ანა დოლიძე: კარგი, ცუდი და ბოროტი

anaგახსოვთ სერჯიო ლეონეს  მიერ 1966 წელს გადაღებული ვესტერნი ”კარგი, ცუდი და ბოროტი”? ფილმი განძეულის სამი მაძიებლის ურთიერთობებზე მოგვითხრობს.  კლინტ ისტვუდის მიერ განსახიერებული გმირის მეტსახელი ”კარგია”. მისი პროფესია კანონით ძებნილთა დაკავებითა და დაბრუნებით სარჩოს მოპოვებაა. “კარგი” მოწყალებით და თანმიმდევრობით ხასიათდება. “ცუდი” ცივსისხლიანი და მიზანდასახული დაქირავებული მკვლელია, რომელსაც თანაგრძნობა არ გააჩნია. ელი უოლაკი ანსახიერებს მესამე გმირს, ტუკოს ანუ “ბოროტს”. ბოროტი ხარბი და უპრინციპოა, და საკუთარი სიხარბის დაკმაყოფილებაში ხან კარგთან და ხან ცუდთან კრავს ალიანსს, თუმცა არც ერთისთვისაა სანდო.

სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით საქართველოში განვითარებულ უახლეს მოვლენებშიც როლები ამ ფილმის გმირების მსგავსად ნაწილდება. კარგის და ცუდის როლები რუსთაველზე გუშინ და დღეს მომხდარ დაპირისპირებებში ადვილად ნაწილდება. ჰომოსექსუალთა უფლებების გამოხატვის და დაცვის მომხრეები, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დისკურსით შეირაღებულნი საკუთარ თავს კარგებად თვლიან, ხოლო მართლმადიდებელ მრევლს, რომელიც მათ მისწრაფებებს არ იზიარებს, ცუდებად. ასევეა პირიქით – მართლმადიდებელი მრევლისათვის და მათთვის ვინც იზიარებს ამ რელიგიის ძირითადი პოსტულატების გავლენიან ინტერპრეტაციებს, საკუთარი თავი ჭეშმარიტებისათვის მებრძოლად მიაჩნიათ. ბევრ მათგან სწამს, რომ საკუთარი ქმედებით ისინი საზოგადოებას ცოდვისა და მავნე ზეგავლენისაგან იცავენ.

სახეზეა ფასეულებობის და იდეოლოგიების დაპირისპირება, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებით ნებისმიერ საზოგადოებაში. დებატები მნიშვნელოვან მორალურ საკითხებზე ლიბერალურ დემოკრატიულ საზოგადოებაში მუდმივად არის. სწორედ მათი საშუალებით ავითარებს ყველა ერთობა იმ ნორმებს, რომლის მიხედვითაც ამ ერთობის წევრები ცხოვრობენ. დებატები, იმაზე თუ რამდენად უნდა ქონდეთ ქალებს აბორტის უფლება, დაშვებული უნდა იყოს თუ არა ევთანაზია (სამედიცინო თვითმკვლელობა), სავალდებულოა თუ არა სამედიცინო ჩარევა, როდესაც რელიგიური ან პოლიტიკური მრწამსის გამო ადამიანები სასიკვდილოდ შიმშილობენ, და მსგავსი თემები მნიშვნელოვან მორალურ და რელოგიურ საკითხებს უკავშირდება.

ამ საკითხებზე ფასეულობების შეუთავსებლობა ადამიანებს შორის ჩვეულებრივი რამაა და შესაბამისად, ამ თემებზე კამათიც საზოგადოების განვითარების ჩვეულებრივი ნაწილი უნდა იყოს. ამგვარ დაპირისპირებებს კი იარლიყების დარიგება მუდმივად ახლავს თავს. ვინც საკუთარ მორალურ პოზიციებს იზიარებს, ისინი “კარგები” გვგონია, ხოლო “ცუდებად” (ჩაანაცვლეთ “ცოდვილები”, “ბნელები”, “გაუნათლებლები”, “გარყვნილები”) საწინააღმდეგო ფასეულებების მქონენი.

თუმცა, როლების ამგვარ გადანაწილებაში გამოგვრჩა, ერთი, ვიტყოდი, უმთავრესი გმირი. ვინ არის ბოროტი? ბოროტის როლში ის სახელმწიფო აპარატი გამოდის, რომელიც იმის მაგივრად რომ ასეთი კამათისათვის სათანადო პირობები და სივრცე გამოყოს, გვერდზე დგება და დაპირისპირებულ ბანაკებს შორის გამართულ მუშტი-კრივს სეირის მაყურებლის როლში ადევნებს თვალს.

ბოროტის როლშია ის სამართალდამცავი აპარატი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილ და საერთაშორისო სამართლით დაწესებულ ვალდებულებას, აქტიურად დაიცვას ყველა ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება, არაფრად დაგიდევთ და არავითარ ზომას ხმარობს რომ საკუთარ მოქალაქეებს შეუქმნას პირობა მშვიდად, საჯაროდ გამოხატონ საკუთარი მოსაზრება.

ბოროტის როლში გვევლინება ისეთი პოლიცია, რომელიც იმის მაგივრად, რომ ჩადგას კორდონები ორ საწინააღმეგო ბანაკს შორის, დაიცვას თითოეული შეკრება და მასზე გამოთქმული მოსაზრებები თავდასხმისაგან და ხელი შეუშალოს ემოციურ ტალღაზე ფიზიკურ დაპირისპირებას, უსისტემოდ და ეპიზოდურად რეაგირებს, აკავებს მათ ვინც უბრალოდ ხელში მოხვდება და ისიც მაშინ, როდესაც ადამიანები უკვე ფიზიკურად დაზარალებულნი არიან. როდესაც კარგების და ცუდების მუშტი-კრივზეა მთელი ყურადღება გადატანილი და მათ მომხრეებს შორის მობილიზება ემოციებზე დაყრდნობით ხდება, ბოროტის როლისათვის ყურადღების მიქცევა გვავიწყდება. არადა, ის მეორეხარისხოვანი მსახიობი არ გეგონოთ. ბოროტს საკუთარი როლი და გეგმა აქვს, რომელიც ერთი შეხედვით ნაკლებად ჩანს. ელი უოლაკის გმირის მნიშვნელობა კარგსა და ცუდ შორის შეჯიბრის გარეშე ნულის ტოლფასია.

ეს დაპირისპირება მისი სასიცოცხლო საზრდოა. ემოციურად დამუხტულ და მიზანმი მართულ მხარეებს შორის მანევრირებით, მათ შორის ეპიზოდური ალიანსების შეკვრით და მათი კონფლიქტის ხელშეწყობით, იქმნება ბოროტის როლიც და მისი წარმატების პირობებიც. ბოროტი ის პროტაგონისტისტია, რომლის გამარჯვება კარგსა და ცუდს შორის მუდმივ და მწვავე დაპირისპირებას უკავშირდება. ასეთი დაპირისპირების გარეშე ბოროტი უფუნქციო და ნიადაგს მოწყვეტილია.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ