომ სახელმწიფო უბრალოდ ვერ შეძლებს?! ხომ არ არის შრომის „უფლება“ კომუნიზმში დაბრუნება, სადაც შრომა უფლების გარდა ვალდებულებასაც წარმოშობდა?! და საერთოდ, რას ცვლის შრომის „უფლება“ საქართველოს კონსტიტუციიაში….
ამ კითხვებს სახელმწიფოს არსის და მის ფუნქციების განსაზღვრამდე მივყავართ.
თუკი სახელმწიფოს წარმოშობისა და მისი განვითარების საწყის ეტაპზე, იგი როგორც ადამიანის უფლებების შემზღუდველი მექანიზმი განიხილებოდა, დღეს პირიქითაა. თანამედროვე სახელმწიფო ადამიანის, მოქალაქის მხარდამჭერ, მის დამცველ ინსტიტუციად აღიქმება. დღეს აღარ არის საკმარისი, რომ სახელმწიფომ თავი შეიკავიოს ადამიანის უფლებაში ჩარევისაგან, არ დაარღვიოს მისი უფლება-თავისუფლებები. პირიქით, მისგან აქტიური, ქმედითი ნაბიჯებია საჭირო იმისათვის, რომ პირველი მისი პოზიტიური ქმედებით შეუქმნას ადამიანს ისეთი ინსტიტუციები, სადაც იგი შეძლებს თავისი უნარების გამოვლენას, თვითრეალიზებას, და მეორე, დაიცვას ადამიანი არამხოლოდ თვით სახელმწიფოსაგან, არამედ სხვა პირთაგან სა მომავალი საფრთხეებისაგან.
ჩთამბეჭდავია საქართველოს კონსტიტუციის პირველი წინადადებაა: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ…“. კონსტიტუციის პირველივე სიტყვების სულისკვეთება „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ იდეას ეხმიანება. ეს უკანასკნელი კი დღემდე ერთ-ერთ დომინანტ მორალურ-პოლიტიკურ თეორიას წარმოადგენს, რადგან იგი სახელმწიფოს წარმოშობის დამაჯერებელ ვერსიას გვთავაზობს. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანები ნებაყოფლობითა და ურთიერთთანხმობით დადებული „ხელშეკრულების“ საფუძველზე გაერთიანდნენ სახელმწიფოში. მათ საკუთარი ნებით გაასხვისეს თავისუფლების ნაწილი, რათა დაცული ყოფილიყო მათი უსაფრთხოება და საკუთრება. ინგლისელი განმანათლებლის ჰობსის მოსაზრებით, პოლიტიკური საზოგადოების შექმნამდე ადამიანები ბუნებრივ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ. ამგვარ საზოგადეობაში არ არსებობდა კერძო საკუთრება, ზუსტი განსხვავება „ჩემსა“ და „შენს“ შორის, არ არსებობდა სამართლით დადგენილი წესები. ადამიანების მოქმედება კი ეგოიზმით იყო ნაკარნახევი, მათ მხოლოდ თვითგადარჩენის პრინციპი ამოძრავებდათ. ჰუგო გროცისუსის აზრით სწორედ ამ საჭიროებამ დააყენა „ხელშეკრულების საფუძველზე“ ისეთი ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა, რომელიც დაიცავდა ადამიანებს და მოაწესრიგებდა მათ შორის ურთიერთობებს. სწორედ ამ მიზნით წარმოიშვა სახელმწიფო, როგორც უმაღლესი მმართველი და ხელისუფალი. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში იმანუელ კანტი სახელმწიფოს ძირითად ვალდებულებას ადამიანის დაცვაში ხედავდა. ეს კი აქტიურ, დამცველ და მხარდამჭერ სახელმწიფოს ნიშნავს.
საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია დღესაც აქტუალური რჩება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოს როლი, მისი აქტიურობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში. როგორიც არის შრომითი, ჯანდაცვის ან განათლების სფერო. პოლიტიკური ასოციაციის მიზანი თავისი წევრების დაცვა და კეთილდღეობაა _ წერდა ჟან ჟაკ რუსო. შესაბამისად, შეუძლებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების სახელმწიფოს რეგულაციების გარეშე დატოვება. ასეთი უფლებების მინდობა „უხილავ ხელზე“, იმის იმედად რომ ბაზარი დაარეგულერებს, იწვევს მხოლოდ უთანასწორობას, ჩაგვრასა და სოციალურ უსამართლობას.
თავისუფალი ბაზრის “პრინციპად” ქცეული „უხილავ ხელის თეორია“ (ადამ სმითი), გულისხმობს, რომ თითოეული ადამიანი მოქმედებს მხოლოდ პირადი ინტერესებით, საკუთარი კეთილდღეობისათვის, ხოლო ამ ქმედებებით „უხილავ ხელს“ იგი მიჰყავს ისეთი შედეგებისკენ, რომლებიც საერთოდ არ შედიოდა მის განზრახვაში და შესაბამისად, მისდაუნებურად განაპირობებს საზოგადოების კეთილდღეობას. ამ თეორიის საპირისპიროდ უნდა ითქვას, სწორედ ის რომ თითოელი ადამიანი, რომელიც მხოლოდ პირადი ინტერესებით, საკუთარი კეთილდღეობისათვის მოქმედებს ვერ იქნება საზოგადოებრივი კეთილდღეობის გარანტი. პირიქით ადამიანის ბუნებრივი ეგოიზმის დათმობა არის სწორეს „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ საგანი. სწორედ ამ ეგოიზმის გამო შეიქმნა სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაიცვას ადამიანი უსამართლო ჩაგვრისა და ექსპლუატაციისაგან. იქნება ეს ფიზიკური, ფსიქიკური თუ სოციალური ჩაგვრა.
აქ კი სახელმწიფოს მხარდაჭერას ის ადამიანები საჭიროებენ, რომლებიც მეორე ჯგუფთან შედარებით დაუცველები არიან. სახელმწიფოს როლის, როგორც მხარდამჭერის, ამგვარი განვითარების გამო პრაქტიკულად რთულია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან ადამიანის უფლება და თავისუფლება.
საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში აღიარებული და დაცულია _ ადამიანის უფლება-თავისუფლებები. მიუხედავად იმისა, რომ უფლებისა და თავისუფლების ერთმანეთისაგან გამიჯვნა ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, იგი ზოგჯერ გარკვეულ ტერმინოლოგიურ გაურკვევლობას ქმნის. კლასიკური განმარტებით, „თავისუფლება“ მხოლოდ ჩარევის გარეშე არსებობას, ყოფნას ნიშნავს. „უფლება“ კი უკვე სახელმწიფოსგან რაიმეს მოთხოვნის და ამ სიკეთის დასაცავად მისი პოზიტიური ქმედების საფუძველს ქმნის. ტერმინი „თავისუფლება“ უფრო მეტად ლიბერალური კომპონენტებისაგან შედგება. უფლება კი სოციალურ ელემენტებს აყენებს წინა პლანზე. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, ასეთი გამიჯვნა მრავალ გამონაკლისს ქმნის.
შრომის უფლება, ისე როგორც საკუთრების უფლება დატვირთულია სოციალური ასპექტებით. ამიტომაც იგი ვერ იქნება თავისუფალი სახელმწიფო რეგულაციებისაგან. ისე როგორც ყოველი გარიგება კეთილსინდისიერების პრინციპს უნდა ეფუძვნებოდეს, შრომითი ურთიერთობებიც უნდა გამორიცხავდეს დასაქმებულის ექსპლუატაციას. ადამიანის შრომა ეს ის სიკეთეა, რომელზეც დგას საზოგადოება, რომელიც ქმნის ყველა იმ მეტერიალურ, თუ არამეტერიალურ პროდუქტს რომლითაც საზოგადოების ნებისმიერი წევრი ვსარგებლობთ. შესაბამისად სამართლიანი შრომითი რეგულაციები საჯარო ინტერესს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს კონტროლი შრომით ურთიერთობებზე. შრომის უფლების ასახვა კონსტიტუციაში, სრულებით არ ნიშნავს ყველას უპირობო დასაქმებას, ისე როგორც კონსტიტუცით დაცული საკუთრების უფლება არ ნიშნავს საკუთრების შექმნის გარანტია. შრომის უფლება ნიშნავს სახელმწიფოს მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ შექმნას სამუშაო ადგილები და ყურადღებით აკონტროლოს შრომის კოდექსის შესრულება მხარეების მიერ.
არსებობს არგუმენტები იმის შესახებ, რომ შრომითი ურთიერთობების კონტროლი დააზიანებს ეკონომიკას, და მის ზრდას შეუშლის ხელს. განვითარებად ქვეყანაში კი ასეთი რეგულაციები ბიზნესს დააზიანებს. მსგავსი მიდგომებით 25 წელია ხელმძღვანელობს ქართული სახელმწიფო. შედეგი კი დღეს ფატალურია. უფრო და უფრო ღრმავდება უთანასწორობა სოციალურ ფენებს შორის. იმატებს უმუშევრობა და იკლებს შემსყიდველუნარიანობა. შესაბამისად ფაქტია, რომ მსგავსმა მიდგომამ ვერ გაამართლა, ექსპლუატაციაზე დაფუძვნებულმა შრომამ ვერ მოიტანა ვერც უცხოური ინვესტიციები და ვერც ეკონომიკური შედეგი!
ისეთი პროდუქიის თვითღირებულება, რომელიც შრომითი პირობების დაცვით, დაქირავებულისათვის შრომის სამართლიანი და ღირსეული პირობებით შექმნით იწარმოება რათქმაუნდა უფრო ძვირია, ვიდრე შრომითი ექსპლუატაციის პირობებში შექმნილი ნაწარმი.
სამართლიან შრომით პირობებში შექმნილი ქონებას, იგივე დანახარჯით, სარგებლობა მოაქვს არამხოლოდ დამსაქმებულისათვის, არამედ ნაწილდება დამსაქმებელსა დასაქმებულს შორის.
საქართველოს კონსტიტუციაში შრომის როგორც უფლების ჩამოყალიბება, ხელს შეუწყობს მის სოციალურ უფლებად აღქმას, სახელმწიფოს ვალდებულებას შრომის ინპექციის მეშვეობით დააწესოს ზედამხედველობა შრომის კოდექსის შესრულებაზე. სახელმწიფოს აქტიურობა ღირსეული შრომითი პირობების დასაცავად შეამცირებს იმ უთანასწორობის უფსკრულს, რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებაში არსებობს. დაქირავებული კი, უკეთეს შრომით პირობებში უფრო ნაყოფიერად იშრომებს, უკეთესადაც იცხოვრობს და ამიტომ უფრო შემსყიდველუნარიანი გახდება. შესაბამისად, ღირსეული შრომითი პირობებში ეკონომიკის განვითარება შესაძლოა არ იყოს სწრაფი, თუმცა იგი იქნება მდგრადი. ეკონომიკური ზრდა ღირსეული შრომის პირობებში და შრომითი ექსპლუატაციის გარეშეც რომ შესაძლებელია (ცენტრალურმა და ჩრდილოეთ) ევროპამ უკვე დაამტკიცა, ახლა კი ჯერი ჩვენზეა!