ალექსანდრა აროშვილი: ცნობიერების ლინგვისტური დაბრკოლებები სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში

ალექსანდრა აროშვილი. ჟურნალისტი, პოლიტიკური აქტივისტი. მოძრაობა "თვითორგანიზების ქსელის" წევრი.
ალექსანდრა აროშვილი.
ჟურნალისტი, პოლიტიკური აქტივისტი. მოძრაობა “თვითორგანიზების ქსელის” წევრი.

როდესაც ვცდილობთ დაველაპარაკოთ ადამიანებს მათი უფლებების შესახებ, ჩვენს სათქმელს – ანუ ტექსტებს, მათ სხეულებს – ვაწყობთ იმ ცნებებისაგან, რომელთა მნიშვნელობებიც ვიცით. ეს ცნებები მყარადაა გამჯდარი ჩვენს აზროვნებაში იმიტომ, რომ მათით ვოპერირებთ ანალიზისას, ისინი გვხვდება ლიტერატურაში ან ყოველდღიური, სპეციფიკური შეხება გვაქვს მათთან – ერთი სიტყვით გაგვაჩნია გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებთან მუშაობისა.

პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ვიწყებთ ამ საკითხებზე  – ამ ცნებებით სხვებთან საუბარს, უფრო კონკრეტულად, მათთან – ვინც მნიშვნელოვნადაა მოწყვეტილი აღნიშნულ მეცნიერებებს, არ მუშაობს მსგავს საკითხებზე და არ კითხულობს მსგავსი ტერმინოლოგიით გაჟღენთილ ლიტერატურას. ასეთ შემთხვევებში ძირითადად არ დგება კავშირი მოსაუბრესა და მსმენელს შორის, რადგან არ არის გათვალისწინებული ის განსაკუთრებული სიფრთხილე ენობრივი თვალსაზრისით, რომელიც ერთ-ერთი უპირველესი გარანტორია იმისა, რომ ადრესატმა მიიღო და აღიქვა მესიჯი. ერთი სიტყვით, ტექსტებისა და გადასაცემად გამზადებული ინფორმაციის სტრუქტურირებისას, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ვიყავით მაშინ, როცა ეს ცნებები გაურკვეველი იყო ჩვენთვის და ნელ-ნელა ხდებოდა ხელშესახები, უფრო ზუსტად კი , უნდა დავბრუნდეთ „არაცნობიერ მდგომარეობაში“, სადაც აზროვნების სტრუქტურაში მოქმედებენ გაბატონებული ენობრივი კლიშეები, რომლებიც თითქოს  ავტომატურ რეჟიმშია ჩართული ინფორმაციის აღქმისას და არა ანალიზის შესაძლებლობას, არამედ თავის გარშემო, საერთო სოციალურ გარემოში არსებულ პოპულარულ და მზა ინტერპრეტაციებს ინახავს საკუთარ თავში.

დავკონკრეტდეთ: როდესაც ვსაუბრობთ ადამიანებისათვის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების მინიჭებაზე, ეს აღიქმება, თითქოს ვსაუბრობთ რაღაც განყენებულზე და ყოველდღიური ცხოვრებისაგან მოწყვეტილ ღირებულებებზე, რომლებიც მეორეხარისხოვანია ჩვენს „სულიერ, ემოციურ და ტრაგიკულ ყოფასთან“ მიმართებაში. ამ ცნებებს შეგნებულად ვიყენებ იმისთვის, რომ ავხსნა ჩვენი (უდიდესი უმრავლესობის) აზროვნების სფეროში გაბატონებული ენობრივი დამოკიდებულებები ჩვენი ყოველდღიურობის მიმართ, ავხსნა ის ცნებითი სტრუქტურები, რომლებითაც აღვწერთ რეალობას, სინამდვილეში კი არ აღვწერთ მას და ვანიჭებთ აზრისაგან დაცლილ მნიშვნელობას, რადგან თავად ეს ცნებებია დაცლილი მნიშვნელობებისაგან ყოველდღიურობასთან მიმართებაში. მაგალითად: მოცემულობაში, რომელშიც ვცოცხლობთ, სულიერი ყოფა არ არსებობს მატერიალური ყოფის გარეშე – ეს  ლოგიკა შემდეგნაირად სტრუქტურირდება უფლებების მოთხოვნასთან მიმართებაში – რომ „სულიერი“ განვითარება შეუძლებელი იქნება არა მატერიალური, არამედ მატერიალისტური განვითარების გარეშე (სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარების); ტრაგიკული ყოფა- ისტორიული სიტუაციის – ანუ ადამიანთა ჩაგვრისა და ექსპლუატაციის შედეგია, რაც პირდაპირაა დაკავშირებული სოციალური/პოლიტიკური/ეკონომიკური უფლებების არქონასთან, „ემოციური ყოველდღიურობა“ კი –  ფეტიშებისა და კულტურული ინსპირაციების მიერ რეალობის შენიღბვაა, მაშინ როცა რეალობა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკურია. ჩვენს ნებისმიერი ტიპის ყოველდღიურობას (რაც არ უნდა ვიგულისხმოთ ყოველდღიურობაში,  ანუ ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება ზემოაღნიშნულ ცნებებზე მაღლა დავაყენოთ), სწორედ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების ქონა/არქონა ქმნის და განაპირობებს. მაგალითად, თუ „ემოციას“ ვაყენებთ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ან პოლიტიკურ უფლებებზე მაღლა, „ემოციაში“ ჩვენ შეიძლება ვგულისხმობდეთ არა რაღაც აბსტრაქტულს, რასაც გამოხატავს ეს ცნება თავის საფუძველში, არამედ რაიმე ძალიან კონკრეტულს – ადამიანურ ურთიერთობებს, რომლებიც სინამდვილეში სწორედ სოციალური/ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების ქონა/არქონით ყალიბდება ისეთად, როგორიც გვაქვს ან გვინდა გვქონდეს.

საქმე იმაშია, რომ რეალობის აღსაწერად არ ვარჩევთ სწორად ცნებებს, არც საკუთარი პრაქტიკის სახელდებისას და მეტიც, მოსმენილ ცნებებს, რომლებიც სწორადაა შერჩეული, იგნორირებას ვუკეთებთ. ამით მინდა ვთქვა, რომ ეს გაუცხოება ტერმინებისადმი -„სოციალური“ „პოლიტიკური“ „ეკონომიკური“ – წმინდად აზროვნების ლინგვისტური ჩარჩოსა და ლოკალურ გარემოში ჩამოყალიბებული მყარი ენობრივი ველის პრობლემაა, რაც ძალიან ლოგიკურად და მიზეზშედეგობრივადაა გამოწვეული ისტორიული პოლიტიკური და რელიგიური დომინანტა -ს მიერ ეტაპობრივად ნაკარნახევი წესებისაგან. ეს წესები, ნორმები და მიდგომები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო აუცხოვებენ ადამიანებს თავიანთი ყოველდღიურობისაგან არა მხოლოდ მათი მოქმედების შესაძლებლობათა ჩარჩოებში, არამედ მათი განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან და საშიშ ნაწილში – ინფორმაციის აღქმა/გადამუშავების მდგომარეობაში, რაც წარმატებით ხორციელდება სხვადასხვა აბსტრაქტული ღირებულებების პროპაგანდირებით, რომლებიც გამოითქმის ცნებებით, რომელთა მნიშვნელობაც დაცლილია საკუთარი მნიშვნელობებისაგან. ეს ცნებები ბუტაფორიული ელემენტებია და ისინი ჩვენ დავისწავლეთ როგორც საპასუხო რეაქცია  ჩაგვრაზე.  ჩაგვრა – თავის თავად, არ არის განყენებული ცნება, არ ასოცირდება კონკრეტულ შემთხვევებთან, დანაშაულებრივ გამონაკლისებთან – ჩაგვრა ჩვენი ყოველდღიურობაა და ყველაზე ზედაპირულად ის გამოიხატება იმაში, რომ მყარი დოგმატური სისტემები (სახელმწიფო, ეკლესია, კულტურა) გვაქცევენ გარკვეულ სტრუქტურაში, საიდანაც გამოღწევა თითქმის შეუძლებელია და თუ შესაძლოა, დაკავშირებულია სოციალური გარემოსაგან მთლიანად მოწყვეტასთან. ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა განსხვავებულად ვაზროვნებდეთ, არ ვეთანხმებოდეთ და ვაკრიტიკებდეთ არსებული წესრიგის სტრუქტურას, პოლიტიკურ უსამართლობას ან ეკონომიკურ უთანასწორობას, ან გნებავთ „უნივერსალურის“ ამბიციის მქონე დირექტიულ კულტურულ ღირებულებებს, ჩვენი ნებისმიერი ინტერაქცია ამ წესრიგში, ამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ წყობაში თუ კულტურულ გარემოში, ერთი სიტყვით ნებისმიერი ინტერაქცია სოციალურ გარემოში ჩვენ გვაქცევს ამ სისტემის ენობრივ ველში, მაშინ როცა ჩვენი (სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან შეხების მქონე ნაწილის) ენობრივი აზროვნება ნელ/ნელა თავისუფლდება ცნებათა აღქმის კლიშეებისგან. ამ დაპირისპირებით გვეწყება ცნებითი კრიზისი – ვზივართ ენობრივი ველის გალიაში, ვეხეთქებით აზროვნების ლინგვისტური ჩარჩოების კედლებს.

და ვეხეთქებით სწორედ მაშინ, როდესაც ვცდილობთ დაველაპარაკოთ სხვა ადამიანებს მათი უფლებების შესახებ, მაშინ როცა მათი აზროვნების ლინგვისტური ნაწილი ანუ ინფორმაცის აღქმის უნარი მთლიანად გაუცხოებულია ცნება „უფლებებთან“, განსაკუთრებით კი გაუცხოებულია ცნებებთან „სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური“.. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ცნებების მონაწილეობით გადაცემული ინფორმაციიდან ან შედგენილი ტექსტიდან ისინი აზრს ვერ გამოიტანენ, ვერ გაიგებენ რაზეა საუბარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის აღქმის მომდევნო საფეხური – გადამუშავება – არ მოხდება,  რადგან ეს ცოდნა ზედაპირულ ცოდნად დარჩება, ეს ცოდნა – ამ ცნებების ხშირი, მაგრამ გაუანალიზებელი მოსმენისაგან დაღლილი ცოდნაა რომელიც არ დამუშავდება და შესაბამისად ამ ცოდნას ინფორმაციის ადრესატები ვერ გამოიყენებენ პრაქტიკულად.

ამიტომ, სოციალურ-პოლიტიკური განმანათლებლობის ნებისმიერი ეტაპის დაწყებამდე, ლოკალურ კონტექსტთან მიმართებაში კარგად უნდა განისაზღვროს მთელი ის ლინგვისტური ტოპოლოგია და ცნებების ერთობლიობა, რაც თავმოყრილია ამა თუ იმ სოციალურ/პოლიტიკურ/ეკონომიკურ მეცნიერებაში ან სოციალური უფლებებისათვის ბრძოლის ისტორიის თეორიულ დისციპლინებში. აუცილებელია დადგინდეს მათი რეალური მნიშვნელობები და შეედაროს ისინი მათ დღეს არსებულ, გავრცელებულ და გაბატონებულ მნიშვნელობებს – რომელთა შორისაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უკიდურესი აზრობრივი განსხვავებებია.

სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებები მთავარი უფლებებია , ანუ მთავარი ცნებებია სინამდვილეში და ისინი ლინგვისტურადაა მარგინალიზებული, როგორც რაღაც განყენებული, დამატებითი, მეორეხარისხოვანი და დამოუკიდებელი ჩვენი ცხოვრების წესისგან, მაშინ როცა ამ უფლებების ფორმირებით ვითარდება კაცობრიობა დასაბამიდან დღემდე და მისით იქმნება. ამ უფლებების მოპოვებისთვის ბრძოლა განსაკუთრებით რთული იყო ყველა ეპოქაში, ეს იყო ერთგვარი პროცესი, რასაც ეწირებოდნენ სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანები – სამართლიანობა კი – როგორც ცნება, ასევე არ არის განყენებული და აბსტრაქციულ-ღირებულებითი, როგორც რაღაც შინაგანი მოთხოვნა, რომლის სემანტიკურ წყაროსაც ვერ დაადგენ -სამართლიანობის განცდა თანასწორობის სურვილია და მას საფუძვლად უდევს ადამიანის ლოგიკური ამბოხი და საპასუხო რეაქცია ჩაგვრაზე – რომ თუ იქნება თანასწორობა, მას ვეღარ დაჩაგრავს მასზე აღმატებული, რადგან ჩაგვრის საფუძველი ყოველთვის და ყველგან მხოლოდ ერთია – უთანასწორობა.

უთანასწორობა -ც შეუძლებელია, თავის მხრივ, იყოს აბსტრაქტული, როგორც ცნება, წარმოადგენდეს ადამიანთა ბუნებრივ მოცემულობას, რომ ვიღაც ვიღაცაზე კარგი, ნიჭიერი, ბოროტი ან მდიდარი იბადება. ყოველგვარი ტიპის უთანასწორობა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების არათანაბარი ხელმისაწვდომობითაა გამოწვეული და სწორედ ამიტომ არის ეს ცნებები მთავარი ცნებები, ეს უფლებები კი მთავარი უფლებები.  იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ყოფა – „ჩვენი სულიერი, ემოციური და ტრაგიკული ყოფა“ – ანუ ის, რაც ჩვენი აზროვნების დამახინჯებულ ენობრივ ველში პირველხარისხოვნად ჟღერს.

2014 წ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ