გიორგი ღვინჯილია: ჩვენი მამუკა

thumb

ავტორი: გიორგი ღვინჯილია

 © European.ge

შეცდომები მოსულა 

მოდით საკითხს არასერიოზულად მივუდგეთ, პოლიტიკა და ანალიტიკა გვერდზე გადავდოთ და ერთი ამბავი მოვყვეთ. მსგავსი ისტორიებით ბავშვებს აძინებენ, აქედან ანალიზზე მეტად ცხოვრებისეული დასკვნებია გამოსატანი. 90-იანების სული თბილისურ ისტორიებშია შენახული, ამ საოცარი არასიფხიზლისა და კასკადიორული ილეთების საბადოს გაგებას ცოტა იუმორიც სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოში უმსხვილესი ბანკის დირექტორი ჟურნალისტს პირველი მილიონის შოვნის ისტორიას უყვება.  ეს ამბავი –  მისივე სიტყვებით  „დიდი თავგადასავალი“ ან „ლუდის ოპერაცია“ –  ერთ რეცენზიას და თანდართულ განმარტებებს ნამდვილად იმსახურებს, კარგი ფილმის ან კარგი ალბომის მსგავსად.

სწორედ ამ უცნაური ფილანტროპისა და მეცენატის  „დიდ თავგადასავალს“ უნდა ვუმადლოდეთ ერთი შეხედვით დაუკავშირებელი მოვლენების ისეთ უსასრულო ჯაჭვს, როგორებიცაა: ჯაზის პოპულარიზაცია საქართველოში, ჯემიროქუაის კონცერტი, ბორჯომის წარმოების – ცხადია, როგორც სოციალური პროექტის – აღორძინება, გამოსახლებების სერიები, რამდენიმე დამწყები არტისტის გამოფენა, რომელთა შესახებაც სხვა გზით ვერასდროს ვერაფერს გავიგებდით, ახალგაზრდა ფილოსოფოსების ლექციები თიბისი არტარეაზე, ლარის კურსის მერყეობა, სააკაშვილის კლასობრივი ბრძოლა ბანკირი მევახშეების წინააღმდეგ, იპოთეკარის თვითმკვლელობის შემდეგ დატოვებულ წერილი, სადაც ბრალი თიბისი ბანკს ედება; ახალი, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში, ბიესეიჩი სტარტაპერებისთვის, 17 500 კავკასიური ჯიშის ფიჭვის დარგვა ხანძრისგან განადგურებულ ბორჯომის ტყეში, ლიტერატურული პრემია “საბა”, ფესტივალი ელექტრონავტები, მონოპოლია ფარმაცევტულ ბიზნესში – ეს მთელი კოსმოსია, ამბავი კი ასე დაიწყო, ყოველი შემთხვევისთვის, თავად ასე ყვება და უნდა დავუჯეროთ.

 bpn.ge: ბიზ­ნეს­ში პირ­ვე­ლი მო­გე­ბა გახ­სოვთ?

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე: ეს იყო 1 მი­ლი­­ნი რუ­სუ­ლი მა­ნე­თი, რო­მე­ლიც ლუ­დის ოპე­რა­ცი­­დან მი­ვი­ღეთ. ვერც გა­ვი­გეთ იმ დროს, რა თან­ხა იყო ეს თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბით. ამ მო­გე­ბას წინ დიდი თავ­გა­და­სა­ვა­ლი უძღო­და. ამე­რი­კი­დან პე­ტერ­ბურ­გის გავ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში ლუდი შე­მო­­ტა­ნეს. ისე­თი დიდი რა­­დე­ნო­ბის ლუდი შე­მო­ვი­და, რომ გა­და­­კე­ტა რკი­ნიგ­ზა. ლუდი სა­ზღვაო კონ­ტე­­ნე­რე­ბით შე­მო­ვი­და და ვერ მო­­ხერ­ხეს მისი გად­მოტვირ­თვა, რად­გან ასე­თი ტექ­ნი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობ­და. ჩა­­კე­ტა დი­დუ­ბის სარ­კი­ნიგ­ზო კვან­ძი და მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა ატე­ხეს ხმა­­რი, რომ ეს იყო დი­ვერ­სია, რომ ამ­დე­ნი ლუდი არ სჭირ­დე­ბო­და ქვე­ყა­ნას და რომ ლუ­დის ნაც­ვლად სხვა პრო­დუქ­ტი უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო.

90-იანი წლების დასაწყისი იყო: პრივატიზაცია, პენსიონერებს ანაბრები მოპარეს, რომან გოცირიძე სახიდან სისხლს იწმინდავს და კუპონით ხელში ჩეხავს შუა კლასის ბოლო ნარჩენებს,  საუკეთესო დრო ბიზნესის დასაწყებად. ხალხის არჩეულ პრეზიდენტს წყალი უდგება, ზვიად ძიძიგური სამტრედიის პრეფექტია და საბჭოთა კავშირს რკინიგზის გადაკეტვით ემუქრება. იოსელიანი მხედრიონელებს აიარაღებს, გაბოროტებული აფხაზები სოფელ ლიხნიდან იმუქრებიან და დამოუკიდებლობას ითხოვენ, ხალხი 9 აპრილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ იარებს იშუშებს და აი, უცებ, თითქოს არსაიდან, თითქოს ციდან ჩამოვარდა; თითქოს ტაბლეტივით ჩაგვიდეს ჯიბეში, ქალაქში ლუდი გამოჩნდა. დენთის სუნით გაჟღენთილი კავკასიის გავლით თბილისში პირდაპირ ამერიკიდან შემოვიდა ლუდით დატვირთული მატარებელი, „1.2 ან 1.3 მილიონი ქილა იქნებოდა“, რაში გვჭირდებოდა? ვისია? რატომ მაინცდამაინც ჩვენ? ნატო ნიშანს ხომ არ გვიგზავნის?

მამუკა ხაზარაძე: მე კი ამ ყვე­ლა­ფერს ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუ­ყუ­რებ­დი. პე­ტერ­ბურ­გში მეგობრე­ბი მყავ­და და და­ვუ­რე­კე: ლუდი ხომ არ გინ­დათ მეთ­ქი. არც უკი­თხავთ, რა მარ­კის იყო და მა­შინ­ვე მი­პა­სუ­ხეს: თუ ქი­ლებ­შია გვინ­დაო. მა­შინ რე­­ლუ­რად იყი­დე­ბო­და არა ლუდი, არა­მედ შე­ფუთ­ვა. მოკ­ლედ, მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ეს ლუდი ისევ პე­ტერ­ბურ­გში გავ­გზავ­ნეთ. ასე 1,2-1,3 მი­ლი­­ნი ქილა იქ­ნე­ბო­და. ეს იყო ბოლო ეშე­ლო­ნი, რო­მელ­მაც სამ­ტრე­დი­ის ბლო­კა­დამ­დე და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო.

დაუჯერებელი მდგომარეობა –  მთავრობა მომხდარს დივერსიად აფასებს, ჩეჩნეთში სერიოზული პრობლემები მომწიფდა, ყოველი მეორე იარაღის ხმარებას სწავლობს. აცრემლებულ მარადონას მსოფლიო ჩემპიონატიდან ხსნიან, სადღაც კოლუმბიაში სხვა ახალგაზრდა ბიზნესის გენიამ სახელმწიფოს ომი გამოუცხადა. ეკონომიკას რესტრუქტურიზაცია სჭირდება, ხოლო ქალაქის ცენტრში, პირდაპირ მის შუაგულში, ერთი მილიონი ქილა ლუდია დატოვებული, მაცივარში ჩაციებული კარსლბერგი, ან ჰაინეკენი, ასე უპატრონოდ, ძაღლივით, მომკითხავიც არ ყავს. საბედნიეროდ სადღაც იქ, უშუქობისგან გატანჯულ თბილისში, სადაც მეზობლები საზიარო ლობიოს აკეთებენ, ქვეყნის ერთ-ერთი უსერიოზულესი ინოვატორი, ე.წ. ენტრეპრენერი იმალება. შუქი ცხრა საათზე ჩაირთო, ეს პირველი ან მეორე არხია, სათვალიანმა დიქტორმა აუღელვებლად გამოაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში დევს ერთი მილიონი ქილა ლუდი, რომელსაც პატრონი არ უჩანს, ხალხმა ეკრანს შეხედა და ამოიოხრა.

ყველაფერში შანსი უნდა დაინახო, ასეთია ბიზნესმენის და „იგროკის“ ცხოვრება. მამუკამ მეგობრებს დაურეკა. მონათხრობიდან არ ჩანს, ვინ არიან მისი პეტერბურგელი მეგობრები. გასაკვირი არაფერია – ყველას გვყავს ერთი-ორი მეგობარი, რომელსაც ერთი მილიონი ქილა ლუდი სჭირდება. თუ მონათხრობს გავიმეორებთ, დაახლოებით ასეთი ამბავი გამოდის: მამუკამ ყურმილი აიღო და აუღელვებელი ხმით იკითხა – ბიჭებო, ლუდი ხომ არ გესიამოვნებათ? იქიდანაც აუღელვებელი პასუხი მიიღო – თუ ქილებშია გვინდაო. სწორ დროს და სწორ ადგილას უნდა აღმოჩნდე, დაუჯერებელია მაგრამ სიმართლეა.

ხაზარაძემ და მისმა მეგობრებმა ლუდი ისევ პეტერბურგში გააგზავნეს, სამტრედიის პრეფექტმა, ზვიად ძიძიგურმა ბლოკადის გამოცხადებამდე ერთი მატარებელიც გაატარა. ეროვნული გვარდიის ფორმებში ჩაცმული ჯარისკაცები მემანქანეს ხელით ანიშნებენ, მალე გაიარეო; მატარებლის უკან ლიანდაგები ჩაიხერგა, ქართული ეკონომიკის დამაქცეველი ბლოკადა ძალაში შევიდა; ლუდის მოშორებაც მოვასწარით, ხალხმა შვებით ამოისუნთქა. ისტორია ახალ ეტაპზე გადავიდა. მატარებელი შორს იყო, კუბური ბენდი “ბუენა ვისტა” ჯაზ-ფესტივალზე მოწვევას ელოდა, ჩვენ „საბას“ პრემიას. ვაგონები ომის პირას მდგომ კავკასიას კვეთდნენ. ყველაფერი სუფთად მოხდა –  არც ლუდია კოკაინი, არც მამუკას ჰქვია პაბლო.

მამუკა ხაზარაძე:თუმ­ცა, ჩვე­ნი ტვირ­თი პე­ტერ­ბურ­გის პორ­ტში გა­­ჩე­რეს და ლუდი მაფიის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა. ჩა­ვე­დით მე და ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი პე­ტერ­ბურ­გში. მა­შინ ასე 25 წლი­სა­ნი ვიქ­ნე­ბო­დით. პორ­ტში შემ­თხვე­ვით ნავ­სად­გუ­რის მტვირ­თა­ვე­ბის ბრი­გა­დის მე­თა­­რე­ბის ლა­პა­რაკს შე­ვეს­წა­რით, წუ­წუ­ნებ­დნენ: ხელ­ფასს არ გვიხ­დი­­ნო. ბოლო 50 მა­ნე­თი­დან 25 მა­ნე­თი მათ მი­ვე­ცით. ერთერთი მოგ­ვბრუნ­და და გვი­თხრა: თქვენ ლუ­დის პარ­ტი­ას ხომ არ ეძებ­თო. მიგ­ვიყ­ვა­ნეს და ჩაგ­ვა­ბა­რეს ისე, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას არ უთხრეს. ჩვენ კი მყიდ­ვე­ლებს გა­და­ვა­ბა­რეთ.

თითქოს, ამ მატარებელს ვერაფერი გააჩერებს, მაგრამ როგორ, რანაირად, ნუთუ ისტორია ენტრეპრენერის წინააღმდეგ ტრიალდება? პოსტსაბჭოთა სივრცე. კრიმინალური დაჯგუფებები ასი დოლარის გამო გაგატყავებენ; ჩეჩნები, სოლნცეველები; მგლებიც წაგვიკითხავს, სარანგიც და მწვანეთვალება ანგელოზიც. მოულოდნელად, პეტერბურგის პორტში ლუდი მაფიამ გააჩერა. პანიკა, ტყავის კურტკები, რეიბანებიდან ცერად იმზირებიან. და აი, თხრობის ამ დაძაბულ მომენტში, თითქოს ოთახში ნიავმა დაუბერა, მთხრობელს სასიამოვნოდ ახსენდება, რომ ამ დროს ის და მისი ბიძაშვილები სულ რაღაც 25 წლისანი იყვნენ, ალბათ იღიმის კიდეც. თავში მწარე და ტკბილი მოგონებები ირევა: ისინი, ვინც უსამართლოდ დაჩაგრა; ქალები, რომლებიც უყვარდა; დაკარგული მეგობრების სახეები; ჯერ კიდევ ცოცხალი ბებია, რომელიც სიფრთხილისკენ მოუწოდებდა და ახალგაზრდული შემართება, ეს ძმობისა და სიმართლის  შეშლილი პათოსი. ერთი სიტყვით, მხიარული ოთხმოცდაათიანები. მამუკამ და ბიძაშვილებმა პეტერბურგში ჩასვლა და მაფიასთან დალაპარაკება გადაწყვიტეს – ასე ვთქვათ, ეს ლუდი ჩვენია, ჩვენ ვიპოვეთ თბილისში. ვინ ხართ თქვენ, რომ ის წაგვართვათ რაც ვიპოვეთ, გინდათ რომ მთელი ცხოვრება უშუქობასა და ლობიოს ხარშვაში გავატაროთ? არა და ვერა ამხანაგებო, ადამიანს დიდი ძალა აქვს, როდესაც სიმართლეს ეძებს.

მამუკა და მისი ოცდახუთი წლის ბიძაშვილები პეტერბურგში ჩავიდნენ. თხრობა აქ რომ გაჩერდეს იფიქრებთ, რომ ისტორია ბრიგადას, ან ბრატ დვას რომელიმე სერიიდან არის აღებული, მაგრამ არა, ბურჟუაზიის დასახმარებლად აქ საქმეში მუშები ერთვებიან, ე.წ. პროლეტარიატი. მთხრობელს ის სათნო სახე აქვს, რომლითაც მდიდრები მათ გატყავებულ მსახურებთან საქველმოქმედო შეხვედრებს აღწერენ ხოლმე. როდესაც ბიძაშვილები პორტში შევიდნენ, იქ მუშები დაინახეს. ისინი, ასე ვთქვათ, მუშაობდნენ – პურის ფულს შოულობდნენ და წუწუნებდნენ, ხელფასს არ გვიხდიანო. მამუკას სული სევდითა და ბრაზით აივსო, როდესაც გაიგო, რომ აქ, ჩვენთან ახლახანს განთავისუფლებულ სამყაროში ვიღაც არაკაცები მუშებს ამუშავებენ და ხელფასს არ უხდიან. 50 მანეთი ქონდა. ალბათ გაიფიქრა კიდეც, მთლიანად ხომ არ მივცეო, მაგრამ ხაზარაძე რის ხაზარაძე იყო. ჯერ იფიქრა, ათ მანეთს დავიტოვებო, მერე, ნელ-ნელა ოცდახუთზე ავიდა და თანხა ორად გაყო. ერთ-ერთი მუშა მოუბრუნდა (აქ მთხრობელი სიტყვა მობრუნებას იყენებს). მუშის მობრუნება სხვანაირია, სიმართლე და სევდა მის თვალებში: სად გაიზარდე ასეთი მართალი კაცი? ჩვენი გასაჭირი გულთან რომ მიგაქვს, რომელმა დედამ გაგზარდა, ვინ იყო მამაშენი – ბოლოს კი, შემთხვევით, ლუდის პარტიას ხომ არ ეძებთო, იკითხა და  მზერა მორცხვად დახარა. ბიძაშვილებმა დაადასტურეს, რომ ლუდს ეძებდნენ, პორტის ჩახლართულ ბილიკებს ჩაუყვნენ და აი ისიც, ხაზარაძეების მილიონი ქილა, აქ დევს ხელუხლებელი, ერთიც არ დაულევიათ. მაფია ვერაფერს გაიგებს. მუშები მზად არიან, ეს მილიონი ქილა შეუმჩნევლად გაატანონ, მაფიას ერთი მილიონი ქილა სულ მარტივად დაავიწყდება,  ვერც შეამჩნევენ. ლუდი ვის ახსოვს, ჰეროინის ყიდვის და რუანდაში ავტომატების გაყიდვის თემებია დასალაგებელი. მართალ კაცს კი სიმართლე არასდროს დაეკარგება.

ერთხელ რუპორით ხელში ვიდექი თიბისი ბანკთან, ამაყი სტუდენტი: ან ბანკების არაპროფილურ საქმიანობას ვაპროტესტებდი, ან გამოსახლებებს, ან სააფთიაქო მონოპოლიებს, მაგას რა გაიხსენებს. დირექტორი ჩამოვიდა. ფილიალის დირექტორი არ გვინდა, ხაზარაძე ჩამოვიდეს მეთქი – თავი ლენინი მეგონა, არადა ასეთი გულუბრყვილოც არ უნდა იყო. სად უნდა ჩამოვიდეს? რამდენი საფეხური უნდა გამოიაროს? რამდენი კარი გააღოს ჩვენამდე ჩამოსასვლელად? რამდენი ვაქცინა გაიკეთოს? ჩვენ რა შუაში ვართ საერთოდ. ისეთ სიმაღლეზეა, ნაბიჯი რომ აერიოს და ჩამოვარდეს,  ცუდად დაგვეცემა. ფეხი ვარკეთილში დაუვარდება, ხელი გლდანის მერვეში, ვაკეში უკანა ტანით დაეშვება. და ვარდნას რამხელა ხმა ექნება? თითქოს რაკეტა გვესროლეს, ათასი საყვირი ყვირის, ორი ათასი ლიბერალი, ათიათასი გიტარა და ასიათასი დოლი ერთად უკრავს. და რამდენ რამეს ჩაიყოლებს? პრემიებს ვინ დაარიგებს? ლარის კურსს ვინ დაიჭერს? ამდენი ნახატი სად წავიღოთ? ხელს რომ ურტყამ, თითქოს იმუქრება, ახლა წავიქცევიო. და დემოკრატიის ინდექსი? დიახ, დემოკრატია ინდექსებით იზომება, მეცნიერება უძლურია, უცნაურ დროს მოგვიწია ცხოვრება, უცნაურ ქალაქში. ამათ ისე ვუყურებთ, თითქოს მდელოზე ვწევვართ და ნიავი ღრუბლებს ერეკება, ბალახს ვარსკვლავები ანათებს. ვერც წაქცევას შეაშველებ ხელს და ვერც ფეხზე დგომას, ამიტომ პოლიტიკას ასტროლოგიასავით უნდა მიუდგე. უნდა დააკვირდე, რა რის გადასაფარად კეთდება, ბესელია რას ალაგებს, ბიძინა როგორ არის განწყობილი, რაღაც ფუსფუსი, ჭორები, ფარული მოლაპარაკებები. ასეთია ჩვენი ბედისწერა – სიგარეტის წევასავით სევდიანი, მშვიდი და ნერვიული. გულწრფელად რომ ვთქვათ, კი არის გადასაგდები, მაგრამ თუ წამოუწვები და დაფიქრდები, რად გინდა მერე ცაში ცეცხლმოკიდებული ხაზარაძის დანახვა. და პითონი რომ მოწყდეს, ასე ვთქვათ, ხელი რომ გაეშვას – ბავშვებს ბურთი უვარდებათ, დღეს წრეში ბურთი არ იქნება, ეკონომიკის დამაქცეველი დიასახლისები სარეცხს ხელს უშვებენ და ცაში იყურებიან, დომინოც ჩერდება. ამიტომ ვამბობ, ჯობია მოგვარდნენ. სამაგიეროდ ლამაზი იქნება… – ჩურჩულებს ეშმაკი და ჩვენს ცდუნებას ცდილობს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ