დღეს მომიხდა ძალიან ბევრ ზღაპრულ შეხედულებას გავცნობოდი მათეს და ზურას სტატიაზე კომენტირებისას.
ორ მთავარ საკითხს გავცემ პასუხს : 1) გადასახადების გაზრდიდან სახელმწიფო მოხელეები იღებენ სარგებელს, ანუ იზრდება სახელმიფოს ადმინისტრაციული ხარჯები, რაც ისედაც დიდია საქართველოში და 2) გადასახადების აწევა იწვევს დასაქმების შემცირებას და “ჩვენი” ხარჯების ზრდას.
ა) გადასახადებიდან შემოსავლის მხოლოდ ნაწილი ხმარდება ჩინოვნიკების ხელფასებს და არანაირი ცალსახა კავშირი გადასახადების სიდიდეს, ბიუჯეტის შემოსავლებსა და ჩინოვნიკების ხელფასებს შორის არ არსებობს. ანუ, მაღალი გადასახადებიდან შემოსავალი შეიძლება წავიდეს ბიუჯეტის პროგრამული ნაწილის და არა ხელფასების გაზრდაზე მაშინ, როცა მაღალმა გადასახადებმა შეიძლება საერთოდ არ შეცვალოს ბიუჯეტის შემოსავლები – გააჩნია რა გადასახადებს უმატებ.
ბ) საქართელოში ჩინოვნიკების ხელფასები ისევე, როგორც მათი ზრდის ტემპი სისტემატურად ჩამორჩებოდა სხვა ხელფასებს
გ) საქართველო ასევე არ გამოირჩევა სახელმწიფოს მიერ გაღებული მთლიანი ხარჯებით (General government final consumption), რომლის დონე (მშპ–ს პროცენტებში) ევროპული მაჩვენებლის 75%-იც კი არ არის და უფრო დაბალია ვიდრე მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი.
დ) თუ როდისმე სახელმწიფო ხარჯავდა ბევრს, ეს იყო ნაციონალების მემარჯვენე მთავრობის ხელში, რომელმაც „შეამცირა“ გადასახადები, და რომლის მმართველობის ბოლო 6 წელიწადში სახელმწიფოს მთლიანი ხარჯები მშპ 18 %-ს არ ჩამოსცილებია ხოლო რეკორდმა 25%-ს მიაღწია. 2012 წლის მერე მთავრობის ხარჯების წილი მშპ–ში მხოლოდ მცირდება.
ე) 2009 დან –2011 მდე გადსახადებიდან შემოსავალი იზრდებოდა (4,161,738.6; 4,552,000.0; 5,300,000.0) მთავრობის მთლიანი ხარჯების წილი მშ პ–ში კი მცირდებოდა.
ვ) მსოფლიო ბანკის მონაცმებით დაბალი და საშუალო შემოსავლების (საქართვლოც აქაა) ქვეყნბი ხარჯავენ ჩინოვნიკების ხელფასებზე გაცილებით ნაკლებს (მშპ–ს პროცენტებში) ვიდრე განვითარებული (მაღალი შემოსავლების ქვეყნები)
ზ) ცალკე აღებულად, გადასახადების არც აწევა და არც დაწევა არ იწვევს არნაირ ეფექტს დასაქმებაზე. ფისკალური მხრიდან დასაქმებაზე გავლენა აქვს ბიუჯეტის დეფიციტის სიდიდეს და მის სტრუქტურას (მოხმარებაზე მიდის თუ ინვესტიციაზე) ხოლო მონეტარული მხრიდან ძირითადი გავლენა აქვს კომერციული ბანკების რეფინანსირების განაკვეთს ( ცნობილია, როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი).
თ) რაც შეეხება “ჩვენი” ხარჯების ზრდას გადასახადების ზრდიდან. გააჩნია ვინ ვართ „ჩვენ“. თუ ვლაპარაკობთ დაქირავებულ მოსამსახურეზე, მისი რეალური გადასახადები იზრდება და შემოსავლები მცირდება სწორედ გადასახადების „შემცირებისას“. ჩვეულებრივ გადასახადი უმცირდებათ ბიზნესებს (რომელიც ისედაც გაცილებით ნაკლებს იხდის ვიდრე ღარიბი დაქირავებული). შედეგად, საგადახადო შემოსავლებში ღარიბების მიერ „გადახდილი“ ფულის წილი იზრდება.
ამის საილუსტრაციოდ ვიტყვი, რომ საგადასახადო შემოსავლების ძირითადი წყარო არის დღგ, რომელსაც იხდის ფინალური მომხმარებელი, ანუ ძირითადად ღარიბი ხალხი, რომელიც მთელ თავის შემოსავალს მოხმარებაზე ხარჯავს და ამას ახმარს კრედიტსაც კი. როცა ჩვენი მთავრობა მიიღებს “ესტონურ მოდელს” და ბიზნესს გაათავისუფლებს მოგების გადასახადიდან (სხვა გადასახადები ბიზნესს უკვე თითქმის აღარც აქვს), დღგ–ს წილი შემოსავლებში კიდევ უფრო გაიზრდება – ანუ გაიზრდება ღარიბების წილი ბიუჯეტის დაფინანსებაში.