ავტორი: ვანო აბრამაშვილი
2015
© European.ge
აბსტრაქტი
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია სამიზნე აუდიტორიისთვის საქართველოს ბუნებრივი გარემოს პრობლემების შესწავლა და მის გარშემო ნათელი და სარწმუნო არგუმენტების გამოყენებით რეკომენდაციების შემუშავება, რათა მოხდეს საკვლევი პრობლემის გაანალიზება და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები.
დოკუმენტი დაფუძნებულია თვისებრივ კვლევაზე და წარმოადგენს პოლიტიკის ანალიზს. მისი ძირითადი სამიზნე აუდიტორიაა გადაწყვეტილებების მიმღებნი და დაინტერესებული მხარეები, ვინაიდან სწორედ ისინი ფლობენ იმ ბერკეტებს, რომელთა გამოყენებით არსებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის შეცვლაა შესაძლებელი. ამასთანავე, საჯარო სივრცეში საკვლევი პრობლემის გარშემო დისკუსიის სტიმულირებისთვის ფოკუსი გაკეთებულია ფართო საზოგადოებაზეც.
შესავალი
საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბუნებრივ გარემოზე. დღეს, საქართველოს ხელისუფლება მისდევს იმ მოძველებულ, დრომოჭმულ პოლიტიკას, რომლის მიხედვით ჯერ უნდა მოხდეს ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისა და სივრცეების მასობრივი ათვისება, დაგროვდეს საკმარისი დოვლათი განვითარებისთვის, ხოლო შემდგომ დაიწყოს გარემოს მოვლაზე ფიქრი. „განვითარების“ ამგვარი სქემა ჩვეულებრივ დამახასიათებელია მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის, ხოლო ურყევი ფაქტი რომ გარემოს დეგრადაციით მიღებული შემოსავალი მის აღდგენას არ ჰყოფნის, როგორც წესი, ქართულ რეალობაში იგნორირებულია.
საქართველოს რამდენიმე ქალაქი (თბილისი, ჭიათურა, ტყიბული, საგარეჯო), დაბა (კაზრეთი) და რეგიონი (აჭარა, სვანეთი) დღითიდღე უახლოვდება ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარს. ის გახშირებული ბუნებრივი სტიქიები (მაგალითად ამა წლის 13 ივნისის მოვლენები) თუ ეპიდემიები, რომელიც პერიოდულად ატყდება თავს ქვეყანას, პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოსახლეობის მიმართ გატარებულ უპასუხისმგებლო პოლიტიკასთან, რომელსაც საბაზრო ეკონომიკის პრინციპების პრიორიტეტიზაცია და საზოგადოებრივი ქონების პრივატიზაცია ერთვის თან. მთავარი კითხვა რომელიც ამ კონტექსტში ისმის, არის ის თუ როგორ უნდა დაიცვას ბალანსი, ისეთმა დაბალშემოსავლიანმა ქვეყნამ როგორიც საქართველოა, ეკონომიკურ წინსვლასა და გარემოს დაცვას შორის.
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტის უმთავრესი მიზანია მემარცხენე–ცენტრისტულ ღირებულებებზე დაყრდნობით შეიმუშაოს რეკომენდაციები გადაწყვეტილებების მიმღებთა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმ პრობლემების გაანალიზებით, რომელიც უკავშირდება გარემოს დაცვისა და ეკონომიკური განვითარების ურთიერთმიმართებას; გარემოს დაცვის შესახებ საქართველოში არსებული კანონმდებლობის და მისი აღმასრულებელი ინსტიტუტების არასრულყოფილებასა და სისუსტეს; ხშირად კერძო ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ ენერგო პოლიტიკას და გარემოს დაცვის პროცესისთვის სოციალური ბაზისის გამოცლას.
აღნიშნული ნაშრომი დაფუძნებული იქნება თვისებრივ კვლევაზე, კერძოდ დოკუმენტების ანალიზსა და სიღრმისეულ ინტერვიუებზე. პირველი მოიცავს ქართული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, სტატიების, საჯარო ლექციების, ჩატარებული კვლევებისა და მედია ინტერვიუების ანალიზს. რაც შეეხება სიღრმისეულ ინტერვიუებს, ისინი ჩატარდა იმ ქართველ ექსპერტებთან, რომლებიც მუშაობენ მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. კვლევის მთავარ შეზღუდვად შეიძლება ჩაითვალოს შესასწავლი საკითხის სიდიდე და კომპლექსურობა, ისევე როგორც სასურველი რესპოდენტების სიმცირე მათი დაკავებულობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე.
ნაშრომი ორგანიზებული იქნება შემდეგნაირად: პირველ ნაწილში მოხდება პრობლემების პოლიტიკური და ეკონომიკური ფონის დახასიათება, რის შემდეგ განხილული იქნება ოთხი ძირითადი პრობლემა. დოკუმენტის მეორე ნაწილი კი დაეთმობა რეკომენდაციების წარდგენასა და კვლევის შეჯამებას.
პოლიტიკურ-ეკონომიკური ფონი
მე-20 საუკუნის 70-იანი, 80-იანი წლებიდან მსოფლიოში მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა აიღო სტარტი. პოლიტიკური, ეკონომიკური და აკადემიური სფეროები მოიცვა ნეოლიბერალიზმის, თავისუფალი ბაზრისა და სახელმწიფოს მხრიდან მასში ჩაურევლობის (Laissez-faire) იდეებმა. 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის დასუსტებამ და საბოლოოდ მისმა რღვევამ გამოიწვია ნეოლიბერალური დღის წესრიგის გაფართოება, რამაცახალი, გამოუცდელი სახელმწიფოები უალტერნატივო არჩევანის წინაშე დააყენა – ნეოლიბერალურ ეკონომიკურ მოდელზე მორგებული დემოკრატია.
დამოუკიდებელი საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ის „შოკური თერაპიები“, რომელსაც ახალი ეკონომიკური ხედვები ითვალისწინებდა. ქვეყანა ეტაპობრივად მოიცვა უმართავი პრივატიზაციის ტალღამ, რასაც ემატებოდა პიროვნული ინტერესები, ელიტური კორუფცია და ტოტალური უპასუხისმგებლობა კერძო თუ სახელმწიფო სექტორის მხრიდან. ამ კომპლექსურმა პრობლემებმა გამოიწვია მძიმე სოციალური და ეკონომიკურიმდგომარეობა ქვეყანაში. მოიშალა და დასუსტდა ის ძირითადი კონტროლის მექანიზმები, როგორიც კანონდებლობა და სახელმწიფო ინსტიტუტებია. ამასთანავე მზარდი სიღარიბის, განათლების ხარისხის გაუარესებისა და მაღალი სოციალური უთანასწორობის გამო მოსახლეობათანდათან ჩამოშორდაპოლიტიკურპროცესებს, რამაც ამ უკანასკნელისსოციალური შინაარსისგან დაცლა გამოიწვია.
ერთ-ერთი სექტორი, რომელიც ზემოაღნიშნულმა მოვლენებმა ყველაზე მძიმედ დააზარალა იყო ბუნებრივი გარემო, ვინაიდან ბუნებრივი რესურსების, მიწებისადა საჯარო სივრცეებისპრივატიზაციამ გამოიწვია მათი სწრაფი, დაუგეგმავი და უხეში ათვისება. ის შედეგები კი,რაც ამ მოლენებს მოჰყვა, სასწრაფოდ საჭიროებს გადაწყვეტილებების მიმღებთა ყურადღებასა და მათი მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. საკითხის უკეთ აღსაქმელად დარეალობის საჩვენებლად, გარემოსდაცვითი პრობლემები ქვემოთ თანმიმდევრულად და დეტალურად იქნება განხილული.
გარემოსდაცვითი პრობლემები
ხარვეზები გარემოსდაცვით კანონმდებლობაში
პირველი, საიდანაც აღნიშნული პრობლემების აღწერა უნდა დაიწყოს, ესაა საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, რომელიც ფრაგმენტული, ხშირად არათანმიმდევრული და ხარვეზებით სავსეა. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მხრივ არსებობს ორი სახის პრობლემა: კონკრეტული კანონებისა და რეგულაციების არ არსებობა და, ზოგიერთი არსებულის შეუსრულებლობა.
გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) წარმოადგენს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ქვაკუთხდეს, რომელიც სწავლობს დაგეგმილ პროექტს და მისი მიზანია „გარემოს ცალკეული კომპონენტების, ადამიანის, ასევე ლანდშაფტის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. გზშ შეისწავლის, გამოავლენს და აღწერს საქმიანობის პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, ეკოსისტემებსა და ისტორიულ ძეგლებზე ან ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის ერთიანობაზე, მათ შორის, ამ ფაქტორების ზეგავლენას კულტურულ ფასეულობებსა (კულტურულ მემკვიდრეობასა) და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე.“ [1]დღესდღეობით კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საკმაოდ პრობლემატურია, ვინაიდანარ მოიცავს გზშ პროცესის ორ უმნიშვნელოვანეს ეტაპს – სკრინინგსა და სკოპინგს, ეს უკანასკნელი კი ხარისხიანი გზშ ანგარიშის აუცილებელი წინაპირობაა, ვინაიდან ამ დროს ტარდება განხორციელებადობის ანალიზი და დგება ერთგვარი სამოქმედო გეგმა.[2] მოქმედი კანონივერ უზრუნველყოფს პროექტების ადეკვატურ განხილვასა და სანდო ეკოლოგიურ ექსპერტიზას, შედეგად ხდება მისი მნიშვნელობის დაკნინება და უბრალო ბიუროკრატიულ მექანიზმამდე დაყვანა. ერთ-ერთი მიზეზი ამისა კი შეიძლება ისევ სახელმწიფო კანონმდებლობაში მოიძებნოს. კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ სახელმწიფო პროექტებს ათავისუფლებს გზშ ანგარიშის წარდგენისგან, ხოლო კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ შეიცავს იმგვარ დებულებას, რომ ინვესტორს შეუძლია მიიღოს ლიცენზია ან ნებართვა გზშ-ის არ ქონის შემთხვევაში, თუკი იგი მას სამომავლოდ წარადგენს. [3]
საქართველოს გარემოსდაცვითი კანონდებლობის მომდევნო სერიოზულ ხარვეზს წარმოადგენს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) არ არსებობა, რომელიცმდგრადი განვითარების ჩარჩოში აქცევს გზშ და სხვა გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებულ პროექტებს და ნაკლებად ახდენს ფოკუსს ერთ რომელიმე კონკრეტულ პროექტზე. გამომდინარე აქედან სგშ-ის უქონლობის პრობებში იკარგება სერიოზული ეკოლოგიური სარგებლის მიღების შესაძლებლობა.[4]
რაც შეეხება სხვა საკანონმდებლო პრობლემებს გამოსარჩევია ბიომრავალფეროვნების დაცვის კანონი,ვინაიდანბევრსაკითხს არ მოიცავს, მაგალითად მცენარეების დაცვას, რომლის მიხედვით ბალახოვანი მცენარეები, სამკურნალო მცენარეები და მათი დაცვა – გამოყენება კანონის მიღმაა დარჩენილი. მიუხედავად 2013 წელს მიღებული პროგრესული „ეროვნული სატყეო კონცეფციისა“ 1999 წლის „ტყის კოდექსი კვლავ მოქმედია, რომელიც საკმაოდ მოძველებულია და არაა ორიენტირებული ტყის მართვაზე თანამედროვე მეთოდებით. ამასთანავე ძნელია მისი კოდიფიცირება და ვერ უზრუნველყოფს ვერც ადგილობრივი მოსახლეობის და ვერც მეწარმებიის დაკმაყოფილებას ტყის მერქნული და არამერქნული რესურსებით ისე რომ მათ არ დაარღვიონ კანონი.[5]ასევე თვალიშისაცემია ნარჩენებთან დაკავშირებული არასრულყოფილი კანონმდებლობა, რომელიც ძირითადად მორგებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე, ხოლო სამრეწველო თუ სამშენებლო დაბინძურების წყაროები ამ კანონმდებლობით რეალურადვერ რეგულირდება.[6] ამასთანავე ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხიდან გამომდინარე ნათელია რომ „კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ“ გაუმართავია და ვერ უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების კონტროლს.
ინსტიტუციური პრობლემები
ხარვეზებით სავსე კანონმდებლობა თავის მხრივ აჩენს სერიოზულ პრობლემებს გარემოსდაცვით ინსტიტუტებთან დაკავშირებით. ხშირია ფუნქციების დუბლირება, ცენტრალიზება და ნაკლები კონკრეტიკა. ასევე კონკრეტული სექტორების მონიტორინგი სუსტადაა განვითარებული.
დეცენტრალიზაციის პრობლემაზე პირდაპირ მიუთითებს გარემოს დაცვის სამინისტროს ქვეშ ბევრი ფუნქციის თავმოყრა, იქნება ეს ლიცენზიების გაცემა, შეფასება თუ გადაწყვეტილებების მიღება. ამასთანავე მის სისტემაში რამდენიმე მსხვილი სააგენტოს ერთადარსებობა ართულებს კონტროლს, კოორდინაციასა და ინტერესთა კონფლიქტის პრევენციას. მაგალითისთვის შესაძლებელია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოყვანა, რომელიც ასევე წარმოადგენსმარეგულირებელ ორგანოს და ხშირად საზოგადოებას მსხვილი დამაბინძურებელი საწარმოების დამცველად ევლინება, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებენ გარემოს. აგრეთვე თვალშისაცემია სატყეო სააგენტო, ვინაიდან მას ერთდროულად ხე-ტყის დამზადების, მართვის, კუთვნილ ტერიტორიაზე მონიტორინგისა და კანონის აღსრულების ფუნქცია აქვს.[7]
ენერგო პოლიტიკა
დღეს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა გარემოსდაცვის კუთხით, რომლის წინაშეც დგას საქართველო, არის არასწორი, არაეფექტიანი და ბიზნესინტერესებზე მორგებული ენერგოპოლიტიკა. ეს უკანასკნელი ფოკუსირებულია არა მთლიანად ენერგო სექტორის გაუმჯობესებაზე, არამედ მხოლოდ ჰიდრო რესურსის სწრაფ ათვისებაზე ჰესების მშენებლობით.
არსებობს მცდარი შეხედულება, რომ საქართველო ძალიან მდიდარია წყლის რესურსით, რომელიც მაქსიმალურად უნდა იქნას ათვისებული, ელექტროენერგიად გარდაქმნილი და ექსპორტზე გატანილი. სინამდვილეში კი არაა დათვლილი საქათველოს მდინარეების ეკოლოგიური და სოციალური საფასური და დასკვნების გამოტანა მხოლოდ მათ ტექნიკურ და ეკონომიკურ მონაცემებზე დაყრდნობითხდება.დღეს ჰიდროენერგიტიკული კუთხით ეკოლოგიურ-სოციალური ერა დგას, შესაბამისად თანამედროვე სამყაროში ენერგოპოტენციალის მხოლოდ კომერციული და მონეტარული კრიტერიუმებით შეფასება მცდარად და მოძველებულად ითვლება, რაც გასული საუკუნის 70-იან წლებისთვის იყო დამახასიათებელი.[8] ეს ფაქტორი კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართულ ენერგო და გარემოსდაცვით სექტორებში საბჭოთა მენტალობის გავლენაზე, როცა მდინარეებს უმეტესად სანიტარული თუ ენერგო ფუნქციების მიხედვით ახარისხებდნენ.ამგვარი ჩამორჩენილი პოლიტიკის თვალსაჩინო მაგალითია 1988 წელს სვანეთში დაწყებული „ხუდონჰესის“ პროექტი, რომელიც 27 წლის შემდეგაც აქტუალურია და კიდევ ასობით სხვა დაგეგმილი ჰესის მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით. ისეთი მცირემიწიანი ქვეყნისთვის კი, როგორიც საქართველოა ასეთ პროექტებს აუცილებლად ექნება გამოუსწორობელი ეკოლოგიური, დემოგრაფიული, სოციალური და კულტურული დანაკარგები.[9]
აღნიშნულ ფაქტორებთან ერთად ყურადღებას იქცევს უკვე ექსპუალატაციაში შესული ჰიდრო ელექტრო სადგურების მდგომარეობაც. მათ უმეტეს ნაწილს ესაჭიროება გაწმენდა და რეაბილიტიაცია. ასევე რამდენიმე ახლადაშენებულ ჰესს სერიოზული პრობლემები აქვს დენის გამომუშავებასთან დაკავშირებით, რაც მცდარი დაგეგმვისა და არასწორი გარემოზე ზემოქმედების შეფასებითაა გამოწვეული. მაგალითისთვის გამოდგება ბახვიჰესი, რომელიც მშენებლობის პროცესში ორჯერ დაინგრა, ხოლო დღეს თითქმის არ მუშაობს; ლარსიჰესი, რომელიც მეწყერულ ტერიტორიაზე აშენდა და გათვლილ სიმძლავრეზე ვერ გადის; ასევე ფარავანი ჰესი, არაგვიჰესი და სხვ.[10]
გარემოსგან გაუცხოვებული საზოგადოება
ზემოგანხილულ პრობლემებს მნიშვნელოვნად აერთიანებს ერთი ფაქტორი, ესაა საზოგადოების ჩართულობისა და გარემოსდაცვითი პრობლემებით დაინტერესების დაბალი დონე. ეს უმეტესად გამოწვეულია ორი მიზეზით – მექანიზმების არ არსებობითა და ქვეყანაში მონაწილეობითი დემოკრატიის სუსტი განვითარებით. პირველი მათგანი გამოიხატება მოსახლეობისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობაში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41–ე მუხლს, რომლის მიხედვით „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზედ არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.“ ასევე საქართველო წარმოდგენს არაერთი შეთანხმებისა თუ ხელშეკრულების, მათ შორის „ორჰუსის“ კონვენციის მხარეს, რომელიც ვალდებულებას აკისრებს მას უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა გარემოსდაცვით საკითებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.[11]რეალურად კი ეს ვალდებულება მხოლოდ გარემოსდაცვითი ნებართვის აღების საფეხურზე სრულდება, სხვა შემთხვევაში კი ის უბრალოდ უგულებელყოფილია. რაც შეეხება თავადმოსახლოების გაუცხოვებას გარემოს დაცვისგან, ამის ფესვები ბევრად ღრმაა. უპირველესყოვლისა მიზეზი განათლების დაბალ ხარისხსა და სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის უქონლობაშია.მომდევნო მიზეზად შეიძლება დასახელდეს ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართალი, რის გამოც ადეკვატურად არ ისჯებიან გარემოსთვის ზიანის მიმყენებლები, ეს კი მოსახლეობაში ნიჰილისტურ განწყობებს ამკვიდრებს. ბოლოს ასევე აღსანიშნავია მედიის როლი, რომელიც სათანადოდ არ აშუქებს მსგავს პრობლემებს და უმეტესად კონცენტრირებულია არა საჯარო, არამედ კომერციულ ინტერესებზე.
ალტერნატიული პოლიტიკის მიმართულებები და რეკომენდაციები
როგორც შესავალში აღინიშნა, მოცემული დოკუმენტის უმთავრესიმიზანია ზემოგანხილული პრობლემების ანალიზი და ამაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიმღებთათვის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რეკომენდაციების შემუშავება. ანალიზი მოხდება მემარცხენე-ცენტრისტული პრიზმიდან, კერძოდ კი მწვანე და სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომელთა ამოსავალი წერტილია გარემოს დაცვა, სოციალური სამართლიანობა, პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს როლის ზრდა, მონაწილეობითი დემოკრატიის მხარდაჭერა, სამოქალაქო უფლებების დაცვა და ა.შ.აღნიშნული პლათფორმა ატარებს იმის პოტენციალს, რომწარმოადგენდეს ერთადერთ გამოსავალს იმ უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც დღეს საქართველოს სოციალური და გარემოსდაცვითი პოლიტიკა იმყოფება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება იმ არსებული ტენდენციების გაგრძელებაროგორიცაა: სახელმწიფო ინსტუტების როლის დაკნინება, კერძო სექტორის მიერ საზოგადოებრივი საკუთრების ველური ათვისება და პასუხისმგებლობის მოხსნა, სოციალური უთანასწორობის გაღრმავება (საქართველო უკვე პირველ ადგილზეა ევროპაში პოპულაციის შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანასწორობის საზომით[12]), მოსახლეობის მატერიალური და ჯანდაცვითი მდგომარეობის გაუარესება და სხვ.
არჩეული ჩარჩოანალიზიდან და ქვეყანაში არსებული სიტუაციის რეალური კონტექსტიდან გამომდინარე ქვემოთ მოყვანილი იქნება კონკრეტული რეკომენდაციები კანონმდებლების, პოლიტიკური ლიდერებისა და საზოგადოების მიმართ, რომლებიც არჩეული იქნება იმის მიხედვით თუ რამდენად აქვთ მათ პოტენციალიიყოს ეფექტური, ეფექტიანი, სამართლიანი, განხორციელებადი და მოქნილი რეალურ ცხოვრებაში.
რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას
პრობლემების აღიარება და პასუხისმგებლობის აღება. როგორც ნაშრომის პირველ ნაწილში აღინიშნა საქართველოში გარემოსდაცვითი პრობლემების მთელი კასკადი გამოწვეულია უპასუხისმგებლო, ნეოლიბერალური ეკონომიკური დირექტივებით, რაც პირდაპირ უგულებელჰყოფს „მწვანე ეკონომიკისა“ და მდგრადი განვითარების პრინციპებს. გამომდინარე აქედანსაჭიროაპირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს ბიზნეს ინტერესებიდან საკუთარი თავის დინსტანცირება, პრობლემების გამომწვევი მიზეზების გაცნობიერება, თავად პრობლემების არსებობის აღიარება და ამ პროცესში საკუთარი პასუხისმგებლობის დანახვა.
კანონმდებლობის განახლება და შევსება. აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში მიიღოს/სრულჰყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, ლიცენზიების გაცემის, ტყის, ბიომრავალაფეროვნების დაცვის, ნარჩენების მართვის, წყლის, სივრცითი დაგეგმვის კანონმდებლობები.
ადმინისტრაციის გაზრდა და მონიტორინგის გაძლიერება. გარემოსდაცვითი ინსტიტუტების ეფექტური მუშაობისთვის საჭიროა პირველ ჯერზე დეცენტრალიზაცია და ფუნქციების გამოკვეთა. მომდევნო ეტაპზე მნიშვნელოვანია მათი ადმინისტრაციის გაზრდა და ახალი, ფუნქციური დეპარტამენტებისდამატება. ამასთანავე აუცილებელიაგაიზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით, დაარსდეს დაცული ტერიტორიების ქსელი და გაძლიერდეს მონიტორინგი, რისთვისაც საჭიროაეტაპობრივად გაიზარდოსგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კადრები. რაც შეეხება ჯარიმებსა და კანონის აღსრულების მექანიზმებს, აუცილებელია სიდიდე და სიმკაცრის ხარისხი იყოს დანაშაულის ადეკვატური და მიყენებული ზარალი ანაზღაურდეს სამართლიანად.
„მწვანე ეკონომიკის“ პრინციპების ათვისება. ლონდონის ეკონომიკური სკოლის გრენთამის კვლევითი ინსტიტუტის (Grantham Research Institute) პროფესორი, მაიკლ ჯეკობსითავის ერთ–ერთ წერილში წერს, რომ საჭიროა „ბუნებრივი გარემოს კრიზისი ამჯერად და, უკვე საბოლოოდ, შეფასდეს არა როგორც მხოლოდ ეკოსისტემების კრიზისად, ანდა ადამიანთა სიცოცხლის, არამედ კაპიტალიზმის კრიზისად, ამგვარად კი კაპიტალიზმის ზრდის დინამიკა თავადვე ასუსტებს საკუთარ თავს. ვინაიდან ენერგიის, საკვების, მიწის, წყლის, თევზის სარეწებისა და საქონლის დეფიციტი ერწყმის კლიმატის ცვლილების, ოკეანის მოწამვლისა და საცხოვრებელი არეალების შემცირების შედეგებს.“[13] მოცემულიდან გამომდინარე აუცილებელია დანარჩენი მსოფლიოს ტემპის ასაყოლად საქართველოშიც გაჩნდეს პოლიტიკური ნება რომ დაიწყოს „მწვანე ეკონომიკის“ ისეთი პრინციპების ადაპატირება, როგორიცაა მდგრადი განვითარება, სიღარიბის აღმოფხვრა, დოვლათის სამართლიანი გადანაწილება და ა.შ.[14] აქედან გამომდინარე საჭიროა საფუძვლიანად გადაიხედოს და შესწორდეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“. რა თქმა უნდა „მწანე ეკონომიკას“თავის მხრივ გააჩნია შეზღუდვები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში იგიმომგებიან პროექტს წარმოადგენს, ვინაიდან კომპანიები გრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას, ბიზნესიგათვლილია ხანგრძლივ პერიოდზე და გარემოსთან ერთად ყურადღება ექცევა შრომით ურთიერთობებს.
ეფექტურიენერგოპოლიტიკის შემუშავება. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ენერგიის დამზოგველი პოლიტიკისკენ. უმოკლეს ვადებში უნდა შემუშავდეს ელექტროენერგეტიკის განვითარების სტრატეგია. აუციელებლია გადაიხედოს ყველა დაგეგმილი ჰიდრო ელექტრო სადგურის მშნებელობა და გაკეთდეს პროექტების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი. ენერგეტიკის სამინისტრომ უარი უნდა თქვას გიგანტური ჰესების მშენებლობაზე და პირველ რიგში დაიწყოს არსებული ჰესების რეაბილიტაციისა და ნატანი მასალისგან გაწმენდის პროგრამა, რაც დაახლოებით 1000 მეგავატამდე გაზრდის გამომუშავებას.[15] საჭიროებისამებრ უნდა დაიგეგმოს მცირე და საშუალო სიდიდის ჰესების მშენებლობა, თუმცა კონკრეტული რეგიონის ბუნებრივი გარემოსა და იქ მაცხოვრებელი ადამიანების ინტერესების დაცვით. ამასთანავე სახელმწიფომ საკუთარ მოსახლეობაში უნდა დაიწყოს ენერგიის თვითგამომუშავების სტიმულირება, რისი პოტენციალიც საქართველოში საკმაოდ მაღალია. პარალელურად აუცილებელია ქვეყანაში დაიწყოს ისეთ ალტერნატიულ, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე ფიქრი როგორიცაა ქარის, მზის, ბიომასის, გეოთერმული და ზღვის ენერგიები(საქართველოს აქვს პოტენციალი მზის ენერგიით გამოიმუშაოს108 მეგავატი; ქარის ენერგიით 4 მილიარდი კვტსთ წელიწადში[16]). აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე ამ კუთხით შეინიშნება ფასების კლება, რაც დიდად ასტიმულირებს აღნიშნულ სექტორებში ინვესტიციების ჩადებას. საერთაშორისო განახლებადი ენერგიის სააგენტოს 2015 წლის მონაცემებით, ამ სფეროში 7.7 მილიონი ადამიანია უკვე დასაქმებული, რაც წინა წელთან შედარებით 18 პროცენტითაა გაზრდილი.[17]ეს გლობალური ტენდენცია პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ალტერნატიული ენერგიის ბაზარიმზარდი და ეკონომიკურად მომგებიანია.
განათლების ხელშეწყობა.საზოგადოებაში გარემო პრობლემებისადმი ნიჰილისტური განწყობების აღმოფხვრა პირდაპირ კავშირშია განათლების ხარისხის გაზრდასთან. აუცილებელია სახელმწიფომ გაზარდოს განათლებისსაბიუჯეტო დაფინანსება, ხელი შეუწყოს კვლევით მეცნიერებასა და ტექნოლოგიურ პროგრესს, რაც შექმნის მყარ ფუნდამენტს ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად, მოსახლეობის მხრიდან პრობლემების ადეკვატურად, სიღრმისეულად აღსაქმელად და რაც მთავარია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათდასაბრუნებლად. ვინაიდან აღნიშნულის სისრულეში მოყვანას გარკვეული დრო ესაჭიროება,პარალელურად აუცილებელია მედიისა და კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
დასკვნა
წინამდებარე ნაშრომი ფოკუსირებული იყო საქართველოს ბუნებრივ გარემოსთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესწავლასა და სამიზნე აუდიტორიაშიმის აქტუალიზებაზე. როგორც კვლევამ აჩვენა პრობლემები საკრმაოდ ღრმა და კომპლექსურია, შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ საკითხზე როგორც კვლევითი და ანალიტიკური ისე პრაქტიკული კუთხით მუშაობა.ასევე უკიდურესად საჭიროა ინიციატივები მოდიოდეს ქვემოდანაც, ვინაიდან განვითარებული მონაწილეობითი დემოკრატიის გარეშე ძნელი იქნება ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა. არსებული რეალობიდან გამომდინარე აუცილებელია ამ ეტაპზე სახელმწიფომ საკუთარ თავზე იკისროს მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, შედეგად დოკუმენტის მეორე ნაწილში გაანალიზებული ალტერნატიული პოლიტიკის მიმართულებები წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ საწყისებს, რომელმაც საქართველო უნდა მიიყვანოს ჭეშმარიტ, ევროპული ღირებულებების მქონე განვითარებულ სახელმწიფომდე, სადაც ერთდროულად იქნება დაცული როგორც გარემო ისე მისი განუყოფელი ნაწილი – ადამიანი.
გამოყენებული მასალები:
[1]საქართველოს კანონი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ, მუხლი მე–3
[2]ანთიძე, ნინო. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთანშესაბამისობის შეფასება, მწვანე ალტერნატივა, 2013 წ. გვ 10
[3]ანთიძე. 2013, გვ. 28
[4]გაეროს ევროპის ეკონომიკის კომისია.დამხმარე სახელმძღვანელო UNECE–ს გარემოს სტრატეგიული შეფასების პროტოკოლის განხორციელების მხარდასაჭერად. გაერო, 2012 წ. გვ. 23–24
[5]კვლევის ფარგლებში ჩატარებული ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორ ირაკლი მაჭარაშვილთან. 07/10/2015
[6]იქვე
[7]იქვე
[8]კვლევის ფარგლებში ჩატარებული ინტერვიუ ეკონომიკის დოქტორ დავით ადეიშვილთან. 12/10/2015
[9]კახიშვილი, ნინო.“ხუდონჰესი” – საბჭოთა პროექტის მოსალოდნელი შედეგები, ნეტგაზეთი, 2011 წ.
[10]ინტერვიუ ირაკლი მაჭარაშვილთან
[11]Access to Information, Public Participation in Decision-making and Access to Justice in Environmental Matters (Aarhus Convention), Demark, 1998
[12]GINI index (World Bank estimate), 2011-2015
[13]Jacobs, Michael. Green Social Democracy, 2013. Available at: http://www.socialeurope.eu/2013/02/green-social-democracy/
[14]მწვანე ალტერნატივა. მწვანე პოლიტიკა და გარემოს დაცვა, 2013
[15]ინტერვიუ მანანა ქოჩლაძესთან. გარემოს დაცვას პრაგმატული მნიშვნელობა აქვს, ლიბერალი, 08/02/2013
[16]ადეიშვილი, დავით. ენერგეტიკული პოლიტიკა – საფრთხე ეკოლოგიურ-სოციალური გარემოსათვის. გაზეთი ”რეზონანსი,” 25/04/2013
[17]Amin, Z. Adnan. The Economics of Renewable Energy: Falling Costs and Rising Employment. Huffingtonpost, 2015.