► ავტორი: ლუკა ეხვაია, ბოლონიის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინური კვლევისა და სწავლების ფაკულტეტის მაგისტრანტი.
კოლინიალური რუსოფობია, როგორც ლოკალური ნეოლიბერალიზმის მემკვიდრეობა
2017 წლის 28 მაისს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარესთან საუბრისას ერთი შეხედვით პატრიოტული და გაბედული განაცხადი გააკეთა, სადაც ის ომახიანად ამბობს, რომ საქართველო აღარ არის „პოსტ“ ქვეყანა და რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ყველა გაგებით შეიძლება ეწოდოს აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფო და აქვე დაამატა, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს გარემო.
ხალხმა ეს კომენტარი აღიქვა, როგორც ეროვნული სენტიმენტებით გამსჭვალული და მამაცური განაცხადი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ აღნიშნული „დამოუკიდებლობის“ დღის განწყობასთან პირდაპირ თანხვედრაში და ჰარმონიაში მოდიოდა. მაგრამ ეს კომენტარი გაცილებით მეტ სიმბოლურ და მეტაპოლიტიკურ დატვირთვას ატარებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს არის კომენტარი, რომლის წიაღშიც შეგვიძლია საქართველოს მოცემული მდგომარეობის ზედმიწევნითი და დეტალური დიაგნოზი ამოვიკითხოთ. კომენტარის დაწვრილებითი დეკოდირების პროცესი გვიჩვენებს თუ რამდენად ირონიული, ურთიერთგამომრიცხავი და ფარული მნიშვნელობის მატარებელი განაცხადი გააკეთა პრემიერმა. რაღა თქმა უნდა, უნებლიედ.
ამ თითქოსდა უწყინარი სიტყვების პირველი ფარული განზომილება, რომელიც მინდა განვიხილო არის ანტირუსული პათოსი, რომელიც საქართველოს პოლიტიკური დისკურსის ცენტრალური კომპონენტია. ეს არის კომპონენტი, რომელიც წარმართავს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას, ცნობიერებას, სიმპათიებს და იმასაც კი, რომელი პარტია უნდა იყოს ხელდასმული მოსახლეობის მიერ და რომელი – გარიყული. თავისთავად მრავლისმთქმელი დამთხვევაა, რომ 26 მაისს, გარდაიცვალა ზბიგნევ ბჟეზინსკი, ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა და შემოქმედია ანტირუსული ნარატივის და რუსოფობიის. უნდა ითქვას, რომ გარდაცვალებამდე მოახერხა თავისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სრულყო, რუსოფობია მსოლფიოს მასშტაბით ისეთი მეინსტრიმულია, როგორც არასდროს. დღესდღეობით თავად აშშ-ის პრეზიდენტიც ხშირად იკიცხება ზედმეტი ლმობიერებისთვის და ლოიალურობისთვის რუსეთის მიმართ.
ბჟეზინსკის აკადემიური აღიარება მოუტანა წიგნმა რომელიც ტოტალიტარიზმის კვლევას მიუძღვნა (კარლ ფრიდრიხთან თანაავტორობით). მისი გარდაცვალების დღეს სლავური ენებისა და ლიტერატურის პროფესორმა, მემარცხენე მოაზროვნე ვლადიმირ გოლშტეინმა, სოციალურ ქსელში ბჟეზინსკის მოღვაწეობასა და გავლენებს მსოფლიო პოლიტიკაზე ეგზეგეტიკური ვერდიქტი გამოუტანა. გოშლტეინის თქმით ბჟეზინსკის წიგნი ტოტალიტარიზმზე (“ტოტალიტარული დიქტატურა და აუტოკრატია“) არის წიგნი, რომელმაც დასაბამი დაუდო ლიბერალების, რომელსაც ერთის მხრივ სძულდათ ნაცისტური გერმანია, გაერთიანებას კონსერვატორებთან, რომელთაც მეორეს მხრივ სძულდათ საბჭოთა კავშირი. ეს ალიანსი და პარადიგმა, რომელზედაც ის აღმოცენდა, დღემდე ცალსახად წარმართვს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. გოლშტეინმა სწორად აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად წიგნის მთავარი მისია იყო აეღწერა გარდასული ნაცისტური და ბოლშვიკური ტოტალიტარული რეჟიმების მანკიერებანი, საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ იგი წინასწარმეტყველურ ხასიათს უფრო ატარებდა[1]. მეტი სიცხადის შეცმოსატანად, გოლშტეინი ციტირებს ერთ-ერთ მონაკვეთს, სადაც ბჟეზინსკი აყალიბებს ტოტალიტარული რეჟიმის ექვს საკვანძო სიმპტომს: იდეოლოგიას, ერთპარტიულობას, „ტერორისტულ“ პოლიციას, მონოპოლოიას კომუნიკაციურ საშუალებებზე, მონოპოლიას შეიარაღებაზე და ცენტრალიზირებულ, მაღლიდან ქვემოთ მართულ ეკონომიკას (გვ.21). ამ მონაკვეთის გაცნობის შემდეგ მკითხველს ლეგიტიმურად უჩნდება ეჭვი, რომ საქმე პოლიტიკურ, საკმაოდ დახვეწილ და გაუთვითცნობიერებულ ალუზიასთან ან სულაც დეჟა ვუსთან გვაქვს. ტოტალიტარიანიზმის სინდრომები რომლებიც ბჟეზინსკიმ ასე მკაფიოდ და კატეოგრიულად გამოყო, გოლშტეინის აზრით, ისე არავის ესადაგება, როგორც თავად თანამედროვე აშშ-ს.
გოლშტეინი აქვე იხსენებს საბჭოთა ფილმს, სახელწოდებით „ჩვეულებრივი ფაშიზმი“, რომელიც თავიდან გამიზნული იყო ნაცისტური გერმანიის სამხილებლად, მაგრამ კადრები იმდენად წააგავდა თავად საბჭოთა კავშირში არსებულ სიტუაციას, რომ მისი სახალხო ჩვენება აიკრძალა. აკრძალვის მოტივი, რა თქმა უნდა, მოქალაქეების მხრიდან არასაჭირო პარალელების გავლების თავიდან არიდება იყო. ამ მაგალითის მოყვანის შემდეგ გოლშტეინი ხუმრობით ამბობს, რომ მგონი დროა იგივე მოტივით ბჟეზინსკის შემოქმედებაზეც ცენზურა დაწესდეს. და ასევე მწარე იუმორით ამატებს, რომ „აპარატჩიკები“ ოდითგანვე ისე ოპერირებენ, როგორც თავად ბჟეზინსკი, თვალს ხუჭავენ მათ ცხვირწინ მიმდინარე მთელ რიგ განუკითხაობაზე და უსამართლობაზე. მისი აზრით, ეს მიდგომა სიმპტომურია ჰილარი კლინტონის მხარდამჭერებისთვის, რომლებიც საუბრობენ შავკანიანთა უფლებებზე და ფემინიმზმე, მაგრამ თვალს ხუჭავენ კლასობრივ ექსპლუატაციაზე, რაც კორპორაციული და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ფარული კოლაბორაციით მიმდინარეობს.
დასკვნის სახით, გოლშტეინი სრულიად მართებულად ამტკიცებს, რომ ბჟეზინსკიმ მთელი თავისი ფსევდო ინტელექტუალური კაპიტალი მოახმარა იმას, რომ როგორმე მოეხდინა რუსეთის ასოცირება ნაცისტურ გერმანიასთან და წარმოეჩინა იგი ბოროტების იმპერიის ალტერ-ეგოთ ან სულაც რეინკარანაციათ. მთელი ეს პროცესი ტოტალიტარინიზმთან ბრძოლის სახელით შეინიღბა. და თუ რატომ იყო საჭირო ამხელა მობილიზაცია რუსეთის დემონიზაციისთვის, ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. აშშ ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ნოამ ჩომსკის ცნობილი თეზისის მიხედვით(იხ. „ჰეგემონია თუ გადარჩენა: ამერიკა, გლობალური დომინაციის ძიებაში“), იმპერიად კი არ გარდაიქმნა არსებობის გარკვეულ ეტაპზე, არამედ იმპერიად იშვა[2]. იმპერიას, რომლის ძალაუფლებას ანალოგი არ მოეპოვება კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, სჭირდება შექმნას დამაბალნსირებელი მეორადი იმპერია, რომელიც სართაშორისო პოლიტიკურ არენაზე ექვილიბრიუმს დაამკვიდრებს და შექმნის ბიპოლარულობის ან მულტიპოლარულობის ილუზიას.
საქართველოში არსებული დომინანტური პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „პრიმიტიული რუსოფობია“ ან სულაც „კოლონიალური რუსოფობია“, მეტწილად ამერიკული პარადიგმის მემკვიდრეობაა და არა – აგვისტოს ომის ან წინარე ისტორიული კონფრონტაციის. მეორეს მხრივ, პრიმიტიული რუსოფობია ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ქართული ნეოლიბერალიზმის (რომელიც ლოკალურ დონეზე შეგიძლია „მიშიზმის“ სახელწოდებით მოვიხსენიოთ) პირმშოა. მიშიზმის იდენტობა და თვითმყოფადობა მთლიანად აგებული იყო ანტირუსულ ისტერიაზე, რადგან „ვარდების რევოულციის“ შემდეგ ცხადი გახდა, რომ ნაციონალურ მოძრაობა სრულიად უუნარო იყო საზოგადოებაზე ორიენტირებული სახელმწიფო შეექმნა. შესაბამისად, საკუთარი საჭიროების და არსებობის კონსტატაციის უმთავრესი ხელჩასაჭიდი გახდა რუსეთის საკრალიზაცია და მისტიფიკაცია. რის მიღმაც იმალებოდა მიშიზმის პოლიტიკური და ეკონომიკური იმპოტენცია დაეკმაყოფილებინა საზოგადოების ელემენტარული მოთხოვნები, რისი ლოგიკური განგრძობაც იყო ის შედეგები, რაც მივიღეთ: სოციალური კატასტროფა, საშუალო ფენის გაქრობა, კლასობრივი ნაპრალის ჰიპერტროფიული ზრდა, ქვეყნის უკიდურესი პოლიციური ტერორი, პირადი ცხოვრების უფლების რადიკალური შელახვა, ელიტური კორუფციის აყვავება, მმართველი პარტიის მიერ ეკონომიკური ბაზრის სრული კონტროლი-მონოპოლიზაცია, საშუალო და მცირე მეწარემეობის უზურპაცია და ა.შ.
სწორედ ამ კრიზისული მდგომარეობის მიჩუმათების, გადაფარვის და ყურადღების გადატანის მოტივებით აღმოცენდა ანტირუსული ისტერია, როგორც მიშიზმის იდეოლოგიის წამყვანი ელემენტი. საჯარო სივრცეში არ დარჩა ადგილი სხვა არცერთ თემაზე სადისკუსიოდ გარდა რუსეთის გმობისა და მის წინააღმდეგ დუჟმოდებული და უგუნური მონოლოგებისა. „ჰომო-მიშისტის“ ავ-კარგიანობის მთავარი განმსაზღვრელი გახდა ის, თუ რამდენად სძულდა მას რუსეთი და ყოველივე რუსული. ადამიანურობის დეტერმინატორი გახდა რუსეთისადმი ზიზღის კოეფიციენტი.
რა თქმა უნდა, მიშიზმის არც ეს სუბ-ნარატივია ორიგინალური ისევე როგორც სხვა დანარჩენი. საკმარისია გადავხედოთ აშშ-ის 40-50 იანი წლების ისტორიას, „მაკარტიზმს“ და ე.წ. წითელ პანიკას, რომ მაშინათვე ნათელი მოეფინება საიდან იღებს ეს ყოველივე სათავეს. ამ პერიოდში აშშ-ში გამეფებული იყო ექსტრემისტული ანტიკომუნისტური, ირაციონალური აგონია, რომელმაც აბსურდული და შეთითხნილი ბრალდებებით, როგორიცაა „შპიონაჟი“, უამრავი გულანთებული და გულწრფელი მემარცხენის ცხოვრება დაანგრია. ორი წლის წინ ჰოლივუდმა ცოდვების მონანიება მოკრძალებულად სცადა და გადაიღო „ტრამბო“, სადაც ჰოლივუდისთვის დამახასიათებელი ზომიერი რომანტიზაციით დახატულია წითელი პანიკის უშინაარსობა, ამორალურობა და სისასტიკე.
დავუბრუნდეთ პრემიერის კომენტარს, სადაც ის თავისი კვაზი-ეროვნული და ლატენტური ანტირუსული განცხადებით თავს იწონებს და რისი მეშვეობითაც მან სრულიად ქართული „პროგრესული“ ლიბერალი ელიტის ხოტბა და აღიარება დაიმსახურა. პრემიერის ეს სიტყვები პირწმინდად მიშიზმის გადმონაშთია, ისევე როგორც მისი მთლიანი მსოფლმხედველობა და ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის გამტარებელიც სამთავრობო ჯგუფია. დღევანდელი მთავრობის ნეოლიბერალური პოლიტიკა, რომელიც ღირსეული შთამომავალია მიშისტური „ლიბერტარინული“ დისკურსის, განუხრელად მიყვება ინერციით იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის შემმუშავებლებიც სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა იყვნენ. კონსტიტუციაში დღემდე არსებული „94 მუხლი“ ამის ნათელი დასტურია, რომ აღარაფერი ვთქვათ ანტი-სოციალურ პოლიტიკაზე და სრულ ინდიფერენტულობაზე მოსახლეობის ჩაგრული ფენის მიმართ.
პირველი მტერი, რომელიც საქართველოს მოსხალეობას დღეს ყავს, ესაა ნეოლიბერალიზმი და ყველა ის ძალა, რომელიც ამ იდეოლოგიას აპოლოგიას ეწევა და მხარს უჭერს ან ამკვიდრებს ყოველდღიურობაში. შესაბამისად, საზოგადოების პირველი მტერი დღეს არის მთავრობა, რადგან მას ძალა არ შესწევს თავი დაიხსნას ნეოლიბერალური ინერციისგან. და დიახ, ჩვენ დღემდე ვართ „პოსტ“ სივრცე, რომელსაც არ შეიძლება ეწოდოს შემდგარი სახელმწიფო, რადგან სრულიად მთელი ქვეყანა არსებობს და ფუნქციონირებს მოსახლეობის შეძლებული რამდენიმე პროცენტისთვის და არა ჩაგრული, გაღატაკებული, ულუკმაპუროდ დატოვებული უმრავლესობისთვის. ჩაგრული კლასი სრულიად განდევნილია საჯარო სივრიციდან და პოლიტიკური ცხოვრებიდან, მის არსებობაზე მთავრობა თვალს ხუჭავს და არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ დაკარგულ ხმას გაახმოვანებს.
ქვეყანა, სადაც განათლების სისტემა სრულიად ჩამოშლილია და არაკონკურენტუნარიანია საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, სადაც მთელი ეკონომიკა აგებულია ტურიზმზე, ოლიგოპოლიებზე და მიკრო საფინანსო ორგანიზაციების სპეკულაციებზე, სადაც ახალგაზრდობის სრული უმავლესობა სრულიად დისორინტირებული და დავიწყებულია, სადაც სტუდენტებისთვის არანაირი სამომავლო პერსპექტივა არ არსებობს და არავის ახსოვს მოხუცებულები და მათი დამამცირებლად მცირე პენსიები, სადაც საბანკო სექტორი აულაგმავი და სრულიად დერგულირებულია და ამ ქვეყნის მთავრობა არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მიშიზმის სავალალო მომკვიდრეობა კარდინალურად შეცვალოს და შეიმუშავოს ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, ამ ქვეყნის მთავრობა არის საზოგადოების უპირველესი რანგის მტერი.
აღმოსავლეთ ევროპა და რეალობა, ევროპის მითოლოგიზაცია
პრემიერი მაშინაც უპირობოდ სწორი იყო, როცა კომენტარში თქვა, რომ ჩვენ ყველა გაგებით შეგვიძლია გვეწოდოს აღმოვალეთ ევროპული ქვეყანა. აქაც შემთხვევით სრული ჭეშმარიტება წამოსცდა. თუ გადავხედავთ თანამედროვების ერთ-ერთი გამოჩენილი მოაზროვნის და მემარცხენე ინტელექტუალის, უნგრელი გასპარ ტამასის ინტერვიუს, სადაც ის აღმოსავლეთ ევროპაზე დახვეწილ დესკცრიფიცულ და ანალიტიკურ კომენტარს გვათავაზობს, აღმოვაჩნეთ, რომ საკუთარი თავისთვის აღმოსავლეთ ევროპის წოდება სულაც არაა ისეთი საამაყო და საპატიო, როგორც პრემიერს წარმოუდგენია. გაპსარ ტამასის თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნესის საკეთებლად უალტერნატივოდ სახარბიელო გარემოა, რადგან მათთვის დაწესებული გადასახადები ნომინალურია. მაგალითად მოყავს უნგრეთი, სადაც ორბანი ერთი შეხედვით ებრძვის სოროს და უცხოურ კაპიტალს, ხოლო რეალურად კი მერსედესთან და აუდთან, რომელიც ნამდვილად არ არიან ანტი-კაპიტალისტური ძალები, შეხმატკბილებულ გარიგებებს დებს[3].
გასპარ ტამასის თქმით, ორბანმა გაანადგურა სოციალური სისტემა, საჯარო საავადმყოფოები დაცარიელდა, ექიმებისგან დაიცალა, საშუალო სკოლებშიც ფატალურად მძიმე სიტუაციაა, რეგიონალური ადამინისტრაცია თანდათანობით წყვეტს არსებობას, მაგრამ ამავდროულად ბიუჯეტი ბალანსირებულია და ეს ქმნის მგრადობის ილუზიას. ბიუჯეტის ბალანსირების მიღმა კი მოსახლეობის 40%-ია დარჩენილი, რომელიც მთავრობამ საშიმშილოდ გაწირა. უნგრელების უმრავლესობა ორბანის პოლიტიკის გამო სრულმა აპათიამ, ინდიფერენტულობამ და უიმედობამ მოიცვა. გასპარ ტამასის თქმის, ორბანის „წარმატების“ საიდუმლო იმაშია, რომ იგი ცდილობს შეინარჩუნოს სტატუს კვო, ანუ საზოგადოებაში გამეფებული აპათია. საზოგადოების აპათიით მართვის პრაქტიკა, რაც ორბანის მიერ შემუშვაბეული ახალი მექანიზმია, უნებურად მახსენებს ქართულ რელობას, სადაც რადიკალური პროტესტი და იმპულსები მიძინებულია. მუხტი, რომელიც დიდ გარდაქმებს სჭირდება არ არსებობს და საზოგადოება თავჯაღუნული მიჰყვება დინებას. რამ გამოიწვია რეზისტენციის ასეთი ატროფია ეს ცალკე გასარჩევი საკმაოდ კომპლექსური საკითხია.
რიგითი გარე დამკვირვებლის თვალთახედვით სოციალური დეგრადაციის პარალელურად უნგრეთში ქვეყანა გარდაიქმნა ღმრად შოვინისტურად და ულტრანაციონალისტურად, მაგრამ ეს რეალობასთან არცთუ ისე ახლოს დგას. როგორც გასპარ ტამაში ამბობს, უნგრეთი, ისევე როგორც ჩეხეთი, სავსეა არათეთრკანიანი მდიდარი ტურისტებით თუ ბიზნეს პარტნიორებით, მაგრამ ამას არავინ აპროტესტებს და მათ არავინ ემუქრება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მდიდარი მულტინაციონალური ინვესტორები რასისტული შუღლის მიღმა დგანან და ხელშეუხებლები რჩებიან, მათი იმუნიტეტი საყოველთაოა. ტამასი მართებულად აღნიშნავს, რომ რასისტულ და ეთნიკურ ჭრილში სოციალური უსამართლობის გადაყვანა ბურჟუაზიის საკმაოდ მოძველებური ტაქტიკაა.
ცენტრალური თეზისი, რასაც ტამაში გვთავაზობს მდგომარეობს იმაში, რომ დღეს აღმოსავლეთ ევროპა ის ადგილია, სადაც კაპიტალისტურმა უტოპიამ ხორცი შეისხა და განსხეულდა, ასეთი რადიკალური ფორმებით „თავისუფალი“ ბაზარი დასავლეთ ევროპაში არსად არ არსებობს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში თავისუფალმა ბაზარმა აბსოლუტურ და დასრულებულ ფორმას მიაღწია.
ასე რომ, პრემიერს ვერავინ შეედავება, იგი და მისი მთელი გუნდი ნამდვილად აშენებს „ღირსეულ“ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას, სადაც თავისუფალი ბაზრის პრინციპები და უცხოელი ინვესტორის ინტერესები იმაზე მაღლა დგას, ვიდრე მოქალაქეების სიცოცხლე და კეთილდღეობა. სადაც თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტალიზმი პოლიტიკური ეკონომიკის მაქსიმაა.
პრემიერის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის დახატვის მცდელობა, როგორც წარმატებული ტრანზიციული ქვეყნების ჯფუფისა, არის გაცილებით ყურადსაღები პრობლემა, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. და ამავდროულად არის უფრო მსხვილი ნარატივის ნაწილი, რაც მდგომარეობს მთავრობის მხრიდან ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის წარმოჩენაში, როგორც საყოველთაო პანაცეის. ეს ტრაფარეტული და დემაგოგიური დისკურსი, რომელიც „კოლონიალური რუსოფობიის“ ზედნაშენია, ნაციონალური მოძრაობის დროიდან მოყოლებული შეუპოვრად მკვიდრდება საჯარო სივრცეში და ახდენს ევროპის მითლოგიზაციას.
ევროპის შეურყვნელობის და უმანკოების მითმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დელირიუმის ხასიათი მიიღო და მნიშვნელოვანწილად შეავსო კოლინიალური რუსოფობიური დისკურსი. ნაციონალური მოძრაობის პირობებში ევროპასთან ინტეგრაცია პირველ რიგში გულისხმობდა ქვეყანაში უცხოური კაპიტალის თავისუფალ შემოდინებას, ამ კუთხით ყველანაირი რეგულაციის გაუქმებას და ინვესტორებისა თუ ტურისტების მოზიდვას. ევროკავშირი ისახებოდა, როგორც აღთქმული მიწა, რომელთანაც ინტეგრირების შემდეგ ლოკალური პრობლემები თავისთავად დალაგდებოდა. არავინ საუბრობდა და არავის ქონდა მხედველობაში თანამედროვე ევროპის მთავარი მონაპოვარი, რაც არის ე.წ. „სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს“ მოდელი და მთელი ის სოციალური სიკეთეები, რომელი მას თან ახლავს. ევროპაში შესვლა აღიქმებოდა პროცესად, რის პირობებშიც საქართველო, როგორც რიგითი პერიფერიული კოლონია უნდა გადაკეთებულიყო პლაცდარმად უცხოური კორპორაციებისა და კაპიტალისთვის.
გარდა ევროპის დამახინჯებული გაგებისა, არავინ საუბრობდა და დღემდე არავინ საუბრობს ეკონომიკურ კრიზისზე, რომელიც დღესდღეობით ევროპაში ასეთი მწვავეა. 28 მაისს ეკონომისტმა ჰაინერ ფლესბეკმა თავის ინტევიუში საბერძნეთში მიმდინარე კრიზისი შეაფასა, როგორც ღრმად კატასტროფული, მისი თქმით, ეს არის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც სიმწვავით და მასშტაბით აღემატება ყველა იმ კრიზისს, რომელიც ბოლო ასი წლის მანძილზე ინდუსტრიულ ქვეყნებმა იწვნიეს საკუთარ თავზე. უფრო მეტიც, საბერძნეთის კრიზისი თავისი სიმძიმით აშშ-ის დიდ დეპრესიასას კი უსწრებს. ამის მიუხედავად გერმანია, რომელიც ევროპის არაფორმალური ჰეგემონიური ძალა გახდა და ცასლახად განსაზღვრავს ევროპულ პოლიტიკურ კონიუქტურას, უკომპრომისოდ ითხოვს საბერძნეთის მხრიდან ვალის დაბრუნებას და ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ ეკონომიკური პოლიტიკის კიდევ უფრო ინტენსიურ კულტივაციას. ეს მაშინ, როდესაც საბერძნეთში უკვე 30%-ით შემცირებულია პენსიებისთვის გამყოფილი სოციალური სახსრები, ახალახან მიღწეული შეთანხმების მიხედვით კი ის კიდევ დამატებით 18%-ით უნდა შეიკვეცოს. გერმანიის საგარეო პოლიტიკის სახელმძღვანელო იდეოლოგიის, ნეოლიბერალიზმის გამო(აქვე აღსანიშნავია, რომ გერმანიის საშინაო პოლიტიკა სრულიადაც არაა ნეოლიბერალური და ეს კიდევ უფრო პარადოქსულს ხდის სიტუაციას), როგორც წესი ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ყოველთვის სხვადასხვა სოციალური პაკეტის შემცირებას გულისხმობს. ხოლო მაგალითისთვის, ხამხედრო ხარჯების შეკვეცა კვლავ ტაბუდადებულ თემად რჩება. საბერნეთი, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი უძველესი წევრი სახელმწიფოა, ყოვლისმომცველ, კოლოსალურ სოციალურ კატასტროფაშია ჩაძირული და ევროპის დღესდღეობით ერთპიროვნულად დომინანტი სახელმწიფო – გერმანია, არათუ დახმარების ხელს უმართავს, არამედ მეტწილად თავადაა ამ კრიზისის შემოქმედი[4].
სიტუაცია ჰაინერ ფლასბეკის თქმით უდაოდ პარადოქსულია, თუ ხუთი წლის წინ გერმანიამ გადაწყვიტა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გარეშე მოლაპარაკების მაგიდაზე არ დამჯდარიყო, რადგან ფიქრობდა, რომ სავალუტო ფონდი მცირე კომპრომისზეც არ წავიდოდა საბერძნეთის სასიკეთოდ, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და ბრუტალური საერთაშორისო ორგანიზაცია, სავალუტო ფონდი, საბერძნეთისთვის ვალის შემსუბუქების და გაუქმების მომხრეა. ისინიც კი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ სიტუაციაში უზარმაზარი კრედიტების გადახდისუნარიანი არაა საბერძნეთი. ამ პოზიციის მიუხედავად გერმანიამ მოლაპარაკების შედეგად თავისი პოზიცია არ დათმო და საბერძნეთის მიმართ ზომები ოდნავადაც არ შეარბილა.
გარდა საბერძნეთის მაგალითისა, სხვა ბევრი მიზეზის მოხმობა შეიძლება იმისათვის, რომ დავამტკიცოთ რამდენად ღრმა და ინტენსიურ კრიზისულ ფაზაშია ევროპა შესული. მაგრამ ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა, რომლის მმართველობის პირობებშიც მოსახლეობის 64,8%-ს საფინანსო სექტორის ვალი აქვს, ხოლო აქტიური მოსახლეობის 99%-ს სესხი ამძიმებს[5], თვლის რომ ევროკავშირში შეღწევის დაპირებებები საკმარისია კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად. ეს სავალალო და საგანგაშო მდგომარეობა რუსეთის ოკუპაციის შედეგი ნამდვილად არაა, ბრალი მხოლოდ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას მიუღძვის. დროა გავარღვიოთ ნეოლიბერალიზმის დანატოვარი, გადავაფასოთ პრიმიტიული რუსოფობია, შევწყვიტოთ ევროპის მითოლოგიზაცია და რეალურ პრობლემებზე ვკონცენტრირდეთ, როგორიცაა ქართული საზოგადოების სოციალური სიდუხჭირე. და რისთვისაც დანაშაულის ტვირთი მთლიანად ეკსირება ქართულ მთავრობას.
გამოყენებული ლიტერატურა
- “Totalitarian Dictatorship and Autocracy” – Carl J. Friedrich and Zbigniew K. Brzezinski
- “Hegemony or Survival: America’s Quest for Global Dominance (American Empire Project)” – Noam Chomsky, 2004.
- ”The rule of the market in East-Central Europe is absolute” – Jaroslav Fiala speaks to Gaspár M. Tamás about the brutality of capitalism, Orbán’s Hungary, and the failure of the European system; July 28, 2016.
- .” IMF Concedes: No Debt Relief for Greece” – Economist Heiner Flassbeck describes how Germany’s “shocking” position on no debt reduction of Greece’s debt, even though its debt is completely unpayable; May 28, 2017.
- საქართველოს მოსახლეობის 64,8% საფინანსო სექტორის ვალი აქვს – რამდენი მილიონით გაიზარდა „კრედიტინფოში” ჩანაწერების რაოდენობა? – commersant.ge; May 29, 2017