გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.
► გთავაზობთ ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი ეკონომისტის, პოლ კრუგმანის გამოცემა The New York Times-ის საავტორო სვეტზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.
► პოლ კრუგმანი 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია ეკონომიკის დარგში მისი ინტელექტუალური კონტრიბუციისთვის ახალი ვაჭრობის თეორიისა და ახალი ეკონომიკური გეოგრაფიის მიმართულებით. კრუგმანი ფლობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს. 2015 წლამდე ის გახლდათ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და პრინსტონის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი. საერთაშორისო პროექტ Research Papers in Economics-ის მიხედვით, ის 24-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ეკონომისტთა რიცხვში მისი ნაშრომების ციტირების ინდექსის მაჩვენებლით. მისი ბესტსელერი წიგნებია: “End This Depression Now!“, “The Return of Depression Economics and the Crisis of 2008“, “The Conscience of a Liberal“.
► მთარგმნელი: გიგა ჭკადუა. ჩვენი მედია პლატფორმა მადლობას უხდის მთარგმნელს ვებგვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისთვის.
გამომდინარე ამ ბლოგისა და ჩემს ფოსტაზე მოსული კომენტარებიდან, ამერიკელების უმეტესობას მიაჩნია, რომ ჯანდაცვის პრობლემების მოსაგვარებელი პასუხი – უფრო სწორედ, ერთადერთი სწორი პასუხი – არის თავისუფალ ბაზარზე მინდობა. ძალიან ცოტა მათგანი ფიქრობს, რომ ეს პასუხი მომდინარეობს ეკონომიკური თეორიის გაკვეთილებიდან.
მთლად ასეც არაა. ომის შემდგომი პერიოდის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ეკონომიკური ნაშრომი იყო კენეტ ეროუს “ჯანდაცვის ბუნდოვანება და კეთილდღეობის ეკონომიკა“, რომელიც ასახავდა – მე და სხვებსაც გვჯერა – რომ ჯანდაცვა არ შეიძლება იყოს ბაზარზე ისეთივე გაყიდვადი, როგორც პური ან ტელევიზორი. ნება მომეცით ეროუს არგუმენტების ჩემეული ვერსია შემოგთავაზოთ.
არსებობს ჯანდაცვის ორი მყარი განმასხვავებელი ასპექტი. პირველი არის ის, რომ ადამიანმა არ იცის როდის დასჭირდება და საერთოდ დასჭირდება თუ არა მკურნალობა – მაგრამ თუ ამის აუცილებლობას გაიგებს, შეიძლება მკურნალობა განუზომლად ძვირადღირებული აღმოჩნდეს. ბევრ ფულს შეუძლია თავიდან აგარიდოთ კორონარული ოპერაცია, მაგრამ არ შეუძლია გვერდი აუაროს ექიმთან რუტინულ ვიზიტებს, ხოლო საკუთარი ჯიბიდან სამედიცინო მიზნებისთვის ბევრი ფულის გადახდა ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია.
ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის, როგორც პურის გაყიდვა შეუძლებელია, მისი გადახდა უნდა მოხდეს რაიმე ტიპის დაზღვევით. ხოლო თავის მხრივ ეს ნიშნავს, რომ არა პაციენტმა, არამედ ვიღაც სხვამ უნდა მიიღოს იმის გადაწყვეტილება, თუ რა იყიდოს. სამომხმარებლო არჩევანი ჯანდაცვის საკითხზე მსჯელობისას სისულელეა. აგრეთვე არ შეიძლება ენდოთ სადაზღვევო კომპანიებს, რადგან ისინი ბიზნესში არც თავიანთი და არც თქვენი ჯანმრთელობის გამო არ არიან.
ამ პრობლემას ისიც აუარესებს, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის გადახდილი ფული სადაზღვევო კომპანიის გადმოსახედიდან დანაკარგია, რასაც ისინი „სამედიცინო ხარჯებს“ უწოდებენ. აქედან გამომდინარე, სადაზღვევოები ცდილობენ რაც შეიძლება მეტ განაცხადზე თქვან უარი და გადაუხადონ იმ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად ჭირდებათ მკურნალობა. ეს ორივე სტრატეგია იყენებს უამრავ რესურს, რის გამოც კერძო დაზღვევას უფრო მეტი ადმინისტრაციული ხარჯები აქვს ვიდრე ერთგადამხდელიან სისტემას (single-payer system). ხოლო გამომდინარე ფართოდ გავრცელებული აზრიდან, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ის მკურნალობა რაც ჩვენ გვინდა – ყველა არ ეთანხმება, თუმცა ეთანხმება უმრავლესობა – კერძო სადაზღვევოები უამრავ ფულს ხარჯავენ სოციალურად დესტრუქციულ ქმედებებზე.
მეორე საკითხი, რომელიც უკავშრიდება ჯანდაცვას არის ის, რომ ის ჩახლართული და რთული საკითხია და თქვენ არ შეგიძლიათ დაეყრდნოთ გამოცდილებას ან ფასების შედარებას (მაგ.: „გავიგე, რომ „სენტ მარი“–ში დიდი ფასდაკლებებია გულის სტენდზე“). აქედან გამომდინარე, ექიმები უნდა მოქმედებდნენ ეთიკური ნორმების გათვალისწინებით, რადგანაც ჩვენ მათგან უფრო მეტს მოველით ვიდრე მცხობელებისა და სურსათის მაღაზიის მფლობელებისგან.
რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და ხარჯების მენეჯმენტისთვის თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ ჯანმრთელობის დამხმარე ორგანიზაციებს, მაგრამ ეს ორგანიზაციები ძალიან შეზღუდულები არიან ხარჯთეფექტურობის მიღწევაში, რადგან ხალხი მათ არ ენდობა – ისინი მოგებაზე ორიენტირებული ინსტიტუციებია და თქვენი მკურნალობა მათთვის ხარჯია.
ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ჯანდაცვის მკურნალობა არ მუშაობს, როგორც სტანდარტული საბაზრო პროდუქტი.
თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ სოციალიზებული მედიცინა ან თუნდაც ერთგადამხდელიანი სისტემა ერთადერთი გამოსავალია. არსებობს უამრავი წარმატებული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც უკეთესი ხარისხის მქონე და ნაკლებ ხარჯიანი, ვიდრე ეს ამერიკაშია, და ისინი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან. თუმცაღა, ისიც უნდა ითქვას, რომ ბუნებაში არ არსებობს წარმატებული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, ერთი მარტივი მიზეზის გამო: ჯანდაცვის საკითხში, თავისუფალი ბაზარი არ მუშაობს. ხოლო ის ხალხი, რომლებიც ბაზარს ერთადერთ სწორ არჩევნად მიიჩნევენ, მიდიან არსებული უამრავი გამოცდილებისა და თეორიების წინააღმდეგ.
გთავაზობთ პოლ კრუგამნის ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სხვა თარგმანებს: