► ავტორი: გვანცა ნიკოლაიშვილი, არქიტექტორი
ტექსტი მომზადებულია 2016 წელს თბილისის სოლიდარობის ქსელის / Tbilisi Solidarity Network-ის მიერ ორგანიზებული”მაისის ფორუმისთვის” მომზადებული მოხსენების მიხედვით.
ჩვენს პორტალზე შეგიძლიათ იხილოთ ავტორის სხვა ნაშრომიც : “სპეკულაციური საბინაო-სამშენებლო ბიზნესი საქართველოში”
ამ მოკლე ნაშრომში წარმოდგენილია ჯენტრიფიკაციის, როგორც პროცესისა და როგორც ტერმინის ისტორიული მიმოხილვა გლობალურ კონტექსტში; ასევე, ადგილობრივი პროცესების ზოგადი შეფასება. ნაშრომი მიზნად ისახავს თემის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდას.
შესავალი
დღეს, ჯენტრიფიკაციის თემა ფართო დისკუსიის საგანია, განსაკუთრებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მის ავკარგიანობას მრავალი მკვლევარი განიხილავს, თუმცა, საკმაოდ რთულია ჯენტრიფიკაციის გარშემო მკვეთრად ჩამოყალიბებული მოსაზრების გამოყოფა. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე, აღნიშნული თემით დაინტერესება საქართველოშიც შეიმჩნევა – ძირითადად, პროფესიულ წრეებსა და სატელევიზიო დისკუსიებში; განსაკუთრებით კი, ბოლო დროს, თბილისში დაწყებული აღმაშენებლის გამზირის ურბანული განახლების პროექტის მიმდინარეობის პარალელურად. უნდა აღინიშნოს, რომ ჯენტრიფიკაციის საკითხი არ არის სათანადოდ შესწავლილი ადგილობრივ აკადემიურ სივრცეში და მის გარშემო დაგროვილი ზოგადი ცოდნაც, საკმაოდ მწირია. ყველაზე ხშირად გამოთქმული მოსაზრების თანახმად, ჯენტრიფიკაცია ბუნებრივი მოვლენაა, რაც ავტომატურად იწვევს პროცესის ნატურალიზაციასა და დეპოლიტიზირებას; ასევე, არ ტოვებს სივრცეს კრიტიკული მსჯელობისთვის. ასეთ მოცემულობაში, მოსახლეობის დაბალი ფენების გამოსახლება, იძულებით თუ ნებაყოფლობით, განვითარების აუცილებელი პირობა ხდება.
მოკლე ისტორიული მიმოხილვა
ტერმინი „ჯენტრიფიკაცია“ პირველად მარქსისტმა ურბანსოციოლოგმა, რუთ გლასმა გამოიყენა 1964 წელს, როდესაც აღწერდა განვითარებულ კაპიტალისტურ ქალაქებში, კერძოდ კი ლონდონის ბარაკული განაშენიანებითა და სიღარიბით ცნობილ ცენტრალურ ნაწილში, კაპიტალდაბანდების შედეგად მუშათა კლასის საშუალო კლასით ჩანაცვლების პროცესს. ტერმინი „ჯენტრი“ უტიტულო თავადაზნაურობას ნიშნავს. მისი წარმომადგენლები, ვაჭართა გაერთიანებების გაძლიერების შედეგად, გაძევებულ იქნენ შუა საუკუნეების ევროპული ქალაქებიდან. ამ ისტორიული მოცემულობის გათვალისწინებით, “ჯენტრიფიკაცია“ ქალაქში ჯენტრის დაბრუნებაზე მიუთითებს. ტერმინს პოლიტიკური დატვირთვა აქვს და საზოგადოების კლასობრივ დაყოფაზე მიანიშნებს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, თუ რატომ ერიდებიან ხშირად მის გამოყენებას პოლიტიკოსები თუ პროფესიონალები. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი 60-იან წლებში დამკვიდრდა, თავად ჯენტრიფიკაციის პროცესი მანამდეც არსებობდა. მაგალითად, ჰაუსმანიზაცია XIX საუკუნის პარიზში – ეს პროცესი ითვალისწინებდა ჰაუსმანის გეგმის მიხედვით, მჭიდროდ დასახლებული ცენტრალური უბნების დანგრევას და მათ ადგილას განიერი ბულვარებისა და პარკების გაშენებას. ეს იყო მუშათა კლასით დასახლებული უბნები, სადაც, აჯანყებების დროს, მოსახლეობა ვიწრო ქუჩებს ბარიკადებით კეტავდა, ხელისუფლება კი ქალაქის ამ ნაწილზე კონტროლს კარგავდა. შესაბამისად, რეკონსტრუქციის ძირითად მიზანს კონტროლის აღდგენა წარმოადგენდა. ზოგადად, ჯენტრიფიკაციის განხორციელების სამიზნედ ცუდი რეპუტაციის მქონე უბნები სახელდება, სადაც ფიზიკური გარემო დეგრადირებულია, კონცენტრირებულია სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემები და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ განხორციელებულა არავითარი ინვესტიცია. ამდენად, ჯენტრიფიკაციასთან დაკავშირებული „უხერხულობის“ თავიდან ასაცილებლად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა, მაგალითად, ურბანული განახლება, ურბანული რევიტალიზაცია და რეგენერაცია.
ჯენტრიფიკაციამ სისტემური ხასიათი II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, 50-იანo წლებიდან მიიღო, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის მოწინავე კაპიტალისტურ ქალაქებში, სადაც ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის შედეგად, ურბანულ ცენტრებში, საბინაო ფონდები ნორმაზე მეტად იყო გადავსებული. ადგილობრივი მთავრობები საცხოვრებლის მორიგი დეფიციტის წინაშე იდგნენ. ცენტრში ცხოვრება ანტისანიტარიისა და სიმჭიდროვის გამო არაპოპულარული გახდა. დაიწყო ინტენსიური სუბურბანიზაცია დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ პროცესს ხელს სახელმწიფო უწყობდა, ეწეოდა პროპაგანდას სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, როგორიცაა მაგალითად „ამერიკული ოცნება“[1]. ამასობაში, დეგრადირებული ურბანული ცენტრების გაჯანსაღების მიზნით, მასიურად დაიწყო ე.წ ჯურღმულების ნგრევა და მუნიციპალური საცხოვრებლების მშენებლობა. სწორედ ამ პროცესებს ეხმიანება ჯეინ ჯეკობსი, 1961 წელს გამოცემულ საკუთარ წიგნში: “ამერიკის დიდი ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე”. ჯეკობსი ყოფილი ჯურღმულების ადგილას მიმდინარე რეგენერაციის პროექტებსა და მის შედეგებს აკრიტიკებს. მისი მთავარი შენიშვნა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლების ასეთი მიდგომა ქმედითუუნაროა, რომ ეს პროცესი მხოლოდ პრობლემის ადგილმონაცვლებას იწვევს დროსა და სივრცეში, რასაც, თავის მხრივ, მომავალში, დამატებითი ნგრევა მოჰყვება. ამ უბნების გაჯანსაღების მიზნით, ჯეკობსი ხელისუფლებას მოსახლეობაში სოციალური კავშირების გაძლიერებისა და ადგილობრივი ინიციატივების წახალისებისაკენ მოუწოდებდა. მის იდეებს მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა და ადგილობრივი თემის შენარჩუნების იდეით, ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში, ჯურღმულებიდან აქტიურმა მოძრაობებმა იფეთქა მოსახლეობის მასიური ადგილმონაცვლეობის წინააღმდეგ.
მართლაც, როგორც ჯეკობსი ამტკიცებდა, სეგრეგაციისა და სიღარიბის ახალი მშენებლობებით მკურნალობა წარუმატებელი ექსპერიმენტი გამოდგა. დეგრადაციის მსგავსი პროცესები ახალ საცხოვრებელ უბნებშიც დაიწყო.
1973 წელს, ე.წ ნავთობის კრიზისის შედეგად გაზრდილმა გადაადგილების ხარჯებმა, ინფლაციამ და საბინაო ბაზარზე არსებულმა მაღალმა საპროცენტო განაკვეთმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა „ამერიკული ოცნების“ იდეა. ამ პერიოდში, წარუმატებლობას განიცდიდა, ასევე, მუნიციპალური საცხოვრებლის პროექტებიც, რაც შემდგომში შეფასდა, როგორც სახელმწიფო დაგეგმარების მარცხი. ეს პროცესები ურბანული განახლების ახალი ტალღის საწინდარი გახდა.
ჩამოყალიბდა მოძრაობა „უკან ქალაქისკენ“ (back to the city movement), რომელსაც პოლიტიკოსები და პროფესიონალები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მათთვის ეს ნიშნავდა სუბურბიიდან საშუალო კლასის, ანუ მხარჯველი სოციალური ფენის ქალაქის ცენტრალურ უბნებში დაბრუნებას და ამ გზით, ეკონომიკის სტიმულირებას.
XX საუკუნის 70-იან წლებში, რეიგანის და ტეტჩერის პოლიტიკის შედეგად, ნეოლიბერალიზმი ეკონომიკური განვითარების მთავარ ღერძად ჩამოყალიბდა. დაიწყო მუნიციპალური საცხოვრებლის პრივატიზება და დაწინაურდა ბინათმშენებლობა კერძო სექტორში. სახელმწიფოს როლის დაკნინებას კერძო სექტორის გაძლიერების პარალელურად, მოჰყვა სოციალური და მუნიციპალური საცხოვრებლის წილის შემცირება საბინაო ფონდში. კერძო სექტორი ვერ უზრუნველყოფდა საკმარისი რაოდენობის საცხოვრისს. ამან გამოიწვია უძრავი ქონების საკუთრებაზე ფასების ზრდა (იხ. დიაგრამა 1); ასევე, ინვესტორებისა და დეველოპერების სპეკულაციური გარიგებები, რამაც კარგი წინაპირობები შექმნა საკუთრებაზე ფასების ბუშტების წარმოქმნისა და შემდგომი ეკონომიკური კრიზისებისთვის.
უძრავ ქონებაზე ფასების ზრდასთან ერთად, კლებულობს საცხოვრისზე ხელმისაწვდომობაც[2], რაც იწვევს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ადგილმონაცვლეობასა და ურბანული სივრცის უთანასწორო გადანაწილებას შემოსავლების ჯგუფების მიხედვით. როგორც როლანდ ატკინსონი აღნიშნავს, „ჯენტრიფიკაცია ყვავის ურბანული საზოგადოების სისტემურ უთანასწორობაზე.“ (Atkinson R. 2003).
დიაგრამა 1
წყარო: Shelter, „Solutions for the housing shortage. How to build the 250,000 homes we need each year“, Matt Griffith and Pete Jefferys, July 2013.
ჯენტრიფიკაციის სხვადასხვა ფორმები
დროთა განმავლობაში, შეიცვალა ჯენტრიფიკაციის კლასიკური შინაარსი: ის აღარ იყო მხოლოდ ქალაქის ისტორიული ნაწილისთვის დამახასიათებელი პროცესი, მან გლობალური სახე მიიღო.
ნილ სმიტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ყურადღება გაამახვილა ჯენტრიფიკაციის კავშირზე გლობალიზაციასთან, ნეოლიბერალიზმთან და სახელმწიფოს როლის ცვლილებასთან. სმიტი ამტკიცებს, რომ ჯენტრიფიკაცია “გლობალური ურბანული სტრატეგიაა”, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული გლობალური კაპიტალის და კულტურის ბრუნვის პროცესთან (Smith N. 2002).
დღეს, ჯენტრიფიკაციის რამდენიმე ძირითადი ფორმა გვხვდება:
- რურალური ჯენტრიფიკაცია (Parsons 1980), როდესაც საშუალო კლასი თავიდან სახლდება სოფელში;
- ახალმშენებლობებითი ჯენტრიფიკაცია, რომელიც ეფუძნება შერონ ზუკინის დაკვირვებას (1991) და გულისხმობს ისტორიულ ნაწილში, დეველოპერების მიერ, ძველი შენობების ახალი შენობებით ჩანაცვლებას;
- სუპერჯენტრიფიკაცია ან იგივე ფინანსიფიკაცია (Lees 2000), როდესაც უკვე ჯენტრიფიცირებული უბანი თავიდან განიცდის ჯენტრიფიკაციას. ეს საჭიროებს უფრო დიდ ფინანსურ და ეკონომიკურ ინვესტიციას, ვიდრე ჯენტრიფიკაციის წინა ტალღა. ფინანსიფიკაცია ძირითადად გლობალურ ქალაქებში[3] ხდება.
- სტუდენტიფიკაცია (Smith 2002), როდესაც ქალაქის ურბანული და სოციალური სტრუქტურა მკვეთრად იცვლება დიდი რაოდენობით სტუდენტების დასახლების შედეგად;
- კომერციული ჯენტრიფიკაცია, როდესაც უბნის არსებული ფუნქციები კომერციული ფუნქციით ნაცვლდება;
- ტურისტული ჯენტრიფიკაცია (Gotham F. 2005), როდესაც უბანი ტრანსფორმაციას განიცდის შეძლებულ და ექსკლუზიურ ანკლავად, სადაც მრავლადაა გასართობი და ტურისტული კორპორატიული დაწესებულებები.
ყველა ზემოთ მოყვანილი ჯენტრიფიკაციის ფორმა საფუძვლიანად ცვლის ურბანულ სტრუქტურას. უძრავ ქონებაზე ფასების მატების პარალელურად, იზრდება საცხოვრებლის რენტა. ვერც მობინადრეები და ვერც მცირე მაღაზიებისა თუ საცალო ვაჭრობის ობიექტების მეპატრონეები, რომლებიც ადრე, ძველ შენობებში, უფრო იაფად ქირაობდნენ სივრცეს, ხოლო რეაბილიტაციის შემდეგ, ვეღარ იხდიან გაზრდილ ქირას, ვერ უწევენ კონკურენციას სამეზობლოში შემოსულ დიდ ბრენდებს, რის გამოც, გადადიან პერიფერიულ უბნებში.
საკმაოდ მნიშვნელოვანია, ასევე, სახელმწიფოს როლი ჯენტრიფიკაციის საწყის ეტაპზე – იქამდე, სანამ ინვესტორისთვის, დეგრადირებულ უბანში, ზედმეტად სარისკოა პირველი ნაბიჯების გადადგმა. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო თავის თავზე იღებს უბნის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ფასადების შელამაზებას და ელემენტარული საწყისი კაპიტალის დაბანდებას. გავრცელებული პრაქტიკაა, ასევე, უბანში არტისტული პროექტების დაფინანსება. ტერიტორია უფრო აქტიური და მრავალფეროვანი ხდება. ჯეკობსის მრავალფეროვნების იდეა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ურბანული განახლების პროექტებში, თუმცა, მრავალფეროვნების აუცილებელი წინაპირობები, რომელსაც ჯეკობსი ხაზს უსვამს, მხოლოდ ფიზიკურ დონეზე გადმოითარგმნება ხოლმე.
მეორეს მხრივ, ერთია, როგორ ფუთავს და აწვდის სახელმწიფო მოსახლეობას ურბანული განახლების და რევიტალიზაციის პროექტებს; ხოლო მეორეა, რეალურად რა შედეგი მიიღება. როლანდ ატკინსონის (2002) პოზიტიური და ნეგატიური მხარეების შედარებითი ანალიზის მიხედვით, ჯენტრიფიკაციის ზეგავლენის შეფასებისას, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რომელ დაინტერესებულ მხარეს მიემართება, პოზიტიურად თუ ნეგატიურად, ეს პროცესი. მაგალითად, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა, შესაძლოა, პოზიტიურად ჩაითვალოს მაღალი და საშუალო ფენისთვის, რომელიც უბანში სახლდება, მაგრამ ამავე დროს, იგივე პროცესს ნეგატიური შედეგი შეიძლება ჰქონდეს დაბალი ფენისთვის. მათთვის ფასების ზრდა საცხოვრისზე ხელმისაწვდომობის შემცირებას იწვევს, რიგ შემთხვევებში კი- უსახლკარობას. ურბანული განახლების პროექტების გარშემო ჩატარებული კვლევებისა და დაკვირვებების უმეტესობა ამტკიცებს, რომ ჯენტრიფიკაციას ძირითადად ნეგატიური შედეგები მოაქვს (Aktkinson R. 2002).
როგორც სუზან ფაინშტაინი (2005) განმარტავს, ტერმინი „ურბანული განახლება“ აუცილებლად არ გულისხმობს მხოლოდ ზედა ფენების წარმატებას, თუმცა არ არსებობს პირდაპირი კავშირი ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ სამართლიანობას შორის.
საქართველოს კონტექსტი
დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს სპეციფიური ისტორიული წარსული და აწმყო აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყანამ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა „შოკური თერაპიის“ მეთოდით დაიწყო (პაპავა ვ. 2015). ამას მოჰყვა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ დაწყებული ნეოლიბერალური რეფორმები (ჩაფიჩაძე ხ. 2013). საცხოვრებლისა და მიწის განაწილების ცენტრალური მმართველობის სისტემის მოშლისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე გადასვლის შედეგად, ურბანული სტრუქტურა სწრაფი ტემპით შეიცვალა, მიწის ღირებულების გრადაციის წარმოშობის პარალელურად (Lees L. and T.Slater, E.Wyly 2008) (იხ. რუკა 1). ინტენსიური პრივატიზაციის გამო, მოსახლეობას, განსაკუთრებით კი თბილისის ისტორიულ ნაწილში, საცხოვრებლად შერჩა ავარიული, ძველი სახლები; რომელთა მოვლისა და გამაგრების სახსრები არ გააჩნდა. თბილისის მერიის მონაცემების მიხედვით, 2009 წელს, ძველი თბილისის რაიონში, ავარიულ სახლებში 50 000 ოჯახი ცხოვრობდა (პაპავა ვ. 2015). საბინაო ფონდის დიდი ნაწილის კერძო საკუთრებაში (86%)[4] გადასვლის შემდეგ კი, სახელმწიფოს მისი მოვლა-პატრონობის ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოეხსნა.
ჯენტრიფიკაციის პროცესი საქართველოს კონტექსტში, სადაც საცხოვრებელი ფონდი მოსახლეობის კერძო საკუთრებაშია, განსხვავდება დასავლური კონტექსტისგან, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ქირაობს საცხოვრებელ ფართს. პირველ შემთხვევაში, მოსახლე იძულებითი გამოსახლებისგან დაცულია, თუმცა უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა და არსებული სოციალური ფონი, მას ქონების გაყიდვისკენ უბიძგებს.
რუკა 1: თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების ნორმატიული ფასების რუკა, 2008.
წყარო: ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური (დღევანდელი თბილისის არქიტექტურის სამსახური)
მშენებლობის ბუმი, კრიზისი და ჯენტრიფიკაცია თბილისში
ნეოლიბერალიზმის პირობებში, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ მექანიზმად განისაზღვრა სამშენებლო სექტორის მაქსიმალური სტიმულირება და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა. 2008 წლის კრიზისამდე, უძრავი ქონების ბაზარი მაღალი ტემპით იზრდებოდა[5]. კრიზისის შემდეგ, ბანკებმა გაამკაცრეს საკრედიტო პოლიტიკა, რის შედეგადაც დეველოპერებს გაურთულდათ საჭირო ფინანსების მოძიება. ფინანსური სირთულეები შეექმნათ, ასევე, სამშენებლო სექტორზე დამოკიდებულ ბანკებს; შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც. სამშენებლო სექტორის კრიზისი კარგად იკვეთება 2003-2010 წლებში დაწყებულ და დამთავრებულ სამშენებლო ფართობებს შორის სხვაობათა შედარებისასაც (იხ. დიაგრამა 2).
დიაგრამა 2: საცხოვრებელი ფართობი (ათასი კვ.მ ) თბილისში, ნაკადები.
შენიშვნა: დაწყებულად ნაგულისხმევია ის ფართობი, რომელზეც გაცემულია სამშენებლო ნებართვა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, თბილისი 2011.
ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით, სახელმწიფომ დახმარების გაწევა გადაწყვიტა დეველოპერებისა და ბანკებისათვის. დეველოპერული კომპანიებისათვის, საბანკო კრედიტებზე გარანტად დადგომის ინიციატივით გამოვიდა თბილისის მერია (პაპავა ვ. 2015). გარანტიის სანაცვლოდ, დეველოპერებს უნდა დაესრულებინათ დაწყებული და შეჩერებული მშენებლობები, სადაც ძველი თბილისის ავარიული სახლების მაცხოვრებლებს შეასახლებდნენ; ძველ თბილისში გამოთავისუფლებული სახლები კი მერიის საკუთრებაში გადავიდოდა, რომლებიც, შემდგომ საინვესტიციო პროექტებში გაიწერებოდა. საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის (PPP – public-private partnership) ამგვარი ინიციატივა საზოგადოებისთვის თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის, „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ სახელითაა ცნობილი. პროექტი 2009 წელს დაიწყო და გულისხმობდა ავარიული სახლებიდან მობინადრეთა კეთილმოწყობილ საცხოვრებლებში გადაყვანას, მერიის მიერ გამოთავისუფლებული ადგილების განვითარებას, სამშენებლო სექტორის გააქტიურებას და განვითარების სტიმულირებას, რეაბილიტირებულ უბნებში მცხოვრები ადამიანების უძრავი ქონების ფასის ზრდას, ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს.
თუმცა, პროექტის დაწყებისას სათანადო ყურადღება არ დაეთმო შერჩეული ბანკებისა თუ სამშენებლო კომპანიების წარსულს. პროექტისთვის შერჩეულ იქნა ისეთი ბანკები, რომელთაც პრობლემები ჰქონდათ მშენებლობაზე ადრე გაცემული კრედიტების დაბრუნების კუთხით; ისეთი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც „ფინანსური პირამიდის“ მექანიზმს იყენებდნენ. საბოლოოდ, მერია იძულებული გახდა, ქალაქის ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა არამხოლოდ ძველი თბილისის საცხოვრებელი ფონდის განახლების პროექტები, არამედ, დამატებით, დაეფარა ამ პროექტებში საბანკო პროცენტიც (პაპავა ვ. 2015). ემპირიული დაკვირვება მოწმობს, რომ სამშენებლო კომპანიებმა მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულება არ შეასრულეს. იმის ნაცვლად, რომ განხორციელებულიყო ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო თუ მუნიციპალური სახსრებითა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, და ასევე, სახელმწიფოს ხელი შეეწყო ჯანსაღი სამშენებლო პროცესებისთვის ლოკალური ინიციატივების წახალისებით, მან საჯარო სიკეთეები კერძო სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების ეკონომიკურ ინტერესებს შესწირა. ამ პროექტის მემკვიდრეობას, სწორედ ძველი თბილისის მორღვეული სოციალური სტრუქტურა, ჩამოშლილი და დაცარიელებული სახლები წარმოადგენს. საბოლოოდ, ანტიკრიზისული პროგრამა „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ ეკონომისტების მიერ უარყოფითად შეფასდა. პროგრამა განიხილება, როგორც სახელმწიფოს მიერ არაჯანსაღი სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება (ჯიბუტი, მესხია, ბასიაშვილი, პაპავა, თოქმაზიშვილი, 2011).
პროექტმა ბიძგი მისცა სხვა ურბანული განახლების პროექტებსაც. მაგალითად, კალაუბანის (2007-2014წწ.) რეაბილიტაციასა და აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას (2011-2013წწ). (იხ. ფოტოსურათი 1 და 2)
ფოტოსურათი 1 და 2: კალაუბანი რეაბილიტაციის შემდეგ
კომერციული ბანკების მიერ უძრავი ქონების შესაძენად გაცემულმა დაბალპროცენტიანმა სესხებმა და სახელმწიფოს ხელშეწყობამ, მშენებლობის სფეროში კერძო სექტორის გააქტიურება გამოიწვია. 2014 წლისთვის, სამშენებლო სექტორი კვლავ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ მექანიზმად იქცა. მისი წლიური ზრდა 2014 წელს 13,5%-ს შეადგენდა[6], ხოლო 2015 წელს 15,2%-ს[7]. გარდა ამისა, გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც დიდწილად ინვესტიციების ზრდამ განაპირობა სამშენებლო სექტორში[8] (იხ. დიაგრამა 3). საბინაო მშენებლობის გარდა, სახელმწიფო დიდ აქცენტს აკეთებს ინფრასტრუქტურის მშენებლობაზეც, იქნება ეს დიდი ჰესები თუ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
დიაგრამა 3
წყარო: www.investingeorgia.org
მიუხედავად იმისა, რომ ხორციელდება არაერთი ურბანული განახლების პროექტი, ძველ თბილისში კვლავ მრავლადაა ადგილი, სადაც მიწის ფასები და ბიზნესის დაინტერესება საკმაოდ მაღალია; სადაც ურბანული განაშენიანება დეგრადირებულია და შედარებით ღარიბი მოსახლეობაა კონცენტრირებული, რაც კარგ ნიადაგს ქმნის ურბანული განახლების მომავალი პროექტებისთვის.
თბილისის განვითარების ფონდმა, 2016 წელს, ერთი-ერთი ყველაზე მასშტაბური ურბანული განახლების პროექტის, „ახალი ტფილისის“ განხორციელება დაიწყო. ფონდის წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებებიდან[9] ირკვევა, რომ პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მიზნად ისახავს ერთიანი ტურისტული ზონის შექმნას; მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე განთავსებული ტურისტული და სარეკრეაციო ზონების ერთიან სისტემაში მოქცევას, უძრავ ქონებაზე ღირებულების ზრდასა და ქირის ზრდას წინასწარ განსაზღვრულ პოტენციურ კომერციულ ფართობებზე, რომლებიც დაახლოებით 20 ათას კვ.მ-ს შეადგენს. ქირის საფასურის ზრდა ავტომატურად გულისხმობს, რომ მცირე მოვაჭრეები გაზრდილი საფასურის გადახდას ვეღარ შეძლებენ და ახალი სივრცის საძებნელად გარეუბნებისკენ გადაინაცვლებენ. ასევე, თუ გავითვალისწინებთ შარდენისა და მეიდანის მაგალითს, იდეის ავტორთა მიერ მოაზრებული კაფეებიდან და რესტორნებიდან გამოსული ხმაური საცხოვრებლად გაუსაძლის პირობებს შეუქმნის მკვიდრ მოსახლეობას. პროექტში გაწერილი ისტორიული ბაღების აღდგენის იდეამ, შესაძლოა, ბარაკული ტიპის განაშენიანების დანგრევის აუცილებლობა გამოიწვიოს, რაც საზოგადოებრივი საჭიროებიდან[10] გამომდინარე, იძულებით გამოსახლებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება კომპენსაციის პირობა, თუმცა ცალკე საკითხია, თუ რამდენად შეესაბამება დაზარალებულთა მოთხოვნებს კომპენსაციის მეთოდები, რასაც სახელმწიფო იძულებით გამოსახლების შემთხვევაში იყენებს, ასევე, რამდენად აკმაყოფილებს ეს მეთოდი ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტებს.
იდეის ავტორები საზოგადოებისთვის აქტუალური სხვადასხვა მწვავე თემებით აპელირებენ, როგორიცაა, მაგალითად, გამწვანებული სივრცეების ნაკლებობა; საფეხმავლო ქუჩები და ეკოტრანსპორტი. ამ თემების მეშვეობით, ისინი იდეას მისი ყველაზე მომხიბვლელი მხრიდან წარმოაჩენენ. თუმცა არავინ საუბრობს იმ სოციო-ეკონომიკურ შედეგებზე, რასაც აღნიშნული პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას მოუტანს.
გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ არ არის შეფასებული წარსულში განხორციელებული ურბანული განახლების პროექტთა შედეგები, ურბანული განახლებით გამოწვეული გამოსახლებების შესახებ არ არსებობს არავითარი სტატისტიკა. სახელმწიფო აგრძელებს ჩვეულ რიტორიკას და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ზემოთხსენებული პროექტების განხორციელება ადგილობრივ დაბალ სოციალური ფენასაც მოუტანს სარგებელს. სახელმწიფო ეყრდნობა იმ ეკონომიკურ რწმენას, რომლის თანახმადაც, ბიზნესის მიერ მიღებული მოგება ავტომატურად ვრცელდება ღარიბებზეც, ზემოდან-ქვემოთ. თუმცა, ემპირიული გამოცდილება იმაზე მიუთითებს, რომ ამგვარი წინასწარი დაშვება პრაქტიკაში არ მართლდება.
დასკვნა
ჯენტრიფიკაცია კომპლექსური პროცესია, რაზეც სხვადასხვა ფაქტორები ახდენს გავლენას, მიკრო და მაკრო დონეზე: ადგილობრივი მთავრობის პოლიტიკა, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა თუ უბნის ფიზიკური გარემო. თუმცა, ჯენტრიფიკაცია, ასევე, მოგების ზრდაზე ორიენტირებული ფინანსური და ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტია. შესაბამისად, საჯარო მოხელეების მხრიდან, ქალაქი აღიქმება, როგორც მხოლოდ გასაქონლების პერსპექტივის მქონე ფიზიკური გარემო, სადაც დეველოპერების ინტერესები ეკონომიკური განვითარების ერთადერთ ალტერნატივადაა მიჩნეული. ამგვარი ხედვა არ ითვალისწინებს არსებულ კონტექსტს, სოციალური და ეკონომიკური მახასიათებლების დონეზე.
შენიშვნები:
[1] ომიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უკეთეს ცხოვრებას დაჰპირდა. ამ პროპაგანდის ცენტრალური იდეა, რიგითი მოქალაქეებისთვის, ქალაქგარეთ, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ფლობის შესაძლებლობა იყო.
[2] საცხოვრისზე ხელმისაწვდომობა ნიშნავს როდესაც შინამეურნეობას შეუძლია როგორც საცხოვრებლის ხარჯების ისე ყოველდღიური ცხოვრების ხარჯების დაფარვა. დასავლურ ქვეყნებში სტანდარტულად მიჩნეულია რომ შინამეურნეობა საცხოვრისზე თვიურად შემოსავლის 30% უნდა ხარჯავდეს.
[3] გლობალური ქალაქი – არის ქალაქი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში და წარმოადგენს სტრატეგიულ ადგილს, სადაც გლობალური პროცესები მატერიალიზდება.
[4] Colliers International, Tbilisi real estate market report, Tbilisi residential market, p24, 2014;
[5] საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, თბილისი 2011.
[6] საქართველოს ეროვნული ბანკი, წლიური ანგარიში, 2014;
[7] საქართველოს ეროვნული ბანკი, წლიური ანგარიში, 2015;
[8] საქართველოს ეროვნული ბანკი, წლიური ანგარიში, 2014;
[9] თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი: გიორგი ბაიდარაშვილი, პირველი არხი, რეალური სივრცე, პროექტი “ახალი ტფილისი” – როგორ განახლდება ქალაქის უძველესი შენობები, 2016 წ.
[10] მსხვილი პროექტების განხორციელების საჭიროების საზოგადოებრივი ინტერესებით გამართლება გავრცელებული პრაქტიკაა. ხშირად, სწორედ ეს სძენს ლეგიტიმაციას გამოსახლების პროცესს.
საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, №2349_რს, 23.07.1999.
გამოყენებული ლიტერატურა:
- მირზიკაშვილი რ. (2009), „ჯენტრიფიკაცია: ისტორია და პრობლემატიზაცია“, ურბან რეაქტორი, თბილისი;
- პაპავა ვ. (2015), “საქართველოს ეკონომიკა, რეფორმები და ფსევდორეფორმები”, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი;
- საქართველოს ეროვნული ბანკი (2011), ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, თბილისი;
- საქართველოს ეროვნული ბანკი (2014), წლიური ანგარიში, თბილისი;
- საქართველოს ეროვნული ბანკი (2015), წლიური ანგარიში, თბილისი;
- ჩაფიჩაძე ხ. (2013), „ნეოლიბერალიზმი და საქართველო“, მონოგრაფია, თბილისი;
- ჯეკობსი ჯ. (1961), “ამერიკის დიდი ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე” (The Death and Life of Great American Cities), მთარგმნელები: ლ.ასაბაშვილი, გ. კევლიშვილი, ს. ჭაუჭიძე, თ. ჭუმბურიძე, თბილისი 2015;
- Atkinson R. (2002) Does Gentrification Help or Harm Urban Neighbourhoods? Glasgow: Centre for Neighbourhood Research;
- Atkinson R. (2003) ‘Introduction: Misunderstood saviour or vengeful wrecker? ‘The many meanings and problems of gentrification’, Urban Studies 40, 12, pp. 2343-2350;
- Colliers International (2014), “Tbilisi real estat market report”, Tbilisi;
- Fainstein S.S. (2005), „Cities and Diversity. Should We Want It? Can We Plan For It? “, Urban Affairs Review, 41, No. 1, pp. 3-19.
- Gotham K. F. (2005) ‘Tourism gentrification: The case of New Orleans’ Vieux Carre (French Quarter)” Urban Studies 42, 7, pp. 1099-1121;
- Lees L. (2000), A reappraisal of gentrification: towards a “geography of gentrification”, Progress in Human Geography 24, 3, pp. 389–40;
- Lees L. and T.Slater, E.Wyly (2008), “Gentrification”, Routledge, Taylor&Francis Group, New York, London;
- Parsons (1980), “Rural gentrificatian: The influence of rural settlement planning Policies”, Department of Geography Research Paper 3 (Brighton, UK: University of Sussex);
- Sassen (2000), The global city: strategic site/new frontier, American Studies, 41:2/3, pp.79-95.
- Smith D. (2002) ‘Patterns and processes of “studentification” in Leeds’, Regional Review 11, pp. 17-19;
- Smith N. (2002) ‘New globalism, new urbanism: Gentrification as global urban strategy’, Antipode 34. 3, pp. 427-450;