პაზოლინის “მათეს სახარება”

alberto-moravia-01
ალბერტო მორავია (1907-1990).

“პაჯინე კორსარე”;

ესსეისტიკა;

“მათეს სახარება”;

ალბერტო მორავიას რეცენზია;

ესპრესო, 4 ოქტომბერი, 1964;

იტალიურიდან თარგმნა თეა ბახტაძემ

 

© European.ge

ზოგი კრიტიკოსი გააოცა იმან, რომ პიერ პაოლო პაზოლინი, მარქსისტი მწერალი, მათეს სახარების ეკრანზე გადატანისას ტექსტის ორიგინალის ერთგული დარჩა. მართლაც, განა აბსოლუტური შეუსაბამობა არ არის ქრისტიანობასა და მარქსიზმს შორის­­­­­­­­­­­? მემარცხენე სამოქალაქო პოეზიასა და მემარჯვენე კათოლიციზმს შორის? გაოცებაში გამოიხატებოდა იტალიური, მცირედ რელიგიური და ამიტომ იძულებით კონფორმისტული ქცევის საზოგადოების მორალიზმი – პაზოლინი დღემდე სულ ერთნაირად “იქცეოდა”. როგორ შეეძლო, უეცრად ასე ძალიან განსხვავებულად “მოქცევა”?

სინამდვილეში, პაზოლინი ყველაზე მეტად საკუთარი თავის ერთგული დარჩა და რადგან მისთვის ქრისტიანობა წარმოადგენს სენტიმენტალურ და იდეოლოგიურ კავშირს, რომელიც აერთებს მარქსიზმისა და დეკადენტიზმის რთულ წინააღმდეგობრივ გამოცდილებას, მან ასევე ძალიან ბუნებრივად ქრისტიანობასაც უერთგულა. ქრისტიანობას, სწორედ იმგვარს, ერთდოულად სახალხოსა და დახვეწილს, რომელმაც საშუალება მისცა მას, ერთი მხრივ, ქრისტიანული გზავნილის რევოლუციური ხასიათი გაეშუქებინა და მეორე მხრივ, თავიდან აღმოეჩინა ის სილამაზე, რომელიც სახარების ტექსტსა და იმ ინტერპრეტაციებშია რომელიც მას ყველა დროის ხელოვნებამ მოუძებნა.

“აკატონესთან” შედარებით “მათეს სახარება” აღნიშნავს უდაო პროცესს. პირველ ყოვლისა განსაკუთრებული გამომსახველობითი იმპულსის გამო, რომლითაც ეს ფილმი პირდაპირ და მაშინვე ამჟღავნებს იმას თუ რა ედება სალბუნად გულზე პაზოლინის; მეორეს მხრივ, იმიტომ რომ ზოგიერთ ნაწილში პაზოლინი ამჯერად პოეზიის დახვეწილობასა და სიმსუბუქესთან შეერთების ისეთ ცოდნას ავლენს, რომლის შემჩნევაც “აკატონეში” ჯერ კიდევ არ იყო შესაძლებელი.

პაზოლინის ადამიანის სახის სინამდვილის მახვილი შეგრძნება აქვს, როგორც ენით აღუწერელი ენერგიების შეხვედრის ადგილის, რომლებიც გამომეტყველებებში ფეთქდება – ანუ რაღაც ასიმეტრიულის, ინდივიდუალურის, არაწმინდისა და შერეულის, ერთი სიტყვით ტიპურის საწინააღმდეგოს. მხოლოდ პაზოლინის მსხვილი ხედები იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ “მათეს სახარება” განსაკუთრებულობის საფეხურზე მაღლა დაგვეყენებინა. მაგრამ, ეს მსხვილი ხედები არ ეყოფოდა იესოს ისტორიის გადმოცემას, ისევე როგორც პორტრეტების გალერეა არაა საკმარისი იმ მოვლენებზე იდეის შესაქმნელად, რომელთა ნაწილსაც ეს პერსონაჟები წარმოადგენენ. ამრიგად, ფილმი გახდება მსხვილ ხედში წარმოდგენილი სახეებისა და შორიდან განჭვრეტილი დრამატული სცენების მონაცვლეობა, ანუ ისეთი, როგორსაც შეძლებს აღიქვას ის მაყურებელმა, რომელიც ხან სახეებს აშტერდება, ხან კი ცდილობს სრული სცენა გაითავისოს. ამრიგად, არაფერია ნატურალისტური ამ სცენებისა და სახეების მოახლოება-დაშორების მანერაში, არამედ ესაა მხოლოდ გულწრფელად ესტეთიური წარმოდგენა, რომელსაც არა აქვს პრეტენზია, როგორც ამას ნატურალიზმი აკეთებს, საგნების ფოტოგრაფიული სინამდვილე მოგვცეს.

პაზოლინიმ გაიგო სიჩუმის, ისევე როგორც სიტყვის, პლასტიური და არტისტული ფასი. აქვე ვაღიაროთ, რომ სიჩუმეები ფილმის ძალაა, ხოლო სიტყვები-სისუსტე. პაზოლინის სიჩუმეები მინდობილია ორგანოზე რომელიც ყველაზე მეტად არის მიბმული სიჩუმეზე – თვალებზე. აქ საუბარია არა მაყურებლის, არამედ პერსონაჟების თვალებზე. “მათეს სახარების” მდუმარე ეპიზოდები უფრო ლამაზია სწორედ იმიტომ, რომ სიჩუმე ყველაზე ზუსტი საშუალებაა ჩვენს მიერ უკან თავბრუდამხვევი ნახტომის გასაკეთებლად, რომელსაც პაზოლინი საკუთარი ფილმით გვთავაზობს. სიტყვები მუდამ ისტორიის ნაწილია, ხოლო სიჩუმე ისტორიის გარეთ ჩნდება გამოსახულებათა აბსოლუტურობაში – “ხარების” სიჩუმე; სიჩუმე, რომელიც ჰეროდეს სიკვდილს ახლავს; სიჩუმე, რომლითაც მოციქულები იესოს უყურებენ და იესო უცქერს მათ; იუდას სიჩუმე, რომელიც ღალატს აპირებს და იესოს მდუმარება, რომელმაც იცის რომ გაყიდეს. მეორეს მხრივ, პაზოლინის ფილმში სიჩუმე არ არის მუნჯი ფილმის სიჩუმე, ანუ სიჩუმე როგორც დეფექტი, არამედ ეს არის ნაუბარის სიჩუმე – პლასტიური, გამომსახველი, პოეტური მდუმარება.

მაშინ როდესაც სიჩუმეები პაზოლინის ეკუთვნის, სიტყვები ცხადია სახარებიდანაა. ყოველთვის ვფიქრობდით, რომ სიტყვას კინოში ვერისტული ხასიათი აქვს, ანუ, კაცმა რომ თქვას – უსარგებლოა, რასაც, სხვა რომ არაფერი, ის ფაქტიც ადასტურებს, რომ დიდი ხნის მანძლზე კინო მუნჯი და მაინც სრულყოფილად და ბედნიერად გამომსახველობისუნარიანი იყო. კინოში სიტყვის ამგვარი თავისებურება გაცილებით უფრო ართულებდა ისეთი სავსე და მეტაფორებით მდიდარი ენის კინემატოგრაფიაში გადატანას, როგორიც სახარებას აქვს.

პაზოლინის ფილმის ნახვისას ბრუნდება შთაბეჭდილება, რომ ეკრანი, რომელიც საკუთარი ბუნებით უფრო მეტად შეესაბამება გამოსახულებას რომელიც მიედინება და ჩნდება და არა სიტყვას რომელიც ჩერდება და ამბობს, საუკეთესო ადგილი არაა იმ დისკუსიის გამოძახილის მისაღებად, რომელიც თითქოს არქიტექტურასა და ტაძართა მოხატულ კედლებს საჭიროებს. პაზოლინიმ, რომელმაც ენრიკო მარია სალერნოს ძალიან ეფექტური ხმა გამოიყენა, ყველანაირად სცადა რომ ამ შეუსაბამობის პრობლემა გადაეჭრა, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო.

ახლა იმის თქმა-ღა დარჩა, თუ რა ტიპის იესოა პაზოლინის იესო. ახლავე უნდა ითქვას, რომ საქმე ეხება იესოს, რომელიც ძალიან განსხვავდება იმ კონფორმისტულისგან, რომელიც დღემდე დომინირებს. არ არის საჭირო უამრავი სიტყვის დახარჯვა თვალნათელ საკითხზე – ცხადია, რომ იესოს სიკეთეს ისტორიის ფარგლებში აქვს პარადოქსული და რევოლუციური ხასიათი და რომ, იმ მომენტში როცა იესო ამბობდა “გიყვარდეს მოყვარსი შენი, როგორც თავი შენი”, ის ამბობდა ისეთ რამეს, რაც არ იყო იყო მხოლოდ რომელიღაც გრძნობის გამოხატვა, არამედ რაღაც, იმდროინდელ სამყაროსთან მიმართებაში – დამანგრეველი.

ამიტომ, პაზოლინიმ მიზნად დაისახა, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა მაგარი, ძალადობრივი, ხატმებრძოლი და მოუდრეკავი ქრისტე, სწორედ ისეთი როგორიც უნდა გამოჩენილიყო ის მის თანამედროვეების თვალში და არა ისეთი, როგორიც ის დღეს გვეჩვენება ჩვენ ყველას, ვინც როგორც უკვე ითქვა, არ შეიძლება თავი ქრისტიანად არ აღიაროს.

იგივე შეიძლება ითქვას იმ გარემოზე, რომელშიც იესო ქადაგებდა. სრულყოფილი რევოლუციურობისთვის ქრისტიანობა არა მხოლოდ პარადოქსული უნდა ყოფილიყო, არამედ “უჩინარიც”. ხოლო რა არის იმაზე უფრო უჩინარი, ვიდრე რელიგია, რომელსაც ღარიბთა შორის ყველაზე ღარიბი ქადაგებს, ერთ მიყრუებულ პროვინციაში, ამა ქვეყნის ძლიერთათვის უცნობ დიალექტზე? და ამგვარად ისე ჩანს, რომ პაზოლინის “მიზერაბილიზმი” არტისტულის გარდა, საკუთარ ისტორიულ და იდეოლოგიურ გამართლებასაც პოულობს.

პაზოლინიმ თავისი მსახიობები ქუჩიდან აიყვანა – იყვნენ ეს მეგობრები ლიტერატურული გარემოცვიდან, თუ უბრალო ხალხი იმ ადგილებიდან, სადაც ფილმი გადაიღეს. ეს კიდევ ერთი კარგი იდეა იყო, რომელმაც შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო. იესოს როლის შემსრულებლის, ესპანელი სტუდენტის, ენრიკე ირაზოკის სახეც ბერძნულს, ბიზანტიურსა და პირველყოფილს მოგვაგონებს. ეს სახე, ხშირად სერიოზული ან განრისხებული, უფრო იშვიათად მომღიმარი, კინოს ერთ-ერთი საუკეთესო მიგნებაა.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ