ავტორი: ნიკოლოზ ანდრიაძე, სოციოლოგი.
გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.
***
2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ მძიმე მემკვიდრეობა მიიღო, რომლისგანაც დღემდე არ გათავისუფლებულა. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა დამახინჯებული, ერთი პოლიტიკური ძალის მერკანტილურ ინტერესებზე მორგებული კონსტიტუცია. ქვეყნის ფუძემდებლური კანონის შეცვლა შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელი ამოცანაა, თუმცა კოჰაბიტაციის რეჟიმში, გასაგები მიზეზების გამო, ეს შეუძლებელი იყო.
კოჰაბიტაციის არსი არის არა უბრალოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის სფეროთა გადანაწილება, არამედ თავად ძალაუფლების შინაარსობრივი გაყოფა პოზიტიურ და ნეგატიურ ძალაუფლებებად ანტაგონისტურად დაპირისპირებულ ძალებს შორის.
პოზიტიური ძალაუფლება იძლევა მართვის, რეფორმების გატარების შესაძლებლობას. ნეგატიური ძალაუფლება იძლევა შესაძლებლობას აკონტროლო ან დაბლოკო მართვა და რეფორმები, პოლიტიკური პროცესი. რა თქმა უნდა, შეკავების ძალაუფლება დამოკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მაგრამ მხოლოდ მაშინ მუშაობს განვითარებაზე, თუკი პოლიტიკურ ველში მოქმედ ძალებს კრიტიკულ მომენტებში მაინც შესწევთ კომპრომისის უნარი, ანტაგონიზმის დაძლევის ძალა.
კონსტიტუციის შეცვლის პრინციპული შესაძლებლობა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. კონსტიტუცია არ არის რიგიდული, დოგმატური აქტი, ის შეიძლება იცვლებოდეს, და ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში იცვლება კიდეც საზოგადოების განვითარების კავალდაკვალ, ახალი რეალობის პირობებში. ამ შანსის საერთოდ გამორიცხვა ისევე საშიშია განვითარებისთვის, როგორც ავტორიტარიზაციის შესაძლებლობა. ბუნებრივია, დემოკრატიულ ქვეყნებში კონსტიტუციური ცვლილებები შედეგია პოლიტიკურ ძალთა (ძირითადად საპარლამენტო) შორის კონსენსუსისა.
სასურველი ჩვენთანაც ასე იქნებოდა. მაგრამ, შექმნილი სპეციფიკური სიტუაციის გამო ეს შეუძლებელია. აი რატომ: ნაციონალური მოძრაობა არასდროს გახდება კონსენსუსის წევრი.
ორი მიზეზით:
- კონსტიტუციის ის მახინჯი, ზოგჯერ არსით კონსტიტუციის იდეასთან შეუსაბამო ნაწილები, რომელიც შესაცვლელია, მათი „დამსახურებაა“. მათ შეცვლაზე თანხმობა საკუთარი დანაშაულის, შეცდომებისა და არაკომპეტენტურობის აღიარება იქნებოდა. ამის არც სურვილი და არც უნარი მათ არ აქვთ.
- ნაციონალური მოძრაობა დამახინჯებულ კონსტიტუციასთან არაფერ შუაში რომც არ იყოს, იგი თავის ახალ პოლიტიკურ იდენტობას დღეს ოცნებასთან ანტაგონიზმზე აგებს და რა თქმა უნდა ოცნების წარმატების არავითარი სურვილი არ აქვთ. არასდროს დათანხმდებიან ცვლილებებს, რომლებიც ოცნებას „დაუწერს“ ქულებს.
ეს პრინციპულად არაკონსენსუალური, კონფრონტაციული და პროვოკაციული „პოლიტიკური“ ძალა, მის ტყუპ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, საკუთარ მედიასთან, ე.წ. დამოუკიდებელ ექსპერტებსა და „არასამთავრობო სექტორთან“ ერთად დღეს ცდილობს ხალხი დაარწმუნოს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას. დაუზარებლად იხატება აპოკალიფტური სურათები. მოსახლეობას მოუწოდებენ საკუთარი შეხედულებების წინააღმდეგ, დიად მიზანს – „დემოკრატიის“ გადარჩენას მისცენ ხმა.
ეს „ლოგიკა“, განპირობებული პარანოიით, სრულიად დაშორებულია პრაგმატიზმს და საღ აზრთან მწვავე კონფლიქტში მოდის.
დავუშვათ მისი გაზიარება ხალხის მიერ, და ვნახოთ, რა რისკებს შეიცავს ეს დემაგოგია:
ხალხის მცირე, მაგრამ საკმაო ნაწილის მიერ გაზიარებისას, უკეთეს შემთხვევაში შედეგი იქნება ნაცმოძრაობის ხელახლა აღჭურვა (ნეგატიური) ძალაუფლებით. კვლავ მივიღებთ კოჰაბიტაციის რეჟიმს, რის გამოც აქამდეც შეუძლებელი იყო რეალური ცვლილებები და ახლაც შეუძლებელი იქნება. რაც უფრო მაღალი იქნება ნაცმოძრაობის ლეგიტიმაცია – რაც ნიშნავს კოჰაბიტაციის გახანგრძლივებას – მით უფრო შეფერხდება ხალხის კეთილდღეობისკენ მიმართული რეალური რეფორმების შესაძლებლობა განათლების, ეკონომიკის, გადასახადების, სახელმწიფო მოწყობის და ა.შ. სფეროებში. ეს კი რეალურად ნიშნავს კიდეც დემოკრატიის და განვითარების დაპატიმრებას კიდევ ოთხი წლით. რეალურად, კოჰაბიტაციის საფრთხე, სულ მცირე, არაფრით არის საკონსტიტუციო უმრავლესობის თეორიულ საფრთხეზე ნაკლები.
არსებობს (თეორიულად) უარესი ვარიანტიც.
ერთი წუთით დავუშვათ: მიზანი, რომ ოცნებამ არ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მართლაც დიადია, და გვინდა ამ მიზანს პრაქტიკაში მივაღწიოთ. რა უნდა ვქნათ?
ერთი გზაა, რომ სრულიად საქართველოს მასშტაბით ის ამომრჩეველი, ვისაც ოცნების გამარჯვება უნდა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა აშინებს, შეთანხმდეს, რომ რამდენიმე ოლქში არ ირჩევენ ოცნების კანდიდატებს. „მაგიური ბუღალტერიით“ გამოვთვალოთ ხმების რაოდენობა, რომ სათანადო რაოდენობის დეპუტატი უნდა დააკლდეს საკონსტიტუციო უმრავლესობას, და მოსახლეობამ გადაწყვიტოს ხმა არ მისცენ ოცნებას მხოლოდ შესაბამისი რაოდენობის ოლქებში. დაახლოებით ასე: „ძვირფასო ამომრჩევლებო, ხმას არ ვაძლევთ # 5 #21, # 34, # 45 და ა.შ. ოლქებში. სხვა ოლქებში ვირჩევთ ოცნებას“
ამგვარი ვითარების შემნა არა მხოლოდ პრაქტიკულადაა აბსოლუტურად შეუძლებელი, არამედ თეორიულადაც აბსურდია. ბუნებრივია, არ ვამბობთ, რომ რომელიმე „ყველაზე პროგრესულ“ და „ერთადერთ პროდასავლურ“ ოპოზიციონერს მსგავსი სისულელის შესაძლებლობა მოუვა თავში. მაშ რა გზა რჩება?
მხოლოდ ის, რომ ეს მოწოდება ხალხის უმრავლესობამ გაიზიაროს და ოცნების დიქტატურის შიშით ნაციონალურ მოძრაობას მისცეს ხმა (სხვა არჩევანი თითქმის არ არის).
ასეთ შემთხვევაში, ჯერ კიდევ არსებობს თეორიული შანსი, რომ პარლამენტში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა მოიპოვოს ნაციონალურმა მოძრაობამ.
ასე რომ, „ლოგიკა“, რომ ხმა მივცეთ არა პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით, არამედ უფრო „დიადი“ მიზნების ხათრით, ჩვენი ნების შედარებით უკეთ გამომხატველი, ან ნაკლებად კონფრონტაციული ძალის წინააღმდეგ – მარაზმატიკული, პოლიტიკურად (და არა მხოლოდ) სრულიად უმწიფარი, მეტიც, ანტისაზოგადოებრივი და ადამიანების შეურაცხმყოფელი დემაგოგიაა. ეს არის „ერთადერთ პროგრესულად“ თვითგამოცხადებული, მაგრამ დელეგიტიმიზირებული და საღ აზრთან მწყრალად მყოფი პოლიტიკური ძალების მცდელობა ხავსს მოეჭიდონ, დარჩნენ დინების ზედაპირზე. დემაგოგიით, მოსახლეობის ფსიქოლოგიური ტერორით შეინარჩუნონ ვითარება, როდესაც ეძლევათ შანსი იყვნენ ძალაუფლებაში არა სახალხო ლეგიტიმაციით, არამედ სხვადასხვა, პრინციპულად არაპოლიტიკური მეთოდებით.
რასაკვირველია, საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეზე საუბარი ლეგიტიმურია. ნებისმიერი (!) ძალაუფლება შეიცავს რისკს, რომ მისი მფლობელი არასათანადოდ გამოიყენებს. (თუმცა ფორმულა: საკონსტიტუციო უმრავლესობა = დიქტატურას – ისეთივე მცდარია, როგორც რწმენა, რომ დიქტატურისკენ გზა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე გადის. 1933 წელს გერმანიის რაიხსტაგის არჩევნებში ჰიტლერმა ნაკლები პროცენტი აიღო, ვიდრე ახლანდელ არჩევნებში ოცნებამ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი შემდეგი, ყველასთვის ცნობილი კარიერისთვის).
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო უმრავლესობა, სწორედ ასევე, შეიცავს შესაძლებლობას რეალურად საჭირო რეფორმებისა, რომელიც ხალხის ინტერესებშია. ვიღაცას ან სჯერა ან არ სჯერა, რომ ოცნება სწორედ ასე მოიქცევა. მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის ამ შესაძლებლობის უარყოფა არავის შეუძლია.
მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ ვითარებაში, როდესაც ერთი მხრივ, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა დაუშვებელია ნებისმიერი საბაბით, ამავდროულად კი, ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა ძალიან მაღალია?
მთავარი ფაქტორი, რომელზე განსაკუთრებული აქცენტირებაც დღეს ჩვენი აზრით საჭიროა, არის ხალხისა და საზოგადოების როლი. მაღალი ნდობა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ თავად ამ ლეგიტიმაციის წყაროს – ხალხის წონასა და მნიშვნელობას ზრდის. ვითარებაში, როდესაც ოცნება ვეღარაფერს დააბრალებს ნაცმოძრაობას/კოჰაბიტაციას, ხალხსაც პასუხი მხოლოდ მასთან ექნება მოსათხოვნი. ბრძოლა აზრს იძენს, რადგან ხალხისა და ხელისუფლების პირისპირ დარჩენისას პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობა ჩნდება. ასე რომ, ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ არანაირი სამომავლო საფრთხის შიშით არ შეიძლება უკვე დადასტურებულად ბოროტმოქმედი, კრიმინალური პოლიტიკური ძალის ლეგიტიმაცია – აცნობიერებენ საფრთხის შესაძლებლობას. მაგრამ გამოსავალს ხედავენ არა ახალი, შესაძლო ბოროტების შიშით – ძველი, გაფორმებული ბოროტების გვერდით დგომაში, არამედ – საკუთარ ძალებში.
ყველაზე სწორი გზა დღეს არის ქართული ოცნებისთვის მაღალი მანდატის მიცემა. შედეგად პოლიტიკური პროცესის მთავარ აქტორად იქცევა ხალხი – წარმოდგენილი სხვადასხვა ინსტიტუტებით, მათ შორის პარტიებით, მაგრამ ისეთით, რომელსაც კონსტრუქციული მუშაობის უნარი აქვს, ასევე სხვა ფორმებით, რომელთა ნაწილიც არსებობს, ნაწილი კი ახალ რეალობაში უნდა შეიქმნას. ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატით ქართული ოცნების აღჭურვა დღეს ყველაზე მეტად სწორედ ხალხის ინტერესშია. უფრო მეტად, ვიდრე თავად ქართული ოცნების.
ბუნებრივია, ამგვარი პროექტისადმი ცინიკურნი იქნებიან ისინი, ვინც აქამდე პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარ ვიწრო, ან დამფინანსებელთა ინტერესებს გამოხატავდა, ისინი, ვისაც სინამდვილეში არ სჯერა ხალხის (გავუგოთ მათ, ახლანდელმა არჩევნებმაც აჩვენა, რომ ეს უნდობლობა, სამწუხაროდ, ორმხრივია). მაგრამ, რეალური ცვლილებებისთვის საჭირო უმრავლესობის მიცემა ოცნებისთვის დღეს – ეს არის შანსი (არა გარანტია!) პირველ რიგში ხალხის ინტერესების განხორციელებისთვის. რასაკვირველია, ეს რისკია. ისინი, ვინც ხედავენ საკუთარ თავში ძალას, და არ უშვებენ ბოროტებასთან რამენაირი ზავით შეკვრას, მზად არიან ასეთი რისკისთვის. მათ იციან ორი რამ: 1 – ის, რაც პოლიტიკურად, მორალურად, ისტორიულად წარსულია, აღარასდროს, არანაირი საბაბით არ უნდა ჩაერიოს მომავლის შენებაში. 2 – ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა დღეს ნიშნავს სახალხო პოლიტიკის, სამოქალაქო მონაწილეობის წინაპირობათა შექმნას.