როცა საშუალება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მიზანი

otari

ავტორი: ოთარ გრიგოლია, შრომითი ურთიერთობების მკვლევარი.

© European.ge

უკვე ათწლეულებია ქართველები ვცდილობთ გავერკვეთ, განვითარების რა გზები უნდა ავირჩიოთ, სად არის ჩვენი კულტურული კერა და რა ღირებულებებზე უნდა დავაფუძვნოთ საზოგადოება. ამ ვითარებაში სრულიად რაციონალურად გამოიყურება ევროინტეგრაციის გზა, რომელიც დემოკრატიის, ეგალიტარიზმის და ეკონომიკური განვითარების ოცნებასთან ასოცირდება.

სწორედ დემოკრატიის, ეგალიტარიზმის და ეკონომიკური განვითარების რაციონალური სურვილი, იზიდავს ქართველებს ევროპიკენ. სურვილი, გავარღვიოთ პოსტსაბჭოთა მანკიერი წრე და თავი დავაღწიოთ სიღარიბესა და უსამართლობას. თუმცა, ხშირად ჩვენი დაუღალავი სწრაფვა ამ მისწრაფებების მარაზმამდე დაყვანისა, პროცესს კარიკატურულს ხდის.

საქართველოში ჩამოყალიბდა ერთგვარი კომპლექსი, რომელიც დასავლეთისკენ დაჟინებულ სწრაფვაში გამოიხატება. ადამიანები თუ გარკვეული სიხშირით არ გამოხატავენ ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერას, შესაძლოა მის მიმართ გარკვეული ეჭვნარევი მოსაზრებები გამოითქვას. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ეს დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზეც აქტიურები არიან.

სწორდ ამ ევროატლანტიკური მისწრაფებების ხაზგასმის მოროგი რიტუალის დროს დაიბადა იდეა, კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაწერილიყო ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. ამ იდეას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წიაღში წარმოიშვა, არასამთავრობო ორგანიზაციებიდანაც მოჰყვა მხარდაჭერა.

ბუნებრივია ეს ყველაფერი სიყალბით არის გაჯერებული და არსებითად არ პასუხობს იმ რაციონალურ მოტივებს, რის  გამოც ქართველები ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზას დაადგნენ.

რატომღაც საქართველოში დაინერგა პრაქტიკა,  ვერთიანდებით არა რაიმე იდეის ან ღირებულების ირგვლივ, არამედ საშუალებების ირგვლივ, რომლებსაც შესაძლოა ამ იდეების განხორციელებმადე მიგვიყვანოს. თუმცა საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ჩვენი მიზანი ხდება საშუალება და არა იდეა, რომლისთვისაც ბრძოლა დავიწყეთ. ამიტომაც ემსგავსება ჩვენი სწრაფვა ევროპული კულტურული და პოლიტიკური სივრცისკენ კარიკატურას, ერთგვარ სიმულაციას ევროპელობაზე.

უნდა მოვიცილოთ ეს სრულიად ამოუხსნელი რწმენა იმის შესახებ რომ, რაც უფრო დიდ აბსურდში გადაგვეზრდება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სურვილი, მით მეტია ჩვენი შანსები

ვფიქრობ რომ ევროპელებს სჭირდებათ სერიოზული პარტნიორები, რომლებსაც აქვთ უნარი იყვნენ არამხოლოდ ბენეფიციარები ევროპული ინტეგრაციის არამედ კონტრიბუტორებიც. როდესაც სერიოზულობაზე და კონტრიბუციაზეა საუბარი, არ იგულისხმება მთელი ამ აღმოსავლეთ ევროპული კომპლექსების ასახვა კონსტიტუციაში.

მიზანი არ შეიძლება იყოს ევროკავშირი, მიზანი შეიძლება იყოს ევროპული ღირებულებები და ევროპულ კულტურაში ინტეგრაცია. თუ მაინცდამაინც რამე ევროპულის ასახვა გინდათ კონსტიტუციაში, რამე ამ ღირებულებებთან დაკავშირებული ჩაწერეთ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ