ინტერვიუ ჯორჯო აგამბენთან: უსასრულო კრიზისი, როგორც ძალაუფლებრივი ინსტრუმენტი

მთარგმნელი: გური სულთანიშვილი

agambenლათინთა იმპერია, რომანია გერმანული დომინაციის წინააღმდეგ? იტალიელი ფილოსოფოსი ჯორჯო აგამბენი ხსნის საკუთარ თეზისს , რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და როგორც ჩანს არასწორად გაუგეს.

პროფესორო აგამბენ, როდესაც საუბრობდით იდეაზე, ‘ლათინთა იმპერიიისა’ (1) და გერმანული დომინაციის დაპირისპირებაზე, წარმოიდგენდით რომ ასეთი რეზონანსული იქნებოდა ის? თქვენი ესსე ამასობაში ითარგმნა უამრავ ენაზე და ნახევარი კონტინენტის იქითაც კი მას განიხილავენ…

არა, ნამდვილად არ მოველოდი, თუმცაღა მე ღრმად მწამს სიტყვების სიძლიერისა, რომლებიც არტიკულირებულია სწორ დროსა და სწორ ადგილას.

არსებობს თუ არა ბზარი ევროკავშირში ‘გერმანულ’ ჩრდილოეთსა და ‘ლათინთა’ სამხრეთს შორის, ეკონომიკისა დ ცხოვრების წესის მხრივ?

მინდა ნათელი მოვფინო ყველაფერს, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ჩემი თეზისი გაზვიადებული და დამახინჯებულია ჟურნალისტების მიერ. და ა. სათაური შემდეგია – “ლათინთა იმპერიამ უნდა დაიწყოს კონტრშეტევა”, რომელიც შემოიტანეს „ლიბერაციონის“ რედაქტორებმა და რაც შემდგომში გადაბეჭდეს გერმანულ მედიაში. მე მსგავსი არაფერი მითქვამს, როგორ შეიძლება დავუპირისპიროთ ლათინური კულტურა გერმანულს, როდესაც ნებისმიერმა ინტელექტუალმა ევროპელმა იცის რომ იტალიური კულტურის რენესანსი ანდაც კლასიკური ბერძნული კულტურა დღესდღეობით სრულად შერწყმულია და ნაწილია გერმანულისა, რომელმაც გაითავისა და შეისისხლხორცა იგი!

ანუ, აღარ არსებობს დომინანტი “ლათინთა იმპერია” და უკულტურო გერმანელების დიქოტომია?

ევროპაში, ყოველი კულტურის იდენტობა ძევს საზღვრებთან. გერმანული, როგორიცაა Winckelmann ან Hölderlin შეიძლება იყოს უფრო მეტად ბერძენი, ვიდრე თავად ბერძენი და ფლორენციელი, როგორიცაა დანტე შეიძლება გრძნობდეს თავს გერმანელად, როგორც შვაბიის იმპერატორი ფრიდრიხ II. სწორედ ესაა რაც ქმნის ევროპის იდეას: თავისებურება, სადაც დრო კვლავ სცილდება ნაციონალურ და კულტურულ საზღვრებს. ჩემი კრიტიკის უშუალო ობიექტი არ ყოფილა გერმანია, არამედ იყო ის გზა და პრინციპი თუ როგორ პროექტირდა ევროკავშირი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ ბაზაზე აღმოცენებული ერთობა. შესაბამისად არა მხოლოდ ჩვენი სულიერი და კულტურული ფესვების იგნორირება მოხდა, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივისაც. ეს კი აღქმულ იქნა როგორც გერმანიის კრიტიკად, იმიტომ რომ გერმანიამ, მიუხედავად მისი განსაკუთრებული ფილოსოფიური ტრადიციისა, უკეთესზე ვერაფერზე დააფუძნა ევროპის იდეა, ვიდრე ევრო და ეკონომიკაა.

რა სახით უარყო ევროკავშირმა მისი პოლიტიკური და სამართლებრივი ფესვები?

როცა ჩვენ ვსაუბრობთ დღევანდელ ევროპაზე, ჩვენ ვდგავართ გიგანტური რეპრესიის, როგორც მტკივნეული სიცხადის წინაშე: ევროპის ე.წ. კონსტიტუცია არალეგიტიმურია. ტექსტს რომელსაც ამ სახელით ვიცნობთ არ გამოხატავს ხალხის ნებას, მისთვის არასოდეს მიუცა ხალხს ხმა. ანდაც როცა მისი კენჭისყრა იყო, როგორც საფრანგეთში ისე ნიდერლანდებში 2005-ში, პირდაპირ დაიწუნეს ანუ უარი ეთქვა. სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც ჩვენ წინაშეა ეს არაა კონსტიტუცია, ესაა ხელშეკრულება მთავრობებს შორის, სადაც ხალხის ხმა დაკარგულია: ესაა საერთაშორისო სამართალი და არა საკონსტიტუციო სამართალი. ცოტა ხნის წინ, რესპექტაბელურმა გერმანელმა სამართლის მკვლევარმა Dieter Grimm – მა გაიხსენა ერთი ფაქტი, რომ ევროპულ კონსტიტუციას აკლია ფუნდამენტური, დემოკრატიული ელემენტი – ევროპელი მოქალაქის ხმა და მისი მონაწილეობა.

ეს ნამდვილად ის ცნობილი რამაა, რასაც ეწოდება “დემოკრატიის დეფიციტი” ევროპის სისტემაში…

ჩვენ არ უნდა დაგვრჩეს ეს ფაქტორი თვალთახედვის მიღმა. გერმანელმა ჟურნალისტებმა ბრალი დამდეს იმაში რომ დემოკრატიის არაფერი გამეგებოდა, მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ რომ ევროკავშირი ესაა საზოგადოების საფუძველზე შექმნილი ხელშეკრულება სახელმწიფოებს შორის. ევროპის იდეა, ესაა ტერიტორია სადაც მოწყალების თხოვნა საჭირო აღარ არის. მხოლოდ კონსტიტუციით შეუძლიათ ევროპულ ინსტიტუტებს ლეგიტიმაციის აღდგენა.


ევროკავშირს უყურებთ როგორც უკანონო წარმონაქმნს?

არა უკანონოს, არამედ არალეგიტიმურს. კანონიერება ესაა ძალაუფლების აღსრულების წესების საკითხი,, ლეგიტიმაცია კი – პრინციპია რომელიც საფუძვლად უდევს ამ წესებს. იურიდიული ხელშეკრულებები არ არის მხოლოდ ფორმალობა, არამედ ისინი ასახავენ სოციალურ რეალობას. ყოველი ევროპული სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ეგოისტური ინტერესებისთვის – და დღეს ეს ეგოისტური ინტერესები გამოიხატება პირველ რიგში ეკონომიკურ ინტერესებში. ერთადერთი როცა ისინი ერთიანები არიან, ესაა ის სიტუაცია როდესაც ევროპა ჩნდება როგორც შეერთებული შტატების ვასალი და იღებს მონაწილეობას ომებში, რაც საბოლოო ჯამში მაინც არ გამოხატავს ერთობას, რომ აღარაფერი ვთქვათ ხალხის ნებაზე. ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნები (როგორიცაა მაგალითად იტალია, თავისი, მრავალი ამერიკული სამხედრო ბაზით), არიან უფრო პროტექტორატები, ვიდრე სუვერენული სახელმწიფოები. პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ესაა ატლანტიკური ალიანსი და არა ევროპა.

ამიტომაც გირჩევნიათ ‘ლათინთა იმპერია’, რომელსაც ‘გერმანელები’ მოერგებიან…

არა, ეს იყო ცოტა პროვოკაციული რამ, ყველაფერი ეს მე ავიღე ალექსანდრ კოჟევისაგან, რომელსაც ჰქონდა პროექტი ‘ლათინთა იმპერიაზე’. შუა საუკუნეებში ხალხმა ის მაინც იცოდა რომ განსხვავებული პოლიტიკური საზოგადოებების ერთობა უფრო მეტს ნიშნავდა ვიდრე უბრალოდ პოლიტიკურ ერთობას. იმ პერიოდში გამაერთიანებელი იყო ქრისტიანობა. დღეს მჯერა რომ ლეგიტიმაციის წყარო უნდა იყოს ევროპის ისტორია და მისი კულტურული ტრდიციები. კონტრასტისთვის, აზიელებისათვის და ამერიკელებისათვის, ვისთვისაც ისტორია ნიშნავს პრინციპულად სხვა მოცემულობას, ევროპელები საკუთარ ჭეშმარიტებას იპოვნიან მხოლოდ წარსულთან დიალოგში. წარსული ჩვენთვის არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობა და ტრადიციებია, არამედ ფუნდამენტური ანთროპოლოგიური მდგომარეობა. თუ ჩვენ იგნორირებას გავუკეთებთ საკუთარ ისტორიას, ამით მხოლოდ მომავლის არქეოლოგიას შევქმნით, ხოლო წარსული დარჩება უბრალოდ განსხვავებულ ცხოვრების წესად. ევროპას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს საკუთარ ქალაქებთან, ხელოვნების საგანძურებთან, ლანდშაპტებთან, ის სპეციფიკურ ისტორიას ქმნის და ზუსტად ესაა ის სინამდვილე რითიც ევროპა შედგება. ესაა ის გადარჩენის პრინციპი.

მაშასადამე ევროპა პირველ რიგში ესაა ცხოვრების წესი, ისტორიული ცხოვრების წესის განცდა?

დიახ, სწორედ ამიტომ ჩემ სტატიაში ვამტკიცებდი, რომ ჩვენ უპირობოდ უნდა შევინარჩუნოთ საკუთარი გამორჩეული ცხოვრების ფორმები. როდესაც ისინი ბომბავდნენ გერმანულ ქალაქებს, მოკაავშირეებმა აგრეთვე იცოდნენ რომ მათ შეეძლოთ გაენადგურებინათ გერმანული იდენტობა. ამავე გზით ანადგურებენ იტალიურ ლანდშაფტებს და საავტომობილო გზებს. ეს არაა მხოლოდ ჩვენი საკუთრების გაძარცვა და განადგურება, ესაა ჩვენი ისტორიული იდენტობის მოსპობა.

მაშასადამე ევროკავშირმა აქცენტი უნდა გააკეთოს უფრო მეტად განსხვავებებზე ვიდრე ჰარმონიზაციაზე?

ალბათ, მსოფლიოში სხვაგან არსად არ არის ისეთი მრავალფეროვანი კულტურების და ცხოვრების ფორმების აღქმა როგორც ეს ევროპაშია. მანამდე, პოლიტიკა გამოხატული იყო რომის იმპერიის სახით, შემდეგ რომაულ-გერმანულის. არ არის ადვილი სათქმელი, რა შეიძლება აღმოცენდეს დღეს ამ ადგილას, რამ შეიძლება გამოხატოს პოლიტიკა, თუმცაღა იმის თქმა კი შესაძლებელია რომ პოლიტიკურის არსებობა, რომელსაც ვუწოდებთ ევროპულს, შეიძლება მოხდეს მხოლოდ წარსულის გაცნობიერებით. სწორედ ამ მიზეზით მეშინია დღევანდელი კრიზისის. პირველ რიგში, ერთობა გაცნობიერებული უნდა იყოს განსხვავებულობის ხარჯზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ევროპულ სახელმწიფოებში, სკოლები და უნივერსიტეტები, ანუ ის ინსტიტუციები რომლებმაც უკვდავყოფა უნდა მოახდინონ ჩვენი კულტურისა და დააკავშირონ წარსული აწმყოსთან, ერთი მხრივ ფინანსურად შეირყა, მეორე მხრივ კი თეორიულად ჩამოშლის პროცესშია. ეს ყველაფერი ძირს უთხრის ამ პრინციპებს და ხდება „მუზეუმიფიკაცია“ [museumification] წარსულისა. ჩვენ უკვე გვაქვს ქალაქები რომლებიც გადაქცეულია ისტორიულ ზონებად, სადაც მაცხოვრებლები გვევლინებიან უკვე ტურისტებად საკუთარ სასიცოცხლო ველში [life world] (2).

არის თუ არა ეს მცოცავი “მუზეუმიფიკაცია“ მცოცავი გაღატაკების პირდაპირპროპორციული?

სავსებით ნათელია, რომ ჩვენ წინაშე დგას არა მხოლოდ ეკონომიკური სახის პრობლემები არამედ ევროპის, როგორც მთელის არსებობის საკითხი. ერთადერთი ტერიტორია სადაც წარსულს შეუძლია იარსებოს ეს აწმყოა. თუ კი აწმყო აღარ აღიქვამს საკუთარ წარსულს როგორც საკუთარ ნაწილს, რომელიც რაღაც ცოცხალს გამოხატავს, მაშინ იწყება “მუზეუმიფიკაცია”. საკმაოდ აშკარაა რო არსებობენ ევროპაში ძალები რომლებიც მანიპულირებენ ჩვენი იდენტობით და ცდილობენ გადაჭრან ჭიპლარი, რომელიც ასე გვაკავშირებს წარსულთან. ევროპა, როგორც მომავალი, შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ წარსულის ხარჯზე. ეს წარსული კი უფრო და უფრო ქრება.

დღეს არსებული კრიზისი რამდენად გამოხატავს წესების იმ სისტემას, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაზე ზემოქმედებენ?

‘კრიზისი’ როგორც კონცეპტი გახდა თანამედროვე პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა და დიდი ხნის განმავლობაში ესაა ნორმა და ნაწილი ნებისმიერი სოციალური ასპექტისა. უშუალოდ სიტყვა გამოხატავს ორ სემანტიკურ ფუძეს: პირველი ესაა სამედიცინო – რომელიც გულისხმობდა ავადმყოფობის მსვლელობას, ხოლო მეორე ფუძე ესაა თეოლოგიური, რომელიც ნიშნავდა უკანასკნელ სამსჯავროს, აღსასრულს. ორივე მნიშვნელობამ ტრანსფორმაცია განიცადა დროსთან მიმართებაში. ‘კრიზისი’ ანტიკურ მედიცინაში ნიშნავდა გადამწყვეტ მომენტს, როდესაც ექიმს უნდა შეეტყობებინა დაავადებული პაციენტი გადარჩებოდა თუ ვერა. დღევანდელი კრიზისის შინაარსი კი შეცვლილია და ის სახელმწიფოს გამძლეობას გამოხატავს. ასე რომ ეს გაურკვეველი მდგომარეობა მომავლის საგანია, რომელიც გრძელდება განუსაზღვრელი ვადით. ანალოგიურია თეოლოგიაშიც, უკანასკნელი სამსჯავრო განუყოფელია აღსასრულის დღესთან. დღეს კი განაჩენი გამოცალკევებულია აღსრულებისაგან. მაშასადამე ადრინდელი შინაარსით ის იყო კრიტიკული მომენტი, ხოლო ახლა ის უსასრულო პროცესია.

შეიძლება ვთქვათ რომ სახელმწიფო ფინანსური სისტემების კრიზისი, სავალუტო კრიზისი, ევროკავშირის კრიზისი და ა.შ. არასოდეს დამთავრდება?

დღესდღეობით კრიზისი გადაიქცა ინსტრუმენტად, წესების იარაღად. იგი ემსახურება პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციას, რომელიც ფაქტობრივად მოქალაქეს ართმევს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მაგალითად იტალიაში ეს ნათლად ჩანს. აქ მთავრობის ფორმირება მოხდა კრიზისულ ვითარებაში და ბერლუსკონიმ დაიბრუნა ძალაუფლება, მიუხედავად ელექტორალური წინააღმდეგობისა. ეს მთავარობა ისეთივე არალეგიტიმურია როგორც ე,წ, ევროპული კონსტიტუცია. ევროპის მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ რომ ეს დაუსრულებელი კრიზისი – საგანგებო მდგომარეობის მსგავსად – შეუთავსებელია დემოკრატიასთან.

მაშინ რა პერსპექტივებიღა რჩება ევროპას?

ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ‘კრიზისს’ თავისი პირვანდელი მნიშვნელობა – განაჩენისა და არჩევნის. ჩვენ არ შეგვიძლია უსასრულოდ გადავდოთ ეს პროცესი ევროპისთვის. მრავალი წლის წინ, ჯერ კიდევ ჩანასახოვანი ევროპის მოამაგემ, ფილოსოფოსმა ალექსანდრ კოჟევმა ივარაუდა ჰომო საპიენსი მიუხალოვდა ისტორიის დასასრულს და დატოვა ორი ალტერნატივა. პირველი “ამერიკული ცხოვრების სტილი”, როგორც პოსტიისტორიული ვეგეტაცია, ხოლო მეორე იაპონური სნობიზმი, თავისი ცარიელი, სუბსტანციებისაგან დაცლილი რიტუალებითა და ტრადიციებით რომელთაც გამოცლილი აქვთ თავისი ისტორიული საზრისი.

მჯერა რომ ევროპა გამოძებნის სასიკეთო ალტერნატივას, რომელიც იქნება როგორც ადამიანური, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან იგი დაფუძნებულია საკუთარ ისტორიასთან დიალოგზე და ამის საშუალებით იძენს ახალ სიცოცხლეს.(3)

ევროპა აღქმულია არამხოლოდ ეკონომიკურ,არამედ კულტურულ სივრცედ, შესაძლოა ამ მიმართულებით ვიპოვოთ პასუხი კრიზისზე?

უკვე ორას წელზე მეტია, მთელი ადამიანური ენერგია მიმართულია ეკონომიკაზე. ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ დადგა მომენტი, ჰომო საპიენსმა კიდევ ერთხელ გაუკეთოს ორგანიზება ადამიანურ ძალისხმევას, რომელიც იქნება ამ ერთგანზომილებიანი წესრიგის მიღმა. ზუსტად ძველ ევროპას შეუძლია ამის გაკეთება – გადამწყვეტი წვლილის შეტანა მომავლისათვის.

ინტერვიუს ორიგინალი იხილეთ აქ: http://www.versobooks.com/blogs/1318-the-endless-crisis-as-an-instrument-of-power-in-conversation-with-giorgio-agamben
——————————————————————————————————————–
ავტორის შენიშვნები

1. ლათინთა იმპერია, რომანია — შუა საუკუნეების იმპერია, რომელიც ჩამოყალიბდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ 1204 წელს. იმპერია იყოფოდა ფეოდალურ სამფლობელოებად, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო თესალონიკის სამეფო, აქაიიის პრინციპატი და ათენის საჰერცოგო.

2. lifeworld – ესაა კონცეპტი როდესაც სამყაროში/ბუნებაში იგულისხმება ის სივრცე რომელიც სუბიექტს ეხება. ანუ უშუალოდ ბუნებიდან კვლევა გადადის კულტურაზე და იმ ბუნებაზე რომელიც ამ კულტურას ეხება. lifeworld გამოყენებუულია ჰუსერლსთან, როგორც ფუნდამენტი ეპისტემოლოგიისა. lifeworld – ის თეზისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერპრეტაცია ეკუთვნის გერმანელ სოციოლოგს იურგენ ჰაბერმასს, რომელიც ქართულ სამეცნიერო ტერმინოლოგიაში მოხსენიებულია როგორც “სიცოცხლის სამყარო” ამ ტექსტში კი ვთარგმნე როგორც „სასიცოცხლო ველი.“

3. აქ „ადამიანურში“ ავტორი გულისხმობს კულტურას, რომელიც „ამერიკული ცხოვრების სტილის“ საპირისპიროა, ხოლო „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანში“ კი საპირისპიროს იაპონური სუბსტანციებისაგან დაცლილი, რიტუალებისა. ალექსანდრ კოჟევი თავის თეზისში „End of History” საუბრობს პოსტ-ისტორიულ კაცობრიობაზე, სადაც ადამიანი ემსგავსება ცხოველს (human animal დან გადადის animal ში, ბიოლოგიურ მექანიზმში რომელიც მხოლოდ საჭიროებების მიხედვით მოქმედებს და უკუაგდებს ეთიკას).

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ