მაიკლ ჯეკობსი: მწვანე სოციალ-დემოკრატია

© Social Europe 2015

ივანე აბრამაშვილის თარგმანი

ჩვენ ვცხოვრობთ კაპიტალიზმის არა ერთ, არამედ ორი კრიზისის ეპოქაში. პირველი – ეკონომიკური კრიზისი, რომელიც განვითარდა 2008 წლის ფინანსური კრახის შემდეგ – ამაზე ყველამ იცის. მეორე  შედარებით უცნობია. ესაა გლობალური ბუნებრივი გარემოს  კრიზისი.

რა თქმა უნდა გარემოს დამცველები 50 წელზე მეტია გვაფრთხილებენ „ბუნებრივი გარემოს კრიზისზე“ იქნებოდა ეს საკვების ქიმიური დამუშავება, ჰაერის დაბინძურება, ტროპიკული ტყის განადგურება თუ კლიმატის ცვლილება. მიუხედავად ამისა, მე ტერმინს მისი პირვანდელი მარქსისტული გაგებით ვიხმარ. კაპიტალიზმის კრიზისი ჩნდება მაშინ, როცა სისტემის დინამიკა და ძალები იმ ზღვრამდე აიყვანენ ხარჯებსა და რისკებს, რომ ისინი საბოლოოდ თავადვე გამოუთხრიან ძირს საკუთარ თავს, შექმნიან რა მარადიულ სპირალს, რომლიდან თავის დაღწევა მხოლოდ სახელმწიფო ჩარევით იქნება შესაძლებელი – იმ მთავრობების მიერ, რომლებიც კაპიტალიზმს საკუთარი თავისგან იცავენ.

ესაა ზუსტად ის, რაც 2008 წლის შემდეგ ხდება ეკონომიკაში. სესხებისა და კრედიტების მერყევმა ბუმმა, რომელიც გამოწველი იყო ფინანსური სექტორის არნახული გაფართოებით, მიგვიყვანა აქტივების ფასების გაბერვამდე და შემდგომ კოლაფსამდე, ამას კი მოჰყვა ხარჯვის შემცირება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია წარმოების შესუსტება და უმუშევრობის ზრდა. იმ ჭაობიდან, სადაც ამ მოვლენების შემდეგ აღმოჩნდა ეკონომიკა, თავის დახსნა მხოლოდ მასიური სახელმწიფო ჩარევით გახდა შესაძლებელი – საწყის ეტაპზე ბანკების ფინანსური დახმარებით, შემდეგ კი მოთხოვნის დიდი ოდენობით  ინექციით, ჯერ ფისკალურის (სტიმული) მერე მონეტარულის (რაოდენობრივი შემსუბუქება), ეს პროცესი კი  ჯერ კიდევ არ დასრულებულა არცერთ  უდიდესი ეკონომიკის მქონე დასავლურ ქვეყანაში.

ესაა კაპიტალიზმის კრიზისი მისი ზუსტი გაგებით, რომ კაპიტალისტურმა დინამიკამ საფუძველი გამოაცალა საკუთარ სისტემას, ლამის ბოლო მოუღო მას და მისი აღდგენა ვერც მოხერხდებოდა რომ არა სახელმწიფო დახმარება.

 


ბუნებრივი გარემოს კრიზისი ახლა სწორად ამგვარია. ეს ყველაზე ნათლად გამოხატულია კლიმატის ცვლილებაში. უკვე ცნობილია რომ ენერგიის ძირითად წყაროდ გლობალური ეკონომიკა ვეღარ გამოიყენებს წიაღისეულ საწვავს: მათ შემცველობაში არსებული ნახშირბადი, თუკი მოხვდება ატმოსფეროში, გამოიწვევს კლიმატის ცვლილებას იმ დოზით, როგორიც უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის შემდეგ არ მომხდარა. როგორც მსოფლიო ბანკის მიერ ახლახანს გაკეთებულ გამაფრთხილებელ განცხადებაშია ნათქვამი, გაფრქვევის არსებული ტემპები შუა საუკუნისთვის გამოიწვევს გლობალურ დათბობას სულ მცირე 4 გრადუსი ცელსიუსით, რაც თავის მხრივ გამოიწვევს „კატაკლიზმური ცვლილებების კასკადს“, მათ შორის ამინდთან დაკავშირებულ კატასტროფებს, გლობალური საკვები მარაგის შემცირებას და ზღვის დონის აწევას, რაც ასობით მილიონ ადამიანზე მოახდენს გავლენას. როგორც სტერნის ანგარიშმა აჩვენა, ადამიანური დანახარჯი გვერდით რომც გავწიოთ, მიმდინარე საუკუნეში ამგვარი მოვლენებით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგი გაუტოლდებოდა ორი მსოფლიო ომისა და დიდი დეპრესიის დანახარჯებს. წიაღისეულ საწვავში განუწყვეტელი ინვესტირებით, კაპიტალიზმი ძირს უთხრის საკუთარ თავს.

 


თუმცა კრიზისი ამაზე დიდი მოცულობისაა. ნახაზი 1 აჩვენებს 1900 -2010 წლების მონაკვეთში 33 სხვადასხვა საქონლის ფასების ინდექსს, დაწყებული რკინის მადნით, სპილენძითა და ალუმინით დამთავრებული სოიოთი, ყავითა და ბამბით. მოცემული ნახაზი საინტერესო ფენომენს ასახავს. ასი წლის განმავლობაში,  დაახლოებით 2000 წლამდე, საქონლის ფასები წლიურად საშუალოდ 1.2%-ით ეცემოდა, რაც საუკუნის მანძილზე, ჯამში,  მათ 70 %-ით შემცირებას უდრიდა. თუმცა, ბოლო 10 წელში, ფასების მკვეთრდა ზრდამ წარსულში მოიტოვა მანამდე არსებული ასწლოვანი ტენდენცია და საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ფასების დონეს ორჯერ გადააჭარბა. როგორც საინვესტიციო ფონდის მენეჯერი, ფილანტროპი და ამ მაჩვენებლების შემგროვებელი ჯერემი გრენთჰემი ამბობს, სწორედ ესა „ყველა რადიკალური ცვლილების მშობელი.“

ახლა შევხედოთ ნახაზ 2-ს. ის აჩვენებს მსოფლიო საკვებისა და ენერგიის ფასებს ბოლო 6 წლის განმავლობაში. 2008 წელს ორივე ზემოთ ავარდა, შემდგომ კი მოულოდნელად დაეცა როცა ფინანსურმა კრიზისმა მკვეთრად შეამცირა მოთხოვნა. თუმცა მას მერე, როცა გლობალური ეკონომიკური ზრდა ნელ-ნელა იწყებდა მომჯობინებას, საკვების ფასები კვლავ დაუბრუნდა და გადააჭარბა 2008 წლის პიკს, ხოლო დღეს ბარელი ნავთობი 100 დოლარზე მეტი ღირს. რატომ? იმიტომ, რომ მიწოდებას არ ძალუძს აჰყვეს მოთხოვნის ტემპებს. თანამედროვე ბუნებრივი გარემოს კრიზისი არა უბრალოდ ერთი თავშეუკავებელი დაბინძურებაა, არამედ რესურსების არაადეკვატური მიწოდებაა – თანამედროვე ეკონომიკური პირობების ქვეშ არსებული სამყაროს ბუნებრივი გარემოს უუნარობა გამოიმუშაოს საკმარისი ენერგია, საკვები და სხვა საქონელი რომ სტაბილური ფასებით შესაბამისობაში მოვიდეს მოთხოვნასთან.

რა თქმა უნდა ახალი ფასები აჩქარებენ ახალი მოთხოვნის გაჩენას – ეს ბუნებრივი უკურეაქციული მექანიზმია. თუმცა ვერცერთ სფეროში მიწოდება ვერ მოდის მოთხოვნასთან შესაბამისობაში. მიზეზი კი რთული მოსაძებნი არაა. მსოფლიო მოსახლეობის მეექვსედით, ჩინეთის წლიური 7–8%–იანი ზრდა ისრუტავს წარმოუდგენლად დიდი ოდენობით რესურსს. ჩინეთი მოიხმარს მთელ მსოფლიოში ნაწარმოები ცემენტის ნახევარზე მეტს და რკინის მადნის, ფოლადის, ქვანახშირის, ტყვიის, თუთიის, ალუმინის, სპილენძის, ნიკელისა და თუნდაც ღორის ხორცისა და კვერცხის მესამედს. უბრალოდ შეუძლებელია, ასეთი სისწრაფით მზარდი, ასეთი სიდიდის ეკონომიკისთვის, რომ გავლენა არ მოახდინოს რესურსების გლობალურ ხელმისაწვდომობაზე – და რა თქმა უნდა ნახშირბადის გამოყოფასა და ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს შემცირებაზე, რაც თან სდევს ინდუსტრიულ ძრავას. ამგვარი ფასების ზრდა უკვე ანელებენ ჩინეთის ეკონომიკის ზრდასა და მასთან ერთად დანარჩენი გლობალური ეკონომიკისაც.

წარსულში გარემოსთან დაკავშირებული ზარალი ძირითადად ეკონომიკურ პერიფერიებს ატყდებოდა თავს – ჰაერის დაბინძურება ღარიბ ურბანულ არეალებში, მომწამლავი ნაგავსაყრელები, თევზის მარაგების ამოწურვა და ტროპიკული ტყეების განადგურება. ეს ასე აღარაა. ახლა რესურსების სიმწირე ფასებზე გავლენას სწორედ გლობალური ეკონომიკის ცენტრში ახდენს, სადაც ჩანაცვლება ძნელია და წარმოების გაუმჯობესება არ შეესაბამება მოთხოვნის ზრდას. მაგალითად, განსაცვიფრებელი კავშირი არსებობს ენერგიის ფასების აწევასა და ბოლო 40 წლის მანძილზე ა.შ.შ–ის რეცესიას შორის. მხოლოდ ერთი გამონაკლისით, მაშინვე ან საკმაოდ მალე, ნავთობის ფასების გაორმაგება ამერიკაში ყოველთვის ასოცირდება წარმოების ვარდნასთან. სრულებითაც არაა რთული დავინახოთ თუ რატომ ხდება ასე. ენერგია მნიშვნელოვანი დანახარჯია ყველა განვითარებული ქვეყნისთვის და მისი ფასების გაორმაგებას სერიოზული ზეგავლენა აქვს, როგორც წარმოებაზე, ისე მომხმარებლების მსყიდველობით უნარიანობაზე. ერთ–ერთ მიზეზი იმისა, თუ რატომაა ეკონომიკური გამოცოცხლება რთულად მისაღწევი, არის სწორედ ეს უყურადღებოდ დატოვებული ფენომენი: მაშინვე როცა ზრდა განახლდება, სიმცირის გამო გაძვირებული ენერგო ფასები ზემოთ იწევენ და ანადგურებენ მას.

ამგვარი გაგებით, ბუნებრივი გარემოს კრიზისი ამჯერად და, უკვე საბოლოოდ, უნდა შეფასდეს არა როგორც მხოლოდ ეკოსისტემების კრიზისად, ანდა ადამიანთა სიცოცხლის, არამედ კაპიტალიზმის კრიზისად, ამგვარად კი კაპიტალიზმის ზრდის დინამიკა თავადვე ასუსტებს საკუთარ თავს. ვინაიდან ენერგიის, საკვების, მიწის, წყლის, თევზის სარეწებისა და საქონლის დეფიციტი ერწყმის კლიმატის ცვლილების, ოკეანის მოწამვლისა და საცხოვრებელი არეალების შემცირების შედეგებს. გლობალურ ეკონომიკას ემუქრება მძიმე უკუეფექტური დანახარჯები, რომელიც უკვე ახდენს გავლენას და მომავალშიც მოახდენს მის უნარზე განაგრძოს ზრდა. როგორც შარშანდელ Stokholm Resilience Centre–ის გამოსაფხიზლებელ ანგარიშშია ნათქვამი, ჩვენ გადავედით კაცობრიობის ისტორიის ახალ ფაზაში, სადაც ჩვენ ვუახლოვდებით ბიოფიზიკურ „პლანეტარულ საზღვრებს“, რომელიც უზრუნველყოფს „უსაფრთხო სამუშაო სივრცეს კაცობრიობისთვის.“

რას ნიშნავს ეს ყველაფერი მემარცხენეობისთვის? ეს ნიშნავს რომ ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ჩვენი შეხედულებები კაპიტალიზმისა და სოციალური დემოკრატიის შესახებ.

თანამედროვე სოციალური დემოკრატია წარმოიშვა მე–20 საუკუნეში რათა ემართა კაპიტალიზმი, რომელიც იყო უუნარო თავად გაეკეთებინა იგივე. გასული საუკუნის პირველ ნახევარში დასავლური კაპიტალისტური ეკონომიკები თავადვე  აცლიდნენ საძირკველს კაპიტალის დაგროვებასა და ზრდას იმით, რომ არ შეეძლოთ საკუთარი მუშებისთვის მიეცათ შესაფერისი კეთილდღეობა. დაბალი შემოსავლები, ცუდი საცხოვრებელი პირობები. არაადეკვატური განათლება და გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა იწვევდა შრომითი ნაყოფიერების დაბალ დონეს და შეუფერებელ სამომხმარებლო მოთხოვნას კაპიტალიზმით ნაწარმოებ პროდუქტებზე. 1929 წლის ფინანსური კრიზისის დროს კაპიტალიზმი ჩაეფლო კრიზისში და იქიდან ვერც ამოვიდოდა სახელმწიფო დახმარების გარეშე – ამერიკაში რუზველტის „ახალი კურსით, ევროპაში კი ხელახალი შეიარაღებითა და ჯამში ომის დაწყებით. 1945 წლის მერე სოციალ დემოკრატებმა (და კონტინენტურ ევროპაზე, ქრისტიან დემოკრატებმა) იხსნეს დასუსტებული კაპიტალისტური სისტემა საკუთარი თავისგან. მათ შექმნეს კეთილდღეობის სახელმწიფოები, საშუალო და უმაღლესი განათლება და ეროვნული ჯანდაცვის სისტემები, რომელიც ხელს უშლიდა ტოტალურ სიღარიბეს და ამაღლებდა შრომით პროდუქტიულობას. ძლიერმა პროფკავშირებმა აამაღლა მშრომელთა ეროვნული შემოსავლის წილი, რამაც შემდეგ უკვე თავად გაზარდა მოთხოვნა სამომხმარებლო პროდუქტებსა და სერვისებზე. მთავრობებმა მოახდინეს უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიების ნაციონალიზაცია რათა გარანტირებულად ჩადებულიყო ფული ინფრასტრუქტურაში და გამოიყენეს კეინსიანური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რომ შეენარჩუნებათ სრული დასაქმება. ამავდროულად სოციალ–დემოკრატებმა დოვლათის შემქმნელი პროდუქტების გამოყენებით დაიწყეს საკუთარი წმიდათაწმიდა სოციალური მიზნების განხორციელება – უთანასწორობის შემცირება, უნივერსალური სოციალური უზრუნველყოფა, საყოველთაო განათლება და ხელოვნებისა და კულტურის ყველასთვის ხელმისაწვდომობისთვის ხელშეწყობა.

თანამედროვეობასთან პარალელები ცხადი და ნათელია. კიდევ ერთხელ, მხოლოდ მთავრობებს შეუძლიათ კაპიტალიზმი იმ ფსკერიდან ამოიყვანონ რომელზეც ის დაეშვა. დღეს ჩვენ ასევე გვესაჭიროება ვმართოთ  იმ სისტემის მხრიდან გარემოზე ზემოქმედება, რომელიც ანადგურებს იმ საფუძვლებს, რომელზედაც თავად დგას.

ეს ნიშნავს, რომ უნდა რეგულირდეს ის რესურსები და ენერგია, რომელიც მოიხმარება ეკონომიკაში, რათა არ გასცდნენ მდგრად ჩარჩოებს. ჩვენ ვიცით ეს როგორ უნდა გაკეთდეს. ნახშირბადის ფასი უნდა იყოს საკმარისად მაღალი იმისთვის, რომ ყველაზე დამაბინძურებელი საწვავის, ქვანახშირის, დაწვა გახადოს წამგებიანი და ინვესტიციები მიმართოს ეფექტიანი ენერგიის წყაროებისკენ. სანამ ისინი ჯერ კიდევ ძვირია წიაღისეულ საწვავთან შედარებით, უნდა მოხდეს „მწვანე ტარიფით“ განახლებადი ენერგო რესურსების სუბსიდირება, როგორიცაა ქარი და მზე. ამგვარი წყაროებიდან მიღებულ ცვალებად ენერგიას ზურგს უნდა უმაგრებდეს ატომური ენერგია ან ბუნებრივი აირი, რომელიც რა თქმა უნდა ნახშირბადის შემაკავებელი და შემნახავი ტექნოლოგიებით უნდა გამოიყენებოდეს, ისევე როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული „გონიერი“ ქსელით, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ საწარმოდან ელექტროენერგია  მოხმარების ადგილს გადაეცემა მიწოდებასთან რეგულირებული მოთხოვნით. სატრანსპორტო საწვავად აუცილებელია რომ ნავთობი ეტაპობრივად ჩანაცვლდეს დეკარბონიზებული ელექტროსისტემით. ამასთანავე ჩვენ გვჭირდება მივმართოთ ფასების კალკულაციას, რეგულაციებს, დაგეგმარებულ მიწის გამოყენებასა და საჯარო ხარჯვას, რათა ინვესტირება სტიმულირდეს ეფექტიან  რესურსებში, ყველა სექტორში დაწყებული სოფლის მეურნეობითა და წყალმომარაგებით დამთავრებული მინერალებითა და საქონლის წარმოებით. საჯარო მხარდაჭერა აუცილებელი იქნება ახალი მწვანე ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარებისთვის. ჩვენ გვჭირდება შევზღუდოთ დამაბინძურებელი ნარჩენები და მოვახდინოთ სამომხმარებლო სტრუქტურის რეორგანიზება, რათა ბიძგი მივცეთ ხელახლა გამოყენებასა და გადამუშავებას. ჩვენ უნდა შევზღუდოთ თევზის მოპოვება და ტყეების გაჩეხვა მათი გრძელვადიანი მდგრადი სარგებლიანობისთვის. უნიკალური არსებები უნდა იქნან დაცული მათი კონსერვაციიდან მიღებული აღმატებული ფასეულობით. ბევრ ამგვარ სფეროში ჩვენ გვჭირდება მივაღწიოთ საერთაშორისო შეთანხმებებს რათა დავრწმუნდეთ, რომ ზოგი ქვეყანა სხვების თავდადების ხარჯზე არ აირიდებს ვალდებულებებს.

არცერთი ამათგანი უკვე აღარაა მხოლოდ თეორია. მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყნებსა და ინდუსტრიებში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა უკვე ხორციელდება. მაგრამ ეს არ ხდება საკმარისად ბევრ ქვეყანასა თუ ინდუსტრიებში და არც საკმარისი სისწრაფით, შედარებით ზრდისა და რესურსების მოხმარების ხასიათთან, რომელიც ახლა კრიზისისკენ მიგვაქანებს. ასე რომ, ეს სოციალ–დემოკრატიის ახალი ამოცანაა.

წარსულში ეს მარტივი სულაც არ იქნებოდა. ტრადიციულად მემარცხენეები გარემოს დაცვას უყურებდნენ როგორც ფუფუნებას, რომელიც მხოლოდ დოვლათის დაგროვების შემდეგ იქნებოდა ხელმისაწვდომი. გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომელიც ინდუსტრიებს დამატებით ხარჯებს უწესებდა სარისკო იყო ეკონომიკური  ზრდის  და დასაქმების შემცირების მხრივ. გარემოს დაცვა წარმოადგენდა საშუალო კლასის მიერ სტიმულირებულ მოძრაობას, რომელსაც საფუძვლად არ ედო ეკონომიკური ინტერესები.

თუმცა ეს უკვე ასე აღარაა. დღეს გარემოს დაცვის ყველაზე გავლენიანი ქომაგები ალბათ არიან არა ტრადიციული მწვანე არასამთავრობო ორგანიზაციები – Friends of the Earth, Greenpeace და მსგავსნი– არამედ მწვანე ეკონომიკაში სწრაფად ზრდადი მსხვილი კორპორაციები. მწირი რესურსებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკიდან მომდინარე წნეხის ქვეშ, ბოლო 20 წლის მანძილზე სრულიად ახალი ინდუსტრიული სექტორი წარმოიშვა, რაც ყველა წამყვანი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. მსოფლიო მასშტაბით, დაბალკარბონიანი და გარემოსდაცვითი სექტორის ღირებულება 3.3 ტრილიონი ფუნტია, რითაც იგი ავიაკოსმოსური ინდუსტრიის სიდიდეს აღემატება.  ბოლო წლების მანძილზე, კრიზისის შემდგომ პერიოდშიც კი, მისი წლიური ზრდა აღემატებოდა 3%–ს, რაც მომავალი ათწლეულისთვისაც შენარჩუნდება ან გაიზრდება. გაერთიანებული სამეფო ამ ბაზრის წილით, დაახლოებით 4%, მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში.ახლა, 120 მილიარდი ფუნტის ღირებულების ბრიტანული სექტორი წლიურად 4%–ით იზრდება, რაც არცთუ ისე ხშირია მსხვილ სექტორებს შორის. ის უკვე ქმნის მილიონამდე სამუშაო ადგილს.

ბოლო წლების მანძილზე ინდუსტრიულმა სექტორმა ზრდასთან ერთად, შეცვალა ეკონომიკური მტკიცებულებები და ნარატივი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შესახებ. ახლა უკვე ვეღარავინ იტყვის, რომ ამგვარი პოლიტიკა მხოლოდ ტვირთია ეკონომიკური ზრდისთვის, მოაქვს ხარჯები და არა ეკონომიკური კეთილდღეობა. ახლა უკვე ფართოდაა გააზრებული, რომ მწვანე პოლიტიკას შეუძლია იყოს ზრდის მამოძრავებელი. ენერგიისა და რესურსების ეფექტურობას შეუძლია ხარჯების შემცირება, მაშინ როცა ბუნებრივ და მწვანე ენერგიაში ჩადებული ინვესტიციები ასტიმულირებს მოთხოვნას ახალ ტექნოლოგიებსა და მომსახურებაზე, ასევე ახალ სამუშაო ადგილებსა და ექსპორტზე. დამთხვევა არაა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ, მსოფლიო ბანკთან ერთად, გამოსცა მნიშვნელოვანი ანგარიშები, რომლებიც ახდენენ „მწვანე ზრდის“ განხორციელებადობაზე საბაზისო ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკული მტკიცებულებების დემონსტრაციას. ამან დაამტკიცა, რომ სწორად განხორციელების შემთხვევაში, გარემოსდაცვითი პოლიტიკა იწვევს მოკლევადიან დანახარჯებს, თუმცა სინამდვილეში ეს დანახარჯები არის ინვესტიციები უფრო პროდუქტიულ კაპიტალში – ბუნებრივ რესურსებში, ინდუსტრიასა და ინფრასტრუქტურაში –  და შესაბამისად გარკვეული დროის შემდეგ მივყავართ გაზრდილ ეკონომიკურ წარმოებამდე.

ამ ცვლილებას გარემოსდაცვით ეკონომიკაში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სოციალ–დემოკრატებისთვის. აქედან გამომდინარე ის ცვლის პოლიტიკასაც.

როცა სოციალურმა დემოკრატიამ მე–20 საუკუნეში საკუთარი თავისგან იხსნა კაპიტალიზმი, მან ეს შეძლო ძალთა სერიოზული გაერთიანებით. საყრდენს მუშათა კლასი წარმოადგენდა, რომელთაც ორგანიზებას პროფკავშირები, სოციალ–დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიები უწევდნენ. თუმცა უმნიშვნელოვანესი იყო ბიზნესის წრის  ნაწილის დახმარება და მათთან ერთად იმ საშუალო კლასის წარმომდგენლებისაც, რომლებიც ამ სფეროში მუშაობდნენ. შეგვიძლია დავინახოთ თუ ბიზნესის განათლებული ნაწილისთვის რეალური ინტერესები სად მდგომარეობს – არა მათ „თავისუფალი ბაზრის“ დოგმასთან, რომელნიც იცავდნენ კაპიტალიზმს და რომელთა laissez-faire პოლიტიკას არ შეეძლო ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა, არამედ იმათთან, რომელთაც სურდათ გამოყენებინათ სახელმწიფოს როლი მოთხოვნის სტიმულირებაში და აქედან გამომდინარე შეექმნათ ბაზრები ბიზნეს ინვესტიციებისა და წარმოებისთვის. ომის შემდგომ პერიოდში ბიზნესმენთა კლასი საყოველთაოდ უჭერდა მხარს სოციალ–დემოკრატიულ პარტიებსა და მთავრობებს, თუმცა მათგან იმდენი გამოეყო იდეოლოგიურად არქაულ ზედა კლასს, რომ საკმარისი აღმოჩნდნენ მხარდაჭერა მიეცათ კეინსიანური პროგრამისთვისა და კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნისთვის. დიახ, ეს მოიცავდა მათი წილების დიდი მოცულობით მუშებისა და სახელმწიფოსთვის გადაცემას გადასახადების სახით, მაგრამ მათ მიერ წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნით მიღებული მოგება ბევრად აღემატებოდა დანახარჯებს.

ზუსტად იგივე ფენომენი ხდება გარემოსდაცვითი პოლიტიკის თაობაზე. ტრადიციული ბიზნეს შეხედულებების მოსმენა კვლავ შესაძლებელია – ამგვარი პოლიტიკა ცუდია ბიზნესისთვის, ზრდისთვისა და სამუშაო ადგილებისთვის. თუმცა ამგვარ აზრებს აბალანსებს ბიზნესების ის წარმომადგენლები, რომლებიც სარგებელს მიიღებენ ამგვარი პოლიტიკისგან, რომლებიც ხვდებიან, რომ მათი პირადი ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული იმ ეკონომიკის მეშვეობით, რომელიც ფატალურად არ ინგრევა ზრდადი ენერგო ფასებითა და კლიმატის ცვლილებების ზეგავლენით. ამგვარად, როგორც შემოდგომისას მთავრობამ მოამზადა კანონი ენერგიის შესახებ, 50–ზე მეტმა ბრიტანულმა უმსხვილესმა კომპანიამ მოითხოვა 2030 წლამდე ენერგო სექტორში მოხდეს დეკარბონიზაცია, რასაც ასევე 7 უმსხვილესი მწვანე საწარმო დაეთანხმა (მათ შორის სიმენსი, ალსტომი და მიცუბიში), წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიმუქრნენ ბრიტანეთიდან ინვესტიციების გატანით. აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ინდუსტრიის კონფედერაციამაც იმავე პოლიტიკის განხორციელება მოითხოვა. მათი 2012 წლის ანგარიში, ზრდის ფერი (რომელიც ამტკიცებდა, რომ ეს ფერი იყო მწვანე) ნამდვილად წარმოადგენდა გადამწყვეტ მომენტს ამ სფეროში. აქ იყო დაფიქსირებული ბრიტანეთის ბიზნეს წრეების მოთხოვნა, რომელიც ერთხმად მოითხოვდა გაძლიერებულ გარემოსდაცვით პოლიტიკას, იმ საბაბით, რომ ეს ყველაზე მეტად დაეხმარებოდა ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.  პროფკავშირთა კონგრესს კი, თავის მხრივ, ჯერ კიდევ 2009 წელს უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა პირველი ანგარიში იმაზე, თუ რა სარგებელი ექნებოდა დაბალკარბონიან ეკონომიკას დასაქმებაზე.

ასე რომ, როგორც მე–20 საუკუნეში სოციალ–დემოკრატებმა შეკრეს კლასთა და ინდუსტრიათშორისი კოალიცია კეთილდღეობის სახელმწიფოს სასარგებლოდ, იგივენაირად სჭირდებათ დღეს მათ რომ ჩამოაყალიბონ მსგავსი ალიანსი გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ეკონომიკის მხარდასაჭერად. მწვანე პოლიტიკა უკვე აღარაა მხოლოდ საშუალო კლასისთვის დამახასიათებელი მოძრაობა: ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საარჩევნო ძალაა – National Trust–ის ოთხი მილიონი და ადგილობრივი ველური ბუნების დამცველთა მილიონამდე წევრი იმის მაჩვენებელია, რომ ბუნებრივი გარემოს მოვლასთან დაკავშირებული ფასეულობები ქმნიან სამომხმარებლო მატერიალიზმის ძლიერ საპირწონეს – თუმცა ახლა მას უკვე სერიოზული ეკონომიკური ინტერესებიც დაემატა.

ბოლო მთავრობის ვადის დასასრულისკენ, გამოჩნდა, რომ ლეიბორისტულ პარტიას ჰქონდა დაწყებული ამ ყველაფრის გააზრება. მათმა ინოვაციურმა 2008 წლის კლიმატის ცვლილების აქტმა დააწესა  გარემოსდამცავი (ნახშირბადის) ლიმიტები და ეკონომიკა კანონით მოაქცია მის შიგნით. მან შექმნა ეროვნული ეკონომიკური სტრატეგია, დაბალკარბონიანი გადასვლის გეგმა, რომელმაც თავის მხრივ მიგვიყვანა დაბალკარბონიან ინდუსტიულ გეგმასა და მწვანე საინვესტიციო ბანკამდე. ის შეუერთდა მის პარტნიორებს ევროკავშირში რათა მომხდარიყო ნაკლებ ნახშირბადიანი ევროპული ეკონომიკის განვითარება 2020 წლის სამიზნე გაფრქვევის დონეების, ნახშირბადზე ფასების დაწესებისა და განახლებადი ენერგიის მიხედვით.

მის პოლიტიკურ მიმოხილვაში დღეს პარტიას ესაჭიროება ამ ყველაფრის უფრო მეტად განვითარება. მას აქვს კონკრეტული ამოცანა, რომ მოახდინოს სახელმწიფოს როლის ხელახლა განსაზღვრა. მწვანე სოციალურ დემოკრატიას დაჭირდება უფრო გონიერი და აქტიური ეკონომიკური მთავრობა. მას დაჭირდება მიმართოს სხვადასხვაგვარი ტიპის ჩარევას – საგადასახადო სისტემა, რეგულაციები, ინდუსტრიული პოლიტიკა და საჯარო ინვესტიციები – რათა დააყენოს ეკონომიკა მდგრად გზაზე. მან უნდა იმუშაოს არამხოლოდ ეროვნულ ან ადგილობრივ დონეებზე, არამედ საერთაშორისოზეც. ევროკავშირს ამ გადასვლაში სასიცოცხლო როლი ექნება, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ერთიანი ბაზარი გახადოს გლობალური გარემოსდაცვითი სტანდარტების ლოკომოტივი. მწვანე სოციალ–დემოკრატიულ სახელმწიფოს მოუწევს აქტიური თანასწორუფლებიანი პოლიტიკის გატარება, რათა გარემოსდაცვითი ხარჯები უმეტესწილად ღარიბებს რომ არ დააწვეს. ასევე მას მოუწევს საჯარო კონსენსუსის მისაღწევად ახალი გზების შექმნა, რათა ახლანდელ და მომავალ თაობებს შორის არსებული უხილავი კონტრაქტი იქნას გააზრებული და შენარჩუნებული.

აქედან არცერთი არ იქნება მარტივი შესასრულებელი. ამას დაჭირდება რადიკალური ხედვები ოპოზიციაში და გამბედაობა მთავრობაში. თუმცა სწორედ ამგვარად შეძლეს სოციალ–დემოკრატებმა კეთილდღეობის სახელმწიფო შეექმნათ მე–20 საუკუნეში. ჩვენ კი იგივე უნდა გავიმეოროთ 21-ე საუკუნის მწვანე ეკონომიკისთვის.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ