დღევანდელობა ანუ ‘აღარასოდეს დავბრუნდეთ წარსულში’

ბრიტანელი სოციოლოგი ენტონი გიდენსი, რომელიც საზოგადოების შესახებ არსებულ თეორიებს აკრიტიკებდა, ასევე მიუთითებდა ჟურნალისტების როლზე საზოგადოების ინფორმირებულობასთან დაკავშირებით.  გიდენსი აღნიშნავდა, რომ ‘ჟურნალისტებს თავად შეუძლიათ გახდნენ წინაღობები სინამდვილის გავრცელების გზაზე, მიანიჭებენ რა უპირატესობას მოვლენების განვითარების ამა თუ იმ ვერსიას. სხვადასხვა მხარეს მიმართული ინფორმაციული ნაკადები წინუსწრებს კონფლიქტის ღია ფორმებში გადასვლას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის განვითარებაში.’ თუ გიდენსი ამას ამბობდა, როგორც ომის წარმოების საინფორმაციო სახეობის განვითარებად, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს შიგნით არსებულ ვითარებაზე. სადაც ცოტა თუ საუბრობს იმ ფარულ ომზე, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის მიმდინარეობს, ერთის მხრივ ქვეყანაში არსებულ ელიტურ 1%–სა და დანარჩენ ნაწილს შორის.

დღევანდელი მასიური პროპაგანდა მომართულია ადამიანების გონებისაკენ, რომელიც ცდილობს გააყალბოს ის გარემო და სოციუმი, რომელშიც ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობთ. უკვე კარგა ხანია ნაციონალური სამაუწყებლო ტელეარხები, რომელთაგან ზოგიერთი მხოლოდ ფორმალურად წარმოადგენს დამოუკიდებელ ტელეკომპანიას, სრული ისტერიკის რეჟიმში აწარმოებენ პროპაგანდას და ცდილობენ საგარეო პოლიტიკის ხარჯზე, მტრის ხატის შექმნით გადაფარონ ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური ვითარება, რომელიც სახელმწიფოს განვითარებისათვის დღეს უპირველესი გამოწვევაა და რომელიც წლიდან წლამდე იზრდება, არსებული შინაარსისგან გაცლილი ნეოლიბერალური განვითარების ლოგიკა კი, ვითარების გამოსწორების არანაირ გამოსავალს არ გვთავაზობს.

ჩვენი საზოგადოება, სახელმწიფოში მიმდინარე სოციალურ–პოლიტიკური პროცესებში ნაკლებადაა ინტეგრირებული, რაც შეუძლებელს ხდის პროცესებზე ზემოქმედებას. მეტიც, არსებული სისტემა წარმატებულად ახერხებს ყოველგვარი კრიტიკის პრევენციასა და მარგინალიზაციას, სოციალური დარვინიზმის, როგორც ნორმად გამოცხადებას, შეჯიბრობითობაზე და არა თანამშრომლობაზე დამყარებული სოციალური სტრუქტურის შექმნას, რაც შეუძლებელს ხდის რეალურად მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც შეუძლებელია რეალური თავისუფლებისა და გავლენის ბერკეტების უზრუნველყოფის გარეშე. კიდევ რამდენს ხანს შეიძლება გაგრძელდეს ასე? სადამდე მიგვიყვანს განვითარების ეს დისკურსი?

უდავოა, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური სტრუქტურა აუცილებელ ტრანსფორმაციას საჭიროებს, რაც შეუძლებელია პროგრესული ეკონომიკური და ადმინისტრაციული პოლიტიკის გარეშე. სახელმწიფოს რეალური მოდერნიზაციისათვის უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მნიშვნელოვანი სოციალური რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების რეალურ ინტეგრაციას და წარმომადგენლობითობას არსებულ პროცესებში. ყოველივე ეს კი სოციალური დიალოგის გარეშე შეუძლებელია.

დღეს არსებული ნეოლიბერალური ინდივიდუალიზმი, როგორც გაბატონებული პოსტმოდერნული ნორმა, 70–იანი წლების გვიანდელი კაპიტალიზმის ლოგიკური პროდუქტია, რომელმაც შექმნა იმგვარი საზოგადოებრივი წესრიგი, რაც გულისხმობს მხოლოდ მომხმარებლის ფუნქციის მატარებელ საზოგადოებას.  საჯარო ინტელექტუალი პოლ გუდმენი (1911–1972), რომელიც მარკუზესთან და 20–ე საუკუნის სხვა უდიდეს ფილოსოფესებთან ერთად იყო ინსპირატორი 60–იანების ახალგაზრდული მოძრაობების, აღნიშნავს რომ მოდერნის მრავალი ქრონიკული აბსურდი, უკვე პოსტმოდერნის ანუ დღევანდელობის სტატუსქვოდ იქცა, რომელიც გახდა შეუცვლელი და გაბატონებული წესრიგის ნორმა.

ნეოლიბერალიზმი, როგორც გლობალური წამყვანი იდეოლოგია პოსტმოდერნული კონსუმერიზმის, 80–იანი წლებიდან თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის გაფეტიშებით წარმატებით ახერხებდა ელიტური სისტემის შექმნას, სადაც საზოგადოების ინფორმირებულობა არის ზემოდან თავს მოხვეული და ყალბი.

ჩვენ ზემოდან გვიშენებენ საზოგადოებას, სადაც არ არსებობს სოციალური კონტრაქტი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის, მათ შორის უპირატესად უგულვებელყოფილია ახალგაზრდების როლი და ჩართულობა, უპირველესად კრიტიკულად განწყობილი ახალგაზრდების. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ მკაცრად ცენტრალიზებული პოლიციური სახელმწიფო სისტემა, რომელიც ფორმალურად თუ არაფორმალურად მასთან აფილირებული ინსტიტუტების მეშვეობით ბრწყინვალედ და წარმატებით ახერხებს ნებისმიერი კრიტიკის პრევენციას და სათავეშივე მის მარგანილაზიას, ნაცვლად იმისა, რომ განსხვავებული აზრების მეშვეობით საზოგადოებაში გაძლიერედეს კრიტიკული დამოკიდებულება პროცესებისადმი და შედგეს გარკვეული საზოგადოებრივი ორიენტირები რიგ საკითხებთან მიმართებაში. კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი განვითარების ნაცვლად, ჩვენ გვაიძულებენ არსებული ელიტისა და სისტემის მიმართ ლოიალობას, რომელიც საფუძველშივე სპობს ევოლუციური განვითარების შესაძლებლობას და უბიძგებს გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს რადიკალიზაციისაკენ.

ნეოლიბერალური განვითარების ლოგიკა თავისთავად სპობს შესაძლებლობას და წინააღმდეგია გადაწყვიტოს ის სოციალური წინააღმდეგობები, რომელიც საზოგადოებაშია. ნაცვლად ამისა, დღევანდელ ახალგაზრდა თაობას უკიდურესი მილიტარისტული რიტორიკის ქვეშ უხდება ჩამოყალიბება, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს მათი ნორმალური აზროვნების განვითარებისთვის.

აშკარაა, რომ განვითარების ამგვარი ტიპი, კულტურული იდენტობის პრობლემამდე მიიყვანს ახალგაზრდებს, რადგანაც ნეოლიბერალური დისკურსი სოციალური სტრუქტურის დაბალ საფეხურზე მყოფ ჯგუფებს თავისთავადობის შეგრძნებას უსპობს, რადგანაც მათ არა აქვთ შესაძლებლობა განვითარდნენ დამოუკიდებლად, არა აქვთ იმიტომ, რომ ხელი არ მიუწვდებათ სოციალურ–ეკონომიკურ სიკეთეებთან, სოციალური ინტერაქცია შეუძლებელია ამგვარი განვითარების პირობებში. რეალურად იქმნება ვითარება, სადაც იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებამ შექმნას პროდუქტი, ის თავად იქცევა პროდუქტად.

ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ მომავალზე, შეიქმნას შესაძლებლობა სოციალური სტრუქტურის ტრანსფორმაციისა, რათა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თვითრეალიზების შანსი და შესაძლებლობა მიეცეს, ჩვენ წარსულის აჩრდილებით გვიბინძურებენ გონებას, ნაცვლად იმისა, რომ გავატაროთ სოციალური რეფორმები, რათა გავზარდოთ მოსახლეობის უმრავლესობის რეალური თავისუფლების ხარისხი, ჩვენ მტრის ხატებით გვაშინებენ. ნაცვლად იმისა, რომ ვაღიაროთ პრობლემა, რათა შემდგომში გადავჭრათ იგი, ჩვენ მის მიჩქმალვას და უშინაარსო მოდერნიზებას ვცდილობთ.  მმართველ ელიტას არა აქვს უნარი, მსგავსად ვილი ბრანდტისა, აღმოაჩნდეს მეტი გაბედულება, ნაცვლად მოქალაქეთა დათრგუნვისა წარსულის აჩრდილით(რომელიც არ გვაქვს გაანალიზებული საფუძვლიანად, რადგანაც იგივე რიტორიკა და მანკიერება დღესაც მეინსტრიმია), უზრუნველყოს მეტი დემოკრატიის ხარისხი, როგორც ეს მოხდა 60–ანების ბოლოს, დასავლეთ გერმანიაში, ტოტალური გაფიცვებისა და ახალგაზრდების ჯანყის პასუხად. 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ