► ავტორი – ესმა გუმბერიძე: ტელე-რადიოწამყვანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი სწავლობდა გერმანიაში, აშშ–ში და რუმინეთში 2012–2016 წლებში. აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული შშმ ქალთა დასაქმების სფეროში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში.
© European.ge
საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ბოლო 26 წლის მცდელობებს თუ არ ჩავთვლით, თითქმის არ აქვს დემოკრატიული მმართველობის გამოცდილება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო სხვადასხვა შიდა თუ საერთაშორისო დაპირისპირებებსა და ომებში იყო ჩართული. მოისპო საცხოვრებლად აუცილებელი ელემენტარული სიკეთეები, მოშლილი იყო სახელმწიფო სტრუქტურები, არავინ ებრძოდა დანაშაულს და ადამიანებს პირდაპირ სახლებში აყაჩაღებდნენ შეიარაღებული პირები. ჩამოიშალა ეკონომიკა. აღარ ფუნქციონირებდა წარმოება, აღარ არსებობდა სამუშაო ადგილები, შესაბამისად არც სახელმწიფო შემოსავალი არც ადამიანების სარჩენი თანხები. გახშირდა კრიმინალი და ადამიანების გატაცება გამოსასყიდის გამოძალვის, ქალებისა და გოგონების კი – იძულებითი ქორწინების მიზნით. საქართველო 2 საუკუნით ჩამორჩენილი აღმოჩნდა განვითარებულ მსოფლიოსთან მიმართებაში.
ამ 26 წლის განმავლობაში, ჩვენ თავიდან გავიარეთ განვითარების ის ეტაპები, რომლებსაც დასავლური საზოგადოება გადიოდა 2 საუკუნის განმავლობაში. ჩვენ მოგვიწია, სასწრაფოდ დავწეოდით განვითარებული მსოფლიოს ელემენტალურ სტანდარტებს და გაგვევლო ყველა ის ეტაპი, რაც თანამედროვე სახელმწიფოს შექმნას, მის დაფუძნებას სჭირდება.
საქართველოს მიერ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გავლილი ეტაპები ძალიან გავს სოციალური კონტრაქტის თეორიებში ჰობსისა და ლოკის მიერ აღწერილ ეტაპებს. ჯერ იყო ქაოსი: ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. შემდეგ, მოსახლეობაში გაჩნდა ზოგადი მოთხოვნილება წესრიგზე, დაცულობაზე, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევაზე. ამისთვის და ამის გამო ხალხი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თანახმა იყო და მიესალმებოდა კიდეც სახელმწიფოს მიერ დანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას, ადამიანების უფლებების შეზღუდვას და ხშირად დარღვევასაც კი. თუმცა, მოიპოვა რა საზოგადოებამ წესრიგი, დაისვენა რა განუკითხაობისგან, საზოგადოებას გაუჩნდა ღირსების მოთხოვნა, მისი უფლებების სახელმწიფოს მიერ დაცვის მოთხოვნა.
იგივე შეიძლება, ითქვას ეკონომიკაზეც. თუ თავიდან საზოგადოებას აინტერესებდა მხოლოდ ბიზნესის კეთების თავისუფლება, ნაკლები გადასახადები, ნაკლები ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან, ახლა უკვე ვსაუბრობთ გარკვეული სახელმწიფო რეგულაციების შემოღებაზე, მომხმარებლის უფლებების დასაცავად ხარისხის კონტროლის ნორმების დამკვიდრებაზე. თუ ადრე მხოლოდ სამსახური იყო სანატრელი ნებისმიერ ფასად, ნებისმიერ პირობებში, ახლა თანდათან ჩნდება მოთხოვნები უსაფრთხო და ღირსეულ შრომის პირობებზე.
როგორც აღვნიშნეთ, დაჩქარებული ტემპებით განვითარებული მსოფლიოსთვის დაწევის მცდელობა გარდაუვალი იყო საერთაშორისო არენაზე კონკურენტუნარიანობის მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში არცერთი კვალიფიციური და ამბიციური ადამიანი არ დარჩებოდა. თუმცა, ეს პროცესი ძირითადად დასავლურ სახელმწიფოთა სისტემების ქართული რეალობისა და სპეციფიკების გაუთვალისწინებლად, პირდაპირი გადმოღება/გადმოტანა/გადმოკოპირება- წაბაძვით ხდებოდა, არა საკუთრივ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის შეგნებული პოლიტიკური ნებით, არამედ საერთაშორისო დაფინანსების მოპოვების სურვილითა და საერთაშორისო ზეწოლის გამო. საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისას მისი დონორები იყვნენ მსხვილი ფინანსური ინსტიტუციები და კორპორაციები, (მაგ. BP) რომლებისთვისაც მთავარი იყო საქართველოში სამხედრო და პოლიტიკური ვითარების დასტაბილურება აქ მათი მსხვილი ეკონომიკური პროექტების (მაგ. ნავთობ და გაზსადენების) უსაფრთხოების მიზნით. შესაბამისად, საზოგადოებისა და მმართველი ელიტის რეალური მდგომარეობის (ამ შემთხვევაში, დემოკრატიული წინსვლის) ცვლილება მათთვის ნაკლებად პრიორიტეტული იყო. არადა, მატერიალური ცვლილებების მიღწევა, ხშირად გაცილებით მარტივია, ვიდრე ცნობიერების ტრანსფორმაცია. მართალია, საქართველო ევროკავშირის წევრ ბალტიისპირა სახელმწიფოების გამოკლებით, პოსტსაბჭოთა სივრცესა და თავის უშუალო მეზობლებს შორის დღეს დემოკრატიის საუკეთესო სტანდარტით გამოირჩევა, (თუნდაც გამოხატვის თავისუფლების, თუნდაც კორუფციის ნაკლებობის კუთხით) დემოკრატიული საზოგადოების ისეთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, როგორიც მოქალაქეთა თანამონაწილეობაა, განუვითარებელი დარჩა დღემდე.
შეიარაღებული კონფლიქტების დასრულებისა და მდგომარეობის შედარებითი დასტაბილურების შემდეგაც, ხელისუფლებათა პოლიტიკური ნების ნაკლებობის გამო, რასაც ხან ეკონომიკური სტაგნაციითა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლით, ხანაც სახელმწიფოს სწრაფი განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და სხვადასხვა ინსტიტუტების მშენებლობის საჭიროებით ამართლებდნენ, ვერ ხერხდებოდა დემოკრატიული მმართველობის სრულფასოვნად დანერგვა. არც დღევანდელი ხელისუფლების პირობებშია პრაქტიკული დემოკრატიის, ანუ რიგით მოქალაქეთა რეალური მონაწილეობითა და ჩართულობით გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი. გარკვეულ ელიტურ წრეებში ითვლება, რომ განათლებისა და ინფორმაციის ნაკლებობის, ზოგადი „ჩამორჩენილობის“ თუ საზღვარგარეთ პრესტიჟულ აკადემიურ დაწესებულებებში მოღვაწეობის გამოცდილების არქონის გამო, რიგით მოქალაქეებს არ ძალუძთ მიზანშეწონილი გადაწყვეტილებების მიღება იმ საკითხებზეც კი, რომლებიც მათ უშუალოდ ეხებათ. მათი ინფორმირება სფეროში არსებულ საერთაშორისო სიახლეებზე, რაც მათ დაეხმარებოდათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადეკვატურ მონაწილეობაში, თითქოს არც ღირს და დროის ფუჭი კარგვაა, ამისთვის დრო არ არის. გასაგებია, რომ შრომა დანაწილებული უნდა იყოს, ასე უფრო ეფექტურია, შესაბამისად ყველა ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფო სტრუქტურებში ან მათთან დაახლოებულ მსხვილ ორგანიზაციებში დასაქმებულმა ექსპერტებმა, თუმცა ის, რომ რიგით მოქალაქეთა, დამწყებ აქტივისტთა მოსმენა საჭიროც კი არ არის, გაუგებარია. ამგვარ მიდგომას, საბჭოთა კავშირში გაბატონებული დემოკრატიული ცენტრალიზმის ანალოგიით, შეგვიძლია, ვუწოდოთ დემოკრატიული ექსპერტიზმი: სისტემა, სადაც ექსპერტებად ერთხელ და სამუდამოდ გამოცხადებულ პირებს აქვთ მონოპოლია ჭეშმარიტებასა და მიზანშეწონილობაზე იმ კონკრეტულ დარგში, მათი ჩანაცვლება ან ალტერნატიული იდეის შემოტანა კი დისკურსში თითქმის შეუძლებელია.
არადა, სახელმწიფოს დემოკრატიულობა არ განისაზღვრება მხოლოდ მისი სამართლებრივი სისტემით. მნიშვნელოვანია, ერთი შეხედვით მცირე, უმნიშვნელო, წვრილმანი, ყოველდღიური დეტალები და პრაქტიკები, რომლებიც მართლაც აძლევს ან არ აძლევს რიგით ადამიანს შესაძლებლობას, ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოახდინოს მასზე რაიმე გავლენა ან ვერ მოახერხოს ეს და იყოს პროცესის უბრალო მაყურებელი.
განვიხილოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თაობაზე გამართული იმ კონფერენციების მაგალითები, რომლებზეც ჩემი ხანმოკლე სამოქალაქო ცხოვრების განმავლობაში მომიწია ყოფნა, მათ შორის შშმ პირთა უმაღლესი ინკლუზიური განათლების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად გამართული კონფერენცია. აქ შევეხები ზოგად ტენდენციებს და არა კონკრეტულ ღონისძიებებს: რაც უფრო მაღალია კონფერენციაზე გამომსვლელის/მომხსენებლის რანგი/თანამდებობა, მით უფრო სწრაფად ტოვებს ის ღონისძიებას თავისი გამოსვლის შემდეგ.
ზოგადად, რაც უფრო მაღალია თანამდებობა, მით უფრო ნაკლებ დროს ატარებს მომხსენებელი კონკრეტულ ღონისძიებაზე. მაღალი რანგის თანამდებობის პირები ხომ მხოლოდ რომელიმე ვიწრო საკითხს არ კურირებენ, არამედ მრავალ სხვადასხვა საქმეს და მიმართულებას – ეს ნამდვილად გასაგებია, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ კითხვა–პასუხის რეჟიმი, ანუ ის დრო, როდესაც დამსწრე საზოგადოებასა და მომხსენებლებს შორის რეალურად შესაძლებელია აზრთა გაცვლა–გამოცვლა, დისკუსია, განსხვავებული იდეების გამოთქმა და ა.შ; როგორც წესი, ან ღონისძიების მსვლელობისასაა გათვალისწინებული, ან მისი რომელიმე ნაწილის ბოლოს. შესაბამისად, კითხვა–პასუხის რეჟიმის დროს, მაღალი გადაწყვეტილების მიმღები პირები აუდიტორიაში აღარ არიან ხოლმე, აღარ რჩებიან. ისინი, როგორც წესი, არც ყავის შესვენებამდე რჩებიან, სადაც შესაძლებელია მათთან გასაუბრება არაფორმალურ გარემოში და მათთვის საკუთარი შეხედულების, სატკივარის ან ახალი იდეის გაზიარება. ამაზე საპასუხოდ, ალბათ მეტყოდნენ, რომ თუ კონკრეტულად, მაგალითად მინისტრთან მაქვს რაიმე სათქმელი, მას უნდა შევხვდე პირადად. თუმცა, მაგალითად, განათლების მინისტრთან, რიგით მოქალაქეს მიღებაზე ჩაწერა არ შეუძლია, ის უბრალოდ არ იღებს მოქალაქეებს, არ აქვს მიღების დღეები, მაგალითად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისგან განსხვავებით. შესაბამისად, სხვადასხვა ღონისძიებები, კონფერენციები და ფორმალური შეხვედრები არის ის ერთადერთი სივრცე, სადაც შესაძლებელია გადაწყვეტილების მიმღებ მაღალი თანამდებობის პირებთან გარკვეული საკითხების ადვოკატირება, თუმცა იქაც, ამისათვის სივრცე ფაქტობრივად არ არის.
ღონისძიებების პირველ ნაწილში, როდესაც ტრიბუნა ეთმობა ხოლმე სწორედ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, კითხვა–პასუხის რეჟიმი არ არის ხოლმე გათვალისწინებული. ღონისძიებათა ბოლოს კი, როცა დისკუსია იხსნება და თანამდებობის პირთაგან თითქმის აღარავინ რჩება, განხილვაში ვმონაწილეობთ ისევ და ისევ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვა დაინტერესებული პირები, სახელმწიფო სტრუქტურებიდან, კი, მაქსიმუმ ე.წ „საშუალო და დაბალი რგოლის“ მოხელეები, რომლებსაც ისედაც ყველაზე ხშირად აქვთ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობა, ისედაც კარგად იცნობენ თითოეული ორგანიზაციისა და აქტივისტის პოზიციას, შეხედულებებსა და პერსპექტივას, ისევე, როგორც არასამთავრობო სექტორმაც იცის ამ მოხელეთა პერსპექტივა. გამოდის, რომ დისკუსიებზე რჩებიან ერთი და იგივე ადამიანები და უზიარებენ ერთმანეთს იმას, რაც ისედაც უკვე იცის თითოეულმა მათგანმა.
ხშირად, ამ დისკუსიებში „საშუალო და დაბალი რანგის“ მოხელეები აღიარებენ კიდეც მრავალ პრობლემას და იზიარებენ მოქალაქეთა პერსპექტივას, მაგრამ ჩივიან, რომ რთულია ამ ყველაფრის ახსნა მაღალი თანამდებობის პირთათვის, რომლებიც არიან გადაწყვეტილებების რეალური მიმღებნი, პოლიტიკის რეალური განმსაზღვრელები. ერთმა აქტივისტმა ეს ჩაკეტილი წრე ასე აღწერა: „მსგავსი კონფერენციების ბოლოს, დისკუსიაზე, ისეთი ვიწრო წრე ვრჩებით ხოლმე, გეგონება, ჩვენს ოფისში ვსხედვართ და ვმსჯელობთო“. არადა კონფერენციას საინფორმაციო დატვირთვა აქვს. მისი მიზანია, მონაწილეებს შორის გაზიარდეს ის, რაც მათ ადრე არ იცოდნენ, ასევე გაზიარდეს ღირებულებები და გაიცვალოს აზრები. სწორედ ის ხალხი, ვინც ნაკლებადაა ხოლმე ჩახედული დეტალებსა და წვრილმანებში, ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც შესაძლოა, სჭირდებათ ახალი ხედვის ჩამოყალიბება ამა თუ იმ საკითხზე, რაღაც მნიშვნელოვანი, თუნდაც წვრილმანი, მაგრამ გავლენის მომხდენი ასპექტის ცოდნა და გაგება, ვერ/არ ისმენენ ამ იდეებს რიგითი დამსწრეებისგან, რომლებსაც, შესაძლოა, ყოველდღიურად უწევთ კონფერენციის ფარგლებში განსახილველ კონკრეტულ გამოწვევებთან შეხება, გამკლავება, მუშაობა.
ვიღაცამ შეიძლება, თქვას: „კი, მაგრამ საშუალო და დაბალი რგოლის მოხელეები თუ რჩებიან, ერთვებიან და მონაწილეობენ განხილვებში, პასუხობენ კითხვებს, მათ ხომ შეუძლიათ, იქ გაჟღერებული ხედვები გაუზიარონ ხელმძღვანელობას? ან ამასაც რომ თავი დავანებოთ, ხომ სწორედ მათ უნდა აკეთონ საქმე უშუალოდ, შესაბამისად მთავარია, ისინი იყვნენ ინფორმირებულნი“. თუმცა, აქ 2 პრობლემა იკვეთება: 1. საქართველოში ადმინისტრაციულ სტრუქტურებში გამეფებულია მკაცრი იერარქიულობა, რომელიც ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო საკითხზე ზემოდან ნებართვის აღებას გულისხმობს და გამორიცხავს ქვემოდან მომავალ ინიციატივებს. მოხელეებს ეშინიათ კიდეც სიახლის შემოთავაზება, რათა ხელმძღვანელობა არ გააღიზიანონ. ამასთან, დროც არ აქვთ ფიზიკურად სიახლეთა შესამუშავებლად ზემდგომთა მიერ დავალებულ საქმეთა სიმრავლის გამო. საშუალო და დაბალი რგოლის მოხელეები ერიდებიან სტატუს-ქვოს შეცვლის შემოთავაზებებს, რათა უფროსებს არ ეგონოთ, რომ ისინი თვითნებურად მოქმედებენ, ან რაიმე მათზე უკეთ იციან. 2. სტატუს-ქვოს შენარჩუნებაზე, ადრე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე ორიენტირებულ საშუალო რგოლის მოხელეებს, ხშირად უჭირთ მოქალაქეებისაგან წამოსულ ახალ იდეათა მიწოდება ხელმძღვანელობასთან, რადგან უბრალოდ არ აქვთ ამ იდეათა მიმართ მიმღებლობა. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ადამიანი მოცემულ იდეას თავისი ხედვის პრიზმაში ატარებს, თავისი მსოფლმხედველობიდან უყურებს, შესაბამისად, თუ ის მას არ ემხრობა, ძალიან უჭირს მისი მიტანა ხელმძღვანელობასთან და საბოლოოდ, ამ პროცესისაგან გამოდის გაფუჭებული ტელეფონი. გადაწყვეტილების მიმღებთ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია განსხვავებულ იდეათა შესახებ, რათა სფეროში ხდებოდეს ხედვის „სისხლის“ განახლება. მოქალაქეს კი, უნდა ჰქონდეს საშუალება, თავისი სათქმელი პირდაპირ მიიტანოს თუნდაც მაღალი თანამდებობის პირამდე პირადი შუამავლების გარეშე, პირდაპირ ესაუბროს მის მიერ არჩეულ ან მის მიერ არჩეული კანონმდებლების მიერ დანიშნულ მოხელეებს. ესეც დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია.
მმართველობის გამჭვირვალობაზე, საჯარო მოხელეთა/გადაწყვეტილების მიმღებთა ანგარიშვალდებულებაზე და რიგით მოქალაქეთა რეალურ მონაწილეობა–ჩართულობაზე დიდი გავლენა აქვს, მაგალითად, კითხვებზე პასუხის გაცემის ფორმატს. როცა გამომსვლელი თანამდებობის პირი ცდილობს აუდიტორიიდან რაც შეიძლება, მეტი კითხვის ჩანიშვნას და შემდეგ მათზე ერთობლივად პასუხის გაცემას, შანსი იმისა, რომ ის ყველა მტკივნეულ, მნიშვნელოვან და აქტუალურ კითხვას უპასუხებს და არაფერი „გამორჩება“, არის გაცილებით უფრო მცირე, ვიდრე მაშინ, როცა მომხსენებელი პასუხს სცემს სათითაოდ თითოეულ კითხვას მისი დასმის შემდეგ უშუალოდ. პირველ შემთხვევაში, არასასურველი კითხვებისაგან თავის დაძვრენის გაცილებით დიდი შესაძლებლობაა.
უამრავი მაგალითი არსებობს მსგავსი წვრილმანებისა, რომლებიც შეუმჩნევლად და მით უფრო ეფექტურად უშლის ხელს მოქალაქეთა რეალურ ჩართულობას. ხშირად, ღონისძიებათა ორგანიზატორები მსგავსი წვრილმანი პრაქტიკების მანიპულაციით შეგნებულად უშლიან ხელს მოქალაქეთა მიერ მაღალი თანამდებობის პირებისთვის უსიამოვნო აზრების გაჟღერებას. კანონში იმას ხომ ვერ გაწერ, რომ მოქალაქეებთან მასობრივი შეხვედრისას საჯარო მოხელე ვალდებულია მათ კითხვებს უპასუხოს თითოეული კითხვის დასმის შემდეგ. ასევე, ვერ გაწერ სამართლებრივ აქტში, რომ საჯარო ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი თანამდებობის პირი ვალდებულია, დარჩეს და მონაწილეობა მიიღოს კითხვა–პასუხისთვის განკუთვნილ ღონისძიების ნაწილზე. თანაც, ხანდახან მართლა საჭიროა შეხვედრის სწრაფად დასრულება და შესაბამისად თითო კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. კითხვებიც ხომ ხანდახან მეორდება.
ბოლოს ადამიანებს რაღაცნაირად გულიც კი უცრუვდებათ, რომ თითქოს იწვევენ, თითქოს ეკითხებიან აზრს, თითქოს ყველგან, კანონმდებლობაში საჯაროდ გაცხადებულია მათი ჩართულობის უზრუნველყოფის ვალდებულება და ის, რომ ეს ვალდებულება პირნათლად სრულდება, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ ახერხებენ თავიანთი სათქმელის მიტანას გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე, რატომღაც მაინც ვერ ახერხებენ ვერანაირი შედეგის მიღწევას, ვერანაირ პროცესზე გავლენის მოხდენას. მათ ყველა ეუბნებათ, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობენ, რომ გადაწყვეტილების მიმღებნი მადლობელნი არიან მათ მიერ შეტანილი წვლილისა და აზრისთვის, მაგრამ ვერაფრის თქმა რომ ვერ შეძლეს, ვერაფერზე კონკრეტული პასუხი რომ ვერ მიიღეს? გადაწყვეტილების მიმღებ მაღალ თანამდებობის პირებთან შეხვედრის ფორმალური არხების არარსებობის პირობებში მათთან სათქმელის მიტანის, მათ დღის წესრიგში კონკრეტული საკითხების დასმის ერთადერთ გზად რჩება არაფორმალური კონტაქტები, რომლებიც რიგით ადამიანებს ხშირად არ აქვთ. აქედან გამომდინარე, „ხალხის რჩეულებთან“ და, მაშასადამე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სრულფასოვან ჩართულობასთან და მონაწილეობასთან, ისევ მხოლოდ „რჩეულებს“, მხოლოდ საზოგადოების პრივილიგირებულ, შეძლებულ, გავლენიან წევრებს, ანდაც მსხვილ კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ წვდომა.
არც მედიასაშუალებები უწყობენ ხელს რიგით ადამიანთა ხედვებისათვის სივრცისა და დროის დათმობას. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მაინც, სატელევიზიო არხები ერთსა და იმავე რესპოდენტებს იწვევენ ყოველ გადაცემაში აზრის გამოსათქმელად. უამრავ სატელევიზიო არხს არ, ან თითქმის აღარ აქვს საავტორო გადაცემები, რათა დღის წესრიგში დამდგარ თემებს უფრო სწრაფად და ოპერატიულად უპასუხონ, რათა მეტი დრო ჰქონდეთ ე.წ „ცხელ–ცხელი“ ამბებისთვის. მრავალი ტელეარხი დღის წესრიგს თვითონ კი არ ქმნის და მის შექმნას კი არ უწყობს ხელს, არამედ მხოლოდ რეაგირებს რეიტინგის მოსაპოვებლად და ყვება სხვების მიერ შექმნილ ამბებს. მედიასაშუალებები არ აძლევენ საშუალებას რიგით ადამიანებს თავიანთი სათქმელი, იდეები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები საზოგადოებამდე მიიტანონ და ამით გზას უკეტავენ მათ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებისკენ, ხელს უწყობენ მის კიდევ უფრო მეტად დაჭაობებას. ამგვარი ელიტიზმითა და ნაკლებად ცნობადთა მიუღებლობით, მათი საკითხებისადმი უინტერესობითა და გულგრილობით, მედიასაშუალებები ადამიანებს უღვივებენ უიმედობის განცდას, იმედგაცრუებას. მხოლოდ მაღალი რეიტინგისა და მასთან დაკავშირებული დიდი ფულადი რესურსების მოპოვებაზე ორიენტირებული ტრადიციული მედია, რიგით ადამიანებს ფაქტობრივად ართმევს ხმას.
არადა, ჩვენ ვართ უმრავლესობაში. სწორედ ჩვენ ვართ ის ელექტორატი, რომელიც არჩევნებზე ხმას აძლევს კანდიდატებს. ამ პროცესების შედეგად კი, ადამიანებს ერთმევათ არჩევნებში მონაწილეობის მოტივაცია, კიდევ უფრო უღრმავდებათ საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროცესებისადმი უნდობლობა და აპათია. გარდა ამისა, ასევე, არგუმენტი, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, წინასაარჩევნო მაუწყებლობის რეჟიმში ვართ, არჩევნებმა ჩაიაროს და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ხალხის მოსმენა, სრულიად გაუგებარია. ჩნდება კითხვა: არჩევნები ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს თუ ჩვენ ყველანი ვემსახურებით არჩევნების ინტერესებს? თუ არჩევნები იმისთვის ტარდება, რომ რიგით ადამიანებს ხმა ჰქონდეთ, მაშინ რატომ გვერთმევა ხმა საჯარო სივრცეში არჩევნების მოახლოებასთან ერთად? რატომ სწორედ არჩევნების წინ არ შეუძლია მოქალაქეს, საჯაროდ გააჟღეროს თავისი პრობლემა და ისაუბროს საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებზე, რომლებზეც მას, სხვათა შორის, გაცილებით უფრო რეალისტური წარმოდგენა აქვს, ვიდრე მედიაში მუდმივად მოარულ ელიტებთან დაახლოებულ პრივილიგირებულ, ექსკლუზიურ, პირებს? მედია მიჩნეულია ხელისუფლების მე–4 შტოდ და ეს მართლაც ასეა, მაგრამ რიგითი მოქალაქისთვის აღარც ეს მე–4 შტო აღარ არის ხელმისაწვდომი, არც ის არ ემსახურება მის ინტერესებს. არადა, დემოკრატიის როგორი გამაძლიერებელი ეფექტი აქვს მედიაში რიგით ადამიანთა გამოჩენას: როგორც მათთვის, ვინც გამოჩნდა, ისე მაყურებელ–მსმენელ–მკითხველისთვის, რადგან გამომსვლელს საშუალება ეძლევა, არსებულ გამოწვევებზე ისაუბროს, დანარჩენ მოსახლეობას გაუზიაროს, მსმენელ–მაყურებელ–მკითხველი კი ხედავს, რომ მასავით რიგითი ადამიანი საუბრობს საჯაროდ, მაშასადამე მას ალაპარაკებენ, აძლევენ საკუთარი აზრის თქმის საშუალებას, ის საზოგადოებისთვის საინტერესო და ღირებული ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ მასაც, თუ დასჭირდება, შეეძლება რაღაც საკითხის საზოგადოებრივ განხილვაზე გამოტანა, დღის წესრიგში დაყენება, ანუ ხელისუფლების მე–4 შტო მისთვისაც ხელმისაწვდომია, ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დემოკრატია არ გულისხმობს მხოლოდ მსხვილ, ფორმალურ პროცედურებს. ის არ მოიცავს მხოლოდ სწორად დანაწილებულ ხელისუფლებას და გამართულ სამართლებრივ სისტემას, არამედ საზოგადოების სისტემასა და მასში უშუალო მოქმედების წესებს, მაგალითად იმას, თუ რამდენად შეუძლიათ რიგით მოქალაქეებს, შექმნან და გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დღის წესრიგზე. დღევანდელ საქართველოში, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია სხვადასხვა ტიპის ძალაუფლების მქონე მოკავშირეების გარეშე. ვითომ დემოკრატიული მედია, რომელიც ვითომ ჩვენს ინფორმირებას ემსახურება, სინამდვილეში ზღუდავს ჩვენს ხელმისაწვდომობას საჯარო სივრცეზე, გვბლოკავს და გვართმევს ხმას. ყველაფერი, რაც კეთდება და ფუნქციონირებს, ვითომ ჩვენთვისაა, მაგრამ ჩვენი მონაწილეობის გარეშე. რიგით ადამიანს ან ორგანიზაციას არ უნდა სჭირდებოდეს ფულის გადახდა და პრესკონფერენციის ორგანიზება, როცა რაიმე მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხს და პრობლემას გადააწყდება. არადა, ჩვენს რეალობაში, ჟურნალისტებთან პირდაპირი კონტაქტითა და მათთან დაკავშირებით არაფერი გამოდის და გამოდის მხოლოდ ის, რომ ხმა საჯარო სივრცეში ფულით, გავლენით, პარტიული კუთვნილებით, ნაცნობ–ნათესავ–ახლობლობით ისმის.