სტუდენტური თვითმმართველობის პოლიტიკა: "როდესაც მხეცებს ვერაფერს აგებინებ, უნდა სცემო"

ეს ამბავი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო როდესაც ჩვენი ფაკულტეტის თვითმმართველობამ დიდსულოვნად გადაწყვიტა ჩვენი პრობლემების გასაგებად შეგვხვედროდა და ამ კეთილშობილური ამბის გასავრცელებლად ფეისბუქზე გვერდი გახსნა. გვერდი იუწყებოდა რომ:

“25 მარტს, 14:00 საათზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, მოგეცემათ საშუალება ისაუბროთ თქვენი პრობლემების შესახებ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში. თითოეული თქვენგანის პრობლემა იქნება განხილული და უმოკლეს დროში გადაჭრილი სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ..

 

 

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა თქვენს გვერდითაა!”

გადავხედე რა უნივერსიტეტში ჩემი სწავლის 4 წლიან პერიოდს, გონების გულმოდგინედ დაძაბვის შემდეგ მაინც ვერ გავიხსენე როდის, რა მომენტში, რა საქმეში და რა პრობლემის მოგვარებაში დამეხმარა თვითმმართველობა მე ან ჩემს რომელიმე მეგობრას და შესაბამისი კომენტარიც დავუტოვე კედელზე.

თინა ყიფშიძე

‎"თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა თქვენს გვერდითაა!"

 

 

აქ შეგშლიათ რაღაც! (მე)

ამ კომეტარს მოჰყვა უამრავი საპასუხო კომენტარი, სადაც გვიხსნიდნენ რომ თუ რამე არ მოგვწონს შეგვიძლია მივიდეთ თვითმმართველობაში და ჩვენით გავაკეთოთ (მე თუ მივედი და მე გავაკეთე, ეგენი რაღა ტრულაილად მინდა ვეღარ გავიგე) და ა.შ. კომენტარები ყოველთვის არ იყო “ზრდილობის” ფარგლებში, მაგალითად გვიწოდეს არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც პოპულარულობის მოსაპოვებლად ლანძღავენ ამ პატიოსან თვითმმართველობას: „რა ეშველება ამ ხალხს , მაგარი დაკომპლექსებული ადამიანები არიან“ , „ვაბშე მეგობრები გყაავტთ?“ „არაფერს არ წარმოადგენთ და გინდათ რამეთი გაგიცნოთ ხალხმა თუნდაც ზიზღით შემოგხედონ. ბავშვობაშიც ასეთები იყავით ალბათ“…

ერთერთ კომენტარში მკითხეს _ ნათელაშვილთან რა ნათესაურ კავშირში ვიყავი, მეორეში მე და ჩემს მეგობარს მოგვიწოდეს დავტოვოთ უნივერსიტეტი თუ არ მოგვწონს და ა.შ. მოკლედ, ამ კომენტარების  განხილვა მნიშვნელოვან საკითხს არ წარმოადგენს, უბრალოდ ფეიბუქზე ამ “გაპაექრებამ” დაახლოებითი წარმოდგენა შეგვიქმნა რა გველოდებოდა ლაივ შეხვედრაზე.

ვაიღიარებ მეც და ჩემი მეგობარიც (ხატია ნადარაია) საკმაოდ გაღიზიანებულები მივედით ამ შეხვედრეზე, სწორედ ფეისბუქზე დატოვებული უაზრო და შეურაცხმყოფელი კომეტარების გამო. შესვლისთანავე რაც თვალში, უფრო სწორად ყურში მეცა, ეს იყო დინამიკების ხმა, საიდანაც თვითმმართველობის თავმჯდომარის ხმა იღვენთებოდა, მართალი რომ გითხრათ დიდად უაზრო მეჩვენა ერთი ბეწო დარბაზში, სადაც ყველას ერთმანეთზე ცხვირი გვაქვს მიდებული მიკროფონის გამოყენების საჭიროება, მაგრამ როგორც მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, ეს შეხვედრის პროტოკოლის ნაწილი იყო, რომელიც აგრერიგად გავდა ჩვენი პოლიტელიტის პრ-ჭინთვურ შეხვედრებს მოსახლეობასთან. მოკლედ, დარბაზში შევედით და დავსხედით, დაახლოებით 10 წუთი ვისმენდით თვითმმართველობის მიღწევებს, რომელსაც ჩვენს ბედ-იღბალზე თვალებამოღამებული ბატონი თავმჯდომარე გვაცნობდა. მიღწევები იყო შემდეგი:

• თვითმმართველობა უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტს სტუდენტური ბარათების დამზადებაში დაეხმარა,

• მიაღწია იმას, რომ იმ სტუდენტის ნაშრომს, რომელიც მიღებულ ქულას აპროტესტებს იგივე ლექტორი კი არა, ამჯერად სხვა ლექტორი გაასწორებს,

• ყველა კორპუსის შესასვლელში წამოჭიმა ბანერი, სადაც მითითებულია მათი კოორდინატები, რათა სტუდენტმა საჭიროების შემთხვევაში ადვილად მიაგნოს მათ ადგილსამყოფელს.

ამ მიღწევებს ბატონი თავმჯდომარე ისეთი სერიოზულობით გვაცნობდა, ერთ მომენტი ეჭვი შემეპარა მგონი ეს მართლა მნიშვნელოვანი მიღწევებია და დიდი უმადური არსება ვარ ამას რომ ვერ ვხედავთქო. საბედნიეროდ ჩემი მეგობარი მალევე გამოერკვა ამ გაუგებრობიდან და რეალურ პრობლემებზე საუბარს შეეცადა შესაბამისი კითხვის დასმით. ხატიას კითხვა დაახლოებით ასე ჟღერდა: ”გასაგებია, რომ თქვენ რამდენიმე სტუდენტს სტუდბილეთის  დამზადებაში მოეხმარეთ, მაგრამ ხომ არ გეჩვენებათ რომ ეს მხოლოდ ტექნიკური პრობლემების გადაჭრაა, მაშინ როდესაც თვისებრივი პრობლემები გვაქვს გადასაჭრელი? მაგალითად, სასწავლო ლიტერატურის თარგმნის პრობლემა, სამწუხაროდ, ჩემს მიმართულებაზე ქართულ ენაზე ლიტერატურის პრობლემაა, რას აკეთებთ ამის შესაცვლელად? გაქვთ თუ არა ბიუჯეტში ამისთვის რაიმე თანხა გამოყოფილი?”

პასუხი იყო შემდეგი: ”თქვენ ჩვენს წესდებას იცნობთ? აი, მანდ წერია რომ თვითმმართველობა კულტურულ-გასართობი ორგანიზაციაა და მას არ ევალება სტუდენტის მასალების თარგმნა და შესაბამისად წიგნების სათარგმენლად არანაირი თანხა არ გვაქვს გამოყოფილი”.

ანუ, თავმჯდომარემ ბრძანა, რომ თვითმმართველობას სულ ერთ ადგილას კიდია სასწავლო მასალას მოვამზადებ თუ არა, ვისწავლი თუ არა, შევძლებ თუ არა წავიკითხო უცხოურენოვანი ლიტერატურა, მათთვის უპირატესი “წკიპურტების ჩემპიონატების” ტარებაა, იმიტომ რომ მათ მხოლოდ ჩვენი გართობა ევალებათ და რომ მათი წესდება მეტს არ ითვალისწინებს. თუმცა აქვე დასძინეს, რომ სასწავლო მასალის ქართულ ენაზე არარსებობა მართლაც სერიოზული პრობლემაა და რომ აუცილებლად დაელაპარაკებიან დეკანს, რომელმაც “კეთილი უნდა ინებოს და ამისთვის თანხები უნდა გამოყოს” (ზუსტად ასე თქვეს, დედას გეფიცებით).

რადგანაც აღნიშნეს, რომ მათი წესდება “მეტს არ ითვალისწინებდა” ლოგიკურად გამიჩნდა კითხვა თუ ეს წესდება სტუდენტის რეალური პრობლემების მოგვარებას არ ითვალისწინებდა და ჯერ კიდევ მეტრეველის დროსაა დაწერილი (ხუბუამდეაო დაწერილი ასე თქვეს და..) რატომ იყენებს თვითმმართველობა ისევ ამ წესდებას და რატომ არ ცვლის მას, უფრო ადკვატური, სტუდენტზე ორიენტირებული წესდებით?

ამ კითხვაზე მიპასუხეს, რომ მე კანონების გარტყმაში არ ვარ და რომ ეს წესდება მიბმულია განათლების რაღაც კანონს, რომელიც თავის მხრივ მიბმულია კიდეც რაღაცას (კონსტიტუცია ახსენეს მგონი) და რომ მისი შეცვლა სიზმარშიც კი არ შეგვიძლია. ჯერ ერთი, თუ ეს რაღაც წესდება მიბმულია რაღაც კანონს, რომელიც კიდევ მიბმულია რაღაცას მაშინ გამოვიდეთ ინიციანტივით რომ ეს რაღაცა შეიცვალოს (ბოლო-ბოლო ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და კანონი თუ არსებობაში ადამიანთა დიდ რაოდენობას ხელს უშლის ეს კანონი უნდა შეიცვალოს – ასე მწამს მე), იმისათვის რომ შეიცვალოს ის კანონი, რომელსაც მიბმულია ეს წესდება და ბოლოს შევცვალოთ წესდებაც და საერთოდაც თუ უნივერსიტეტის თვითმმართველობა ხარ და თავს თვით იმართავ რატომ გიწერს პარლამეტი წესდებას? რატომაა ყველაფერი ასე ცენტრალიზებული და ბიუროკრატიზებული? ერთერთი წევრი შემპირდა მე რომ პარლამეტში მოვალ ამას შევცლიო, ზუსტად ასე მითხრა, თან ისეთი სახით მეგონა პარლამეტარის მანდატი უკვე ჯიბეში ედო. (აი, რა მოლოდინები აქვთ თვითმართველობის წევრებს, თვითმმართველობიდან პირდაპირ პარლამეტში, ნუ მინიმუმ მინისტრის მოადგილე მაინც უნდა გამოხვიდე).

მოკლედ, თავად საუბრის შინაარსი საინტერესო არაა, ჩვენს კითხვებს პასუხობდნენ  ტრენინგებზე პოლიტტექნოლიგიაში წინასწარ ათვისებული მეთოდებით, ანუ მათი პასუხები და ჩვენი კითხვები ისეთ შესაბამისობაში იყო ერთმანეთთან, როგორც კალოში და ნიგვზის მწნილი, (რაზეც ხატიამ აღნიშნა კიდეც თქვენ ფორმალური ლოგიკის კანონებს არღვევთო).

რაა თქმა უნდა, ჩვენს გარდა სხვა სტუდენტებიც აქტიურობნდნენ და მათთვის საინტერესო შეკითხვებს სვამდნენ, მაგალითად ერთერთმა სტუდენტმა იკითხა, რატომ გამიცდა ლექცია თქვენი ერთერთი აქციის გამოო, რაზე უპასუხეს, რომ ეს ერთერთი აქცია პატრიოტული ხასიათის იყო და რომ თვითმმართველობა სტუდენტებში პატრიოტული სულის გამძაფრებას ემსახურება და თუ ასეთი აქციის გამო ლექცია გაგიცდა აღშფოთება კი არ უნდა გამოხატო, პირიქით ამ აქციას უნდა შეუერთდე. თვითმმართველობის მიერ პატრიოტიზმის ქადაგებიზე მე და ხატიას ჩვენდა საუბედუროდ გაგვეღიმა, რაც ქვეყნის ღალატად მიიჩნიეს თვითმმართველობის წევრებმა და დარბაზის დატოვება მოგვთხოვეს (აქ ქურდული ტონი იგულისხმეთ). მოკლედ, მათი სიტყვებით, რომ ვისმჯელოთ პატრიოტიზმი რუსეთის გულისგასახეთქად ჯაჭვების მოწყობა ყოფილა და თუ ამდენი არ გვესმის მაშინ რა გვინდა უნივერსიტეტში ასეთ ადამიანებს.

აქ უკვე სიტუაცია კულმინაციას აღწევდა, ცოტაც და ჩვენზე ხელით გამოიწევდნენ. თავმჯდომარემ, რომელიც შედარებით მეტი ნორმალურობით ხასიათდდებოდა შეკრება დასრულებულად გამოაცხადა, ოღონდ მანამდე ერთერთმა გოგონამ შეკრებას პ.ს. გაუკეთა შემდეგი სიტყვებით” ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი ოქროი რჩეული” და ამ სიტყვებზე მრავალმნიშვნელოვნად გამოგვხედა. ამ სიტყვებს მოჰყვა მქუხარე და ხანგძლივი ტაში და ლამის ბისზე გამოიწვიეს ეს ადამიანი ამ მეტად კონტექსტური და ლოგიკური ჩანართისთვის შეკრების ბოლოს.

გამოვედით რა დარბაზიდან, გვეგონა რომ შეკრება მორჩა და ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ თურმე ჯერ სად ხარ. ერთ-ერთმა ჩვენმა  კეთილისმსურველმა შეშფოთებული სახით ჩუმად გვითხრა, რომ თვითმმართველობის წევრები შეკრების რამდენიმე სხვა აქტიური მონაწილის ცემას აპირებდნენ. ეს რამდენიმე აქტიური მონაწილე მეორეკურსელი ბიჭები არიან, რომლებიც გულგრილი ვერ  რჩებიან სტუდენტური პრობლემებისა და თვითმმართველობის ჩამყაყებული მდგომარეობის მიმართ და ეს გამოხატეს კიდეც შეკრებაზე. როგორც ზემოთ აღნიშნული კეთილისმსურველი გვეუბნებოდა მან მოისმინა თუ როგორ ამბობდა თვითმმართველობის ერთერთი წევრი შემდეგ სიტყვებს: “როდესაც მხეცებს ვერაფერს აგებინებ უნდა სცემო, ხერხემალში გადავტეხავ მე მაგათი…” (სხვათა შორის, ამ წინადადებაზე იქ მდგარ უნივერსიტეტის  დაცვას შემდეგი კომენტარი გაუკეთებია: „უნდა ჟეჟოთ, მეტის ღირსები არიან“). დარწმუნებული ვარ ხერხემალში ჩვენს გადატეხაზეც არ იტყოდნენ უარს, უბრალოდ “ქალს ხელით როგორ შევეხები, მაინც ქალიას” მენტალობა ამის გაკეთებაში ხელს უშლიდათ. შევხედეთ რა თვითმმართველობის ბუღების დაჭიმულ ძარღვებს, მივხდით რომ ეს არ იყო სახუმარო ამბავი და გადაწყვიტეთ მათი ძველბიჭური ფანტაზიისთვის გასაქანი არ მიგვეცა და ცოტნე დადიანის თავგანწირვით ჩავდექით მეორეკურსელ ბავშვებსა და თვითთმართველობის პათოლოგ ძველ ბიჭებს შორის, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ ამ ბავშვებისგან “გვერდზე გამოსვლას”. მას შემდეგ რაც ჩვენთან ჯაჯგურით ვერაფერი ქნეს და “არ მოვკეტეთ ქალებმა” ყველა ერთბაშად სადღაც აორთქლდა. სამწუხაროდ, დარწმუნებულები არ ვართ რომ საკუთარი დანაქადნის შესრულებას სხვა დროს არ შეეცდებიან!!!!

პ.ს. ამ პოსტს ვწერ საკმაოდ ცხელ გულზე და მიჭირს ყველა დეტალის ზუსტად გახსენება, შევეცადე მოკლედ მომეყოლა რა მოხდა დღეს თვითთმართველობასთან შეხვედრისას, თვითმმართველობასთან, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდით არის!!!!

პ.ს.ს. ხო, როდესაც ვთხოვეთ ჩვენთვის გადმოეცათ წინა სემესტრში ჩატარებული აქტივობების ნუსხა დახარჯული თანხის მითითებითურთ, მიპასუხეს რომ მათ იურიდიულად დამოწმებული ასეთი დოკუმენტაცია არ აქვთ!

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ