ინტერვიუ უნგრელ ფილოსოფოს გაშპარ ტამაშთან: ვინ არიან ევროპის მტრები დღეს?

tamasცნობილი უნგრელი მარქსისტი ფილოსოფოსი გაშპარ ტამაში ესაუბრება ჩეხ პოლიტიკის მეცნიერს, კარლის უნივერსიტეტის პროფესორს ისტორიასა და პოლიტიკის მეცნიერებებში იაროსლავ ფიალას. ინტერვიუ შეეხება ორბანის უნგრეთს, ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში საყოველთაო კეთილდღეობის სისტემის კრახსა და კაპიტალიზმის კრიზისს.

გაშპარ ტამაში კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დისიტენტი, ხოლო პოსტსოციალისტურ ერაში (1989-94) უნგრეთის პარლამენტის წევრი იყო. იგი ვიქტორ ობრანის და მისი პარტია „ფიდესის“ ნეოლიბერალური პოლიტიკის მკაცრი ოპონენტია. ტამაში ასწავლიდა და იკვლევდა კოლუმბიის, ოქსფორდის, იელის, ჯორჯთაუნის, ვენის, პარიზის და ბერლინის უნივერსიტეტებში. მისი ნაშრომები პოლიტიკის ფილოსოფიაში 14 ენაზეა ნათარგმნი. იგი ცნობილია მისი პოსტფაშიზმის კონცეფციით. 29.07.2016

© European.ge

ბაზრის აბსოლუტური ტირანია აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

ევროპას დღეს სახიფათო დროება უდგას: ევროზონის კრიზისი, ტერორისტული აქტები, ულტრა მემარჯვენეთა აღზევება, ბრექსიტი და ა.შ. არის თუ არა ლიბერალური დემოკრატიის იდეა საფრთხის ქვეშ?

ვერავინ იტყვის რომ ლიბერალურ დემოკრატიას ადამიანთა ნაწილი არ გაუთავისუფლებია და მონობის გარკვეული ნაირსახეობები არ გაუუქმებია. მაგრამ, თანამედროვე სისტემა მთელ რიგ წინააღმდეგობებს აწყდება. ჩვენ დღეს ლიბერალური დემოკრატიის სერიოზული კრიზისის მოწმენი ვართ, რომელიც სოციალიზმის ‘სიკვდილს’ ემთხვევა. წარსულში ლიბერალური დემოკრატიის არსებობისთვის აუცილებელი პირობა ძლიერი მუშათა მოძრაობები იყო. ეს იყო შედეგი გარკვეული კომპრომისისა, სადაც მშვიდობისა და სტაბილურობის სანაცვლოდ სოციალ-დემოკრატიამ უარი თქვა რევოლუციურ მოთხოვნებზე და ბურჟუაზიული სახელმწიფოს ნაწილად იქცა.

შედეგად, პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბალი კლასებიც იყვნენ წარმოდგენილნი. დასავლურ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოებში არსებულმა შინაგანმა ბალანსმა, გარკვეულწილად პრივილეგირებულმა პროლეტარიატმა თავისი პროფკავშირებით, სოციალ-დემოკრატიული და კომუნისტური პარტიებით და საერთაშორისო ეკვილიბრიუმმა, რეფორმირებულ ან შეზღუდულ კაპიტალიზმსა და საბჭოთა ბლოკს შორის, შედეგად მოგცვა ის, რასაც დღეს ‘ლიბერალურ დემოკრატიას’ ვეძახით. დასავლურ ევროპული შრომის კანონმდებლობა 1920-იანების საბჭოთა სოციალისტური სამართლებრივი მოდელების მიხედვით შეიქმნა, სადაც განსაზღვრული იყო გენდერული თანასწორობის და საოჯახო სამართლის პრინციპები. ეს დამტკიცებულია ახალი ისტორიულ-სამართლებრივი კვლევებით.

პარადოქსულია, მაგრამ დღეს რაც ლიბერალურ დემოკრატიას აკლია, არის სოციალიზმი. დღესდღეისობით, არ არსებობს მაკომპენსირებელი ძალა, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიას დემოკრატიულობას შეუნარჩუნებს. დღევანდელი მმართველი კლასები უსაფრთხოდ არიან სისტემის შიგნით. ამგვარად, მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რასაც თვით ფაშისტებიც ვერ გაბედავდნენ. ისინი ამცირებენ რეალურ ხელფასებს, პენსიებს, კეთილდღეობის სისტემებს, საჯარო სკოლებს, უფასო ჯანდაცვას, იაფ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობას და ა.შ. ვინ გააჩერებს მათ?

შესაძლებელია თუ არა ლიბერალური დემოკრატიის გადარჩენა?

არამგონია. ლიბერალური დემოკრატია ზედმეტად ჩახლართული სისტემა იყო. მასში მმართველი კლასები მარცხნიდან მუშათა მოძრაობებით, ხოლო მარჯვნიდან წარსულის ძალებით – არისტროკრატიის, ეკლესიისა და მონარქიის ნარჩენებით იყვნენ შეზღუდულნი. ლიბერალური დემოკრატია თავისით ნაკლებად თუ გადარჩება. მიუხედავად იმისა თუ რას ფიქრობენ ლიბერალები, ულტრა მემარჯვენეობა კაპიტალიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ის სახიფათოა მხოლოდ სიცოცხლისთვის და არა კაპიტალისა და სახემლწიფოსთვის.

არ დაგავიწყდეთ, რომ ადოლფ ჰიტლერი დასავლური ცივილიზაციის კომუნიზმისგან მხსნელად მიიჩნეოდა. ის ადამიანებიც კი, რომელთაც ჰიტლერი ეზიზღებოდა, მაგალითად, ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი – თავისუფალი ბაზრის მომხრე და ბოლო-ბოლო ნაცისტებიგან დევნილი – ამტკიცებდა, რომ შესაძლოა, ჰიტლერი მონსტრი ყოფილიყო, მაგრამ მან ევროპა კომუნიზმისგან გადაარჩინა. ჰაიეკისნაირი ადამიანებისთვის ფაშიზმი იყო პრევენციული ანტიკომუნისტური კონტრრევოლუცია. რეალურად, ეს ასეც იყო. ამ კონტრრევოლუციამ არ გაანადგურა და გაჟლიტა ნახევარი ევროპა? დასანანია. ფიქრობთ, რომ ბურჟუაზია დღეს ამაზე იყოყმანებს? არამგონია.

თქვენ ცხოვრობთ უნგრეთში. ბევრი გარედან შემხედვარე შეშფოთებულია ვიქტორ ორბანის მთავრობით, რომელიც ნელ-ნელა სპობს ლიბერალურ დემოკრატიას. მეორე მხრივ, ერთი ნაწილი მასში ახალ ალტერნატივას ან ‘საინტერესო არჩევანს’ ხედავს. რას ეტყოდით მათ?

ორბანი აკეთებს ზუსტად იმას, რაც თქვენ, თქვენ ქვეყანაში არ მოგწონთ, მაგრამ სანამ ის ამას წინააღმდეგობის გარეშე აკეთებს, ის უფრო თანმიმდევრული და წარამტებული ჩანს. აღმოსავლეთ ევროპაში არიან მისი თაყვანისმცემლები, რომლებიც ერთ დღესაც არ გაატარებენ მისი სისტემით არსებულ უნგრეთში. მათ მოსწონთ მხოლოდ მისი საუბარი ეროვნულ სიამაყეზე, მისი ‘დაუნდობელი თავდასხმები’ ამერიკასა და ევროკავშირზე.

რეალურად კი, უნგრეთი მდგრადია მხოლოდ დასავლურ ევროპული, უმეტესად კი გერმანული კაპიტალით. ჩვენ გვაქვს დაბალი გადასახადები მსხვილ ბიზნესზე. არსებობს ‘შეხმატკბილებული შეთანხმება’ “Mercedes”-თან და “Audi”-სთან, რომელიც სულ არ წარმოადგენს ანტი-დასავლურ ან ანტი-კაპიტალისტურ ძალებს. ორბანმა დაანგრია სოციალური სისტემა. საავადმყოფოები ცარიელია, რადგან საკმარისი ექიმები და ექთნები არ არსებობენ. ხალხი დერეფნებში იღუპება. ჩემი უმცროსი ქალიშვილი დადის სკოლაში ცენტრალურ ბუდაპეშტში, სადაც ტუალეტის ქაღალდი და ცარცი არ მოიძებნება დაფაზე საწერად. ორბანი ყველა შემთხვევაში საცოდავი წარუმატებლობაა. შესაბამისად, ნეოლიბერალური მარცხიც მასთან ერთად. ბიუჯეტი დაბალანსებულია, ვალი დაწეულია, მაგრამ ქვედა 40% შიმშილობს. პრობლემები კრიტიკის გაჩუმებით გვარდება.

მაშინ რატომ არის ორბანი წარმატებული პოლიტიკოსი?

უნგრელთა უმეტესობა აპათიური, ინდიფერენტული და იმედისგან დაცლილია. ჩემი ქვეყანა არის ძალიან სევდიანი ადგილი, სადაც ხალხი ამბობს, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ მათი სურვილების განსახორციელებლად ან რაიმის შესაცვლელად. ბატონმა ორბანმა იცის, რომ მისი წარმატების საიდუმლო ამ პასიურობის და აპათიის მხარდაჭერაა. იგი მიხვდა, რომ კვაზი-ტოტალიტარული მობილიზაციის საზოგადოებას წერტილი უნდა დაუსვას. მისი მმართველობის პირველი პერიოდი ბრბოს ქსენოფობიური და ეთნიკური სლოგანებით მობილიზებით და ექსტრემისტული ჯგუფების იარაღად გამოყენებით ხასიათდებოდა.

ახლა ყველა ეს ქსელი დაშლილი და გაფანტულია, რადგან შესაძლოა, ისინი გამხდარიყვნენ სოციალური უკმაყოფილების გამოხატვის წყარო. ორბანმა გაანადგურა ფუნქციური ბიუროკრატიაც. საჯარო ადმინისტრაცია ძლივს თუ არსებობს, რეგიონალური ადმინისტრაციები ოფიციალურად, ღიად და სრულად არის გაუქმებული. ათასობით ექსპერტი, ინტელექტუალი – ‘განათლებული ბიუროკრატები’ – დათხოვნილნი არიან მათი პოზიციებიდან. შიდა კონტროლი პრაქტიკულად აღარ არსებობს. კულტურული ინსტიტუტები, პერიოდული გამოცემები, კვლევები, უმაღლესი განათლება, ხარისხიანი პრესა, კარგი მუზეუმები და თეატრები, ხელოვნება და კინემატოგრაფია შეზღუდული ან გაუქმებულია. შედაგად გვაქვს დისფუნქციური სახელმწიფო.

ასე რომ, როცა ვიღაც იტყვის, რომ დიქტატურა არის ‘კანონი და წესრიგი’, თქვენ უნდა გაიცინოთ. რადგან ის მიუთითებს კორუფციაზე, უწესრიგობაზე, ტოტალურ ქაოსსა და ასევე მწარე უიმედობაზე ძირეული პოლიტიკის მიმართ, რაც ორბანის ხელისუფლების საიდუმლო იარაღია.

ხშირია კრიტიკა ცენტრალური-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ლტოლვილთა მიუღებლობასთან დაკავშირებით. მაგრამ, დასავლეთ ევროპაშიც ძლიერდება რასიზმი და წინააღმდეგობა მათ მიმართ. რა ხდება ევროპაში?

იმავე მიზეზებმა, რომლებიც დასავლურ რასიზმს ხსნის, აღმოსავლეთ ევროპაშიც იგივე ფენომენი ერთ ღამეში წარმოშვა. უპირველესად, ცენტრალური-აღმოსავლეთ ევროპის მულტიკულტურული სახელმწიფოები, როგორებიც იყვნენ მასარიკის და ჰაველის ჩეხოსლოვაკია და ტიტოს იუგოსლავია, აღარ არსებობენ. ჩვენ შევქმენით პატარა, ეთნიკური, მონოკულტურული, მონოლინგვისტური არა-რესპუბლიკები, სადაც გვიწევს ცხოვრება.

1989 წლის შემდეგ, მსოფლიოს ამ ნაწილში ჩვენ სახელმწიფოს ნორმალური ფორმა წარმოგვედგინა ისეთად, სადაც მხოლოდ ერთი ეთნოსი იცხოვრებდა. მაგრამ, პრაღა და ბუდაპეშტი ჯერ კიდევ სავსეა მდიდარი, მაგრამ არა თეთრკანიანი ადამიანებით. ტურისტები ჩამოდიან და ბიზნესმენები სახლდებიან აქ, მაგრამ არცერთი მათგანი არ გამხდარა სამიზნე. მათ არ ცემენ რასისტული მოტივებით. მათდამი არ არსებობს რასისტული ანტიპათია. მდიდარი ადამიანები არ ითვლებიან უცხოებად, მუსლიმებად, შავებად და მიგრანტებად.

გინდათ თქვათ, რომ არსებობს კლასობრივი სიძულვილი?

ღარიბი ევროპელებისთვის ლტოლვილები შრომით ბაზარზე მათი კონკურენტები არიან. ლტოლვილები აღიქმებიან ‘კეთილდღეობის მტრებად’, შედაგად კი ვიღებთ სოციალურ და მორალურ პანიკას. მაგრამ, ლტოლვილთა საწინააღმდეგო ისტერია სრული სიგიჟე მაინც არ არის. ლტოლვილთა მასიური შემოდინება მართლაც დიდი ტვირთი იქნება საყოველთაო კეთილდღეობის სისტემისთვის, განსაკუთრებით ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის შედარებით ღარიბი ქვეყნებისთვის.

რა თქმა უნდა, პრობლემა შეიძლება გადაიჭრას. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ არსებული კეთილდღეობის სისტემა ვერ ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე, წარმოგიდგენიათ რა მოხდება მიგრანტთა დამატების შემთხვევაში? დღევანდელ უნგრეთის ხელისუფალს არ შეუძლია მოუაროს რკინიგზას, ფოსტას, საჯარო სკოლებს, რომლებიც უკვე ორასი წელია არსებობს. ხალხმა მშვენივრად იცის, რომ მათი ქვეყანა ვერ ფუნქციონირებს. პანიკა კონსერვატორული ინტელიგენციის კულტურული, ღიად რასისტული ტერმინებით აიხსნება, თუმცა რეალური პრობლემა კეთილდღეობის სახელმწიფოს, სოციალური სოლიდარობის გამოფიტვასა და მყიფე, ანტი-პოპულარული კლასის პოლიტიკის ჩამოყალიბებაშია.

სოციალური უთანასწორობის რასისტულ და ეთნიკურ ჭრილში გადასროლა ბურჟუაზიის უძველესი ტაქტიკაა. ამერიკაში ‘უმუშევრის’ იდენტობას შავკანიანებს მიაწერდნენ, აღმოსავლეთ ევროპაში კი – ბოშებს. ‘კეთილდღეობის’, უმუშევრობის ბენეფიტების და სხვა სოციალური დახმარების მიმღებნი კლასიფიცირდებიან, როგორც ‘კრიმინალური ელმენტები’, ‘მარტოხელა დედები’ (‘ამორალური ქალები’) და კვლავ, ფერადკანიანები. ღარიბებიც კი თანახმა არიან კეთილდღეობის სტრუქტურის დაშლის, რათა მიგრანტებმა და რასით გასხვავებულებმა არ მიიღონ ბენეფიტები.

რა უნდა იყოს მემარცხენეთა რეაქცია ამ პანიკური მდგომარეობის საპასუხოდ?

ჩვენ რომ გვქონოდა ეგალიტარული, დახმარებაზე ორიენტირებული კეთილდღეობის სისტემა, შეგვეძლებოდა მისი გაფართოება და შესაბამისად, ლტოლვილების მიღებაც. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ სამართლიანნი უნდა ვიყოთ საკუთარი თავის წინაშეც. ვარ თუ არა მე, ან შენ, კეთილდღეობის სისტემის დაშლაზე პასუხისმგებელი? ეს პასუხისმგებლობა ბოლო ოცდაათი წელია მმართველ კლასებს და პოლიტიკურ ელიტებს აკისრია. და თუკი ვინმე იტყვის: „შენ არ შეგიძლია გახსნა საზღვრები, რადგან ის დაარღვევს საზოგადოების კონსტრუქციას“, შეგიძლია უპასუხო, „საზოგადოების კონსტრუქცია უკვე დაშლილია და ამიტომაცაა რთული ლტოლვილთა მიღება. ეს კი მმართველთა დანაშაულია“.

სამწუხაროდ, ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში ამგვარი 100%-იანი კაპიტალისტური საბაზრო უტოპიის ჩამოყალიბებაზე, რომელიც დასავლეთშიც კი არ გვხვდება, ჩემი თაობაა პასუხისმგებელი. ჩეხეთი უფროა საბაზრო საზოგადოებაა ვიდრე, მაგალითად, ავსტრია ან ბრიტანეთი. საპირისპიროდ, რასაც ლიბერალები ამბობენ, საბაზრო კანონები აბსოლუტური და სრულია ცენტრალურ-აღმოსაველთ ევროპაში. თუკი ჩვენ ვართ სერიოზული ინტელექტუალები, ჩვენ უნდა ვიყოთ ობიექტურები და ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოებები გადაუჭრელ პრობლემებს ეჩეხებიან. როგორ შეიძლება გამოხატო სოლიდარობა იმ სისტემაში, რომელიც სრულად არასოლიდარულია? ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, განსაკუთრებით მემარჯვენეები, მოსახლეობას გარკვეული ტიპის კეთილდღეობის შექმნას პირდებიან, ოღონდ მხოლოდ ‘მშრომელების’, ‘შინ გაზრდილებისა’ და პატივსაცემი თეთრკანიანებისთვის.

მაგრამ მთავარი ისაა, რომ ისინი ამას არ გააკეთებენ. ეს მხოლოდ საუბარია. ისინი არიან საშუალო კლასის მოძრაობები, რომელთაც ეშინიათ და ეზიზღებათ დაბალი, ღარიბი კლასის წარმომადგენლები. ისინი არ გვთავაზობენ რაიმე ახალს, ისინ მხოლოდ იცავენ რეპრესიებს, ექსპლუატაციას და სოციალურ უსამართლობას. შეხედეთ სიტუაციას პოლონეთში ან თუნდაც უნგრეთში. გახდნენ კი ეს საზოგადოებები უფრო კეთილშობილნი, შეკავშირებულნი ან კოლექტივისტურნი თუნდაც თეთრკანიან საშუალო კლასის დონეზე? რა თქმა უნდა, არა. ეს მხოლოდ რიტორიკაა.

რატომ სჯერა მაინც ხალხს დაპირებების ?

არ არსებობს რეალური მემარცხენეობა. ცნობილი ციტატა ამბობს: ყველა რადიკალ მემარჯვენეთა გამარჯვება, მემარცხენეთა დამარცხებაზე მიუთითებს. ტრადიციული მუშათა კლასიც შეიცვალა. ავსტრიის ინდუსტრიულ მუშათა კლასის 90%-მა ხმა ულტრა მემარჯვენე კანდიდატს ნორბერტ ჰოფერს მისცა. მაგრამ ეს ავსტრიის მოსახლეობის მხოლდო 10%-ია.

ამდაგვარად ჩამოყალიბდა პრივილეგირებული ჯგუფი, რომელიც თავისი კლასის პოზიციებს შრომის ბაზარზე კონკურენტებისგან იცავს – ლტოლვილებისგან, დაუსაქმებლებისგან, მიგრანტებისგან და ქალებისგან, რომლებიც უფრო დაბალ ანაზღაურებაზე არიან თანახმანი. ამომრჩევლები ბრალს სდებენ ქალებს, მიგრანტებს, ეთნიკურ უმცირესობებს იმის მაგივრად, რომ მაღალი ხელფასის და პენსიის მოსათხოვნად გაერთიანდნენ. მაგრამ, ამგვარი მოთხოვნების დასაყენებლად საჭიროა ძლიერი სოციალ-დემოკრატია, რომელიც არ არსებობს.

შესაძლებელია თუ არა, ძლიერი მემარცხენე სოციალ-დემოკრატიის კვლავ შექმნა?

რთულად. თუკი ახალი მემარცხენე ძალა იარსებებს, მან უნდა შეძლოს არამარტო ძველი, ინდუსტრიული მუშათა კლასის, არამედ ადამიანთა უფრო ფართო მასების, სრული პროლეტარიატ-პრეკარიატის მობილიზება. თუ არადა, ეს ხალხი იქცევა ძველი რომის პროლეტარიატად. ისინი შეკავებულნი იქნებიან საჩუქრებით, სახელმწიფო დონაციებისა და სანახაობრივი სპორტის მეშვეობით. შესაძლოა, ისინი გადაიქცნენ რეაქციულ ძალად, რომელიც ტირანიის ინტერესებს მოემსახურება. ეს იყო პროლეტარიატის როლი გვიანი რომის რესპუბლიკასა და ადრეული რომის იმპერიაში.

ჩვენ ახლა ვსხედვართ მზიან პრაღაში, სიწყნარეა, სასიამოვნოა და ჯერ კიდევ სიმშვიდეა. მაგრამ, ასევე იყო 1914 წელსაც. მაშინაც მსგავსი მშვიდობა სუფევდა. თუკი შეჯახება არ მოხდება დღეს, შეიძლება მოხდეს ათი წლის შემდეგ, რადგან სისტემა ზედმეტად არასტაბილურია.

ვინ არიან ევროპის მტრები დღეს?

ევროპის ყველა მთავრობა, გამონაკლისის გარეშე. აპოკალიფსის მხედრები. მათ არ იციან, თუ რას სჩადიან. კონსერვატორ ლიდერებს წარსულში, რაც არ უნდა ცუდნი ყოფილიყვნენ ისინი, გააჩნდათ გრძნობა იმისა, თუ ‘რას არ უნდა ეთამაშო’. არ უნდა ეთამაშო საკუთარ ქვეყანას. შეხედეთ დევიდ კამერონს, ფრანსუა ოლანდს, მილოშ ზემანს. მათ არ აქვთ იდეა, ისინი მხოლოდ უთავბოლოდ უშვებენ შეცდომებს. ეს მართლა სერიოზულია. შეხედეთ დეკადანსს ჩვენს გარშემო – უმეტეს ინსტიტუტთა ინტელექტუალური დონის ვარდნა, ზოგადი კულტურული კრიზისი, უწიგნურობა საშუალო ფენაში, ე.წ. პროფესიონალებსა და ინტელექტუალებს შორისაც.

ჩვენ გვჭირდება დღეს არსებული კაპიტალიზმის საპირწონე ძალა უბრალოდ იმისთვის, რომ კაცობრიობა გადარჩეს. თავის ნებაზე მიშვებული კაპიტალიზმი ამას არ და ვერც მოახერხებს. ეს არ არის ძველი და ცუდი ბურჟუაზიული სისტემა. ეს უარესია.

ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პოლიტიკური სტრუქტურები, თუკი ჯერ კიდევ არის ამისთვის დრო დარჩენილი. მე ამაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ არის.

 


ინტერვიუს ორიგინალი: Political Critique.

– ინგლისურიდან თარგმნა შოთა თხელიძემ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ