აშშ-ის საარჩევნო კამპანიის მიმოხილვა

2016 წლის 8 ნოემბერს,  მსოფლიო პოლიტიკურ კალენდარში, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებია ჩანიშნული. აშშ–ის მოსახლოებამ  ახალი პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, თუმცა როგორც ყოველთვის, ქვეყნის საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ამომრჩეველთა კოლეგია. ეს უკანასნკელი წარმოადგენს ინსტიტუტს, რომელიც დაკომპლექტებულია 538 „ამომრჩევლით.“ შტატები საკუთარ „ამომრჩევლებს“ პირდაპირი გზით ირჩევენ და მათი რაოდენობა დამოკიდებულია თითოეული შტატის მოსახლოების სიდიდეზე, რომელთა აღწერა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ხდება. უფრო მეტი ვიზუალაციისთვის კი შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველთა კოლეგია არის სენატორთა (100) და თემთა პალატის წარმომადგენელთა (435) ნაკრები, რომელსაც ემატება სამი „ამომრჩეველი“ კოლუმბიის ოლქიდან. საპრეზიდენტო კანდიდატს  გამარჯვებისთვის მინიმუმ 270 ხმა ესაჭიროება. აქედან გამომდინარე წინაასარჩევნო პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობა წარმატებული კამპანიის ჩატარებას ისეთ შტატებში, საიდანაც „ამომრჩეველთა“ მაღალი რიცხვია, მაგალითად: კალიფორნია – 55; ტეხასი – 38; ნიუ იორკი – 29; ფლორიდა – 29; პენსილვანია – 20; ილინოისი – 20.[1]

US election

საპრეზიდენტო კანდიდატებს რაც შეეხება, საწყის ეტაპზე საკმაოდ ბევრი მსურველია. დემოკრატიული პარტიიდან გამოსარჩევია ყოფილი პირველი ლედი, ნიუ იორკის ყოფილი სენატორი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი. კლინტონის გამოსვლებიდან ჩანს, რომ მიუხედავად მისი დიდი გამოცდილებისა საგარეო პოლიტიკაში, ის ფოკუსს მწვავე საშინაო პრობლემებზე მოახდენს, როგორიცაა მინიმალური ხელფასის გაზრდა, მშრომელთათვის ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეების ხელფასის ანაზღაურება, უნივერსალური სკოლამდელი განათლება, გარემოს დაცვა და სხვ.[2] სანდერსი თავის მხრივ ყურადღებას უთმობს შემოსავლებისა და სიმდიდრის უთანასწორობას, რომელმაც ყველაზე მეტად ამერიკის საშუალო კლასი აზარალა და ფინანსური რეფორმის იდეით გამოდის. [3]

წინასწარი გამოკითხვებით რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებიდან ბიზნეს მაგნატი დონალდ ტრამპი და ჯორჯ ბუში უმცროსის ძმა, ფლორიდის გუბერნატორი ჯებ ბუში ლიდერობენ.[4] ორივე მათგანი ეწინააღმდეგება გადასახადების გაზრდას, მოითხოვენ პრეზიდენტ ობამას მიერ ინიცირებული ჯანდაცვის სისტემის საბაზრო მოდელით ჩანაცვლებას და ერთ–ერთ მთავარ პრობლემად ასახელებენ არალეგალი იმიგრანტების შემოდინებას. საგარეო პოლიტიკის კუთხით კი მათი უმთავრესი კრიტიკა ისრაელთან ურთიერთობების დაძაბვასა და ირანთან მიღწეულ ატომურ ხელშეკრულებაზე მოდის. [5][6]

საინტერესოა, რომ შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო პერიოდის ერთ–ერთ ყურადსაღებ და მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება საპრეზიდენტო კანდიდატების სატელევიზიო დებატები. რესპუბლიკური პარტიის ამგვარი პირველი შიდა წინასაარჩევნო დებატი გაიმართა 6 აგვისტოს, რომელმაც დონალდ ტრამპის არაერთი უხამსი და თავშეუკავებელი კომენტარების გამო ერთგვარი კომიკური სახე მიიღო.[7] დემოკრატების შეფასებით აღნიშნული დებატები აცდენილი იყო ამერიკელი ხალხის რეალურ პრობლემებს და „ერთი სიტყვაც არ თქმულა ეკონომიკურ უთანასწორობაზე, კლიმატის ცვლილებაზე, „გაერთიანებულ მოქალაქეებსა“ თუ სტუდენტების ვალებზე.“[8]

კანდიდატებს წინ კიდევ გრძელი, 14 თვიანი გზა აქვთ დარჩენილი, შესაბამისად ამ ეტაპზე დასკვნების გაკეთება საკმაოდ რთულია და საჭიროა მოვლენების ეტაპობრივი ანალიზი.

 

მოამზადა ვანო აბრამაშვილმა

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ