გური სულთანიშვილი: ფინური სასკოლო მოდელი

ალბათ ხშირად გსმენიათ სკოლის კრიტიკა, როგორც ინსტიტუციური ჩაგვრის მექანიზმისა. „დავიცვათ ბავშვები სკოლისაგან“, „გენიოსებს სკოლა არ უყვარდათ“ და ა.შ. ეს ხშირ შემთხვევაში მართლაც შეესაბამება სიმართლეს, როდესაც სკოლა ადამიანის ცხოვრებაში ერევა, როგორც პირველი სისტემური ჩაგვრის პრინციპი, მაგრამ ამ სტატიაში რა სკოლის კონცეფციაზეც ვაპირებ საუბარს ის პრინციპულად განსხვავდება სკოლის ტრადიციული გაგებისაგან.

სტატიაში შევეხები ფინეთის ზოგადი განათლების სისტემას, შედარებული იქნება სხვადასხვა სასკოლო მოდელებთან და შევეცდები გავაანალიზო მისი პოლიტიკური მნიშვნელობა.

ფინელი ბავშვები სკოლაში არ შედიან 7 წლამდე და არ ასრულებენ საშინაო დავალებას, ანდაც სხვა სახის ტესტებს, სანამ ისინი არ გახდებიან თინეიჯერები (13 წლის). ეს არის სისტემა სადაც ყველაზე მეტადაა დაცული თანასწორობის პარადიგმა. არსებობს მოსაზრება, რომ თანასწორობა ეფექტიანობის ოპოზიციური ცნებაა, რასაც ფინური სასკოლო მოდელი მთლიანად აბათილებს. ფინელი მოსწავლეები საერთაშორისო ტესტირებებში უმაღლესი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. იქ მაგალითად, არ არსებობს სპეციალური კლასები, ყველაზე სუსტები და ყველაზე ძლიერებიც ერთ კლასში სხედან, ხოლო განსხვავება მათ აკადემიურ მოსწრებებს შორის ყველაზე მცირეა მთელ მსოფლიოში, ანუ ყველაზე სუსტი მოსწავლის შედეგები ყველაზე ახლოსაა ძლიერი მოსწავლის შედეგებთან. ეს ყველაფერი ისე რომ ცოდნის დათვლის მეთოდოლოგია პრინციპულად განსხვავებულია ვიდრე სტანდარტიზებული ტესტირებები, რაც ანგლოსაქსური მოდელებისთვისაა მეტწილად დამახასიათებელი. მოკლედ განვიხილოთ თუ როგორ მივიდა ფინეთი იმ პოლიტიკური სლოგანის პრაქტიკაში განხორციელებამდე რაცაა „No child left behind“.

90 იან წლებში ფინეთი საგრძნობლად ჩამორჩებოდა დასავლეთ ევროპას, იქნებოდა ეს ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა თუ განათლების დონე, ფინეთში მხოლოდ 25% იღებდა სასკოლო განათლებას. ეს მონაცემები აუცილებლად საჭიროებდა რეფორმებს. 70 იანი წლებიდან ფინეთმა გადაწყვიტა მომავალი დაეკავშირებინა არა მხოლოდ ბუნებრივი რესურსებისათვის და მცირე ინდუსტრიებისათვის, არამედ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისათვის. სასკოლო განათლება კი გახდა ერთ-ერთი საკვანძო წერტილი მთლიანი, კომპლექსური განათლების პოლიტიკისა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევების როლია. ფინეთმა საკუთარი სასკოლო სისტემა არა მხოლოდ ეფექტიანობაზე და კონკურენციაზე ააგო, არამედ სამართლიანობასა და კოოპერაციაზე. მათ აქცენტი საუკეთესო სკოლების შექმნის ნაცვლად სკოლის, როგორც იდეაზე დასვეს, ანუ სკოლების საერთო, თანასწორი დონის შექმნაზე. ყველა სკოლას უნდა შეეთავაზებინა ბავშვისთვის თანაბარი რესურსები, განურჩევლად მისი სოციალური მდგომარეობისა.

 

ცოდნის დათვლა

ცოდნის დათვლის ყველაზე გავრცელებული მეთოდი სტანდარტიზებული ტესტირებებია, რომელიც გულისხმობს ყველა შეაფასო ერთნაირად. ეს ერთი შეხედვით თანასწორი მეთოდი უთანასწორობის პრინციპზეა აგებული, მოთხოვო განსხვავებული უნარების ბავშვებს ერთი და იგივე. ამის საპირისპიროდ, ფინეთში კოგნიტური მოდელი არსებობს, რომელიც აფასებს ბავშვს არა ყველასთან მიმართებაში, არამედ საკუთარ თავთან მიმართებაში, ანუ რამდენად გაზარდა ცოდნისა თუ სხვა უნარების დონე თავის წინა შედეგებთან და ეს ყველაფერი ხდება ისე რომ არავითარი სეგრეგაცია არ არსებობს ძლიერებსა და სუსტებს შორის, ისინი ერთ კლასში სხედან და მათი საბოლოო ქულები ყველაზე ახლოსაა ერთმანეთთან მსოფლიო მასშტაბით. ესაა თანასწორობაზე და კოოპერაციაზე დაფუძნებული ეფექტური საგანმანათლებლო პოლიტიკის შედეგი.

სტანდარტიზებულ ტესტირებები ამერიკაში 80-იანი წლების შემდეგ იწყება, როდესაც რეიგანის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ზოგადი განათლების დონე აეწია მაღლა. სტანდარტიზაცია ძალიან ხელსაყრელი რამ აღმოჩნდა – მარტივი დასათვლელად, თუმცა მოიტანა უამრავი უარყოფითი ეფექტი. საგანმანათლებლო ღირებულება შეიძინა იმან, რაც მარტივად დათვლადი გახდა, მასწავლებლებს ნაკლები მოტივაცია აქვთ, ვინაიდან იციან, რომ მხოლოდ ტესტირების ქულას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც მხოლოდ ტესტის ჩაბარებაზე ხდებიან ორიენტირებული. შესაბამისად, ასეთი მოცემულობა ჩამოყალიბდა გამოცდა არის არა ის, რაც სკოლაში ცოდნას ამოწმებს, არამედ სკოლაში ასწავლიან მხოლოდ იმას, რაც გამოცდაზე უნდა შეამოწმონ. მაგალითად, რაც უფრო დაბალი მიღწევები აქვს სკოლას, მით უფრო მარტივად ამბობს ის უარს ისეთ საგანზე, როგორიც არის ხელოვნება – ანუ ის მიმართულებები, რაც წარმოსახვას აძლიერებს, რაც სამყაროს მეტაფორულ ენას და ნიშნებს აცნობს ბავშვს და ა.შ. მათი დათმობა სკოლისთვის მარტივია, რადგანაც არადათვლადია და შეიძლება ტესტებით ვერ გაიზომოს.

ზუსტად ამის საპირისპირო მოდელი შექმნა ფინეთმა.

 

მასწავლებლებიT FOR TEACHER, E FOR EQUALITY

ფინელი ბავშვების 66% აგრძელებს კოლეჯში სწავლას, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელ ევროპაში. 93% ფინელი მოსწავლეებისა ამთავრებს სკოლას, რაც 17 % ით მეტია ვიდრე ამერიკის მონაცემები. ფინეთში არის იმდენივე მასწავლებელი, რაც ნიუ იორკში, მაგრამ გაცილებით ნაკლები მოსწავლე, (600 000 ფინეთში – 1.1 მილიონი ნიუ იორკში). ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროფესია არის მასწავლებლობა ფინეთში, და ისინი სარგებლობენ იგივე სოციალური სტატუსითა და რესპექტაბელურობით როგორც მედიკები. ფინელი მასწავლებლები მუშაობენ საშუალოდ 570 საათს წელიწადში, ანუ ნახევარს რასაც შეერთებულ შტატებში (1100 საათი). თითოეულ მოსწავლეზე იხარჯება 30 % ნაკლები ვიდრე ამერიკაში. არის განუზომლად დიდი აკადემიური თავისუფლება და მასწავლებლებს აქვთ სრული ავტონომია შექმნან საკუთარი ინდივიდუალური მიდგომები და სწავლების მეთოდები, რომელიც საბოლოო ჯამში საერთო აქცენტს არ დაარღვევს, ანუ ნაციონალურ კურიკულუმს, რომელიც მხოლოდ გაიდლაინების სახითაა წარმოდგენილი. ამას უწოდებენ ფინურ სასწაულს – მინიმალური ადამიანური რესურსებით (სამუშაო საათები) და მინიმალური ხარჯებით შექმნან ყველაზე წარმატებული ცოდნა და დისციპლინა. მასწავლებლობის კანდიდატებს ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით არჩევენ. მასწავლებლობის მსურველთაგან, რომლებსაც ბაკალავრის ხარისხი აქვთ მხოლოდ 10-15 % იღებს გადამზადების უფლებას, რომელიცსახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული გარდა იმისა, რომ მათთვის სწავლა უფასოა, ისინი სტიპენდიასაც იღებენ. ეს სიტუაცია აშშ-სგან რადიკალურად განსხვავებულია, იქ მასწავლებლობას საკუთარი ხარჯებით ეუფლებიან, ამასთან ერთად მოთხოვნები ბევრად დაბალია და ანაზღაურებაც შესაბამისად. ფინური სასკოლოს მოდელის წარმატების ამოსავალი წერტილი მასწავლებლებშია.

 

არაფორმალური სივრცე

ყოველი ფორმალური სივრცე საკუთარ თავშივე მოიცავს არაფორმალური სივრცის არსებობას. მაგალითად, შეიძლება საბჭოთა კავშირში სასკოლო სისტემა გამართული ყოფილიყო ცოდნის მიღებითა და დისციპლინით, მაგრამ მას აკლდა ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელსაც არეგულირებს არაფორმალური სივრცე. მოსწავლე, რომელიც არ ამზადებდა გაკვეთილებს, არ ემორჩილებოდა დისციპლინას, უკვე ჰეროიკული ფიგურა ხდებოდა, როგორც სისტემასთან დაპირისპირებული ადამიანი. რატომ ხდებოდა ასე? იმიტომ, რომ დისციპლინის შემოქმედებაში თავად მოსწავლე არ ყოფილა ჩართული, ყველაფერი მკაცრად ცენტრალიზებული იყო და ბავშვი პირველივე ხანებში ეჯახებოდა ძალაუფლებრივ სისტემებს, პირველ ინსტიტუციონალიზებულ ჩაგვრას. არადა, სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, შექმნას ის არაფორმალური სივრცე, სადაც არ სწავლა შეიძლება სირცხვილადაც ჩაითვალოს.

 

როგორი მიდგომა აქვს ფინურ მოდელს ამ კულტურული ფაქტორების ჩამოყალიბებაში?

ფინეთში არ ირეკება ზარი, ზარი როგორც ტოტალიტარული სიმბოლო, როდესაც ერთი საგანი აერთიანებს ერთ ჰომოგენურ სეგმენტს. ფინურ სკოლებში უმეტესწილად თვითონ წყვეტენ როდის დაისვენონ, ანუ ბავშვები თავიდანვე ჩართულები არიან კანონშემოქმედებითობაში, ემორჩილებიან იმ დისციპლინას რომლის შემქნელებიც თავად არიან. საბოლოო ჯამში ყველაზე კანონმორჩილი ადამიანია ისაა ვინც კანონების შექქმნაში მონაწილეობა მიიღო, ვისი ხმაც ისმის კანონში.

ალბათ, ყველას გსმენიათ კულტურული კლიშეს შესახებ სადაც „მასწავლებელი ტუალეტში არ დადის“. ასეთი დისტანცირება, ასეთი სუბორდინაციის სტრუქტურა აჩენდა სისტემასთან დაპირისპირებულობის სურვილებს, იმიტომ რომ მოსწავლე და მასწავლებელი ერთი მთლიანობის ნაწილი ვერ ხდებოდა. ფინეთში ეს სუბორდინაციის სტრუქტურა მაქსიმალურად დასუსტებულია, მოსწავლეები მიმართავენ საკუთარი სახელით ე.წ. first name-ით. ამას აქვს თავისი რაციონალური ახსნა, როდესაც ბავშვთან შენ ჩნდები როგორც ცოდნის მიმტანი ეს ბუნებრივად ქმნის იერარქიებს, მე ჩემი 4 წლის შვილის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, როდესაც ის ვერ ხვდება ჩემთვის მარტივ რაღაცეებს და მხედავს რო მე ვხვდები ბუნებრივად უჩნდება იერარქიის განცდა. როდესაც ბავშვის სამყაროს ლიმიტები პატარაა ხოლო მასწავლებლის შესაბამისად დიდი ეს ბუნებრივი პროცესია, ხოლო დამატებითი ხელოვნური ბარიერები ქმნის სისტემასთან დაპირისპირებულობის სურვილს, რაც ჩვენ კულტურულ სივრცეში არც ისე უცხოა.

ვინაიდან და რადგანაც არ არსებობს მკაცრად რეგლამენტირებული ნაციონალური კურიკულუმი, ბევრი ფინური სკოლა დისციპლინების მაგივრად ცდილობს ბავშვს ასწავლოს უშუალოდ საგანი. მაგალითად წყალი არა ქიმიიდან ან ბიოლოგიიდან ისწავლოს ერთ ჭრილში, არამედ ისწავლოს უშუალოდ წყალი ინტერდისციპლინარული პარადიგმით, როგორც ქიმიური და ბიოლოგიური, ისე გეოგრაფიული ჭრილით. ეს ზოგადი განათლებაა, ამიტომაც მოსწავლეს ის სააზროვნო არეალს უფართოვებს, როდესაც ერთ საგანზე დაკვირვებას ახდენს სხვადასხვა დისციპლინებიდან. მაგალითად, ვსწავლობთ კონკრეტულ დისციპლინას და ამ დისციპლინიდან განვიხილავთ კონკრეტულ საგანს, როდესაც ეს საგანი ამოწურავს საკუთარ თავს ამ დისციპლინაში და გადადის უკვე სხვა დისციპლინის კომპეტენციაში, ამ საგნის კვლევა წყდება, დღევანდელი სამყარო კი საგნებზე დაკვირვებას მრავალი თეორიიდან ითხოვს, ამიტომაც სკოლა როგორც ზოგადი განათლების სისტემა საჭირო უნარებს ასეთი მეთოდებით უკეთ გამოუმუშავებს.

ის, რომ მათ აქცენტი საუკეთესო სკოლების შექმნის ნაცვლად ჰომოგენური სკოლის იდეაზე გააკეთეს. არა ძლიერი, საშუალო და სუსტი სკოლები, არამედ ყველა სკოლა ძლიერი. მათ უარი უთხრეს პრიმიტიულ იერარქიულ სისტემას. ყველაფერთან ერთად თითოეულ სკოლას დიდი თავისუფლება მისცეს, შექმნეს ერთი ტელეოლოგიური მიზანი, შემდეგ კი ამ მიზნისკენ მისაღწევი საშუალებები ყველამ ინდივიდუალურად მოძებნა. გამოდის, რომ ამ ასპექტში ნდობის ყველაზე მარალი მაჩვენებელი ფინეთშია. ესაა კომუნისტური თეორიის ასახვა პრაქტიკაში. ფინური სასკოლო მოდელი ესაა სოციალისტური სტილის ეგალიტარიანული საზოგადოების პირმშო, რომელიც შერწყმულია კეთილდღეობის ინსტიტუტებთან. ეს ის ტერიტორიაა სადაც ბავშვები თავიდანვე ერთვებიან დემოკრატიულ ურთიერთობებში, კანონშემოქმედებითობაში, დისციპლინის შემოქმედება-მორჩილებაში, თანასწორობისა და თანამშრომლობის პარადიგმაში. ესაა ტოტალობა, ერთი მთლიანი სივრცე, რომელიც ამტკიცებს რომ თანასწორობის გარეშე თავისუფლება არ არსებობს, რომ ინდივიდი უფრო დაცულია როცა ძლიერი თანამშრომლობაა, ხოლო ყველაფერი ერთად იძლევა საუკეთესო შედეგს, როგორც პრაგმატულად ისე ეთიკურად.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ