https://www.youtube.com/watch?v=cHbSJ7RwjF8
ძირფესვიანად შეიცვალა კუბის მკვიდრთა ყოფა 1958 წლის მიწურულს. ფულხენსიო ბატისტა ქვეყნიდან გაიქცა და ახალ წელიწადს, პირველი იანვრის დილას, მემარცხენე ძალამ ხელთ იგდო სახელმწიფოს მართვის სადავენი. ახალი ეპოქის გარიჟრაჟი დადგა. ამ უმნიშვნელოვანესმა პოლიტიკურმა მოვლენამ მოიტანა უდიდესი სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები. ტირანისაგან დაბეჩავებული კუბა მალევე იქცა თავისუფლების თვალწარმტაც კუნძულად; თანასწორობის, ერთობისა და სამართლიანობის გამოძახილად.
რადიკალურმა გარდაქმნებმა და ძვრებმა უმოწყალოდ შეარყია და გააცამტვერა კიდეც ბატისტას მილიტარისტული რეჟიმის პატრიარქალური ციხე-სიმაგრენი. დამონებულმა და ხუნდებდადებულმა ქალმა დაიბრუნა შელახული ღირსება და პატივი; კანონით დამკვიდრდა სქესთა სწორუფლებიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში; დაინგრა ქალთა ჩაგვრის უკანასკნელი მაჩოისტური ბასტიონები. დისკრიმინაციისა და უსამართლობის აღმოფხვრა იყო რევოლუციური მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. « La Federación de Mujeres Cubanas », ანუ „კუბელ ქალთა ფედერაცია“ დაარსების დღიდანვე გამოირჩეოდა ეგალიტარიანული ლოზუნგებით; ამ ბანაკს შეუერთდა « Unidad Femenina Revolucionaria » (« რევოლუციონერ ქალთა ერთობა »), « Brigadas Femeninas Revolucionarias » (« ქალთა რევოლუციური ბრიგადები »), « Hermandad de Madres » (« დედათა სოლიდარობის კავშირი ») და სხვა მოძრაობები. ამ ქალებმა დიდწილად შეუწყვეს ხელი ბატისტას დამხობას. მათი ლიდერი გახლდათ ვილმა ესპინი – ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი, ფემინისტი და რაულ კასტროს მეუღლე. სწორედ მისი ინიციატივით შემოიღეს ახალი კანონები, გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი და დისკრიმინაციის ამკრძალავი მუხლები.
https://www.youtube.com/watch?v=C_91PKG66gE
ძალზე მძიმე მდგომარეობის გამოსწორება ითავეს მებრძოლმა რევოლუციონერებმა: მჩაგვრელ რეჟიმს კარგი არაფერი უანდერძნია მათთვის. ბატისტას ბატონობის ჟამს ქალი საზოგადოებრივი კულტურისგან ჩაგრული სოციალური სუბიექტი იყო; არ ჰქონდა განათლების მიღების, ღირსეული შრომის, აბორტის, ოჯახის დაგეგმარების, დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებები; სიკვდილამდე უნდა ყოფილიყო თანამეცხედრის ვასალი და ყურმოჭრილი მხევალი. კაცზე გაცილებით დაბალ ხელფასს იღებდა (ერთი და იმავე სამუშაოს სანაცვლოდ); პატრიარქატის ბორკილებსა და მარწუხებში მომწყვდეული, სრულიად უძლური იყო ტირანის წინაშე. მაჩოისტმა და მჩაგვრელმა ხელისუფალმა ერთადერთ მოვალეობად დაუსახა ბავშვების გაჩენა, ქმრის მსახურება და ოჯახის მოვლა-პატრონობა. ღრმად გაედგა ფესვი მასკულინურ ჰეგემონიას; საგანგაშო ნიშნულისათვის მიეღწია წერა-კითხვის უცოდინარობის პროცენტულ მაჩვენებელს; ბავშვთა 50% ვერ იღებდა სასკოლო განათლებას. წერა-კითხვის არ ცოდნის პრობლემა აწუხებდა 800 000-ზე მეტ ადამიანს (უმეტესად, ქალებს). მეტისმეტად სუსტი იყო ქალთა როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ამბოხების ნაპერწკალი გაღვივდა ჩაგრულთა გულში. „Frente Cívico“ , („სამოქალაქო ფრონტი“), „Mujeres Martianas“, („მარტიანელი ქალები“ – ხოსე მარტის იდეების დამცველნი), „Las Mujeres Oposicionistas“ (,,ოპოზიციონერი ქალები“) და სხვა დაჯგუფებები მუხლჩაუდრეკლად და მედგრად ერკინებოდნენ ბატისტას მოციქულებს; პარტიზანი ქალები 26 ივლისის რევოლუციურ გაერთიანებაშიც შევიდნენ და დაუნდობელი ბრძოლა გააჩაღეს შავბნელი წყობის უნიათო და უბადრუკი ანასხლეტების წინააღმდეგ. სიერა მაესტრაში ჩამოყალიბდა ქალთა სამხედრო დანაყოფი, „მარიანა გრიხალესი“ (მონობის წინააღმდეგ მებრძოლი გმირისა და ქალთა უფლებების დამცველის პატივსაცემად); მათ რიგებში მრავალმა ქალმა გამოიჩინა თავი; ასეთები იყვნენ: სელია სანჩესი, მელბა ერნანდესი, აიდე სანტამარია და სხვები. ეროვნული გმირის, ხოსე მარტის, დიადი აზრები შთაგონებით, შემართებითა და მებრძოლი სულისკვეთებით აღავსებდა გულმხურვალე და თავდადებულ მეომრებს.
1 იანვარს, როცა ბატისტა თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ქვეყნიდან, ფიდელ კასტრომ სიტყვით მიმართა ბრწყინვალე გამარჯვებით აღტყინებულ ხალხს და ხაზი გაუსვა ქალთა ემანსიპაციის უდიდეს მნიშვნელობას; მისი თქმით, ბოლო უნდა მოჰღებოდა მდედრობითი სქესის ჩაგვრას, დაქვემდებარებასა და ღირსების შებღალვას; ბოლოს და ბოლოს, უნდა მოეპოვებინათ ნანატრი თავისუფლება, რადგან ,,შრომის ბაზარზეც და ცხოვრების სხვა სფეროებშიც დისკრიმინაციის მსხვეპლნი იყვნენ”; „გავა წლები და მომავალი თაობები განსჯიან ჩვენს რევოლუციას; განსჯის ერთ-ერთი მთავარი საგანი ის იქნება, – როგორ გადავჭერით ქალთა პრობლემები ჩვენს საზოგადოებასა და სამშობლოში…“
,,კუბელ ქალთა ფედერაცია“ ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა ჩაგრულ სქესს ღირსეული ადგილი დაეკავებინა სახელმწიფოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვილმა ესპინი ის ქალია, პარტიზანულ მოძრაობაში რომ ისახელა თავი და აგრეთვე, სქესთა თანასწორობისათვის ბრძოლას შეალია ცხოვრების მრავალი წელი. ფედერაციამ მიზნად დაისახა წერა-კითხვის უცოდინრობის პრობლემის პრობლემის ამოძირკვა; წამოიწყეს წერა-კითხვის გავრცელება; რევოლუციიდან ორი წლის განმავლობაში გაიხსნა 10 000 სკოლა; სულ რაღაც თორმეტიოდე თვეში წერა-კითხვა შეასწავლეს 700 000 ადამიანს (მათი 55 % ქალი იყო). წერა-კითხვის უცოდინართა მაჩვენებელი შემცირდა 3, 8 %-მდე. 1961 წლის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით იხსნებოდა სხვადასხვა ხელობის შემსწავლელი წრეები, საგანმანათლებლო ცენტრები, რათა ზრდასრულ ქალებს ჰქონოდათ შესაძლებლობა პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებში ჩაბმისა. კონსტიტუციის შეცვლის დროც დადგა: პროგრესულმა და მეამბოხე ძალამ მთელი რიგი ცვლილებები გაატარა ქალთა უფლებების დასაცავად და ძალადობის აღმოსაფხვრელად. კონსტიტუციის 41 და 42 მუხლი გახდა სქესთა სწორუფლებიანობის საწინდარი როგორც სამოქალაქო, ასევე ოჯახურ სფეროში. კანონი დანაშაულად განსაზღვრავდა გენდერული თანასწორობის პრინციპის დარღვევას. ქალებმა დაიკავეს მოწინავე პოზიციები საჯარო სამსახურებში, შეიარაღებულ ძალებში… რეპროდუქციული უფლებების აღიარებამაც არ დაახანა: მალევე დააკანონეს აბორტი. ქალებს შესაძლებლობა მიეცათ, თავად გადაეწყვიტათ, გაეჩინათ შვილები, თუ არა. ეს მოხდა იმ ეპოქაში, როცა ევროპელ ქალებს (მაგალითად, ფრანგებს) აბორტის გამო აპატიმრებდნენ და ქმრის ნებართვის გარეშე ბანკის ანგარიშის გახსნაც კი ეკრძალებოდათ; შვეიცარიელ ქალებს კი საარჩევნო ურნებს არ აკარებდნენ. მარქსის იდეების ერთგულმა ხელისუფლებამ, ქარიზმატული ლიდერების თაოსნობით, პრიორიტეტად დაისახა ზრუნვა ადამიანთა სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, განათლებასა და განვითარებაზე. ქალთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა 80 წლამდე, კაცებისა კი 78-მდე. ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი _ 4.8 (ყველაზე დაბალი ამერიკის კონტინენტზე; მაგალითად, აშშ _ში 5,9_ს უახლოვდება ნიშნული). შრომის კოდექსის მთავარ ღერძად იქცა დასაქმებულის უფლებებისა და ინტერესების დაცვა; გაუმჯობესდა დეკრეტული შვებულების პირობებიც.
ქვეყნის სტუდენტთა 60% ქალია; 66% დიპლომირებული სპეციალისტია. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ 1980 წლიდან დღემდე დასაქმებულ კაცებსა და ქალებს შორის ერთი სხვაობა იკვეთება: ქალებს, საშუალოდ, ერთი საფეხურით მაღალი განათლება აქვთ მიღებული, ვიდრე კაცებს (მაგალითად: ბაკალავრიატი VS მაგისტრატურა, ან მაგისტრატურა VS დოქტორანტურა). ტექნიკურ სფეროებში მომუშავეთა 66, 4% ქალია. ისინი დაეუფლნენ იმ ხელობებს, ოდესღაც მხოლოდ ,,კაცის საქმედ“ რომ მიიჩნეოდა (მედიცინა, ინჟინერია, არმია, შეიარაღებული ძალები, პროფესურა, მეცნიერება…). საჯარო მოხელეთა 66% ოდესღაც ჩაგრული კუბელი ქალები არიან (ბატისტას „მოღვაწეობის“ დროს კი ეს მაჩვენებელი 6%-ს არ აღემატებოდა). კანონმდებლობაში გარკვევით წერია, – ერთსა და იმავე სფეროში მოღვაწე ქალებმა და მამაკაცებმა თანაბარი ხელფასი უნდა აიღონ; შრომის კოდექსი ცალსახად კრძალავს გასამრჯელოთა სხვაობას. ოფიციალური მონაცემების თანახმად, საფრანგეთში, ქალები კაცებზე 28 %-ით დაბალ ხელფასს იღებენ (ერთსა და იმავე პოსტზე, ისეთივე დატვირთვით მომუშავე ქალებზეა საუბარი); ამერიკელი ქალის მთლიანი ხელფასი კი კაცის გასამრჯელოს 79%-ია. რევოლუციის შემდეგ, კუბის ეკონომიკური სექტორისა და მმართველ ორგანოთა ხელმძღვანელების 46% ქალია. საფრანგეთის 40 უდიდესი ეკონომიკური გაერთიანებიდან მხოლოდ ხუთს უდგას სათავეში ლილითის შთამომავალი. ფინანსურ ინსპექციაში უფრო მეტი ქალი მუშაობს, ვიდრე კაცი. უზენაესი სასამართლოს წევრი მოსამართლეების 78% ქალია. დეპუტატების მანდატთა 48, 66 % მათ უპყრიათ ხელთ. პარლამენტარი ქალების რაოდენობის მიხედვით კუბას ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს მსოფლიოში. რეგიონულ ასამბლეათა ადგილების 66,6% მათ ეკუთვნის. „კუბელ მშრომელთა კონფედერაციაში“ შემავალი 16 სინდიკატიდან ცხრას ქალი უდგას სათავეში. პროვინციული პროფკავშირების ხელმძღვანელთა 56, 25% მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. ქალთა რეგიონიული კონფერენციის თავმჯდომარე და დომინიკელთა რესპუბლიკის ქალთა უფლებების დაცვის მინისტრი, ალეხანდრინა ხერმანი, ხაზგასმით აღნიშნავს,_რევოლუციონერთა კუნძული დღენიადაგ მოწინავე რიგებში იდგა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით.
ეს მონაცემები იმ მიზეზითაცაა საინტერესო, რომ კუბაში არ არსებობს კვოტირების სავალდებულო სისტემა; არც ერთი კანონი არ აიძულებს მთავრობას, თანაბრად გაუნაწილოს თანამდებობები ქალებსა და კაცებს. ყოველივე ეს მოხდა თავისთავად, მემარცხენე, პროგრესული რევოლუციისა და ეგალიტარული იდეების გავრცელების წყალობით.
1958 წლამდე ამ ქვეყნის ისტორიას არ ახსოვდა ასეთი მკვეთრი სოციალური გარდატეხა, მენტალურ-კულტურული რევოლუცია და საზოგადოებრივი ძვრები. უტყვი მსხვერპლშეწირვის, უხმო ტანჯვა-ვაებისა და მონობის მორევში ჩაძირულმა, დადუმებულმა ქალმა გამაყრუებელი ყვირილით დაამსხვრია ბორკილები, ამაყად ასწია თავი, ხელი გაუწოდა თავის მოკავშირე და-ძმებს, ამხანაგებს, მტკიცედ შეუდგა ახალი ქვეყნის შენებას და ჩაერთო საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში; ხელი დაადო ეპოქის მაჯას, ყური მიუგდო ბობოქარ პულსს და ფეხი აუწყო ახალ დროებას.
ესაა თავისუფლების კუნძული; ესაა დიადი, ცოცხალი რევოლუცია; ესაა განუმეორებელი ეპოქა; გაუნელებელი ამბოხის, დაუცხრომელი ჯანყის, გამუდმებული შეურიგებლობის, ქარიზმატული, გულანთებული ლიდერების, პარტიზანული მოძრაობის, ტირანების დამხობის, კერპების მსხვრევის, თანასწორობის მოსაპოვებლად დარაზმული ქალების, სტუდენტური პროტესტის, სორბონის უნივერსიტეტის წინ აღმართულ ბარიკადებზე შემდგარი მემარცხენე ინტელექტუალების, ბუნტარული სულისკვეთებით ფრთაშესხმული, დაუდგრომელი, თავისუფლების წყურვილით გახელებული ჩე გევარას, ქედუხრელი ფიდელ კასტროსა და მათ მხარდასაჭერად კუნძულზე ჩამოსული სიმონ დე ბოვუარისა და სარტრის ეპოქა; ესაა ერთ სურათში მოქცეული მთელი ერა;
ტკბილი, ჰო, ტკბილი და მზის სხივებით გაცისკროვნებული ფოტო, ზღვარდაუდებლად რომ გაამებს პალმების, ქოქოსისა და მანგოს სურნელით, ცხოვლად დაგიხატავს თვალწინ ლაჟვარდოვან სანაპიროს, ბობოქარი ზვირთების დგაფუნით დაგიტკბობს ყურთასმენას და განატრებინებს, ან შენ თვითონ დაბრუნდე წარსულში, ან წარსული დაიბრუნო, თვალის დახამხამებაში გადაცურო ჟამთასვლის უკიდეგანო ოკეანე, მიადგე აღთქმულ, თვალწარმტაც კუნძულს და გარდასულ დროებაში ჩაიძირო; ხელახლა განიცადო ეს ცხოველმყოფელი სიხარული; ზანტად გააბოლო ჰავანური სიგარა და თივით გამოტენილ ლეიბზე დაიძინო; თავსხმა წვიმა რომ დაუშვებს, ხუხულას შეაფარო თავი, ან სანაპიროზე როკვას მოჰყვე; შეურთდე აჯანყებულთ, ხელი ჩასჭიდო ბოვუარსაც, ჩესაც, სარტრსაც, ფიდელსაც, ვილმა ესპინსაც, დაამსხვრიო მდუმარების ბორკილები და გამაყრუებელი ყვირილით ჩაება თავისუფლების ფერხულში იმ თავისუფლების კუნძულზე, ასე ძლიერ რომ მიელტვი.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Fidel Castro, “Discurso pronunciado por Fidel Castro Ruz, Presidente de Dobla República de Cuba, en las honras fúnebres de las víctimas del bombardeo a distintos puntos de la república, efectuado en 23 y 12, frente al cementerio de Colón, el día 16 de abril de 1961”, República de Cuba.
- Salim Lamrani _ « Mujeres en Cuba: la Revolución emancipadora»
- GONZÁLEZ PAGÉS, Julio César (2002). Género y masculinidad en Cuba: ¿el otro lado de una
historia? En Revista “Nueva Antropología”. Vol. XVIII, nº 61. Septiembre 2002.México D.F:
Nueva Antropología A.C
- Mariela Pérez Valenzuela, “Mujer cubana: una fortaleza en la economía nacional”, Federación de Mujeres Cubanas;
- Federación de Mujeres Cubanas, “Cubanas en cifras”, 2014