წერილის ავტორები:
ზურა კუკულაძე – ანალიტიკოსი, გაზეთ “ბანკები და ფინანსების” რედაქტორი.
მათე გაბიცინაშვილი – ანალიტიკოსი, ანალიტიკური გამოცემა European.ge-ს რედაქტორი.
© European.ge
„ამაზრზენია იდეა ისეთი საზოგადოებისა, რომლის შემაკავშირებელია მხოლოდ ფულად ინტერესებზე დამყარებული ურთიერთობები და გრძნობები“
ჯონ სტიუარტ მილი
გზამკვლევი დაბნეულთათვის
1991 წლის 30 აპრილს, ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერდა: „დიდი ინდუსტრიული ეკონომიკების წარმმართველმა ჯგუფებმა გუშინ მოუწოდეს აღმოსავლეთ ევროპის ახალ დემოკრატრიებს უარყონ გრადუალიზმი და მიიღონ პოლონეთის მოდელი სწრაფი ეკონომიკური რეფორმებისა“. ითვლებოდა, რომ თუმცა გრადუალისტურმა მიდგომამ შესაძლოა შეამციროს სოციალური დაძაბულობები, ზომიერი მიდგომის ხანგრძლივი რეფორმები შეიცავს საფრთხეს, რომ რეფორმატორებიცა და მოსახლეობაც შეიძლება „დაიღალნონ რეფორმებისგან“.[1]
სწორედ განვითარებასთან დაკავშირებული ალტერნატივების არარსებობაა პოსტსაბჭოთა საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების მთავარი პრობლემა. ჩვენს დროში, ალტერნატივების ძიება არასდროს ყოფილა აკადემიური და ექსპერტული სივრცის მთავარი მიზანი. პოლიტიკური მიზნებისა და იდეალებისგან სრულად დაცლილი ახალი თაობა გახლავთ შედეგი შინაარსისგან დაცლილი პოლიტიკური ცხოვრებისა. შემთხვევითი არაა, რომ მოქალაქეები საუბრობენ „დაკარგული თაობის“ შესახებ. თუ დღევანდელი ახალგაზრდობაც დაკარგული თაობაა, ეს იმიტომ არ ხდება, რომ მას მიზანი არა აქვს. მათ უამრავი საზრუნავი აქვთ. უფრო მეტიც, მათი წუხილის საგანია ის საზოგადოება, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს და ამ წუხილს ახლავს მუდმივი იმედგაცრუების საყოველთაო გრძნობაც.
ბრიტანელ ისტორიკოს ტონი ჯატს რომ დავესესხოთ, „ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რამ ცუდია და არ მოგვწონს. მაგრამ, რა უნდა გვწამდეს? რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ?“[2]
“ჩვენ ვუხდით მთავრობას იმისთვის, რომ არაფერი აკეთოს” – ეს ფრაზა რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე დისკუსიისას ვახსენეთ.
ჯატი გვიხსნიდა, რომ როდესაც ხალხსა და სახელმწიფოს შორის ურეთიერთობათა მრავალფეროვანი ქსელი მხოლოდ ძალასა და მორჩილებაზე დაიყვანება, ერთადერთი ენერგია, რომელიც საზოგადოებას კრავს, სახელმწიფოს ძალაა. ტოტალიტარიზმი, რომლისაც ჰაიეკს ეშინოდა, უფრო დიდი ალბათობით სწორედ მაშინ დაიბადება, როდესაც სახელმწიფოები დაკარგავენ საჯარო სერვისების აღსრულებით მინიჭებულ მორალურ ავტორიტეტს, რა დროსაც მათგან მხოლოდ “მლიქვნელი, შემაშინებელი და საკუთარი ხალხის იძულებით დამმორჩილებელი” ძალაღა დარჩება. [3]
სწორედ ასეა დღეს. სახელმწიფოს დიდი ხანია დაკარგული აქვს ფუნქცია, გახდეს მორალური ავტორიტეტი საზოგადოებაში.
საქართველოში უცნაური სიტუაცია შეიქმნა, 25 წელია გამოხატული მემარჯვენე ორიენტაციის მთავრობები, საზოგადოების მთავარი დისკურსის განმსაზღვრელი ე.წ. ელიტისთვის მისაღებია. ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა არის განვითარების მთავარი მაჩვენებელი, სახელმწიფო ეკონომიკის განვითარებაში არ უნდა ჩაერიოს, – მსგავსი შინაარსის დებულებები მემარჯვენე ორიენტაციის მატარებელი ტრენდმეიქერებისთვის გადაულახავ ჭეშმარიტებად ითვლება.
ამ ფონზე, მთავრობა სულ უფრო და უფრო იმცირებს საკუთარ ფუნქციებს, იჭერს ქამრებს, ბიუჯეტის დეფიციტს საყოველთაო ბოროტებად მიიჩნევს და ეკონომიკის განვითარებაზე მთელ პასუხისმგებლობას ბიზნესს აბარებს. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მემარჯვენე ელიტა კმაყოფილი უნდა იყოს, მაგრამ არა.. ისინი ისევ უკმაყოფილოები არიან, – მთავრობა რაღაცას ისე ვერ აკეთებს. „თუ აკეთებს, ხალხი რატომ არ ცხოვრობს კარგად?“ – უკვირთ საშუალო რანგის და განათლების მემარჯვენეებს და ამატებენ, – „ალბათ უფრო მეტი თავისუფლებაა საჭირო, ალბათ უფრო დაბალი გადასახადები, ალბათ უფრო მოწინავე ადგილი ბიზნესის თავისუფლების რეიტინგებში, ალბათ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა..“
ამ ფონზე, ალბათ, ლეგიტიმურია კითხვა, სადამდე? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, იმიტომ, რომ მემარჯვენე ელიტას ყოველთვის დასჭირდება განტევების ვაცი მთავრობის სახით, როდესაც დავსვამთ კითხვას, – ხომ არის თავისუფალი ბიზნესი, რატომ არ არის საერთო კეთილდღეობა, რატომ არ აქვს ტყიბულელ ბავშვს სხვა მომავალი გარდა შახტაში მუშაობისა?
ასეთი კითხვების შემთხვევაში, ყოველთვის იქნება საჭირო ვიღაცაზე გადაბრალება და ეს ვიღაც ყოველთვის იქნება მთავრობა. თუ, რა თქმა უნდა, ზოგადად, საერთო კეთილდღეობის იდეის ლეგიტიმაციის წინააღმდეგ არ გაძლიერდება, თამამად შეიძლება ითქვას, ფაშისტური რიტორიკა. ასეთი რიტორიკა, შედარებით გამოცდილ და მიზანზე ორიენტირებულ მემარჯვენე ფრთას უკვე აქვს, როდესაც ირონიულად აკრიტიკებენ ალტერნატიულ პოზიციებს და აცხადებენ,– „კომუნიზმში ნაცხოვრები საზოგადოების წევრნი ისევ სოციალური სამართლიანობის იდეისთვის იბრძვიან“.. საპასუხოდ ვსვამთ შეკითხვას – „რად გვინდა ისეთი ეკონომიკური ზრდა, რომელიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სოციალური მდგომარეობის გამოსწორებაზე არ აისახება?!“
. . .
მემარჯვენე პოზიციებს თუ დავუჯერებთ, სახელმწიფოს მონაწილეობა რაიმე ინიციატივების განხორციელებაში იმიტომ არ არის გამართლებული, რომ სადაც არ არის კერძო ინტერესი, არ იქნება ეფექტური მართვა, გამომდინარე იქიდან, რომ სადაც არ არის მოგება, იქ ადამიანებს არ აქვთ ეფექტურად მუშაობის მოტივაცია.
ბუნებრივია, კერძო ინვესტორი ფულს დებს საქმეში, რომელიც ფულს „წერს“. მაგრამ, ჩვენს რეალობაში საყოველთაო განვითარებაზე ორიენტირებული სფეროები არ არის მომგებიანი, რადგან არ არსებობს ცოდნის ინფრასტუქტურა ამა თუ იმ მიმართულებით. მაგალითად ავიღოთ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფუძნება, რომელიც შეიძლება ითქვას უკანასკნელ წლებში ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს საზოგადოებრივი განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, რომელმაც მრავალი სხვადასხვა დარგის განვითარება უნდა მოიბას. მაგრამ, ეს ინვესტიცია კერძო მოგებას არასდროს არ „დაწერს“, შესაბამისად, მემარჯვენე ეკონომისტების ლოგიკით, თუ განვითარება ეფუძნება კომერციულ ლოგიკას, მსგავსი ინვესტიციები უაზროა. დავუშვათ, მართლაც არ არსებობს ბიძინა ივანიშვილი, – ვინ უნდა დააფინანსოს ქვეყანაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განვითარება, რომელიც ნახევარი მილიარდი ჯდება და რომელიც არასოდეს იქნება ინვესტორისთვის კომერციულად მომგებიანი?!
თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სწორედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტია და იმაზეც ვთანხმდებით, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო დააჩქარებს, გამოდის, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის გარდა, ვიღაცამ იკისროს პასუხისმგებლობა ეკონომიკის განვითარებაზე. ფაქტია, რომ ეს ვიღაცა ვერ იქნება კერძო ბიზნესი, რომელიც ყოველთვის იქ წავა, სადაც ფული დღეს „იწერება“, და რომელიც დღესაც იმაზე დაობს, რამდენად მსხვილი შრიფტით დააწეროს რძეზე პროდუქტის ვარგისიანობის ვადა.
მცირე მაგალითისთვის
გურია–სამეგრელოს მიჯნაზე, კოლხეთის დაბლობზე, დაახლოებით, 1000 ჰექტარი მიწა დაფარულია სარეველა მცენარით. ერთი ჰექტარი ასეთი ნაკვეთის დამუშავებას, დაახლოებით 3000 ლარი სჭირდება, ანუ ჯამში, დაახლოებით, სამი მილიონი ლარია საჭირო იმისთვის, რომ ეს ნაკვეთები ვარგისიანი გახდეს და იქ თხილი დაირგოს. მარტივი გათვლებით, ერთ ჰექტარზე დაახლოებით 10 000 ლარის თხილის მოყვანა შეიძლება. ანუ, ძალიან მარტივი გათვლებით დღეს 3 მილიონიანი ინვესტიციით 5 წლის შემდეგ შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკაში შეიქმნას წელიწადში 10 მილიონი ლარის ღირებულება.
ვინ უნდა გაიღოს ეს 3 მილიონი?! ბაზარი დაარეგულირებს?! ბაზარმა დაარეგულირა ისე, რომ კოლხეთის დაბლობზე 5 წლის შემდეგ მოგების მიღების ნაცვლად, კერძო ბიზნესმენმა ამ 3 მილიონი ლარით მიკროსაფინანსო გახსნა, რეალურად ბინებს „ილომბარდებს“ და ამ ბიზნესმა 3 მილიონი 1 წელიწადში „დაწერა“. ეკონომიკა ყოველწლიურად 10 მილიონის პოტენციურ ღირებულებას კარგავს.
…
ჩვენთან დისკუსიაში, ყველაზე ხშირად იყენებენ არგუმენტს, – „გადანაწილების სამართლიანობაზე საუბარი არ შეიძლება, სანამ დოვლათი არ შეიქმნება, დოვლათი კი უნდა შექმნას ბიზნესმა.“ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოციალ–დემოკრატია, ანუ სამართლიანი გადანაწილების პრინციპებზე გადასვლა, თავისთავად გულისხმობს სისტემას, რომელშიც დოვლათი უფრო ეფექტურად შეიძლება შეიქმნას.
ფინანსურ კაპიტალზე უფრო მეტი გადასახადები, ნიშნავს უფრო მეტ ბიუჯეტს, ეს ნიშნავს სახელმწიფოს უფრო მეტ პასუხისმგებლობას განვითარებაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ არსებობს, თავად ააშენებ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, და თუ რას ნიშნავს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ამაზე ყველა თანხმდება.
სახელმწიფოს მაქსიმალური მონაწილეობა ეკონომიკის დაგეგმვა–განვითარებაში, სასიცოცხლოდ აუცილებელია ბიზნესისთვისაც, მათ მიერ გადახდილი მეტი გადასახადები, ნიშნავს საყოველთაო განვითარებაზე ორიენტირებულ მეტ საჯარო ინვესტიციას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შექმნის ძალიან მყარ საფუძველს, რომ ეკონომიკაში გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები. და თუ დღეს ლომბარდის გახსნის და კორპუსის ჩადგმის გარდა სხვა ალტერნატივას ვერავინ ხედავს, სწორედ სახელმწიფო ინიციატივით არის შესაძლებელი, რომ ტყიბულელი ბავშვისთვისაც გაჩნდეს შანსი, რომ მაღაროს გარდა სხვაგანაც იმუშაოს.
სხვათა შორის, არც ქვანახშირის ბიზნესი გამოუგონია, თავის დროზე, კერძო ინიციატივას, რაღაც მოცემულობები იქაც არსებობდა,..
ერთი სიტყვით, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა მთავრობისგან, რატომ ვუხდით ფულს, – თუ გვინდა რომ არაფერი აკეთოს მაშინ ეს არის ჩვეულებრივი ქრთამი, რომელსაც ძლიერები სუსტების წინააღმდეგ სტატუსკვოს შესანარჩუნებლად იხდიან.
ბაზრის დარეგულირების იმედად, იკარგება ძალიან ბევრი შანსი, როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოსახლეობისთვის. რეალურად, მთავრობამ მოსახლეობა ბიზნესთან ურთიერთობაში დატოვა მარტო, როდესაც ეკონომიკის განვითარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად გადააბარა ბიზნესს. არა და, რეალურად ყველას დაავიწყდა, რომ ფულს რომელსაც ბიზნესი მთავრობას უხდის, მოსახლეობასთან ურთიერთობაში შოულობს.
თვით შეერთებულ შტატებშიც, სადაც 50-იანი წლების განმავლობაში ხელისუფლებაში რესპუბლიკელები იყვნენ, გადასახადები სადავო საკითხს არ წარმოადგენდა და სწორედ რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა დაამტკიცა შტატთაშორისი გზების სისტემის მშენებლობის მასობრივი პროექტი, რომლის განხორციელებაც ფედერალური ხელისუფლების ზედამხედველობით მიმდინარეობდა. კონკურენციისა და თავისუფალი ბაზრების შესახებ ბევრი ლაპარაკის მიუხედავად ამერიკული ეკონომიკა იმ წლებში დიდად იყო დამოკიდებული უცხოური კონკურენციისგან დაცვაზე, ისევე როგორც სტანდარტიზაციის, რეგულაციის, სუბსიდიების, გარანტირებული ფასებისა და სამთავრობო გარანტიებზე. ეს პერიოდი, ამერიკის ისტორიაში გამოირჩევა უმდიდრეს კლასზე ყველაზე მკაცრი რეგულაციებით. მიუხედავად ამისა, ამერიკის ეკონომიკა იზრდებოდა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე 70-იანი წლების შემდგომი ტოტალური დერეგულაციის პერიოდში.
ჯერ კიდევ 1940 წელს, ივენ დურბინი (ბრიტანელი ლეიბორისტი პამფლეტისტი) წერდა, რომ ვერ წარმოედგინა თუნდაც მინიმალური საზოგადოებრივი ტრანსფორმაცია კოლექტიური შრომითი მოლაპარაკებების, ცენტრალური ეკონომიკური დაგეგმარების, პროგრესული დაბეგვრისა და სახელმწიფო დაფინანსებით სოციალური მომსახურების უზრუნველყოფის გარეშე. ყოველივე ეს ემსახურება მოთხოვნის ეკონომიკის სტიმულირებას, რათა მოსახლეობაში არსებული ეკონომიკური მოხმარება იყოს წახალისებული, საჯარო კეთილდღეობის სერვისები იყოს უნივერსალურად ხელმისაწვდომი ყველასთვის, რაც ცხადია ნაციონალური ეკონომიკის წარმოების გაზრდაზე პირდაპირ აისახება. 16 წლის შემდეგ ინგლისელი პოლიტიკოსი ენტონი კროსლანდი კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობით ამტკიცებდა, რომ „უჩინარი ხელის დოგმატი და რწმენა, რომ პირადი მოგება ყოველთვის განაპირობებს საზოგადოებრივ კეთილდღეობას, მთლიანად მცდარია დიდი ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში. თვით კონსერვატორები და ბიზნესმენებიც ამჟამად იზიარებენ თვალსაზრისს მთავრობის კოლექტიური პასუხისმგებლობის შესახებ ეკონომიკის მდგომარეობასთან დაკავშირებით“.[4]
ჩვენს საუკუნეში, ინტელექტუალურ სივრცეში თუ რამე დარჩა ჩაურევლობის პოლიტიკიდან, სრულად გაანადგურა 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამოცდილებამ. მიუხედავად ამისა, ჩვენი პოლიტიკური და ექსპერტული სივრცის წარმომადგენლები დაშორებულნი არიან მსგავსი საკითხების თეორიულ ანალიზს და ყალბი წარმოდგენები საზოგადოებაზე კვლავ ჭარბად კონცეტრირებულია მათ ტვინებში.
მილტონ ფრიდმანმა განმარტა თავის დროზე, „როდესაც მოვიდა დრო ცვლილებისა… მზად იყო ალტერნატივა.“
დიდი ხანია ეს დრო თავიდან დადგა. თუმცა, ალტერნატიული განვითარების მწყობრი პოლიტიკური პროექტისგან ჯერ კიდევ დიდი გზა გვაშორებს.
სწორად შენიშნეს თავის დროზე – სახელმწიფო, რომელიც სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოგებით არსებობს, უფრო დაუცველი იქნება დროისა და შემთხვევის გაუთვალისწინებელი ბრუნვისგან, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებიც პროდუქციას თვითონ აწარმოებენ.
ეკონომიკებსაც აქვთ თავიანთი ისტორია, ჩვენ კი მის წინააღმდეგ ვმოქმედებთ.
გაგრძელება იქნება..
შენიშვნები:
[1] „დემოკრატიზაცია: საზოგადოებები გარდამავალ პერიოდებში: დემოკრატიზაცია თანამედროვე სამყაროში. სალექციო კურსი, ფონდი “ღია საზოგადოება- საქართველო”, გ.ჟორჟოლიანი, თ.ბერეკაშვილი, მ. მუსხელიშვილი. 2001.
[2] ტონი ჯატი, «უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“, გვ.17; ქართული გამოცემა, 2012 წ.
[3] ჯორჯ მონბიო, „ნეოლიბერალიზმი – იდეოლოგია, ყველა ჩვენი პრობლემის სათავეში“. გამოცემა „გარდიანი“, 2016.
[4] ჯატი (2012), გვ.50;