საქართველო ბერლუსკონიზაციის გზაზე

ამას წინათ ამერიკის ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის გამოკითხვების შედეგების გამოქვეყნების მერე, ოპოზიციის მხრიდან ამ კვლევების კრიტიკული შეფასებები გაისმა.  თუმცა ნაკლებად დავინახეთ თვითრეფლექსია:  რატომ არის რომ ‘ქართულ ოცნებას’ ან სხვა ოპოზიციას ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეთ?
 
პირდაპირ რომ ვთქვათ ეს რეიტინგები არც მთლად შორსაა სინამდვილისაგან.  სააკაშვილი მის მთავარ კონკურენტებს უგებს.  ის დღეს საქართველოს მთავარი ოლიგარქია, რომლის ჯგუფიც ნეოლიბერალური დისკურსის თამაშის პირობებშიც სხვა ჯგუფებს აშკარად სჯობნის.  სულაც არ არის გასაკვირი რომ საქართველოს ბერლუსკონიზაციის პროექტში ნაციონალური მოძრაობა პირველ ადგილზეა.
 
ცხადია, ქვეყანაში გამეფებულია შიში და ნაციონალური მოძრაობა რომ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს ამაში ორი აზრი არაა.  თუმცა ოპოზიცია გაურბის საკუთარ ნაკლოვანებებზე საუბარს და ამით თვალს ხუჭავს ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე.  დღეს საქართველოში პოლიტიკური დისკურსი მიჰყავს ნეოლიბერალურ კონიუნქტურას, რომელშიც ნაციონალური მოძრაობა აშკარად სჯობნის სხვა პარტიებს.  საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მმართველ პარტიას სხვებზე ნიჭიერი სპიკერები ჰყავს (მაგალითად სააკაშვილი, ბოკერია, ბენდუქიძე, უგულავა და ასე შემდეგ), არამედ ისიც რომ ამ ტიპის პოლიციური რეჟიმის პირობებში ნეოლიბერალიზმი არის ოპტიმალური სტრუქტურა.  ჯერ კიდევ ლიპმანის სიმპოზიუმიდან, რომელიც 1930-იან წლებში გაიმართა და სადაც ჩამოყალიბდა ამ მიმდინარეობის მთავარი პრინციპები ცხადი გახდა რომ სახელმწიფო ყველა რესურსს გამოიყენებდა რომ გაეძლიერებინა მმართველი ელიტის დაჯგუფება ‘კერძო საკუთრების’ დაგროვების გზით.  ეს ‘კერძო საკუთრება’ კი არა მარტო საცხოვრებელ სახლებსა და პირად ავტომანქანებს მოიცავდა, რაც ბუნებრივია ადამიანის უფლებაა, არამედ წარმოების საშუალებებს და სტრატეგიულ ობიექტებს.  პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში რუსეთის თამადობით დღეს ნეოლიბერალური ავტოკრატიული რეჟიმებია, სადაც მმართველი ჯგუფი საკუთარ ‘ოლიგაქრებთან’ ერთად ინარჩუნებს სრულ კონტროლს ეკონომიკაზე და აქედან გამომდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც.  ეს პოსტმოდერნული ტიპის ავტორიტარიზმი მეოცე საუკუნის ტოტალიტარულ სისტემებზე უფრო მოქნილი პოლიტიკური სისტემაა, რომელიც ფორმალურად მაინც არჩევნებს ატარებს და დემოკრატიის ფასადს მაინც ქმნის.
 
 
სამაგიეროდ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ცუდ ტონად ითვლება სოციალ დემოკრატიული ტრადიციის პოლიტიკის წარმოება, რადგან ეს მაინც ასოცირდება ‘მემარცხენეობის საყმაწყვილო სენთან’, როგორც ლენინი იტყოდა.  ლენინისა არ იყოს, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების პოლიტიკური ელიტები ერთმანეთს ეჯიბრებიან რეაქციულობაში და აქედან გამომდინარე ადამიანის სოციალურ უფლებებს არაფრად აგდებენ.  არადა ადამიანს შიმშილით მოკლავ თუ წამებით ციხეში, დიდი სხვაობა არ არის.  დღეს საქართველოში, ისევე როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების დიდ ნაწილში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა – დაახლკოებით 80-90 პროცენტი – მთლიანად მარგინალიზებულია, და მას ნებისმიერი ტიპის ხმის უფლება აქვს წართმეული.  სოციალური სამართლიანობა პრაქტიკულად არ არსებობს.  და ამას ახალი საბჭოთა ‘ოლიგარქები’ დუმილით უყურებენ – ისინი ცდილობენ რეაქციული ფილოსოფიები შემოიტანონ, რომ საკუთარი ქონება დაიკანონონ.  ეს ერთი შეხედვით ძალიან მარტივი საკითხი წინ უდგას პროგრესს და უფრო მეტიც, ათასობით ადამიანის გაჭირვებაში დაღუპვას უწყობს ხელს.  
 
ქართულ ოპოზიციაში იშვიათად ისმის სოციალური მოთხოვნები – ათასში ერთხელ ლეიბორისტები, ან ირაკლი ალასანია თუ გააჟღერებს რაიმე სოციალურ საკითხს.   მაგრამ საქართველოში მოქალაქეების სოციალ-ეკონომიკური უფლებებისათვის მოძრაობას არა აქვს სისტემური ხასიათი და სწორედ ამიტომაცაა რომ მოსახლეობაში ცინიზმმა და უნდობლობამ დაისადგურა.  დღეს სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებზე გულახდილი საუბარი პოლიტიკური იმპერატივაა – ამის გარეშე არაფერი გამოვა.   სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ოპოზიციას ასეთი დაბალი რეიტინგი აქვს – ცხადია თუ ნეოლიბერალური დისკურსის ფარგლებში ჩავჯექით და ოპოზიციამაც ამ ენაზე იმეტყველა მუდმივად – ბაზრის ეს სეგმენტი სააკაშვილს წარმატებულად აქვს ათვისებული და იქ მართლაც 10 პროცენტის მეტი აღარ არის დარჩენილი სივრცე.
 
თუ ქართულმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა ქართული პოლიტიკური დიალოგის სტრატეგიული მიმართულების შეცვლა და სოციალ-დემოკრატიული ელემენტები არ შემოიტანა ჩვენს პოლიტიკურ დისკურსში, ჩვენ უნდა ველოდოთ ავტოკრატიული ნეოლიბერალიზმის ხანის კიდევ დიდხანს გაგრძელებას.  თუკი ჩვენ გვინდა რომ ბერლუსკონი გვყავდეს პრემიერად – ეს დიდი ვერაფერი ოცნებაა – ბერლუსკონის ადექვატი უკვე დიდი ხანია გვყავს – რამდენად კარგია ქვეყნისათვის ეს უკვე ვნახეთ, მაგრამ ამ რეჟიმის ჩანაცვლება კიდევ ერთი ნეოლიბერალურ-ოლიგარქიული სტრუქტურით სრულიად მიუღებელი იქნება საქართველოსათვის.
 
დღეს ყველაზე იმპერატიული მოთხოვნა სოციალური სამართლიანობაა.  იმედია პოლიტიკოსები ამაზეც იფიქრებენ.
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ