რამდენიმე საუკუნეა საქართველო ტრიალებს რუსულ-თურქულ-ირანული გეოპოლიტიკური ინტერესების სამკუთხედში.
საბჭოთა კავშირის ნგრევისა და ევროკავშირის შექმნის შემდეგ ქვეყანას გაუჩნდა ევროპული ალტერნატივა, რომელზეც დღემდე არის ორიენტირებული, თუმცა 30 წლის შემდეგაც კვლავ ძველ პოზიციებზე ვართ. საქართველო დღემდე არ არის ევროკავშირის წევრი და ამის მიზეზია არა მხოლოდ პოსტსაბჭოური რესპუბლიკის სოციალ-ეკონომიკური, პოლიტიკური თუ მენტალური მოუმწიფებლობა, არამედ დასავლეთში საუკუნის განმავლობაში ჩადუღაბებული აზრი, რომ საქართველო მართლაც რუსულ-თურქულ-ირანული ინტერესების გეოგრაფიულად და ისტორიულად განპირობებული ზონაა.
რუსეთიც, თურქეთიც და ირანიც ევრაზიის კონტინენტის მთავარ აქტორთა ათეულში შედიან და ევროკავშირი(ისევე როგორც აშშ) ითვალისწინებს გეოპოლიტიკური კონიუნქტურას, რასაც ხშირად ეწირება პატარა საქართველოს ინტერესები. რაც დრო გადის, გეოპოლიტიკა სულ უფრო იცლება მორალური შემადგენლისგან და შესაბამისად, დასავლეთთან ან სხვა აქტორებთან კომუნიკაციაში არანაირი აზრი არ აქვს ემოციებისა და სენტიმენტების არგუმენტებად გამოყენებას. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ პრაგმატულ პოზიციას საქართველოს ინტერესების გასატარებლად.
თუ ქართული საზოგადოება კვლავ მიიჩნევს, რომ სამკუთხედიდან თავის დაღწევა ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების ერთადერთი გზა არის, მაშინ მას მოუწევს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, რათა მოერგოს ევროპულ მოთხოვნებს. სხვა შემთხვევაში ევროკავშირს მუდამ ექნება საქართველოს ინტეგრაციის გაწელვის საბაბი, მითუმეტეს, რომ ევროპული ოჯახი თავადაც არ არის ჩამოყალიბებული, სჭირდება თუ არა მას მეტი გაფართოება, მითუმეტეს საკმაოდ ტურბულენტური და არაპროგნოზირებადი რეგიონის ხარჯზე.
თუ ქართულ საზოგადოებას სურს ევროკავშირის წევრობა, ისე რომ არ შეიცვალოს საკუთარი მიდგომა ღირებულებებისადმი, მაშინ ეს სურვილი ან დარჩება აუსრულებელ სურვილად, ან გარდაიქმნება იმედგაცრუებად, რაც საუკეთესო შემთხვევაში უბიძგებს მას იზოლაციონიზმისკენ, ანდა კვლავ დააბრუნებს გეოპოლიტიკურ სამკუთხედში.
თუ ქართულ საზოგადოებას აღარ სურს ევროპული ოჯახის წევრობა, ამ შემთხვევაშიც მას კვლავს ძველ წრეზე წასვლა და ლავირება სამკუთხედის წევრ სახელმწიფოებს შორის.
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ქართული საზოგადოების ვიწრო, ინტელექტუალურ წრეებში გაჩნდა კიდევ ერთი გეოპოლიტიკური ალტერნატივა _ ჩინეთი. თუმცა ჩინეთის პოლიტიკა ამ ეტაპზე გამორიცხავს მსგავს აქტივობებს სამხრეთ კავკასიაში. და რომც არ გამორიცხავდეს, ქართულ საზოგადოებას გაუჭირდება ჩინეთზე ორიენტაცია პირველ რიგში ცივილიზაციური განსხვავებების გამო. ქართული საზოგადოების ფსიქოტიპი ჩამოყალიბდა არსებულ კულტურულ-გეოგრაფიულ ზონაში და საუკუნეების განმავლობაში შეითავსა საბერძნეთის, რომის, სპარსეთის, ბიზანტიის, ოსმალეთის, რუსეთისა და ევროპის წიაღში ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობები. შესაბამისად, არჩევანი ქართულ საზოგადოებას დიდი არ აქვს.
გასული საუკუნეებისგან განსხვავებით, საინფორმაციო ეპოქასა და ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში ფაქტიურად შეუძლებელია საქართველოს იზოლაციონისტური მომავალიც, ამიტომ კომუნიკაცია შესაძლებელი იქნება და პირველ რიგში უშუალო მეზობლებთან და შესაბამისად სამკუთხედის წევრ ქვეყნებთან. უფრო მარტივად რომ ითქვას, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყდნეს“ არ გამოვა არც დღეს და მითუმეტეს, არც ხვალ, მითუმეტეს, რომ სრულ დამოუკიდებლობას და ამავდროულად პროგრესს არცერთი გეოპოლიტიკური აქტორი არც შემოგვთავაზებს და არც ერთმანეთში შეთანხმდება, საქართველოსთვის გაკეთდეს გამონაკლისი.
რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ამის გააზრება, ახლო მომავალში საქართველო არ უნდა ელოდოს არც ყველასგან დამოუკიდებლობას და არც უეცარ გამდიდრებას და ისრაელად ან შვეიცარიად ქცევას, მითუმეტეს, რომ ერთმაც და მეორემაც წარმატებას და სიძლიერეს მიაღწიეს სულ სხვა წინაპირობებში, გარემოებასა და რეალობაში.
ისტორიის ამ ეტაპზე საქართველოს აქვს არჩევანი მხოლოდ დასავლეთსა და სამკუთხედის წევრებს შორის.
ირანი და საქართველო
დღეს ირანის ინტერესია შიდასტაბილურობა და ამის შემდეგ საკუთარი გავლენის გაფართოება, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ფრონტზე, რომელსაც თეირანი მიიჩნევს ისტორიულად კუთვნილ გავლენის სფეროდ. ირანი მიიჩნევს, რომ რეგიონში გასაძლიერებლად მას არ ყოფნის მეგობრობა მხოლოდ სომხეთთან და სჭირდება ალიანსი რუსეთთან, რომელსაც თავის მხრივ სჭირდება ირანი სავაჭრო და ახლა უკვე სამხედრო თანამშრომლობისთვის. ქართული საოგადოებისთვის ირანის მოკავშირეობა არარეალისტურია. არა მხოლოდ ისტორიის ან რელიგიის, არამედ ცხოვრების წესში უზარმაზარი სხვაობის გამო. სპარსულ კულტურას უკვე სამი საუკუნეა აღარ აქვს გავლენა ქართულ კულტურაზე, ისლამური რევოლუციის შემდეგ კი მითუმეტეს. არც ირანთან სავაჭრო ურთიერთობებს მიუღწევია იმ დონემდე, რომ ქართველებში მერკანტილური სენტიმენტები ჩამოყალიბებულიყო.
უზარმაზარი სხვაობაა თავისუფლების აღქმასა და რელიგიისადმი დამოკიდებულებაში, ცხოვრების სტილსა და მენტალობაში, ფაქტიურად არ არსებობს იდეოლოგიური კავშირები და არც პერსპექტივები. საქართველოში ძნელად მოიპოვება ადამიანი, რომელიც ოცნებობდეს ირანში ემიგრაციაზე, რადგან ეს ქვეყანა მის წარმოდგენაში არ არის საინტერესო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით
ირანს ყველაზე დაბალი შანსები აქვს საქართველოსთან მოკავშირეობაში.
რუსეთი და საქართველო
რუსეთს საქართველოზე დიდი გავლენა აქვს რამდენიმე ფაქტორით. 1. მოსკოვს საქართველოს ტერიტორაზე განთავსებული ყავს თავისი სამხედრო შენაერთები და ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია ქვეყნის პარალიზება 2. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი გაიზარდა და ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირში, იცის რუსული ენა, უყურებს რუსულ ვიდეო კონტენტს, კითხულობდა რუსულ ლიტერატურას და შესაბამისად კულტურულად და ინფორმაციულად დღემდე მცირე დოზით, მაგრამ მიბმულია რუსეთზე 3. ქართული პროდუქციის დიდი ნაწილი იყიდება რუსეთში, რაც ქართველ მწარმოებელს უჩენს რუსეთთან აქტიური კავშირის მერკანტილურ ინტერესს 4. რუსული ტურიზმი და რუსული კაპიტალი ნელნელა ზრდის ქართველების დამოკიდებულებას რუსეთზე 5. მართლმადიდებლობის ფაქტორი ეხმარება მოსკოვს საქართველოში პრორუსული ნარატივების, მათ შორის ე.წ. „სატანისტური დასავლეთის“ იდეის პოპულარიზაციაში, მითუმეტეს, რომ ამას ხელს უწყობს ქართველების მიდრეკილება ტრადიციული ღირებულებების დაცვისკენ.
წაგებული ომებისგან(1921 წლიდან მოყოლებული ყველა ომში საქართველოს მოწინააღმდეგე რუსეთი იყო) დაღლილი და დასავლური დემოკრატიის საჭიროებაში ბოლომდე ვერდარწმუნებული 40+ ასაკის ქართველების სოლიდური ნაწილისთვის დღეს ბევრად აქტუალურია თავის რჩენა და შემოსავლის ზრდა, ვიდრე ახალი ომი, თუნდაც ოკუპირებული აფხაზეთის დაბრუნებისთვის და ეს განწყობა მოსკოვს უდაოდ დიდ უპირატესობას აძლევს, მითუმეტეს, რომ იგივე ასაკობრივი კატეგორიის უმრავლესობისთვის რუსული ენა დღემდე ერთადერთი უცხო ენაა გარესამყაროს, მათ შორის ევროპის აღსაქმელად. მიუხედავად ქართველების ახალი თაობების პროდასავლურობისა, მოსკოვს კვლავ რჩება არაერთი ბერკეტი საქართველოში პრორუსული განწყობების თუ არა, ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად. სავაჭრო-ეკონომიკური სარგებლის ფაქტორმა კი დროთა განმავლობაში ანტიდასავლური განწყობები შეიძლება გაზარდოს ახალგაზრდობაშიც, რომელიც დღეს წარმატების პერსპექტივას ევროპასა და ამერიკაში ხედავს(რასაც ადასტურებს ქართველთა ემიგრაციის გეოგრაფიაც). ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის რუსეთს, კვლავ დაიბრუნოს საქართველო საკუთარ გავლენის სფეროში, არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის ფაქტი. არ არის გამორიცხული, რომ უკრაინასთან ომის მდორე რეჟიმში გადასვლის შემთხვევაში, რუსეთმა სცადოს და შესთავაზოს საქართველოს მაგალითად „კონფედერაციული ურთიერთობა“ ოკუპირებულ რეგიონებთან, დაითანხმოს სეპარატისტები შეთანხმებაზე და სამაგიეროდ გაიმყაროს სამხედრო და პოლიტიკური გავლენა როგორც საქართველოზე, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე.
თურქეთი და საქართველო
თურქეთს მართალია არ აქვს საქართველოზე კულტურული და რელიგიური გავლენა, მაგრამ მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსში, მას გააჩნია ეკონომიკური კავშირები, რაც საკმარისია საქართველოს გავლენის ქვეშ მოსაქცევად. რუსეთისგან განსხვავებით, ანკარა ბევრად დიპლომატიურია, არ ცდილობს მიწების ოკუპაციას ან ქართველების ისლამიზაციას და არ აყენებს ულტიმატუმებს. პირიქით, ერდოღანი ცდილობს პრაგმატული წინადადებებით მიიმხროს თბილისი, შესთავაზოს მას დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა როგორც დასავლეთთან, ასევე რუსეთთან, დასახოს სატრანსპორტო კვანძის პერსპექტივები, განავითაროს სამხედრო თანამშრომლობა და საერთო ჯამში, ითამაშოს „კეთილი უფროსი ძმის“ როლი, რაც მას დღემდე კარგად გამოსდის. როგორც ჩანს, ოფიციალური თბილისისთვისაც კომფორტულია ასეთი, ნაკლებად სარისკო თანამშრომლობა, მითუმეტეს, როცა დასავლეთი არც თავად აქტიურობს და არც აპროტესტებს ამ მეგობრობას. რამდენადაც კომფორტული არ უნდა იყოს დღევანდელი ურთიერთობები თბილისსა და ანკარას შორის. ეს მეგობრობა რთულია ჩაითვალოს საქართველოს სტრატეგიულ არჩევანად ან გეოპოლიტიკურ კურსად. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს უფრო ტაქტიკურ სვლას, რათა გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში საქართველო მართლაც არ აღმოჩნდეს იზოლაციაში ან პირისპირ აგრესიული რუსეთის წინაშე.
მაგრამ თავად ეს ტაქტიკური სვლაც ვერ იქნება სიმშვიდის გარანტი, რადგან ძნელად პროგნოზირებადია, თუ რა ბედი ეწევა თურქეთს ერდოღანის ეპოქის შემდეგ ან რა სახის ურთიერთობა ექნება ანკარას მოსკოვთან. არაა გამორიცხული არც დაპირისპირება და არც მოკავშირეობა ამ ორ ქვეყანას შორის, გააჩნია რა შედეგებს მოიტანს რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში. რუსეთისთვის მოგებიანი სიტუაციის შექმნის შემთხვევაშიც, ანკარის და მოსკოვის ინტერესები ვერ იქნება მეგობრული, რადგან ერდოღანი მიზანმიმართულად ცდილობს „თურანის ალიანსის“ შექმნას, რაც არ შედის რუსეთის ინტერესებში. არანაკლებ პრობლემურია თურქეთისა და ირანის ურთიერთობა, რომლებსაც დღეს რთულია ეწოდოს მეგობრული. ანკარა არ დაუშვებს ირანის ჩარევას „ზანგეზურის დერეფნის“ პერსპექტივაში, ისევე როგორც არ დაუშვებს თეირანისა და მოსკოვის ალიანისის გაძლიერებას სამხრეთ კავკასიის გამოყენებით, რაც ტრადიციულად გამოიწვევს დაპირისპირებას სამკუთხედის წევრებს შორის.
თურქეთის და საქართველოს დაახლოების უმთავრესი პრობლემა რელიგიური განსხვავება და რთული წარსულია, რომელთა გადალახვასაც უფრო მეტი დრო დასჭირდება ვიდრე ქართული საზოგადოების გარკვეულ წრეებში ევროფობიის მოხსნას.
ევროპა და საქართველო
საქართველოსთვის ყველაზე მისაღები და ოპტიმალური ვარიანტი ევროინტეგრაციაა რამდენიმე მიზეზით: 1. ქართველებს სურთ იცხოვრონ ისევე კარგად, როგორც ევროპაში, ჰქონდეთ ევროპული დონის შემოსავლები, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლების ხარისხი. ქართველი ახალგაზრდები ოცნებობენ სწავლის გაგრძელებას არა რუსეთში, თურქეთსა და ირანში, არამედ ევროპასა და ამერიკაში. 2. ინგლისური ენის პოპულარიზაციამ ქართული კულტურა და მეცნიერება კიდევ უფრო დააახლოვა ქვეყანა დასავლეთთან. ქართული კანონმდებლობაც, დემოკრატიაც და ფილოსოფიური აზრიც დაფუძნებულია ევროპულ ფუნდამენტზე, რაც განაპირობებს ქართული მსოფლმხედველობის ინტეგრირებას დასავლურში. 3. დასავლეთი ბევრად უფრო მეტ კაპიტალსა და სამხედრო ძალას ფლობს, ვიდრე რუსეთი 4. დასავლეთმა გადალახა ურთიერთდაპირისპირება და მსოფლიოში ყველაზე სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ უსაფრთხო ზონად ჩამოყალიბდა, რაც მიმზიდველია არა მარტო ქართველებისთვის.
5. დასავლეთს არ აქვს აგრესიული გეგმები, შესაბამისად საქართველოს დასავლეთიდან არ ემუქრება ოკუპაცია, ომი და გენოციდი.
დასავლეთის მინუსებს შორის უმთავრესია მისი სიფრთხილე და ამორფულობა, რაც ხშირად გაღიზიანებას იწვევს რუსეთისგან არაერთხელ დაჩაგრულ ქართველებში.
ევროპის პასიურობა საინფორმაციო პოლიტიკაში იწვევს რუსული ანტიდასავლური ნარატივების გაძლიერებას, რასაც არასაკმარისი ყურადღება ექცევა ბრიუსელიდან. საქართველოში დღემდე სოლიდურია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც რეალურად უფრთხიან ევროინტეგრაციის შედეგ მოსალოდნელ „უღმერთობას“ ან „ქართული იდენტობის წაშლას“. იგივე ვითარებაა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, რაც ადასტურებს არა თავად ერების გაუნათლებლობას, არამედ დასავლეთის არასისტემურობასა და არათანმიმდევრულობას. ის ფაქტი, რომ საქართველომ დაადასტურა ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვა არ იძლევა ამ განწყობების ურყეობის გარანტიას, მითუმეტეს, როცა საქართველოს გარშემო არსებული სამკუთხედი არა მარტო აქტიურობს, არამედ მუდმივად ავითარებს სანფორმაციო-იდეოლოგიური გავლენის უნარებს.
თუ დასავლეთი არ ჩამოყალიბდება სამხრეთ კავკასიის მიმართ და არ გადაწყვეტს ამ რეგიონის ინტეგრირებას, მაშინ სამხრეთ კავკასიას მოუწევს იგივე წრეზე დადგომა, რომელზეც ტრიალებს ბოლო 3 საუკუნის განმავლობაში. სომხეთი დარჩება მოსკოვის და თეირანის მზარდი გავლენის ქვეშ, ხოლო თბილისი და ბაქო ეცდებიან რუსეთის გავლენის შემცირებას ანკარასთან დაახლოებით. თუმცა, აშკარაა რომ ამგვარი სასოწარკვეთილი ტაქტიკა არ შეიძლება ჩაითვალოს სამხრეთ კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს გარანტირებულ უსაფრთხოებად ახლო მომავალში. ჯერჯერობით, გეოპოლიტიკური სამკუთხედი კვლავ წრიულია და კვლავ ბრუნვადი.
გიორგი უძილაური