ნუკრი შოშიაშვილი: ისტორიის ფილოსოფიის პრობლემები

ნაწილი I

პირველ კურსზე როდესაც ვსწავლობდი, პირველი ლექცია ჩაგვიტარა ქალბატონმა მარიკა ლორთქიფანიძემ ზოგადად ისტორიის შესახებ და მან ლექციის დასაწყისშივე თქვა, რომ ისტორია არის ზუსტი მეცნიერება. შემდეგ კურსებში განსაკუთრებით კულტუროლოგიაში და ახალ ევროპა-ამერიკის ისტორიაში მეტ-ნაკლებად გავეცანით ისტორიის ფილოსოფიას და საკმაოდ დამაინტერესა ამ საკითხმა. უნივერსიტეტში ისტორიკოსთა უმრავლესობას საკმაოდ არაფრისმომცემ დისციპლინად მიაჩნდათ ისტორიის ფილოსოფია. ზოგი ლექტორი გვეუბნებოდა, რომ ისტორიის ფილოსოფია გამოუსედეგარი იყო ისტორიისთვის და ისტორიკოსის საქმიანობას (მათ მიაჩნდათ/მიაჩნიათ რომ ისტორია არის მოვლენების, ქრონოლოგიის კარგად ცოდნა) არაფერში წაადგებოდა. ამ წლების განმავლობაში საკმაო რაოდენობის ნაშრომს გავეცანი ისტორიის ფილოსოფიაზე და გამიჩნდა კითხვა, ხომ არ ჩავარდა ისტორიის ფილოსოფია როგორც პროექტი? ამ შეკითხვას სანამ გავცემ პასუხს, ჯერ მოკლედ ვიტყვი თუ როდის გაჩნდა ისტორიის ფილოსოფია და რატომ გაჩნდა ის?

არსებობს მოსაზრება, რომ ისტორიის ფილოსოფია გაჩნდა ანტიკურ პერიოდში (ჰერაკლიტესთან), ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ისტორიის ფილოსოფია გაჩნდა შუა საუკუნეებში კონკრეტულად ნეტარ ავგუსტინესთან. მართალია, შუა საუკუნეებში ისტორიას ჰქონდა თავისი მიზნები, საზრისი, ესქატოლოგია, ისტორიის დასასრული და ა.შ. მაგრამ, ჩემი აზრით, აქ ჩვენ არა ფილოსოფიასთან, არამედ რელგიასთან გვაქვს საქმე და ვერ მივიჩნევთ ამ პერიოდის ისტორიოგრაფიას, ისტორიის ფილოსოფიად.

ისტორიის ფილოსოფია შეიქმნა ახალ ეპოქაში, თავად ტერმინი პირველად გამოიყენა ვოლტერმა და მიზანი რატომაც შექმნა ეს დისციპლინა იყოს ის, რომ მას უნდა გარდაექმნა ისტორიული ცოდნა მეცნიერებად, ისეთივე მეცნიერებად როგორიც იყო ფიზიკა.

უნდა ითქვას, რომ ისტორიული ცოდნა შეიქმნა გაცილებით ადრე ვიდრე ისტორიის ფილოსოფია, მაგრამ ეს ცოდნა გარკვეულ პერიოდამდე შემოიფარგლებოდა ძირითადად ფაქტების შეგროვებით და გამეორებით, ხშირ შემთხვევაში იმ ფაქტების მიმართ, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ერწყმოდა ლეგენდებსა თუ მითებს, არ გააჩნდათ კრიტიკული დამოკიდებულება. ხოლო, ახალ ეპოქაში, განსაკუთრებით კი 18-ე საუკუნეში, იქმნება თანამედროვე მეცნიერება (ნიუტონისა და გალილეოს წყალობით) და აქედან წამოვიდა ადამიანის გონების უსაზღვრო რწმენა, რწმენა იმისა რომ გონებას შეუძლია მსოფლიოში ყველა დაფარული საიდუმლო და კანონი ამოხსნას ან აღმოაჩინოს. სწორედ ახალ ეპოქაში ჩნდება მოთხოვნა, რომ მკაცრად და ზუსტად ახსნილიყო ისტორიული ცოდნა, როგორც მკაცრი მეცნიერული თეორია. ისტორია უნდა გარდაქმნილიყო ისეთივე მეცნიერებად, როგორიც იყო ფიზიკა. აი ამ იდეით შეიქმნა ისტორიის ფილოსოფიაც.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ისტორიული ცოდნა აქამდე არსებობდა, ისტორიკოსებმა იცოდნენ ემპირულად სხვადასხვა ისტორიული მოვლენა, დინასტიათა ცვლილებები, ომები და ა.შ. მაგრამ, ამ ემპრიულ ცოდნის ბაზაზე შეუძლებელი იყო მკაცრი სამეცნიერო მიმდინარეობის ჩამოყალიბება. ამიტომ, ისტორიული მეცნიერება შეიძლება შექმნილიყო მხოლოდ ბუნების ცოდნაზე დაყრდნობით, მაგრამ რომელი ბუნების ბაზაზე? არა ფიზიკური, არამედ ადამიანური ბუნების ბაზაზე. ესეიგი, ისტორიის ფილოსოფიის შექმნა შესაძლებელი იყო მხოლოდ ადამიანის ბუნების ცოდნაზე დაყრდნობით.

ისტორიის ფილოსოფოსს მიაჩნდა რომ მას გააჩნდა ადამიანის ბუნებაზე ცოდნა და რადგან მან იცოდა კანონი, რომლითაც ცხოვრობს ადამიანი და იცოდა რისგან შედგებოდა ადამიანის ბუნება, ამ ბაზაზე მას შეეძლო შეექმნა მკაცრი რაციონალური მეცნიერება. მაგრამ, აქ გაჩნდა მთავარი შეკითხვა, როგორ შეიძლება ვინმემ დაინახოს ადამიანის ბუნება? ამ პასუხის გასაცემად განმანათლებლობამ დაიწყო გონებრივი ექსპერიმენტის ჩატარება და ამ გონებრივ ექსპერიმენტის დროს ადამიანი ჩააყენეს ისეთ მდგოამრეობაში, სადაც ჯერ არ არსებობდა ცივილიზაცია, არ არსებობდა სახელმწიფო, შრომის განაწილება და ა.შ. იყო მხოლოდ ადამიანი და ბუნება და ამ მდგომარეობას უწოდეს ბუნებრივი მდგომარეობა (ამ გონებრივ ექსპერიმენტს ჰობსიდან დაწყებული რუსოთი დამთავრებული თითქმის ყველა განმანათლებელი ატარებდა) ესეთ ბუნებრივ მდგოამრეობაში ადამიანი მოიქცეოდა მისი ბუნებიდან გამომდინარე და ადამიანისა და ბუნების მარტო დარჩენის დროს, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მკაცრი ისტორიული დისციპლინა.

როგორია კანონები, რომლითაც ბუნებრივი ადამიანი მოქმედებს? განმანათლებლებმა ამ შეკითხვაზე უპასუხეს იმით, რომ ადამიანი პირველ რიგში საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნებდა, შემდეგ იზრუნებდა კეთილდღეობაზე, ასევე იყვნენ ისეთი თეორეტიკოსები, რომლებმაც წარმოსახეს ბუნებრივი ადამიანის მდგომარეობა როგორც ყველას ბრძოლა, ყველას წინააღმდეგ (ჰობსი) და ამ გონების ექსპერიმენტის შედეგად გამოიყვანეს ადამიანის ბუნება, რომელზეც უნდა შექმნილიყო ისეთი სახელმწიფო, რომელიც ადამიანის ბუნებას შეესაბამებოდა. ხოლო, კითხვაზე თუ რატომ არ შეიქმნა აქამდე ესეთი სახელმწიფო? პასუხი იყო ის რომ ადამიანს არ გააჩნდა აქამდე ადამიანის ბუნებაზე ცოდნა. ესეიგი, ისტორია არის ადამიანის ბუნების არ ცოდნიდან, ადამიანის ბუნების ცოდნაზე მიმავალი პროცესი. აქედან გაჩნდა პროგრესის იდეა, ანუ ადამიანი სულ უფრო მეტად მიდის რაციონალურ საზოგადოებისკენ, ანუ საზოგადოებისკენ, რომელმაც იცის თუ რა არის ადამიანის ბუნება. პროგრესი არ არის მარტო განვითარების ცვლაა, არამედ ესაა განვითარება ცოდნის საფუძველზე.

ადამიანის ბუნების საფუძველზე ისტორიის ფილოსოფოსებს უნდოდათ არა მარტო სამეცნიერო ისტორიის დაწერა, არამედ დაეწერათ ისტორია საერთო სისტემურ სამყაროში, ანუ რადგან ბუნება ვითარდება რაღაც კანონებით, ასევე ადამიანიც რაღაც კანონებით ვითარდება და მიზნად იყო დასახული შექმნილიყო ერთიანი სისტემა, ანუ პირდაპირ ბუნებიდან გადმოღებული ყოფილიყო ისტორიის კანონიც. თავდაპირველად, კანტს სურდა შეექმნა მსგავსი ისტორია და გაეერთიანებინა ადამიანისა და ბუნების ისტორია, მაგრამ ესეთი ისტორიის დასწერა შეუძლებელი აღმოჩნდა. მექანიზმიდან ვერ გამოდიოდა ორგანიზმის ისტორია, აქედან იწყება კანტის მსჯელობაც, რომელმაც შეამჩნია რომ ორგანიზმს გააჩნია მიზანი, ხოლო მექანიზმში მიზანი არ გვხდება. ზოგადად, როგორ გაჩნდა თანამედროვე მეცნიერება? ადრე, მაგალითად არისტოტელეს მიაჩნდა რომ ბუნებას გააჩნია მიზანი, რომ შექმნილიყო მექანიკა. მაგრამ, როცა მოხდა მეცნიერული რევოლუცია, კლასიკური ფიზიკიდან და მეცნიერებიდან ამოღებული იყო მიზანი. მაგრამ, მიზანი ხომ არსებობს? ჩვენ ხომ მიზნით ვხელმძღვანელობთ?

რას ნიშნავს მოქმედება მიზნით და არა მოქმედება მიზეზით. ანუ მოქმედება არა მიზეზით, რომელიც ჩვენს უკანაა (წარსულში), არამედ მიზნით, რომელიც ჩვენ წინაა (მომავალში). რას ნიშნავს როდესაც მე ვმოქმედებ არა მიზეზით, რომელიც ჩემს უკანაა (თუ კი მე ხელი მკრეს და გადავარდი, ეს წმინდად მექანიკური მოქმედებაა), არამედ მიზნით? ეს ნიშნავს იმას, რომ ისტორიაში გვხვდება თავისუფლების ფაქტორი და ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი არაა. იმოქმედო მიზნით არის თავისუფალი აქტი, განსხვავებით მიზეზისგან მოქმედების და ამის შემდეგ შეეცადეთ გამოიყვანოთ ამ ბუნებიდან – თავისუფლება.

და მთავარი შეკითხვა, შესაძლებელია თუ არა შეიქმნას მეცნიერება თავისუფლებაზე?

 


ფოტო გარეკანზე: © ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ