European.ge-ს მიმართვა მედია საშუალებებს!

სოციალური დარვინიზმიანალიტიკური მედია პლატფორმა European.ge-ს მიმართვა მედია საშუალებებს!

► ბოლო პერიოდში ქართული მედია საშუალებები სხვადასხვა მტკივნეული სოციალური და ეკონომიკური საკითხების განხილვისას, პოლიტიკური აზრის გამომხატველ მხარედ ისეთი რადიკალური ლიბერტარიანული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ირჩევს, როგორიცაა ”გირჩი”, ”ახალი საქართველო”, ”თავისუფალი უნივერსიტეტი” და ა.შ.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ჯგუფები, რეალურად, რამოდენიმე ათეული ადამიანისგან შედგება და ქართული საზოგადოების არცერთ მხარეს არ წარმოადგენს. დღეს ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა (ბაზრის უხილავი ხელის ბრმადმორწმუნეების გარდა) უკვე კარგად იცის და იაზრებს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რადიკალური ლიბერალური ეკონომიკური და სოციალური იდეების ბატონობამ გამოიწვია ჩვენი ქვეყნის უკიდურესი გაღარიბება, ეკონომიკური უთანასწორობის დრამატული ზრდა, სოციალური დაცვის სისტემის მოშლა, სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურება და ზოგადად ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელშიც საქართველო იმყოფება.

► უფრო მეტიც, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წამყვან აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო მყარდება ის აზრი, რომ 1970-იანი წლების შემდეგ გლობალური მასშტაბით განვითარებული ეკონომიკური და სოციალური კრიზისები ზუსტად ამ იდეოლოგიის გლობალური დომინაციის შედეგი იყო.

აქედან გამომდინარე, დღეს, არცერთ ჩვენთაგანს არ გვჭირდება დისკუსია იმაზე, უნდა ვიყოთ თუ არა საზოგადოება, არამედ გვჭირდება დისკუსია იმაზე, თუ როგორი საზოგადოება უნდა ვიყოთ. ნებისმიერი რადიკალური მოსაზრება, რომელიც სოციუმს განიხილავს როგორც ატომიზირებულს, გათიშულს და არა როგორც ერთიან ორგანიზმს, რომ თითქოს არ არსებობს სოციუმი და არსებობს მხოლოდ ცხოველური კერძო ინტერესები, ჩანასახშივე არასერიოზული და მეცნიერულ საფუძველს მოკლებული – შესაბამისად მარგინალურია.

► ამის მიუხედავად, დღევანდელი ვითომდა იდეური დომინანტური მედია დისკუსიები ზუსტად ამ ჭრილში წარიმართება. ისინი აგებულია სკანდალურობისა და პროვოკაციულობის საფუძველზე და არ ემსახურება ამა თუ იმ საკითხის სიღრმისეულ განსჯას. საბოლოო ჯამში, მსგავსი სკანდალებით ნაწარმოები სანახაობა აბინძურებს საჯარო სივრცეს, აწარმოებს პოლიტიკურ საინფორმაციო ნაგავს და ინფანტილური შინაარსების განუწყვეტელი წარმოებით აფერხებს საზოგადოებრივი აზრის განვითარებას.

► ესაა ძალადობა ადამიანების ცნობიერებაზე!

სინამდვილეში, თანამედროვე მასმედია ძირითადი და ყველაზე გავლენიანი ძალაუფლებრივი მექანიზმია საზოგდოებრივ დღის წესრიგზე ზემოქმედებისთვის. შესაბამისად, დიდია მისი კვალიფიციურობისა და პროფესიონალიზმის ვალდებულებაც. დიდია მისი ვალდებულება საზოგადოებრივად აღიარებული ეთიკის დაცვის წინაშეც. რა თქმა უნდა, მედიამ უნდა უზრუნველყოს განსხვავებულ მოსაზრებათა შორის არსებული კონფლიქტის ასახვა და ხალხისთვის ჩვენება. რა თქმა უნდა, მასმედიის მოტივაცია უნდა იყოს თუნდაც არაპოპულარული, მაგრამ კვალიფიციურ მოსაზრებათა ძიება და საკადრისად წარმოჩინება. მაგრამ, არამც და არამც, არ უნდა აწარმოოს უკიდურესად მავნებლური, ნებისმიერ ცივილიზებულ და მაღალ ეთიკურ საზოგადოებაში აკადემიურად, პოლიტიკურად და საზოგადოებრივად დიდი ხნის წინ გადააზრებული ისეთი იდეების მუდმივი პროპაგანდა, როგორიც სოციალური დარვინიზმია. დაუშვებელია ამ საზოგადოებრივად მავნებლური და მხოლოდ უკიდურესად ვიწრო ჯგუფისთვის ლეგიტიმური ეკონომიკური და სოციალური იდეების ისე წარმოჩინება, თითქოს ეს ლეგიტიმურ მეორე მხარეს წარმოადგენდეს ნებისმიერი ცენტრისტული თუ მემარცხენე პოზიციებისთვის.

► შესაბამისად, ყველა მედია საშუალებას მოგიწოდებთ:

► 1. მეტი ყურადღება დაუთმოთ აღნიშნული ჯგუფების პოლიტიკური შინაარსის მნიშვნელობას ადგილობრივ და გლობალურ საზოგადოებრივ დისკურსში.

► 2. ნუ წარმოაჩენთ აღნიშნულ ჯგუფებს ლეგიტიმურ პოლიტიკურ მხარედ.


ილუსტრაცია © დავით კუხალაშვილი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ