ფასებით აშშ-ს უკვე ვუსწრებთ, ხელფასებით კი…

მაკროეკონომიკური პროგნოზის გაკეთება ყოველთვის საფრთხილო საქმეა, რადგან ეკონომიკის მდგომარეობა მრავალი ფაქტორისა და გარემოების კომბინაციაზეა დამოკიდებული. მით უფრო ძნელია 2012-ზე, რომელიც “ჩვეულებრივი წლებისაგან” იმით განსხვავდება, რომ იგი ოლიმპიადისა და დიდი ქართული არჩევანის წელიცაა. განსაკუთრებით ძნელი და ერთგვარად სარისკოცაა პროგნოზის გაკეთება ჩვენთან, სადაც, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ოფიციოზის მეტამორფოზამ ერთი დიდი ქველმოქმედის ბოლო ოცწლიანი საქმიანობის შეფასებაში მკაფიოდ დაგვანახვა, რომ საქართველო არათუ მომავლის განუჭვრეტელი, არამედ ასეთივე წარსულის ქვეყნადაც რჩება.

ჩვენ მაინც ვცადოთ…

ბოლო წლებში, სანამ ჩვენ რეფორმებს ვახორციელებდით და ბიზნესის დაწყების სიიოლით მსოფლიოში თავს ვიწონებდით, აზერბაიჯანი და სომხეთი ჩვენზე დინამიკურად ვითარდებოდნენ. – ეკონომიკური განვითარების დონით 2003 წელს საქართველოზე ჩამორჩენილმა აზერბაიჯანმა ისე გადაგვისწრო, მის კვალში ჩამდგარს ახლა იმის კითხვა თუღა შეგვიძლია, როდის და რა სიჩქარით ჩაგვიქროლა მან?! – საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე აზერბაიჯანი საქართველოს უკვე 2.4-ჯერ და მეტად უსწრებს(2003 წელს ჩამორჩებოდა 6 პროცენტით), ხოლო 2012 წლისთვის მისი აბსოლუტური მატება, საპროგნოზო შეფასებით, საქართველოსას 3.5-ჯერ გადააჭარბებს.

სომხეთის ეკონომიკის “სუნთქვას” საქართველოს ეკონომიკა 2003 წელსაც ზურგს უკან გრძნობდა(მეზობელი ქვეყანა ეკონომიკურად ჩამოგვრჩებოდა 5 პროცენტით), თუმცა 2011 წლისთვის ეს სხვაობა იმდენად შემცირდა, რომ ხატოვნად თუ ვიტყვით, პიკის საათებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა შორის არსებულ დაშორებაზე ნაკლებია (სხვაობა მხოლოდ 2 პროცენტია).

2012 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი, პროგნოზით, იქნება: აზერბაიჯანში – 7.1%, საქართველოში – 5.2%, სომხეთში – 4.3%. შესაბამისად, შენარჩუნდება საქართველოს სომხეთთან სიმბოლური წინსწრების, ხოლო აზერბაიჯანთან – სოლიდური ჩამორჩენის მასშტაბები.

2012 წელს უცვლელი დარჩება ასევე, საქართველოს მეტად უმნიშვნელო წილი მსოფლიო ეკონომიკაში. – საქართველოზე მოდის მსოფლიოში შექმნილი მთლიანი ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 1/2500. ამიტომ მსოფლიო ეკონომიკის გავლენა საქართველოზე ერთმნიშვნელოვნად გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოს ეკონომიკის გავლენა მსოფლიო მეურნეობაზე. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე 2012 წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 300 დოლარზე მეტით გაიზრდება და “როგორც იქნება”, დავძლევთ ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი პროდუქტის საშუალო მსოფლიო დონის 50-პროცენტიან ზღვარს.

თუმცა, მხოლოდ ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით. – მიმდინარე ფასებით, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ლარისა და დოლარის ოფიციალური კურსით, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით ჩვენი ეკონომიკა კვლავაც საშუალო მსოფლიო დონის მესამედზე ნაკლები იქნება(დაახლოებით 3500 აშშ დოლარი). რამდენად იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის ზემოხსენებული 300-დოლარიანი მატება საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყნის ყოველ მეექვსე მცხოვრებს – პენსიონერს – პენსია ხელისუფლებისაგან ოდესღაც შეპირებულ 100 დოლარამდე გაეზარდოს, ძნელი სათქმელია. თუმცა, ვისაც ეხლა სამციფრიანი(დოლარულ განზომილებაში) პენსიის იმედი აქვს, გაიხსენოს, რომ ჯერ ერთი წელიც არაა გასული, რაც მათი პენსია უკვე გახდა სამნიშნა – ლარებში. “სულ რაღაც” ჩვიდმეტი წლის წინათ კი, ვინც მაშინაც პენსიონერი იყო, პენსია ექვსნიშნა ჰქონდა – კუპონებში, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ ბანალურ ჭეშმარიტებას, რომ მთავარი პენსიის ნიშნულის სიდიდე კი არა, მისი მსყიდველობითი უნარიანობაა.

2012 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში 15 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბებს. ბევრია ეს თუ ცოტა. – გააჩნია “ათვლის წერტილად” რას გამოვიყენებთ. 2003 წელთან ქრესტომათიული შედარებისას – რა თქმა უნდა, ბევრია! თუ მეზობელ აზერბაიჯანს შევუდარებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ცოტა! სხვათა შორის, პარლამენტში 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დებატებში ერთმა პარლამენტარმა მართებულად შენიშნა, 2011 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენსიებზე გაღებული თანხა 2003 წლის ბიუჯეტის მთელ საგადასახადო შემოსავლებს აღემატებაო. მისი არგუმენტის ადრესატს, ალბათ, არც ახსოვდა, თორემ აუცილებლად შეაგებებდა შემხვედრ არგუმენტს, რომ იმავე 2011 წლის საქართველოს საგარეო ვალი 2003 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე მეტი იყო, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს საგრძნობლად აღემატებოდა. ეს კი არა, “ბოროტი ენები” იმასაც ამბობენ, 2011 წელს საპროცესო გარიგებებით ამოღებული თანხა 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთელ შემოსავლებს აჭარბებსო.

გაცილებით რთულია იმის პროგნოზის გაკეთება, თუ როდის დაეწევა საქართველო განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. დიახ, მოწინავე ქვეყნებთან საქართველოს ჩამორჩენის დაძლევის პროგნოზი უაღრესად რთული ამოცანაა, რადგანაც საპროგნოზო მეთოდოლოგიის სრულყოფილ ცოდნასთან ერთად გულისხმობს განვითარების მკაფიო ტრენდის არსებობას და ფორსმაჟორული გარემოებების, ვოლუნტარისტული და ნებელობითი გადაწყვეტილებების ფაქტობრივ გამორიცხვას.

1990-იანი წლების დასაწყისში, კარგად ცნობილი მიზეზების გამო, საქართველო თავისი განვითარების დონით დაახლოებით მეოთხედი საუკუნით უკან გადაიტყორცნა და საქართველოსათვის ეკონომიკური ზრდის ათვლა, წინსვლა, ზრდისა და მატების ტემპის გაანგარიშება 1990-იანი წლების შუახანებიდან 1960-იანი წლების დროინდელი მაკროეკონომიკური ინდიკატორების აბსოლუტური მაჩვენებლებიდან იწყება. ამის გამო ეკონომიკური ზრდის ნებისმიერი ინდიკატორის მატების სიდიდეც, შესაბამისად, მოკრძალებული მასშტაბისაა. ამჟამად საქართველო მოსახლეობის ერთ სულზე აწარმოებს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის წევრი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო დონის მხოლოდ 14.3 პროცენტს, 1980-იანი წლების ბოლოს არსებული 40 პროცენტის ნაცვლად.

ბოლო ათწლეულში(2000 წლის შემდეგდროინდელ პერიოდში) საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 6 პროცენტით იზრდებოდა, განვითარებული ქვეყნებისა – დაახლოებით 1.8 პროცენტით. თუ ეს ტემპები შენარჩუნდება, მაშინ ზემოხსენებულ 40-პროცენტიან ზღვარზე გასასვლელად საქართველოს დაახლოებით სამი ათწლეული კიდევ დასჭირდება. მაგრამ ეს პროგნოზი განვითარებულ ქვეყნებთან ადრე არსებული სტატუს-კვოს აღდგენის დროზეა – და არა დროზე, რომელიც საქართველოს მათ დონეზე გასასვლელად სჭირდება.

ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ინვესტიციებია, რომელზეც ბოლო წლებში სტაბილურად მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის მეხუთედი. უცხოეთიდან ბოლო წლებში ყოველწლიურად მობილიზებულ თითქმის 2.4-მილიარდიან(აშშ დოლარებში) ტრიადაში(პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საგარეო სესხები, ფულადი ტრანზაქციები) ინვესტიციების წილი სტაბილურად 1/3-ის დონეზეა. მისი აბსოლუტური მოცულობით კი, ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის ერთ სულზე აზერბაიჯანს 5-ჯერ, ხოლო სომხეთს – 3-ჯერ ჩამოვრჩებით და მდგომარეობის რამდენადმე გამოსწორება 2012 წელს, რის იმედი და სურვილი ხელისუფლებასა და საზოგადოებას აქვს, ნამდვილად ვერ იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა.

თუმცა, 2012 წელს უცხოური ინვესტიციები პოზიტიურ როლს მაინც შეასრულებენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის რეალური სექტორის, უწინარესად, მრეწველობის წილის ზრდაში. წელს შესამჩნევი გახდება უმუშევრობის დონის შემცირება. და არა მარტო შრომისუნარიანი მოსახლეობის საქართველოდან გასვლის, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხარჯზეც. საქართველოს მოსახლეობის ზრდაში თავის სიტყვას მექანიკური მიგრაციაც იტყვის, თუმცა ძირითადად საქართველოს არამოქალაქეების ხარჯზე…

2012 წელს გაგრძელდება საქართველოს ფასების საერთო დონის მსოფლიო(აშშ) დონესთან დაახლოების პროცესი და 2012 წლისთვის იგი დაახლოებით 58 პროცენტი იქნება. ბევრი სამომხმარებლო საქონლის (საქონლისა და ფრინველის ხორცი, კვერცხი, რძე, ბანანი, ბენზინი და ა.შ.) აბსოლუტური ფასით, ვალუტის ოფიციალური კურსით, საქართველო უკვე უსწრებს აშშ-ს, მაშინ როდესაც ხელფასებით მხოლოდ 1/8-ის დონეზეა. თუ საქართველოსა და ამერიკის ცალკეული ინდიკატორების დამოკიდებულებაზე მზის გარშემო პლანეტების განლაგების სქემით გამოვხატავთ, “მზესთან”(აშშ-ის დონე-100), ყველაზე ახლოს ფასების დონით ვართ – აქაური ბიგ-მაკის ფასი ამერიკულის 83%-ია, ფასების საერთო დონე – 58%, საშუალო ხელფასი – 12%, ეკონომიკური განვითარების დონე(მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი) – 10%, საარსებო მინიმუმი – 7.5%, ადგილობრივი ორგანოების ბიუჯეტებში მობილიზებული გადასახადები მოსახლეობის ერთ სულზე – 2.5%…

ეკონომიკას გარკვეული ინერციონიზმი ახასიათებს და სოლიდური შედეგის მიღწევას არა მარტო დიდი ინვესტიციები და ძალისხმევა, არამედ საკმაოდ ხანგრძლივი დროც სჭირდება. 2012 წელს ეროვნული ენერგიისა და ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილი კი, როგორც ეტყობა, პოლიტიკური ვნებათაღელვაში იქნება “ინვესტირებული”. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ტემპი, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ერთმნიშვნელოვნად ერთნიშნა იქნება.

სამაგიეროდ, არ იქნება “ერთმნიშვნელოვანი” მსოფლიო მეურნეობრიობის რეცესიული მდგომარეობიდან თავის დაღწევისა და ენერგორესურსებზე ფასების შემცირების ტენდენცია. – ეს უკანასკნელი საქართველოს ეკონომიკისთვის ეგზისტენციალური დატვირთვის მატარებელია, რადგან საქართველო ყოველწლიურად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე უცხოეთიდან საქართველოში ფულადი ტრანზაქციების მოცულობაზე მეტს ხარჯავს.

თუმცა ერთი პოზიტიური პროგნოზის, მოლოდინის იმედი ნამდვილად შეიძლება ვიქონიოთ: წელს ბათუმში ჩასულ დამსვენებლებზე გადათხრილი ქუჩების სულ უფრო მცირე მეტრაჟი მოვა. მაგრამ რის ხარჯზე მიიღწევა ეს – დამსვენებელთა რაოდენობის ზრდისა თუ გადათხრილი ქუჩების შემცირების ხარჯზე, ამაზე ზუსტი პასუხი მხოლოდ “სეზონი 2012”-ის დახურვის შემდეგ გვეცოდინება…

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ