წერილში შევეხები შემდეგ სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებს – მოგების გადასახადის ესტონური მოდელის მთავარი საიდუმლო. განსახილველი მტკიცება ამბობს, რომ თუ მოგების გადასახადს არ ვბეგრავთ მაშინ როცა იგი „ფირმის შიგნით“ რჩება, ამით ეკონომიკის ზრდას ხელს ვუწყობთ, რამდენადაც ფირმები დაიწყებენ ამ მოგების რეინვესტირებას და ეს ეკონომიკას გაზრდის.
ერთადერთი საფრთხე რაც ამ სტატიაშია განხილული არის „პირველ ხანებში“ მოგების გადასახადის დანაკლისიდან გამოწვეული ბიუჯეტის დამატებითი დეფიციტი. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ერთი საეჭვო კომპეტენციის ბიზნესმენი იძახის ქამრების შემოჭერის პოლიტიკა გავატაროთ და ეგ პრობლემაც მოგვარდებაო. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რასაც ამბობს შედარებით საღი აზრია – დასადგენია, როგორ მოხმარდება ეს დაუბეგრავი თანხები რეინვესტირებას და თუ ამ მხრივ პრობლემები დაიძლევა, მაშინ საფიქრებელია დეფიციტის შესავსებად ვინმე თუ მოგვცემს კრედიტს ან საკომპენსაციოდ რომელი გადასახადი გავზარდოთო. ორივე თანხმდება, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა დაიძლევა ეკონომიკის ზრდიდან მომატებული შემოსავლებით.
პირველ გულუბრლყვილობაზე, ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან დაკავშირებით, უფრო მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ. რაც შეეხება პარლამენტარის წუხილებს, უნდა ვთქვა, რომ მართლაც ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის ის, თუ რა მექანიზმებით მოხმარდება ეს დაუბეგრავი თანხები რეინვესტირებას. მაგრამ, არის მეორე, ასევე მნიშვნელოვანი კითხვა: საიდან ვიცით, რომ ეკონომიკის ზრდის პრობლემა საქართველოში ამ ეტაპზე არის სწორედ რეინვესტირების დაბალი მაჩვენებელი? მეორეს მხრივ, თუ ინვესტიციების პრობლემა არ გვაქვს, საიტერესოა სხვა რა გვიშლის ხელს ეკონომიკურ ზრდაში?
არის თუ არა ინვესტიციები პრობლემა?
ჩემი აზრით, ეკონომიკის დღევანდელი პრობლემები (მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება) „ინვესტიციების“ შემცირებიდან არ მოდის. ფიქსირებული ინვესტიციებიც და უცხოური ინვესტიციებიც 2014 წელს დიდი იყო, არა მარტო ისტორიული საზომით, არამედ აბსოლუტური საზომითაც – მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით.
საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები 2014-ის ბოლოს იყო ყველაზე მაღალი მთელ პოსტსაბჭოთა პერიოდში. ლაპარაკია ფიქსირებულ კაპიტალში ინვესტირებაზე (Gross Fixed Capital Formation). ეს არის სწორედ ის ინვესტიციები, რაც განაპირობებს ეკონომიკის ზრდას და მშპ–ს უშუალო კომპონენტია. ხალხს (ეკონომისტების ჩათვლით) რატომღაც ეს ინვესტიციები ეშლებათ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, რაც უბრალოდ ადგილობრივი კაპიტალის უცხოელების მიერ შეძენაა და რეალური კაპიტალის ზრდას არანაირად არ ასახავს. თუმცა, უცხოური პირდაპირი ინვესტიციებიც 2014 წელს ერთ-ერთი რეკორდულად მაღალი იყო, არა მარტო საქართველოს ისტორიაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც (მშპ-ს პროცენტებში). ამ ინვესტიციებმა 2014-ში მშპ–ს 8%-ს მიაღწია, რაც მსოფლიო მაჩვენებელს თითქმის 4-ჯერ აღემატება და საქართველოს ისტორიაში სიდიდით მესამე მაჩვენებელია (2007, 2008 მერე). ამრიგად, ფიქსირებულ კაპიტალში ინვესტიციებიც და უცხოური პირდაპირი ინვესტიციებიც აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს, რაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ ამ ვებგვერდებზე:
http://data.worldbank.org/indicator/BX.KLT.DINV.WD.GD.ZS/countries/1W-GE?display=graph
http://www.tradingeconomics.com/georgia/gross-fixed-capital-formation
http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/bop/FDI_by_Quarters_Geo.xls
რა არის ეკონომიკის ზრდა?
ვისაც გაინტერესებთ ქართველი ეკონომისტ/ბიზნესმენ/პოლიტიკოსების განათლების ხელშეწყობა, შეგიძლიათ უთხრათ, რომ მშპ, ანუ ქვეყნის ეკონომიკა, რომლის გაზრდაზეცაა საუბარი, შედგება არა მარტო კერძო სექტორის ინვესტიციებიდან.
ფორმულა ასეთია: მშპ= სახელმწიფოს მიერ ხარჯვა (ინვესტიცია+მოხმარება) [government spending] + მოსახლეობის მოხმარება [(G)consumption] (C), + კერძო ინვესტიციები [investment (I)] + დადებითი საგარეო სავაჭრო სალდო [net exports (X – M)].
როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, გასულ წლებში არც ფიქსირებული ინვესტიციის და არც უცხოური პირდაპირი ინვესტიციის მხრივ პრობლემა არ გვქონია. ეწ. Supply Side ეკონომისტებს (“მიწოდების” ფაქტორზე ვინც აკეთებს აქცენტს “მოთხოვნის” საპირისპიროდ), რომლებიც შეიძლება ნეოლიბერალებად, ფისკალურ კონსერვატორებად, მემარჯვენეებად და კიდევ ბევრნაირად მოვიხსენიოთ, ამ ანა-ბანას გაგება არ უნდათ და ყველაფერი ყოველთვის დაყავთ კერძო ინვესტიციების პრობლემაზე, მაშინაც კი, როცა ეს პრობლემა არ არსებობს.
სამომხმარებლო მოთხოვნის/მოხმარების პრობლემა
მეორეს მხრივ, ჩვენ ეკონომიკაში არის გამოხატული პრობლემა – მოთხოვნა, რაც მშპ–ს მოხმარების კომპონენტს ამცირებს. არც ამის სტატისტიკას აწარმოებს ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ ინფლაციის ქრონიკულად დაბალი მაჩვენებელი ამაზე მიუთითებს. იგივეზე მიუთითებს მომხმარებლის თავდაჯერებულობის (consumer confidence) ქრონიკული კლება. არადა ტელევიზიით სულ საპირისპიროს გვიმტკიცებენ ვითომდა აღვირახსნლი ინფლაციის შესახებ. ამან გამოიწვია გარკვეული ინფლაციური მოლოდინები და ბოლო 5 წლის მანძილზე ინფლაციამ ძლივს მიაღწია (გასულ თვეებში) თავის სამიზნე მაჩვენებელს (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნიშნული, რომელიც ოპტიმალურად ითვლება ეკონომიკის განვითარებისათვის).
სად მიდის მოგება?
ეხლა ვთქვათ, რომ კერძო სექტორის რეინვესტიცია მართლაც პრობლემაა. რას უშვებიან ფირმები თავიანთ მოგებას თუ არ აკეთებენ რეინვესტირებას ფიქსირებულ კაპიტალში? არის რამდენიმე ვარიანტი: 1) გასცემენ დივიდენდებს 2) უდევთ ანგარიშებზე დეპოზიტებად 3) ყიდულობენ უკვე არსებულ ქონებას იმის ნაცვლად, რომ შექმნან ახალი ფიქსირებული კაპიტალი.
თუ პირველ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, დივიდენდი შეიძლება ადამიანმა დახარჯოს მოხმარებაში. ასეთ შემთხვევაში, ამასთან ბრძოლა უაზრობაა, რამდენადაც ეს მოხმარება ისევ ეკონომიკის ზრდას ხმარდება (იხილეთ მშპ–ს ფაორმულა). შეიძლება დივიდენდი ადამიანმა გაიტანოს საზღვარგარეთ, რასაც შეიძლება ქონდეს კაპიტალის რეპატრიაციის სახე ისევე, როგორც იმპორტული საქონლის მოხმარების სახე. თუ იმპორტული საქონლის მოხმარება იზრდება, ეს ცუდია ეკონომიკის ზრდისათვის (იხილეთ მშპ–ს ფორმულა). ასევე, ცუდია კაპიტალის რეპატრიაცია (უცხოეთში გატანა), რამდენადაც ეს აკლდება ქვეყანაში გასაკეთებელ პოტენციურ ინვესტიციას.
თუ მეორე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, დეპოზიტზე ფულის უქმად დებას, როგორც ჩანს, ე.წ. „ესტონური მოდელი“ არ ეწინააღმდეგება, რამდენადაც ეს არ ნიშნავს მოგების გასვლას ფირმიდან. რომც ეწინააღმდეგებოდეს ამ წინააღმდეგობას დიდი აზრი არ აქვს რამდენადაც ვიღაცის დეპოზიტი ვიღაცისთვის საკრედიტო რესურსია და ყველაფერი ისევ შეიძლება ინვესტირებით დამთავრდეს. ამ ვერსიის დაწვრილებით ანალიზს აღარ გავაგრძლებ, რამდენადაც შორს წასვლა მოგვიწევს.
თუ მესამე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაშინ ეს ყოფილა უძრავ ქონებაზე ფასების ბუშტის პრობლემა. ასეთ შემთხვევაში საკითხავია –ახალისებს თუ არა „ესტონური მოდელი“ უკვე არსებული საკუთრების ყიდვას? თუ ახალისებს, მაშინ ასეთი გზით წასულ მოგებაზე საგადასახადო შეღავათი უაზრობაც იქნება და მავნებლობაც. თუ არ ახალისებს, მაშინ საქმე კარგად ყოფილა.
დასკვნა
თუ რეალურად პრობლემა ფიქსირებული ინვესტიციების ნაკლებობაშია (რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი), მაშინ „ფირმის შიგნით“ დატოვებული მოგების წახალისება საგადასახადო შეღავათით კარგი იქნება. მაგრამ, ეს დადებითი ეფექტი დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის კანონმდებლობა მთლიანობაში მომართულია იქითკენ, რომ შეზღუდოს უცხოური კაპიტალის რეპატრიაცია, უცხოური საქონლის იმპორტი, და საკუთრებით (უძარავი ქონებით, სახლებით, მიწით) სპეკულაცია და საკუთრებაზე ფასების ბუშტის გაჩენა.
ბევრი დამეთანხმება, რომ ჩვენი კანონმდებლობა აქეთკენ მიმართული არაა. ამას ემატება ისიც, რომ საგადასახადო შეღავეთების შემოღება ხდება ბიუჯეტის დეფიციტის დაგეგმილი შემცირების ფონზე, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს რეალურად არსებულ მოხმარების პრობლემას და აზრს დაუკარგავს რეინვესტირების წახალისებით გასაზრდელ მიწოდებას – ვის უნდა მიაწოდოს მეწარმემ პროდუქტი, თუ მომხმარებელს შესყიდვის უნარი არ ექნება?