ვინაიდან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სრული კონცეფციის შემუშავება, როგორც ჩანს, ჭიანურდება, საჭიროდ ჩავთვალე გამოვაქვეყნო ჩემი ხედვა. ეს ხედვა სრულად ითვალისწინებს ბატონი გია დვალის მიერ გამოქვეყნებულ კონცეფციას და არა მის კრიტიკას, არამედ განვრცობასა და დეტალიზებას ისახავს მიზნად.
1. პრობლემის იდენტიფიცირება
რეფორმის მიმართულების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა იმ მთავარი პრობლემების იდენტიფიცირება, რომელთა მოგვარებასაც ის ემსახურება. წინა ეტაპის წარუმეტებლობა დიდწილად მიზნებისა და რეფორმების შუსაბამობით იყო განპირობებული.
უმაღლესი განათლების წინა ათწლეულში განხორციელებული რეფორმა ემყარებოდა ბოლონიის პროცესის პრინციპებს. ბოლონიის პროცესი ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროპული ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებს პასუხობდა. ევროპის მიზანი იყო ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა, მათ შორის შრომითი ბაზრის უნიფიცირება და კვალიფიციური კადრების მობილობის ზრდა.
აკადემიური განათლების უნიფიცირებისა და კადრების მობილობის ეს ამოცანა, რომელიც საქართველოსთვისაც ნაწილობრივ აქტუალურია, საქართველოს წინაშე არსებულ მხოლოდ მეორეხარისხოვან პრობლემებს ეხებოდა, ხოლო ძირითად გამოწვევებზე პასუხის გამცემი არ იყო.
ვინაიდან ბოლონიის პროცესი, თავისი მიზნებით, ვერ და არ პასუხობდა საქართველოს წინაშე არსებულ პრობლემებს, მისი განხორციელება სიმულაკრული, არა არსობრივი გზით წარიმართა, გადაიზარდა ცარიელ, უშინაარსო ადმინისტრირებაში და შეაფერხა იმ ამოცანების გააზრება და გადაჭრა, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სისტემის გაუმჯობესებას სჭირდება.
ჩვენი მოსაგვარებელი პრობლემები ტიპიურად პოსტსაბჭოთაა, ისინი ნაკლებადაა დამახასიათებელი ევროპის ქვეყნებისთვის.
აქ არ გავიმეორებ იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რომლებიც აკადემიურ თავისუფლებასა და ავტონომიას ეხება. ეს პრინციპები კარგადაა ჩამოყალიბებული დვალის ნაშრომში. ისინი საყოველთაოა და ამ პრინციპების დაცვის აუცილებლობა თავისთავად იგულისხმება ნებისმიერ კარგად მოწყობილ სისტემაში. დაბლა მოყვანილია სისტემის მხოლოდ ის მახასიათებლები, რომლებიც ჯერჯერობით ნახსენები არ იყო.
ა. სამეცნიერო მეტანარატივის წყვეტა
ცოდნის მთელ რიგ დარგებში, პოლიტიკური სისტემის გარდაქმნას მოყვა არსებული ცოდნის კორპუსის მთლიანი ან ნაწილობრივი გადახედვა და მისი უარყოფა. ეს პირველ რიგში ეხება სოციალურ მეცნიერებებს, სადაც უარყოფილ იქნა მეცნიერული კომუნიზმის იდეოლოგიაზე დაფუძნებული ნარატივი. დიდწილად ეს წყვეტა ასევე შეეხო ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, რომლებიც ასევე მეცნიერული კომუნიზმის გავლენას განიცდიდნენ (მაგალითად, ისტორიას და ფილოლოგიას). ახალი ცოდნის კორპუსის შექმნა დაიწყო დასავლური მეტანარატივის ათვისებითა და საქართველოში გადმოტანით, რამაც ჯერჯერობით სუბსტანციურად ახალი, საქართველოს რეალობის ამსახველი და საქართველოს შესატყვისი ცოდნის კორპუსის შექმნა ვერ მოიტანა.
სხვა დარგებში, რომლებიც ნაკლებად განიცდიდნენ იდეოლოგიის გავლენას (მაგალითად, საბუნებისმეტყველო დარგები), ძველი ცოდნის გადახედვის საჭიროება არ არსებობდა, სამაგიეროდ მთელმა რიგმა მიმართულებებმა დაკარგა აქტუალობა ან განიცადეს ღრმა კრიზისი დაფინანსებისა და ახალი კადრების ნაკლებობის გამო. ის ახალი დარგები და ქვედარგები, რომელთა განვითარება უაღრესად აქტუალურია საქართველოსთვის, ასევე მწირი რესურსების გამო, ნელა და ძნელად მკვიდრდება და ჩამოყალიბების პროცესში იმყოფება.
მეტანარატივის წყვეტა, შინაარსობრივ “რევოლუციასთან” ერთად, ენობრივი მატარებლის ტრანსფორმაციამაც განაპირობა. თუკი ადრე ძირითადი სამეცნიერო ენა იყო რუსული, ამჟამად ეს ფუნქცია ინგლისურმა ენამ დაიკავა. შესაბამისად, როგორც საბიბლიოთეკო ფონდი, ასევე დიდი ნაწილი სამეცნიერო კადრებისა აღმოჩნდა ენობრივი წყალგამყოფის მიღმა, რაც მათ პრაქტიულად უსარგებლოს ხდის ახალი მეტანარატივის ფორმირებისთვის. ადრე არსებული მეტანარატივიდან ინფორმაციისა და ცოდნის შენარჩუნება და ახალი თაობებისთვის გადაცემა სირთულეებს აწყდება, ვინაიდან ეს ამოცანა არა მარტო მათ ახლებურ სამეცნიერო, არამედ ლინგვისტურ ინტერპრეტაციასაც მოითხოვს.
ბ. მეტანარატივის შემქმნელი ინფრასტრუქტურის რღვევა
ცოდნის კორპუსის შემქმნელი მეტანარატივი, თავისი ასებობისთვის, მოითხოვს ინფრასტრუქტურას. ეს ინფრასტრუქტურა შედგება როგორც მატერიალური, ასევე არაფორმალური კომუნიკაციური კომპონენტებისგან. ინფრასტრუქტურა უნდა უზრუნველყოფდეს ახალი ინფორმაციისადმი – ცოდნა, კვლევა, თეორია – “რეპუტაციული” მახასიათებლის მინიჭებას. ფაქტობრივი, ემპირიული ინფორმაცია უნდა შეფასდეს თავისი სისწორითა და სიახლით, თეორიული და მეთოდოლოგიური მონაპოვრები – სამეცნიერო და შემეცნებითი ღირებულებით. ყოველივე ამას სჭირდება სპეციფიური, აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვა, რისთვისაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს არა მარტო ტრადიცია, არამედ ფორმალიზებული სისტემაც. კონფერენციები, სემინარები, ერთმანეთის ნაშრომების შეფასება, ხარისხების მინიჭება, ჟურნალები, რომლებიც მხოლოდ ღირებულ ნაშრომებს აქვეყნებენ და ა.შ. ამ სისტემის ფუნქციონირების აუცილებელი კომპონენტებია.
საქართველოში, საბჭოთა ერთიანი სამეცნიერო სივრცის მოშლასთან ერთად, პრაქტიკულად მოიშალა მეცნიერული რეპუტაციებისა და კონკურენციის სისტემა, ხოლო ახალი არ შექმნილა. ქართული სამეცნიერო საზოგადოებრიობა ატომიზირებულია, უკეთეს შემთხვევებში უცხოელი კოლეგებთან დამყარებული კონტაქტებით სარგებლობს და შიდა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის არხებს ვერ ქმნის. შიდა და გარე კომუნიკაციის არხების სისტემა პრაქტიკულად თავიდან არის შესაქმნელი.
გ. ახალი იდეოლოგიების მავნე ზემოქმედება
მოძველებული კომუნისტური იდეოლოგიის ურაყოფამ ვერ განათავისუფლა მეცნიერებისა და განათლების სფერო ზოგადად იდეოლოგიური მიდგომების დომინაციისგან. ახალი იდეოლოგიური დოგმატი პირველ რიგში გამოიხატა კონკურენციის პრინციპის აბსოლუტიზებაში, თანამშრომლობის საჭიროების იგნორირებით.
გატარებული რეფორმა გულისხმობდა, რომ უნივერსიტეტები, მოექცეოდნენ რა ერთმანეთთან კონკურენციის პირობებში, რაციონალურად იქნებოდნენ მოტივირებულნი, სტუდენტების მოსაზიდად, ხარისხიანი განათლება უზრუნველყოთ. ბაზრის უხილავი ხელი დროთა განმავლობაში ასწევდა განათლებისა და მეცნიერების ხარისხს, უზრუნველყოფდა ევროპული დონის განათლების ხელმისაწვდომობას საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში.
ამ კონკურენციამ, ცხადია, გარკვეული პოზიტიური შედეგი გამოიღო, მაგრამ მთლიანობაში მან ვერ შეძლო, და პრინციპში ვერც შეძლებდა, მდგომარეობის თვისობრივ გაუმჯობესებას.
იმ ქვეყნებში, სადაც ბაზარი უაღრესად ფართოა და მდიდარი (აშშ), კონკურნეციის პრიმატი ხელს უწყობს პროდუქციის ხარიხსის ზრდას, თუკი მაღალხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნილება არსებობს. მაგრამ იქ, სადაც ბაზარი ვიწროა და ღარიბი, მას არ ძალუძს თვისობრივი გაუმჯობესების მოტანა.
ვინაიდან ქართულენოვანი საგანმანათლებლო სივრცე უაღრესად ვიწროა, ხოლო მოსახლეობა – ღარიბი, კონკურენციაზე დაფუძნებული მეცნიერება და განათლება განწირულია უხარისხობისთვის. (აქ მე არ ვეხები სოციალური სამართლიანობის საკითხს და მხოლოდ ეფექტურობაზე ვამახვილებ ყურადღებას). მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ სახელმძღვანელოების ნაკლებობის პრობლემა. ვერც ერთი უნივერსიტეტი საკუთარი რესურსებით ამ პრობლემის გადაჭრას ვერ მოახერხებს, და არც არის დაინტერესებული, ვინაიდან მან უნდა დახარჯოს თავისი შეზღუდული რესურსები იმისათვის, რაც შემდგომში ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი. რაციონალური ლოგიკა მოითხოვს, რომ უნივერსიტეტმა მეტი გადაიხადოს ლექციების წაკითხვაში, და ნაკლები – სამეცნიერო მეტანარატივის განვითარებაში, იმ იმედით, რომ ამ პრობლემას სხვების მხრებზე გადადებს.
კონკურენციასთან ერთად უნივერსიტეტებისა და სპეციალისტების თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმების დანერგვა მოახდენდა სინერგიულ ეფექტს და მკვეთრად გაზრდიდი იმ შეზღუდული რესურსების ეფექტურობას, რომლებიც ცალკე არსებულ უნივერსიტეტებშია მოქცეული. ამგვარი თანამშრომლობის ხელშეწყობის ამოცანა კი სახელმწიფოს პრეროგატივაა.
2. რეფორმის ძირითადი ელემენტები
ზემოაღნიშნული გამოწვევების და პრობლემების დაძლევაზე მიმართული რეფორმა პირველ რიგში მოითხოვს ყურადღების გადატანას ადმინისტრირებიდან შინაარსზე. ადმინისტრაციული ზომები საჭიროა, მაგამ მხოლოდ ისეთი, რომლებიც ემსახურება შინაარსობრივი პრობლემების აღმოფხვრას, და არა მათ იგნორირებას.
ა. ბიბლიოთეკა
მეცნიერებისა და განათლების განვითარების შუაგულში არის ტექსტები. ამ ტექსტების ადგილსამყოფელი არის პირველ რიგში ბიბლიოთეკა, ხოლო მეორე რიგში ინტერნეტი.
რესურსების სიმწირის გამო, ქვეყანა ვერ დაელოდება იმას, რომ თითოეულმა უნივერსიტეტმა დამოუკიდებლად შემქნას სრულფასოვანი ბიბლიოთეკა. ამერიკაშიც კი, ერთ ქალაქში არსებული უნივერსიტეტები სარგებლობენ ერთიანი კატალოგით, რომელიც მათ აძლევს შესაძლებლობას ერთმანეთს ასესხონ წიგნები, დაზოგონ საბიბლიოთეკო ფონდები.
ქვეყანაში უნდა შეიქმნას ერთი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც თავისი რესურსებით შესადარისი იქნება ნორმალური ამერიკული საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის საცავთან მაინც. ეს შეიძლება იყოს ყოფილი აკადემიის ბიბილოთეკა, ან ეროვნული ბიბილოთეკა (უფრო პირველი), რომელსაც შესაბამისი დაფინანსება გამოეყოფა.
თითოეული სტუდენტის ვაუჩერის გარკვეული წილი უნდა ერიცხებოდეს არა შესაბამის უნივერსიტეტს, არამედ ამ სამეცნიერო ბიბილოთეკას. სანაცვლოდ, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს უნდა შეეძლოთ ამ ბიბლიოთეკით შეუზღუდავი სარგებლობა, მისი ფონდების შევსებისას სასურველი დაკვეთების მიცემა.
უნივერსიტეტების ბიბლიოთეკები, რომლებიც ამ ბიბლიოთეკის მიღმა იარსებებს, უნდა იყოს გაერთიანებული ერთიან კატალოგში, წიგნების სესხების პრაქტიკის დანერგვით.
საჭიროა აგრეთვე შესაბამისი ინტერნეტ სივრცის შექმნა. ქართველი მეცნიერების მიერ შესრულებული თარგმანები, ქრესტომატიები, ორიგინალური ნაშრომები და სილაბუსები დღესდღეობით გაბნეულია და სტუდენტებისთვის ძნელად მოსაძიებელი. ერთიანი პორტალი, რომელიც სამეცნიერო რესურსების ონლაინ ხელმისაწვდომობას გაზრდის, არა მარტო სამეცნიერო მეტანარატივის ფორმირებას შეუწყობს ხელს, არამედ ასევე წაადგება რეგიონების უნივერსიტეტებს, სადაც რესურსების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მწვავეა.
ბ. სახელმძღვანელოები
უმაღლესი განათლება პრაქტიკულად არ არის უზრუნველყოფილი სასწავლო ლიტერატურით. ლაპარაკია არა იმაზე, რომ სტუდენტებსა და პედაგოგებს არჩევანი ჰქონდეთ რამდენიმე წყაროს შორია, არამედ იმაზე, რომ ერთი მაინც ჰქონდეთ. ამ პრობლემას ვერ გადაჭრის თარგმნელობითი საქმიანობა (რომელიც ასევე არასაკმარისია). სახელმძღვანელო უნდა ეხმარებოდეს სტუდენტს არა მხოლოდ თეორიის ათვისებაში, არამედ საქართველოს რეალობის შესწავლაშიც. მაგალითად შეიძლება სოციოლოგია მოვიყვანოთ. სტუდენტები ისე ამთავრებენ სოციოლოგიის ფაკულტეტს, რომ ერთი სახელმძღვანელოც კი არ არსებობს, რომლითაც შეისწავლიდნენ ქართული საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას: შემოსავლებს, უმუშევრობას, განათლებას, დემოგრაფიას, ოჯახს, სოციალურ სტრატებს, და ა.შ.
სახელმძღვანელოების წერა და მათი რეგულარული განახლება დიდი შრომაა, რომელიც შესაბამის დაფინანსებას მოითხოვს. დღესდღეობით იგულისხმება, რომ ხელფასის მქონე პროფესორები უნდა მუშაობდნენ ამ მიმართულებით. თუმცა, ეს ასე არ ხდება. მათ, როგორც წესი, აქვთ დიდი საათობრივი დატვირთვა, ხოლო კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა საქმეები, როგორც წესი, უნივერსიტეტის მიერ არ მოეთხოვებათ. ასევე, კერძო უნივერსიტეტების პროფესურის დიდი ნაწილი საათობრივ ანაზღაურებას ღებულობს, რაც თავისთავად გულისხმობს რომ მათ სახელმძღვანელოზე მუშაობას არავინ აუნაზღაურებს.
სასწავლო ლიტერატურის შექმნას სჭირდება სპეციალური დაფინანსება და ძალისხმევა.
უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების ნაწილი პირდაპირ უნდა იყოს განკუთვნილი ამისთვის. ამ დაფინანსებამ შესაძლოა გრანტების სახე მიიღოს, ან ინსტიტუტებისთვის განკუთვნილი დაფინანსების ნაწილი იყოს. შექმნილი სახელმძღვანელოების რაოდენობა, ისევე როგორც მათი ხარისხი, უნდა იყოს უნივერსიტეტის შეფასების მნიშვნელოვანი კომპონენტი.
გ. სწავლების შინაარსი, პროფესორების კვალიფიკაციის ამაღლება
არსებული პროფესურა ასწავლის იმას, რაც თვითონ იცის. დიდი ნაწილი ამ ცოდნისა არის ინდივიდუალური ძალისხმევისა და თვითგანვითარების შედეგი, საკუთარი მონდომებითა და ინიციატივით მოპოვებული კვალიფიკაცია. ეს ცოდნა და გამოცდილება ღირებულია, მაგრამ არასაკმარისი. არსებობს საჭიროებები, რომლებიც არ არის დაფარული ამ რესურსით, და რომელთა უზრუნველყოფა პროფესურას შეეძლებოდა, თუკი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და წახალისება იქნებოდა.
განათლების სისტემა განიცდის მთელი რიგი დარგებისა და ქვე-დარგების ნაკლებობას, რომლებიც უაღრესად აქტუალურია ქვეყნის მმართველობისთვის, ეკონომიკისთვის, დასაქმებისთვის. ამ დარგებისა და ქვედარგების სპეციალისტების შექმნა ადვილად შეიძლება არსებული კვალიფიციური ადამიანების მცირეოდენი გადამზადებითა და მათი სპეციალობისთვის მომიჯნავე ცოდნის გაღრმავებით.
ასე მაგალითად, საქართველოში არსებობენ მაღალი დონის მათემატიკოსები, რომლებსაც, შესაბამისი გადამზადების შემთხვევაში, შეუძლიათ სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების სფეროში სწავლების მკვეთრი ამაღლება. არსებობენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ვისაც სოფლის მეურნეობის აწევა ძალუძთ. საკმაოდ ხშირად, ჰუმანიტარები ნაკლებად ერკვევიან მომიჯნავე სოციალურ მეცნიერებებში, ხოლო სამართლის სპეციალისტები – ეკონომიკაში.
ინტერდისციპლინარული ცოდნის გარდა, პროფესურისთვის, რომელსაც ხშირად ნაკლებად მიუწვდება ხელი თანამედროვე ინგლისურენოვან ლიტერატურაზე, ძნელია საკუთარ სფეროში ახალი ცოდნის შეძენა და იმ განვითარების მიდევნება, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი კვალიფიციური ლექტორისთვის.
მდგომარეობის გამოსწორებისთვის საჭიროა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის მდგომარეობას, შრომით ბაზარს, მოახდენს პრობლემების და თეთრი ლაქების იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და ინტერდისციპლინარული სფეროების არეალს, რომელიც შევსებას მოითხოვს. ამ დასკვნების ბაზაზე სახელმწიფო განახორციელებს პროგრამებს, რომლებიც წაახალისებენ პროფესორებს გაიარონ გადამზადება, იმუშაონ ინტერდისციპლინარულ ჯგუფებში ახალი კურიკულუმებისა და სახელმძღვანელოების შექმნაზე, წამოიწყებენ მუდმივმოქმედ სემინარებსა და ინსტიტუტების ტიპის გაერთიანებებს, რომლებიც გრძელვადიან პროგრამებს განახორციელებენ.
დ. სისტემის მდგრადი და ავტონომიური ფუნქციონირება
ვიზიარებ რა ტენუარების პრინციპის დანერგვას, საჭიროდ ვთვლი მის დაზუსტებასა და განვრცობას.
ყველაზე გაურკვეველი მომენტი, რომელიც ტენუარების სისტემასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, არის წამყვანი მეცნიერების კორპუსის შერჩევა და შემდგომში განახლება. ვინ უნდა იყონ ეს ადამიანები, და რა წესით უნდა შეირჩნენ? ასევე, რომც გვქონდეს პირველადი შერჩევის მეთოდი, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი დროთა განმავლობაში ამ კორპუსის ხარისხის ზრდა, და არა დაკნინება? ვინაიდან ტენუარების კორპუსმა სისტემის პრივილეგირებული ავანგარდის როლი უნდა შეასრულოს, კონკურენცია მათ რიგებში მოსახვედრად იქნება მაღალი, ხოლო ამ კონკურენციის მეთოდები, როგორც წესია და რიგი საქართველოში – არც თუ ყოველთვის აკადემიური. რა გარანტიები არსებობს, რომ ეს კორპუსი დროთა განმავლობაში არ გადაგვარდება და არ დაემსგავსება “მეცნიერებისგან კარიერისტების” ნაკრებს, რომელიც უფრო მაფიას, და არა აკადემიას დაემსგავსება?
ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარების გზა არის კონკურენციის წახალისება. კონკურენცია, მათი აზრით, სტიმულს მისცემს პროფესურას შეეჯიბრონ ერთმანეთს, უფრო ინტენსიურად იმუშაონ და ხარისხით დაიმკვიდრონ უკეთესი ადგილები.
რამდენადაც მიმზიდველი და სამართლიანი არ უნდა იყოს ეს ხედვა, პრაქტიკა აჩვენებს რომ ის არის მცდარი. კონკურენციის სპირალს შეიძლება ჰქონდეს როგორც აღმავალი, ასევე დაღმავლი მიმართულება. თუკი კონკურენციაში ჭარბობს კორუფციული, კლანური მეთოდები, კარგი სპეციალისტებიც კი, დაინახავენ რა რომ მათი კვალიფიკაცია არ ჭრის, იწყებენ პროტექციისა და პოლიტიკური პატრონაჟის ძიებას, რათა სისტემიდან არ ამოვარდნენ. საბოლოოდ სისტემა იხრწნება და ბატონობს არა საუკეთესო, არამედ საშუალო, არაფრის მაქნისი მასა, რომელიც ძირავს, და არა აწინაურებს წამყვან და შემოქმედებით ერთეულებს.
პროფესიული კონკურენციის სამართლიანი, აკადემიური და არაკორუმპირებული ნორმების დამკვიდრება არ არის ერთჯერადი ამოცანა. მას სჭირდება შესაბამისი ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა, რომელიც სპირალზე დაღმავალ სვლას აღკვეთავს, და პერმანენტული კონტროლის გზით აღმავალ დინამიკას უზრუნველყოფს. ამგვარი ინფრასტრუქტურა უნდა ქმნიდეს ინსტიტუციურ არბიტრს, რეფერის, რომელიც აკადემიური ნორმების სადარაჯოზე იდგება.
“მესამე მხარე”, არბიტრი, ვერ იქნება მედია, არასამთავრობოები, სასამართლო ან სტუდენტობა. არბიტრის როლი მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება უცხოელ კოლეგებს ან დასავლურ სამეცნიერო ინფრასტრუქტურას დაეკისროს (იმპაქთ ფაქტორების ინდექსი და სხვა). მისი შექმნა უნდა დაეყრდნოს ძალაუფლების ფუნქციონალურ გადანაწილებას სისტემის შიგნით, ზუსტად ისევე, როგორც ეს სხვა სოციალურ სფეროებში ხდება ხოლმე.
სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, სამეცნიერო მეტანარატივის შემქმნელ აკადემიურ მუშაკებთან ერთად (თავისი სტუდენტებით, ახალგაზრდა მკვლევარებით, შუა რგოლის პროფესურითა და ტენუარებით) უნდა არსებობდეს აკადემიურ მუშაკთა ისეთი წრე, ვინც უშუალოდ არ იქნება ჩართული ახალი ცოდნის შექმნაში, არამედ მისი ხარისხის კონროლსა და ცოდნის გავრცელებას მოემსახურება.
ამისთვის ახალგაზრდებისთვის უნდა არსებობდეს ორი ტიპის აკადემიური კარიერის გაკეთების შესაძლებლობა. პირველი ტიპი არის შემოქმედი, მკვლევარი, ინოვატორი, რომელიც წამყვანი ფიგურაა აკადემიურ სისტემაში; ტენუარები ამ კარიერის მწვერვალზე იმყოფებიან. ეს კარიერა დაკავშირებულია მაღალ რისკებთან.
მეორე ტიპის კარიერა ასევე მოითხოვს კვალიფიკაციას, მაგრამ არ გულისხმობს შემოქმედებითი ნიჭის გამოვლინებას. ის ორიენტირებულია რუტინულ საქმიანობაზე და მოიცავს ისეთ სამუშაო ადგილებს, როგორებიცაა რედაქტორები, გამომცემლები, ორგანიზატორები, ადმინისტრატორები, რიგითი პედაგოგები და ლექტორები, რომლებიც სტუდენტებს ორდინარულ ცოდნას გადასცემენ.
ორივე ტიპის საქმიანობა უნდა უზრუნველყოფდეს ღირსეულ დასაქმებას, მაგრამ უაღრესად არსებითია ორივე ტიპის სამუშაო ადგილების არსებობა და მათ შორის მკაფიო დიფერენცირება, მათი ერთმანეთთან კონკურენციის გამორიცხვა.
აკადემიის ამ ორი განსხვავებული კორპუსის წარმომადგენლები არ უნდა იყონ ერთმანეთის უფროსები: თუკი ინფრასტრუქტურის მუშაკები მეცნიერებისა და პროფესორების უფროსები გახდებიან, ეს შეზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას; თუკი მეცნიერები და პროფესორები იქნებიან ხელმძღვანელები, ინფრასტრუქტურის მუშაკები ვერ უზრუნველყოფენ თავის ფუნქციას – აკადემიური სტანდარტების სადარაჯოზე ყოფნას.
აკადემიური მუშაკების ორი კორპუსის თანასწორი თანაარსებობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ფუნქციების გადანაწილებით. კონკურენცია წარიმართება თითოეულის შიგნით, და არა მათ შორის. ამგვარი სისტემა არ წარმოადგენს ინოვაციას – ეს ფაქტობრივად არის იმის აღწერა, რასაც დასავლური სისტემები იყენებენ.
ტენუარების ბირთვის შექმნასთან ერთად რეფორმის საწყის ეტაპზე უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურის მამოძრავებელ მუშაკთა ბირთვიც. პარადოქსულად, ეს შესაძლოა უფრო რთული ამოცანაც კი აღმოჩნდეს. სასურველია, რომ ამ ბირთვში, საწყის ეტაპებზე მაინც, ჩართულები იყვნენ როგორც უცხოელები, ასევე ახალგაზრდა კადრები.
ამ ორი ტიპის მუშაკების გარდა, მეცნიერებისა და განათლების სისტემას დასჭირდება მესამე ტიპი, მენეჯერები, რომლებსაც, შესაძლოა, არ ჰქონდეთ აკადემიური კვალიფიკაცია, სამაგიეროდ კარგად ესმოდეთ სისტემის ეკონომიკური და საზოგადოებრივი კონტექსტი. სამი ტიპის დასაქმებულთა ერთობლიობა ერთობლივად შექმნიან ძალაუფლების იმ ბალანსს, რომელიც შესაძლოა უზრუნველყოფდეს სისტემის არაიძულებით, თავისუფალ და ავტონომიურ განვითარებას.
3. დასკვნა
მოცემული მონახაზი შორსაა იმისგან, რომ დააკონკრეტოს ყველა დეტალი, რომელიც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმას ეხება. ის არ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა უნივერსიტეტების სტატუსი და მმართველობა, ინსტიტუტების სტატუსი და მათი მიმართება უნივერსიტეტებთან, სხვა. მიმაჩნია რომ როგორც ერთი, ასევე მეორე უნდა გადაწყდეს არა რეფორმის შემუშავების დასაწყისში, არამედ მას შემდეგ, რაც მოცემული კონცეპტუალური მიდგომები იქნება გაზიარებული. ჯერ უნდა იყოს მოფიქრებული შინაარსის ფორმირების გზები, ხოლო შემდგომ – კონკრეტული ადმინისტრირების ფორმები, სხვა შემთხვევაში შეცდომები გარდაუვალია. ასე მაგალითად, უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების რეფორმირებისას თუ არ იქნა გათვალისწინებული მოცემული პრობლემების მოგვარების მექანიზმები, შესაძლოა გართულდეს სისტემის ისეთი აუცილებელი კომპონენტების ჩამოყალიბება, როგორებიცაა ბიბლიოთეკები, გამომცემლობები, სასწავლო ლიტერატურა.
ვიმედოვნებ, რომ გამოთხმული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება რეფორმების ავტორების მიერ.