განვითარება, გლობალიზაცია და ახალი უთანასწორობები საქართველოში

ეს სტატია 2007 წელს გამოქვეყნდასაზოგადოების კვლევის ცენტრისკრებულში, გთავაზობთ ხელმეორედ, ვინაიდან აქტუალურობას კვლავ ინარჩუნებს.

ევროპული ინტეგრაცია და პოლიტიკის ახალი დღის წესრიგი

საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის ფართო გაგებით დასავლური ორიენტაცია საზოგადოების მიერ პრაქტიკულად უკამათოდაა მიღებული. თუმცა კი ეს დასავლური ორიენტაცია მრავალგანზომილებიანი ცნებაა, რაც მას გარკვეულ იდეოლოგიურ დატვირთვას ანიჭებს.

მარინაპირველ რიგში ამ იდეოლოგიური ჩიხიდან ამოსასვლელად  დასავლურ ორიენტაციაში აქ იქნება ნაგულისხმევი ქვეყნის განვითარების ცივილიზაციური განზომილება, განვითარების სტრატეგიული მიმართულება და არა გეოპოლიტიკური პრობლემატიკა, რომელიც შესაძლოა უფრო ტაქტიკური ხასიათის იყოს. მეორე, უფრო სიღრმისეული სხვაობა უკავშირდება ერთმანეთისგან დასავლური ინტეგრაციის ორი კომპონენტის განცალკევებას – სისტემური ტრანსფორმაციისა და სოციალური წინსვლისა, ანუ საკუთრივ საზოგადოების განვითარებისა დასავლური ტიპის ქვეყნის მიმართულებით.

ბუნებრივია, რომ საქართველოს „პრო-დასავლური“ ტრანსფორმაციის დღის წესრიგს პირველ წლებში განსაზღვრავდნენ სისტემური გარდაქმნები (დამოუკედებელი სახელმწიფოს ფორმირება, საბჭოთა სისტემის დემონტაჟი, დემოკრატიის დამკვიდრება, ეკონომიკის საბაზრო ტრანსფორმაცია), რომლებიც მემარჯვენე-ლიბერალური პოლიტიკური განზომილების ღირებულებებს პასუხობდა. ამ განზომილებასთან დაკავშირებული გარდაქმნები – დაწყებული პოლიტიკური პარტიების დაფუძნებითა და არჩევნების ჩატარებით, ადამიანის უფლებებით, სამოქალაქო თავისუფლებებით, საბაზრო ეკონომიკური გარდაქმნებით და სხვა –საკმაოდ სწრაფად (რამდენიმე წლის განმავლობაში) დისკურსულად იქნა აღიარებული და ინსტიტუციონალურად (რაღაც დონემდე) მიღწეული – თუმცა, ცხადია, არა იმ ხარისხით, რომ საქართველო დასავლური სტანდარტების ქვეყანა გამხდარიყო. ვინაიდან სრულად ეს ტრანსფორმაცია ვერ განხორციელდა (ხოლო ამჟამად პირველი წლების მიღწევების გარკვეული რევიზიაც კი ხდება), არ არის გასაკვირი, რომ პოლიტიკური დისკურსი და საზოგადოებრივი ძალიხმევა საკმაოდ გრძელვადიან პერსპექტივაში და დღემდეც სისტემური გარდაქმნების მემარჯვენე-ლიბრალური დისკურსის ღირებულებით დარჩა დომინირებული.

საქართველოს დომინანტური პოლიტიკური დისკურსის ამგვარი ცალმხრივობა გვიშლის ხელს დავინახოთ, ის, რომ საქართველოს რეალობა დღეს საკმაოდ განსხვავებულია იმისგან, რასაც ის 20 წლის წინათ წარმოადგენდა. დასავლური ინტეგრაციის მიზნის მისაღწევად საქართველოს უკვე სხვა, ახალ გამოწვევებზე რეაგირება ესაჭიროება. ეს გამოწვევები კი სხვა განზომილების გასწვრივ ლაგდება – ისინი არა სისტემური ტრანსფორმაციის, არამედ განვითარების ღერძით ნაკარნახევ ლოგიკას პასუხობს. განვითარების თვალსაზრისით განვლილი წლების განმავლობაში საქართველოში ორი პროცესი მიმდინარეობდა, რომლებიც საზოგადოებაზე სტრუქტურულად და სიღრმისეულად ზემოქმედებდა. პირველი და მყისიერი, მაგრამ ხანგრძლივი ზემოქმედების მქონე გარდაქმნა საბჭოთა კავშირის ცივილიზაციური სივრციდან გამოსვლითა და მისი მახასიათებლების შემდგომი დაკნინებით არის განპირობებული.

სწრაფი გარდაქმნების რიცხვს თავდაპირველად მიეკუთვნებოდა რუსულენოვანი საჯარო სივრციდან ქვეყნის დე-იურე ამოსვლა, დეინდუსტრიალიზაცია და ეკონომიკის კოლაფსი, რომელიც დიდწილად რეგიონული ომებით იყო განპირობებული. შემდგომში ამ გარდაქმნას დაემატა ქვეყნის მოსახლეობის სამუშაო კვალიფიკაციისა და ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გაუფასურება, ქვეყნის გაღარიბება, სტაბილური, სისტემური უმუშევრობა, ქვეყანაში ადრე არსებული კულტურულ-ცივილიზაციური კაპიტალის მორალური მოძველება. ამავე დროს საპირისპირო პროცესს წარმოადგენდა ქვეყნის ახალ ცივილიზაციურ სივრცეში ინტეგრირების საფუძველზე წარმოქნილი განვითარება. ეს განვითარება გლობალისტური, საერთაშორისო ძალების ზეგავლენით და დახმარებით ღრმავდებოდა. ახალ, გლობალურ საინფორმაციო სივრცეში ინტეგრაცია, ინგლისური ენის ცოდნა, კომპიუტერის ფლობა, უცხოური განათლება-ტრეინინგები, ახალი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის უნარ-ჩვევები, მაღალი სოციალური მობილურობა, და, იმავდროულად, ტრადიციული იდენტურობების განცდის გამძაფრება, მათ შორის რელიგიურისას, ამ განზომილების გასწვრივ ლაგდება. ამ ორი პროცესის ჯამური ბალანსი სოციალური თვალსაზრისით უფრო ნეგატიური აღმოჩნდა, ვიდრე პოზიტიური – ძველი უფრო მალე დაინგრა, ვიდრე ახალი შეიქმნა, რამაც ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და სოციალური დაქვეითება გამოიწვია.

ქვეყნის განვითარების ჯამურ ჩამორჩენილობას თან ახლავს აგრეთვე შიდა უთანასწორობების ზრდა, როდესაც საზოგადოების მეტ-ნაკლებად „წარმატებული“ ნაწილი მეტად ვიწრო უმცირესობას წარმოადგენს. მართალია, გარკვეული ნაწილი საზოგადოების დღეს სარგებლობს ბევრი იმ უპირატესობით, რაც მას საბჭოთა დროს აკლდა, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობისთვის როგორც დღევანდელი რეალობა, ასევე სამომავლო პერსპექტივები მეტად შორსაა იმისგან, რაც მათ საშუალო ფენის კატეგორიისადმი მიაკუთვნებდა. საზოგადოების უმრავლესობისთვის დღესდღეობით წინა პლანზეა სიღარიბის, უმუშევრობის, სოციალური მომსახურების მიუწვდომლობის პრობლემები. გაღრმავებული სხვაობა როგორც მთლიანად ქვეყანასა და მის დასავლელ მეზობელ ევროპას შორის, ასევე უთანასწორობა საზოგადოების შიგნით სიახლისადმი ადაპტირებულ, „მოგებულ“ უმცირესობასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის, კითხვის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპული და დასავლური განვითარების პერსპექტივებს.

საზოგადოება დგას გზის გასაყარზე – თავისი დასავლური ორიენტაციის მიუხედავად ის შეიძლება დროთა განმავლობაში არა დასავლურ, არამედ განვითარებად ქვეყნად იქცეს. ქვეყანად, რომელშიაც არ იქნება საშუალო ფენა, არამედ იარსებებს, ერთის მხრივ,  მცირერიცხოვანი და შედარებით შეძლებული ელიტა, ხოლო მეორეს მხრივ, დაბალკვალიფიცირებული ღარიბი „მასა“, რომელიც „მეორეხარისხოვანი“ ადამიანებისგან შედგება. პრობლემების სიმწვავის გათვალისწინებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ საქართველოს შემდგომი „დასავლეთიზაცია“ უკავშირდება არა იმდენად ძველი საბჭოური სისტემის შემდგომ სისტემურ ლიბერალიზებას (რაც გარდაქმნების პირელ წლებში იყო მნიშვნელოვანი) არამედ ქვეყნის შემდგომი განვითარების ხასიათს. ამ განვითარებაში კი აქტუალური ხდება ახალი პოლიტიკური ღირებულებები, რომლებიც არ იყო დამახასიათებელი სისტემური გარდაქმნების დღის წესრიგისთვის და რომლებიც სოციალური თანასწორობის პრობლემატიკას უკავშირდება.

სოციალური უთანასწორობის ზრდა ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი შეიძლება აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარება ინდივიდუალური წინსვლების ჯამად იქცეს. თუკი პროცესები ისე წარიმართა, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ვერ მოახდენს წარმატებულ ინტეგრირებას ახალ გარემოში, მცირე უმრავლესობის ინტეგრირება შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში ნეგატიური, და არა პოზიტიური შედეგის მომტანი აღმოჩნდეს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ინტეგრაციულ პროცესებში მოსახლეობის ჩართვის ამ არასინქრონულობის მნიშვნელობის დანახვას ხელს უშლის საჯარო სივრცეში სისტემური განზომილების დომინანტური პრევალირება, რაც მიუთითებს საჯარო დისკურსის გარკვეულწილად დეტერმინისტულ ხასიათზე. როგორც ჩანს, მიჩნეულია, რომ განვითარების პრობლემატიკის გადაჭრა ავტომატურად მოყვება სისტემური ცვლილებების გაღრმავებას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება (ან, უფრო სწორედ, სინამდვილის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს).

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სისტემური გარდაქმნისა და განვითარების განზომილებები განსხვავებული ხასიათისაა – პირველის მასტრუქტურირებელია დიქოტომია თავისუფლება – არათავისუფლება (ლიბერალური დემოკრატია საბჭოთა ტოტალიტარიზმის საპირისპიროდ), ხოლო მეორის – დიქოტომია მოგებული – წაგებული/ნაკლებად მოგებული, ან, ტრადიციულ პოლიტიკურ დაყოფებში თარგმნილი, თავისუფლება –თანასწორობა. და თუკი პირველი, ამდენად, არაკონფლიქტურია (არავის უნდა იყოს არათავისუფალი), მეორე უკავშირდება ინტერესთა რეალურ დაპირისპირებას, რომელიც იქნებოდა ლეგიტიმური, თუ არა წინა კონფლიქტით გენერირებული მემარჯვენე–ლიბერალური ღირებულებების ავტომატური, დეტერმინისტული იმპლიცირება სხვა, დამოუკიდებელ განზომილებაზე, რომლის ბოლოები, წესით, პოლიტიკური სპექტრის მაფორმირებელი უნდა ყოფილიყო.

იმისათვის, რათა ქვეყანამ შეძლოს დასავლური ოცნების ხორცშესხმა, დღეს მას პირველ რიგში სჭირდება რეაგირება არა სისტემური ტრანსფორმაციის მემარჯვენე-ლიბერალურ გამოწვევებზე, არამედ განვითარების განზომილების „ახალი მემარცხენე“ სპექტრის ამოცანების გადაჭრაზე. ეს გულისხმობს პირველ რიგში რეაგირებას ახალ უთანასწორობებზე, რათა ისინი არ გადაიქცნენ სიღრმისეულ და გადაულახავ სოციალურ ბარიერებად, რომლებიც საზოგადოების ძირითადი მასის, და, შედეგად, მთელი ქვეყნის  გრძელვადიან ჩამორჩენას განაპირობებენ. ახალი სოციალური უთანასწორობის ზრდამ შეიძლება შექმნას სოციალური სტრუქტურის ისეთი მოდელები, რომელიც ევროპული საზოგადოების სტრუქტურული მოწყობისგან მეტად განსხვავებული აღმოჩნდება.

სისტემური გარდაქმნების ღერძისა და განვითარების ღერძის ერთმანეთისგან განცალკევება და ამ უკანასკნელის ყურადღების ცენტრში მოქცევა გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ, რომ ახალი უთანასწორობების წარმოქნის განმაპირობებელი საქართველოში მარტო სისტემური გარდაქმნები არ არის. ეს უთანასწორობები, შესაძლოა, პირველ რიგში არა იმდენად კაპიტალიზმის თანმდევ მოვლენას წარმოადგენს, რამდენადაც ახალ, გლობალიზაციასთან დაკავშირებულ რელობებს უკავშირდება. ისინი, ნაწილობრივ მაინც (და ავტორის აზრით, დიდწილადაც) განპირობებულია ინფორმაციული გლობალიზაციის პროცესებში ქვეყნის ჩართვის რადიკალური ხასიათით, რომელიც აჩენს უზარმაზარ უთანასწორობებს პროცესის მონაწილე აქტორებში „წარმატებულებსა“ და „წარუმატებლებს“ შორის. რადიკალურობა აქ არ აღნიშნავს პროცესის დაჩქარებულ წესს – პირიქით, შესაძლოა მთავარ პრობლემას წარმოადგენდეს ის, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა არ არის (და ვერც იქნება) გლობალიზაციაში, „ცხოვრების ახალ სივცეში“ ჩართული; რადიკალიზაცია ამ ვითარებაში აღნიშნავს იმ უზარმაზარ ზეგავლენას, რომელსაც ეს პროცესი თამაშობს ქვეყნის განვითარების ფორმირებაში. „ძველის“ დისკურსული და ეკონომიკური უარყოფის ფონზე უარყოფილია და განვითარების პერსპექტივას მოკლებულია მოსახლეობის დიდი ნაწილი (შესაძლოა, დიდი უმრავლესობა), რომელიც ვერ, ან არ ახდენს სიახლესთან ადაპტირებას.

განვითარება და გლობალიზაცია მანუელ კასტელსის მიხედვით

წინა პარაგრაფში იყო აღნიშნული, რომ დომინანტურ დისკურსს საქართველოში განაპირობებენ სისტემური გარდაქმნის განზომილებიდან შემორჩენილი მემარჯვენე-ლიბერალური ღირებულებები და რომ მას აკლია მემარცხენე განზომილება. ამ მემარცხენე განზომილებას კი უნდა ქმნიდეს სხვა, მემარჯვენე-მემარცხენე დიქოტომია, რომელიც განვითარების ღერძის გასწვრივ დალაგდებოდა. ვინაიდან განვითარების ღერძის მთავარი გამოწვევა აქ გლობალიზაციურ პროცესებთანაა დაკავშირებული, საჭიროა განიმარტოს, თუ რა იგულისხმება გლობალიზაციაში, ვინაიდან თავად ეს ცნება მეტად ბუნდოვანია და მრავალი განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენება.

castelsგლობალიზაცია, ფართო გაგებით, შეიძლება განისაზღვროს, როგორც „მსოფლიო თანამშრომლობის გაფართოების, გაღრმავებისა და დაჩქარების პროცესი, რომელიც თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს: დაწყებული კულტურითა და დამთავრებული კრიმინალურით, ფინანსურიდან სულიერამდე“ . თუმცა ეს (პირველადი) განმარტება უაღრესად ზოგადია, და არ არის გამიზნული გლობალიზაციის სპეციფიური, ახლებური ხასიათის გამოკვეთაზე, რომელიც სულ ორ-სამ ათწლეულს ითვლის და რომლის მთავარ შემადგენელ კომპონენტს და თვისობრიობას ინფორმაციული რევოლუცია განაპირობებს.

ზოგიერთი ავტორი ეკონომიკურ და ინფორმაციულ გლობალიზაციას ერთმანეთისგან ასხვავებს, და გლობალიზაციაში მხოლოდ ეკონომიკურ განზომილებას გულისხმობს. სხვები ორივეს იხილავენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ გლობალიზაციის ეს ორი კომპონენტი ფაქტორულად მართლაც მეტ-ნაკლები დამოუკიდებლობით ხასიათდება, თუმცა კი ურთიერთდაკავშირებულია – თანაც ისე, რომ ინფორმაციული გლობალიზაცია მეტ გავლენას ახდენს ეკონომიკურზე, ვიდრე პირიქით. ინფორმაციული გლობალიზაცია, თავის მხრივ, ერთგვარად ორი განსხვავებული კონცეპტის სახით არსებობს. ზოგჯერ ის მხოლოდ მზარდი მსოფლიო საინფორმაციო ქსელების აღმნიშვნელად გამოიყენება, რაც კონცეპტუალურად არ მოიცავს მზარდი ინფორმაციული, პოსტ-ინდუსტრიული ეკონომიკის წარმოქმნას, რომელიც, ასევე ზოგიერთი ავტორის თვალსაზრისით, არ შედის გლობალიზაციის ცნებაში, არამედ განსხვავებულ ფაქტორად უნდა იყოს მიჩნეული, ვინაიდან „ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკების“ ზრდა, მათი აზრით, მხოლოდ დასავლურ მოვლენად რჩება და მისი გლობალიზება არ ხდება .

სხვა ავტორები მიიჩნევენ, რომ გლობალიზაციასა და ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ რევოლუციას შორის არის მჭიდრო კავშირი, და ეს ფაქტორები ერთობლივად იწვევენ მსოფლიო მაშტაბით სოციო-ეკონომიკურ ძვრებს . ის, რასაც ისინი ერთობლივად წარმოქნიან, არის ახალი ინფორმაციული კაპიტალიზმი, რომლის შედეგად წარმოქმნილი „დიგიტალ დივიდ“-ი კითხვის ქვეშ აყენებს გლობალიზაციის „ყველასათვის მომგებიანი“ ხედვის სამართლიანობას. ინფორმაციული გლობალიზაციის ზრდას ასევე მჭიდროდ უკავშირდება სხვა განზომილება – კულტურული გლობალიზაცია.

როგორც ვხედავთ, გლობალიზაცია, როგორც ცნება და როგორც მოვლენა, მრავალწახნაგოვანია, და არაერთგვაროვნადაც შეფასებული. ის, რაზედაც ლაპარაკია მოცემულ სტატიაში, შეეხება არა იმდენად ეკონომიკურ გლობალიზაციას – ისეთი შემადგენლებით, როგორებიცაა მზარდი საერთაშორისო ვაჭრობა, ინვესტიციები და ტრანსნაციონალური კორპორაციები – არამედ, პირველ რიგში, ინფორმაციულ გლობალიზაციას, რომელსაც იმავდროულად ახალი ინფორმაციული ეკონომიკის განვითარება განაპირობებს.

ყველაზე ახლოს გლობალიზაციის ამ გაგებასთან დგას მანუელ კასტელსის ანალიზი. ახალი განვითარების მისეული, ერთგვარად რადიკალიზებული ხედვა მკაფიოდ წარმოაჩენს იმ სიახლეებს, რომლებსაც ამ სტატიაში ექცევა ძირითადი ყურადღება. მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში, მანუელ კასტელსის მტკიცებით, იწყო განვითარება სოციო-ეკონომიკური მოწყობის ახალმა ფორმამ. დღესდღობით ჩვენ ახალი ისტორიული ტრანსფორმაციის შუაგულში ვიმყოფებით. კაპიტალიზმი, რომელმაც მთელი პლანეტა მოიცვა, „ფუნდამენტურად ახალია, ვინაიდან მას წარმართავენ ახალი ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიები, რომლებიც საფუძველს უყრიან მწარმოებლურობის ახალ საწყისებს, ახალ ორგანიზაციულ ფორმებს, და გლობალური ეკონომიკის ფორმირებას“ . ანალოგიურად ელექტროენერგიისა ინდუსტრიულ ერაში, ახალი ტექნოლოგიები დღეს ეკონომიკური და სოციალური განვითარების საწყისს წარმოადგენენ.

იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წარმატებით ერთვებიან ახალი ტექნოლოგიებით ფორმირებულ განვითარებაში, ეს განვითარება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. მაგრამ ვაი იმათ, ვინც ინფორმაციულ ერას ჩამორჩა – მათსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის განსხვავება სულ უფრო მზარდი იქნება. ინფორმაციულ ერაში შესვლა კი მთლიანად საზოგადოების, და არა მისი ცალკეული ნაწილების წინსვლაზეა დამიკიდებული. „[ეს წინსვლა] იწყება განათლების სისტემით, ქვემოდან ზემოთ, დაწყებითი კლასებიდან უნივერსიტეტებამდე. და ის უკავშირდება, აგრეთვე, კულტურული განვითარების მთლიან პროცესს, ფუნქციონალური უნარ-ჩვევების დონის, მედიის შინაარსის, და მთლიანად საზოგადოებაში ინფორმაციის დიფუზიის ჩათვლით“. შესაბამისად, იმ პროცესებს, რომლებიც გლობალიზაციის ახალ, ინფორმაციულ ერას უკავშირდება, აქვს არა მხოლოდ ნათელი, პერსპექტიული და პოტენციურად „ყველასათვის ღია“ სივრცის დაპირების ხასიათი, არამედ ჩრდილოვანი თანმდევი მოვლენები.

გლობალიზაციას მოყვება მსოფლიოში უთანასწორობის, სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის რადიკალური ზრდა. მეოცე საუკუნის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მთელ მსოფლიოში იზრდებოდა მოსახლეობის შემოსავლების პოლარიზაცია (მაგ. ჯინის ინდექსით გაზომილი), ღარიბი და უკიდურესად ღარიბი ადამიანების რაოდენობა. ინფორმაციული გლობალიზაცია წარმოქნის მსოფლიო მაშტაბის სოციალურ კრიზისს, რომლის ერთ მხარეს დგანან „ის ინდივიდები და ჯგუფები, რომლებიც უაღრესად ღირებულია და პროდუქტიული [ინფორმაციული კაპიტალიზმისთვის], და [მეორე მხარეს] ის ადამიანები (და ადგილები), რომლებიც აღარ განიხილებიან ღირებულად, თუნდაც ფიზიკურად კვლავაც არსებობდნენ“ . სოციალურად გარიყული ადამიანები, რომლებიც არ პასუხობენ ინფორმაციული კაპიტალიზმის ინტერესებს, შეადგენენ „მეოთხე სამყაროს“, რომელიც განფენილია მთელ მსოფლიოში. მათი ჩართვა სოციალურ განვითარებაში მხოლოდ საბაზრო მექანიზმების მეშვეობით შეუძლებელია-  თუკი მთელი სოციალური სტრუქტურა არ იქნება მიმართული ინვესტირებაზე ინდივიდებში, როგოც ეკონომიკური მწარმოებლურობის მთავარ საწყისში.

დასამატებელია, რომ ეს ახალი უთანასწორობები არ არის უბრალოდ მატერიალური (ეკონომიკური) – მათ პირველ რიგში ინფორმაციული კომპონენტი განაპირობებს, რაც, საბოლოო ჯამში, კულტურული იდენტურობების სხვაობების ტოლფასია. განსხვავებით კლასიკური კაპიტალიზმისგან, ინფორმაციული კაპიტალიზმი ხომ პირველ რიგში გადაამუშავებს და აწარმოებას ინფორმაციას და ცოდნას, რომლებიც მისთვის ნედლეულიცაა და პროდუქციაც. ამდენად, ახალი სოციალური დაპირისპირება, რომელსაც ქმნის ინფორმაციული რევოლუცია, თვისობრივად განსხვავებულია იმ კლასობრივი/სტრატული დაყოფისგან, რომელიც კლასიკური კაპიტალიზმის ჩარჩოებში ჩამოყალიბდა. მასში წამყვანია არა იმდენად წმინდა ეკონომიკური კომპონენტი, რამდენადაც ინდივიდების კულტურული (ფართო გაგებით) იდენტობის მახასიათებელი, მათი კულტურულ-ცივილიზაციური კაპიტალი. იდენტობების პოტენციური უთანასწორობა კი ბადებს და აძლიერებს რელატივისტურ, პოსტ-მოდერნულ, იდენტურობების პლურალიზმისა და „სითანაბრის“ მოთხოვნებს, რაც გლობალიზაციის თანმდევ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. გლობალიზაციური დაყოფების მემარცხენე, თანასწორობაზე ორიენტირებული გამოძახილი იმავდროულად პოსტ-ლიბერალურია, პოსტ-მოდერნისტული, და მასში კულტურა სულ უფრო მეტ პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს.

საბჭოთა კავშირის დაშლა, კულტურული შოკი და ახალი ინფორმაციული რეალობები

საქართველოს განვითარებაზე ზემოქმედებს გლობალისტური ინფორმაციული რევოლუციით შექმნილი იგივე ძალები და გამოწვევები (ისეთივე „მომავლის შოკი“) როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მაგრამ ამასთან საქართველოს პრობლემატიკას კიდევ უფრო ამძიმებს „კულტურული შოკი“, რომელიც უშუალოდ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლითაა განპირობებული. საჯარო ინფორმაციული სივრცის სტრუქტურული ლიბერალიზაცია და გახსნა, მისი შემდგომი ძირეული, ლინგვისტური და შინაარსობრივი გარდაქმნით, შესაძლოა, მთავარი ფაქტორია იმ მრავალ პოსტ-საბჭოურ ტრანსფორმაციებს შორის, რომლებიც ზემოქმედებენ დღევანდელ საზოგადოებაზე. ამ სივრცის ახლებური, ვირტუალური ხასიათი უკიდურეს წინააღმდეგობაში მოვიდა სსრკ-ს მაფორმირებელ მატერიალიზმთან, რომლის გადალახვაც აუცილებელი იყო იმ ვირტუალურ-სიმბოლური ეკონომიკის განვითარებისთვის, რომელიც დღევანდელი სამყაროს წამყვანი ქვეყნების პროდუქტიულობის საფუძველს წარმოადგენს. ახალი საინფორმაციო სივრცის მთავარი სიმბოლური დატვირთვა თავიდან არაკერძო, ეკონომიკური, არამედ საზოგადოებრივი – პოლიტიკური და კულტურული გარდაქმნების მამოძრავებლად მოგვევლინა. ეს გარდაქმნები პირველ რიგში საერთო იდენტობების მაფორმირებელ სიმბოლურ ველებს შეეხო (კომუნიკაციის ენა, ეროვნული დამოუკიდებლობა, ქართული სახელმწიფო, სხვ.), და მხოლოდ მეორე რიგში ინდივიდუალური იდენტობების გარდაქმნაც მოიცვა.

ინფორმაციული სივრცის სიმბოლურმა ტრანსფორმაციამ მოიცვა იდენტობების ისეთი ძირეული მახასიათებლები, როგორებიცაა: სოციუმის მაფორმირებელი ენა (მონოლინგვური, ქართულენოვანი გარემოს ფორმირება); პრესტიჟისა და გარე ცივილიზაციის დომინანტური ენა (გადასვლა რუსულიდან ინგლისურისკენ); დომინანტურ საინფორმაციო სივრცეზე მიკუთვნებულობა (რუსეთიდან – გლობალური სამყაროსკენ); ცოდნის კორპუსი (ძველად არსებული კულტურული და შრომითი კაპიტალის მორალური და ეკონომიკური მოძველება) და ბაზისური მითოლოგია და სტიგმები; მიკროდონეზე სოციო-ეკონომიკური ქცევა და უნარ-ჩვევები,  და ბევრი სხვა. შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფორმაციის პროცესში აღმოჩნდა როგორც ქვეყანაში არსებული კულტურული კაპიტალი  მთლიანად, ასევე ამ კაპიტალთან დაკავშირებული სოციალური სტრუქტურა და სტატუსური მიმართებები. კულტურული კაპიტალის ტრანსფორმაცია კი საბოლოო ჯამში ეკონომიკურ განზომილებასაც მოიცავს და ახალ სოციალურ უთანასწორობებში გარდაქიმნება, უფრო სწორედ, ის აისახება უთანასწორობათა ახალ განზომილებებში და სტრუქტურაში.

კულტურული კაპიტალის არათანაბარი განაწილება საზოგადოებაში (უნივერსიტეტის პროფესორი მეტ კაპიტალს ფლობს ვიდრე შავი მუშა) ყოველთვის უკავშირდება გრძელვადიანი სტატუსური უთანასწორობის არსებობას . მით უფრო, თუკი განათლების სისტემა არ უწყობს ხელს „დაბალი“ სოციალური ფენებიდან გამოსულ ახალგაზრდობას სოციალური მობილობის (წინსვლის) საკმარის შესაძლებლობებს. ნეოლიბერალური გლობალიზაცია, ამდენად, თავისი იდეით, გზას უნდა უხსნიდეს უფრო ეგალიტარული წესრიგის მიღწევას. ცოდნის, ინფორმაციისა და განათლების მიღების ახალი, ალტერნატიული წყაროები, ადამიანების გაზრდილი მობილურობა, ინტერნეტი, თეორიულად, კულტურასთან დაკავშირებული სტატუსური უთანასწორობის შემცირებას უნდა უწყობდეს ხელს, და არა მათ ზრდას. ტრანსფორმაციის პროცესების 20 წლის ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი ვითარების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ გლობალიზაციის ნეგატიური თანმდევი მოვლენები, რომლებიც უთანასწორობების მკვეთრს ზრდას უკავშირდება, „კულტურული შოკის“ ფონზე არა იმდენად ამცირებდა „ძველი“ კულტურული კაპიტალით შექმნილ სტატუსურ უთანასწორობებს, არამედ ქვეყნის  ჯამური კულტურული კაპიტალის დაქვეითება გამოიწვია.

საბჭოთა დროს საზოგადოება კულტურულად იყო მეტ-ნაკლებად ჰომოგენური. განათლებული „მოდერნზაციული“ ელიტები იყო ქართულენოვანი, ხოლო საზოგადოება – დიდწილად ბილინგვური (ქართული და რუსული). ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მეტად მცირე ერია, და ამდენად ქათულენოვანი კულტურული და საგანმანათლებლო პროდუქციის მომხმარებლები არც თუ მრავალრიცხოვანნი არიან, „კოლონიის“ განზომილება, როდესაც ქვეყნის განვითარებას განაპირობებენ უცხოელები (მეტროპოლია) და უცხოელებთან ასილიმირებული მცირერიცხოვანი ადგილობრივი ელიტა, არ იგრძნობოდა.

მართალია, მხოლოდ ქართული ენის ფარგლებში სრულფასოვანი უმაღლესი განათლების მიღწევა არ იყო შესაძლებელი, მაგრამ მსოფლიო ცივილიზაციას ქართული კულტურა დიდად არ ჩამორჩენილა, ვინაიდან საყოველთაოდ მისაწვდომი რუსული ენა ავსებდა და ტრანსლირებდა ერთმანეთში ცივილიზაციასა და კულტურას. იმდროინდელი „ქართული ოცნება“ – სოფლიდან ჩამოსული ბავშვი, რომელიც მონდომებისა და განათლების მიღების წყალობით „დიდი კაცი“ ხდება, სოციალური მობილობის რეალურ მექანიზმს წარმოადგენდა. ამ მხრივ საბჭოთა სოციალური სტრუქტურა წააგავდა ევროპული ცივლიზაციის განზომილებას, სადაც საშუალო ფენა საზოგადოების ძირითად კლასს წარმოადგენს. დღესდღეობით მანძილი მოსახლეობის ძირითად მასასა და „წარმატებულ“ უმცირესობას შორის მეტად გაიზარდა, რაც ნაწილობრივ წარმატებისთვის საჭირო ცოდნის ნაკლები მისაწვდომობითაა განპირობებული. მოსახლეობის აზრით, იმისათვის, რომ მიაღწიო წარმატებას, პირველ რიგში უნდა იცოდე უცხო ენა (მოსახლეობის 72 %). მეორე ადგილზეა 66 %-ით კომპიუტერის ცოდნა . ეს ფაქტობრივად მეტყველებს იმაზე, რომ წარმატება და გლობალიზაცია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იმყოფება.

გლობალიზაცია აჩენს ახალ, ასევე ცოდნასთან და განათლებასთან დაკავშირებულ უთანასწორობებს. პირველი შეხედვით, ეს ახალი ცოდნა ხელმისაწვდომია და „გახსნილი“ მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის, მაგრამ სტატისტიკა მეტყველებს საპირისპირო ტენდენციებზე. ახალგაზრდობაში ნელ-ნელა შემცირდა რუსული ენის მცოდნეთა რიცხვი და გაიზარდა ინგლისური ენის სწავლის მიდრეკილება. ამავე დროს ინგლისური ენის ცოდნა საკმაოდ ნელი ტემპით იზრდება –  მოსახლეობის 80% დღესდღეობით ვერ ფლობს ინგლისურს, მაშინ როცა რუსულს სრულიად ვერ ფლობს მოსახლეობის მხოლოდ 10% . ცხადია, რომ „მაღალი “ სოციალური ფენებიდან გამოსულ ბავშვებს მეტი შესაძლებლობა აქვთ როგორც უცხო ენის სასწავლებლად (რასაც ძირითადად კერძო სწავლება უზრუნველყოფს), ასევე ინტერნეტით სარგებლობისთვის, მით უფრო, რომ ქართულენოვანი ინტერნეტი განვითარებაში მკვეთრად ჩამორჩება რუსულენოვან და ინგლისურენოვანს.

რას ნიშნავს ეს მოსახლეობისთვის? თუკი ადრე ლიტერატურა, სახელმძღვანელოები, ბიბლიოთეკები და თანამედროვე ცივილიზაციის სხვა კულტურული მიღწევები (ცენზურირებული ლიტერატურის გარდა) ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობის იმ უმრავლესობისთვის, რომლებიც ფლობდნენ რუსულ ენას, დღესდღეობით საქართველოში არ არის არც სახელმძღვანელო, არც ბიბლიოთეკა, არც სათანადო დონეზე განვითარებული სხვა ინგლისურენოვანი რესურსები, გარდა ინტერნეტისა. მკვეთრი სტატუსური სხვაობა არსებობს აგრეთვე ადგილობრივ და უცხოურ დიპლომებს შორის, მაშინაც კი, როდესაც უცხოური განათლება მხოლოდ ტრეინინგის ან მოკლევადიანი სწავლების კურსის გავლით შემოიფარგლება.

ფაქტიურად გამოდის, რომ სრულფასოვანი პოსტინდუსტრიული ცოდნა და განათლება, რომელიც სჭირდება საშუალო ფენის ადამიანს კარგი დასაქმებისთვის ხელმისაწვდომია მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტისთვის. რუსული ენა კვლავაც დიდ როლს თამაშობს საზოგადოებაში და მისი ცოდნა კარგად კორელირებს განათლების მაღალ დონესთან. მაგრამ ეს ვითარება ნელ-ნელა იცვლება. ძველი საბჭოთადროინდელი რუსულენოვანი რესურსები, ისეთები როგორებიცაა ბიბლიოთეკები და სახელმძღვანელოები, თანდათან მორალურად ძველდება, ახალი რესურსები სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომია – რუსეთის სატელევიზიო არხები სოფლად პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია, წიგნები ძვირია, რუსული ინტერნეტი ქართულთან შედარებით ბევრად სწრაფად ვითარდება, მაგრამ ამასთან საზოგადოების ის ფენა, რომელიც ინტერნეტით ყველაზე მეტად სარგებლობს –ახალგაზრდობა – სულ უფრო ხშირად ვერ ფლობს რუსულ ენას. რეალურად გვესახება შემდეგი სურათი: ის ფენები, რომლებიც ადრე მაღალი სოციალური სტატუსისა იყო, დღესაც ახერხებენ თავისი შვილებისთვის უცხო ენების სწავლებასა და შედარებით მაღალი დონის განათლების მიცემას. მაშინ როცა დაბალი სოციალური სტატუსის ფენებისთვის განათლების მისაწვდომობა უაღრესად შემცირდა, ვინაიდან უცხო ენის სწავლებას სკოლა ვერ უზრუნველყოფს, ხოლო ის, რასაც ის უზრუნველყოფს, დასაქმების თვალსაზრისით დაბალფასიანია.

გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა წამოვიდგინოთ ქვეყნის განვითარების ორი განსხვავებული მოდელი. პირველი მათგანი უთანსწორობის მაღალ დონეს მოიცავს, მას ჩვენ „კოლონიური ქვეყნის“ მოდელად მოვიხსენიებთ. მეორე მათგანი ასევე მოიცავს უთანასწორობას, მაგამ ნაკლებად გადაულახავს და სიღრმისეულს, მას ჩვენ „ევროპულ“ მოდელად განვიხილავთ. ერთსაც და მეორესაც კულტურის ენობრივ მატარებელს დავუკავშირებთ.

„კოლონიური ქვეყნის“ ტიპის საზოგადოებას, შეიძლება ყავდეს ვიწრო „მოდერნიზაციული“ ელიტა, რომელიც ფლობს ცოდნას და უცხო ენას, რომელიც შესაბამისი ცივლიზაციის მედიას წარმოაგენს (ინგლისური, რუსული, ფრანგული –გააჩნია გეოპოლიტიკურ სივრცეს), ხოლო დანარჩენი საზოგადოება ფლობს „აბორიგენულ“ ენას, რომელიც უფრო „დაბალი კულტურის“ და ეთნიკური იდენტობის მატარებელია, მაგრამ რომელიც არასაკმარისია „ცივილიზაციური“ განზომილების შესაძენად. ხოლო „ევროპულ ქვეყნებში“ როგორც ელიტებს, ასევე საზოგადოების ძირითად მასას მეტ-ნაკლებად თანასწორი მისასვლელი აქვთ ცივილიზაციასთან იმის ხარჯზე, რომ ეს ცივილიზაცია ტრანსლირებულია მშობლიურ ენაში, ანუ კულტურის ძირითად მედიაში, ან იმის ხარჯზე, რომ თავად ეს ენა „დიდი“ ქვეყნის ენაა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული), ან იმის ხარჯზე, რომ მოსახლეობა მასობრივად ბილინგვურია (მაგ. სკანდინავიის ქვეყნები), რაც საბოლოო ჯამში მშობლიური ენის ცივილიზაციურ განვითარებასაც უზრუნველყოფს.

საქართველოსთვის ამ ორ მოდელს შორის არჩევანი თავისთავად ცხადი არ არის, ვინაიდან სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ მხოლოდ საბაზრო მექანიზმებით, რომლებიც ამ სფეროში დღესაც მოქმედებს, მასობრივი წინსვლა მიღწევადი არ არის. შეიძლება დავასკვნათ, რომ თუკი არ იქნება შემუშავებული მიზანდასახული სახელმწიფო სტრატეგია  მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, და ყოველივე ეს საბაზრო ძალებს მიენდობა, საქართველოს ახალ ცივილიზაციურ, გლობალისტურ და ინგლისურენოვან სივრცეში კი არ ელის ინტეგრაცია, არამედ მას მოელის მასობრივად ცივილიზაციური სივრცეებიდან ამოვარდნა და კულტურული დეგრადაცია, რაც კიდევ უფრო გაზრდის დაპირისპირებას „გლობალისტურ“ ელიტასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის.

საზოგადოებრივი კონტრაქტი, ტრადიციული იდენტობები და ახალი უთანასწორობები

ვინაიდან გლობალიზაცია ჩვენ განხილული გვაქვს ახალი ეკონომიკური მწარმოებლური რევოლუციის ერთგვარ სინონიმად და განსახიერებად, არ იქნება არალოგიკური, რომ თანმდევი სოციალური პროცესებით გამოწვეულ რადიკალურ ხასიათში ასევე რევოლუციური გარდაქმნებისთვის დამახასიათებელი სტრუქტურული რღვევების ელემენტები დავაფიქსიროთ. ამგვარი რღვევები, რომლებიც  დიდი სოციალური ჯგუფების სიღრმისეულ გარდაქმნებში აისახება, ისტორიულ მაგალითს – კაპიტალიზმის წარმოქმნასა და განვითარებას თან სდევდა, რასაც იმავდროულად მოსახლოების დიდი ნაწილისთვის გაკოტრება, მიგრაცია, მარგინალიზაცია და ცხოვრების სტილის რადიკალური ცვლილება მოყვებოდა. ისტორიული პარალელების გავლებამ, ამასთან, არ უნდა ჩაგვაგდოს ერთგვარი ისტორიციზმის განცდაში, როდესაც პროცესის ობიექტური მახასიათებლები იმავდროულად მისი შედეგების დეტერმინისტული  ცალსახობის მიზეზად მოგვევლინება. ინდივიდები, საზოგადოებები და ქვეყნები არ არიან პასიური მიმღებები იმისა, რაც მათ თავს ატყდება. დასავლური საზოგადოებების კაპიტალისტურმა გარდაქმნამ განვითარების თვალსაზრისით პოზიტიური შედეგი გამოიღო არა იმიტომ, რომ ეს კაპიტალიზმის შინაგანი ბუნებითაა განპირობებული, არამედ იმიტომ, რომ მის განვითარებას თან ახლდა სხვა, თანმდევი პროცესები, რომლებმაც ბრძოლაში და წინააღმდეგობებში წარმოქნეს ის საზოგადოებები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ როგორც დასავლურს. ანუ განვითარების ის ორი მოდელი, რომელიც ადრე ვახსენეთ, პოტენციური განვითარების ალტერნატივებს სახავს, რაც არჩევანს გვიტოვებს, და რაც, როგორც მინიმუმ, სახელმწიფო პოლიტიკის და პოლიტიკური პარტიების შესაბამის გრძელვადიან სტრატეგიებს უნდა აყალიბებდეს.

რეალური გამოწვევების დანახვა ამგვარი სტრატეგიების გამომუშავების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. ქვეყნის სოციო-კულტურული ტრანსფორმაციის ხშირ შემთხვევაში სტიქიური და ქაოტური პროცესი გარდაქმნების პირველ წლებში ერთგვარად დაჩრდილული იყო პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემური გარდაქმნების არტიკულირებული და ფორმალიზებული ლოგიკით. ტრანსფორმაციაში ჩართულ აქტორთა მიკროდონეზე არსებული ვითარებები და მიკროსტრატეგიები, ახალ რეალობებთან მათი ადაპტირების უნარები თუ უუნარობა (ან კი სურვილი თუ სურვილის არქონა) ნაკლებად მიიღებოდა მხედველობაში. შესაბამისად, აქტორთა წარსული გამოცდილებით და კულტურული პატერნებით წარმოქნილი მანძილი ფორმალურ ინსტიტუტებსა და მათ არაფორმალურ მნიშვნელობებსა და რეალურ ფუნქციონირებას შორის ტრანსფორმაციის მთელი მიმდინარეობის განმავლობაში განიხილებოდა უფრო როგორც კორუფცია, რომელიც უნდა იყოს დაძლეული, და არა როგორც გამოწვევა, რომელიც ქვეყნის არსებულ მდგომარეობას ობიექტურად აყალიბებს და ანგარიშგასაწევ დაბრკოლებებს ქმნის სხვაგვარად „უტოპიური“ გეგმების განხორციელებაში.

ქვეყანაში თანდათანაობით ჩამოყალიბდა ორი განსხვავებული ეკონომიკის, ორი განსხვავებული კულტურული პატერნის თანაარსებობის და ურთიერთდაპირისპირების პრაქტიკა, როდესაც დაპირისპირების ერთი, დომინანტური მხარე გაცილებით მეტი ეფექტურობით ხასიათდება, ხოლო მეორე ვერ თმობს პოზიციებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას (მასში ჩართულ აქტორებს) სხვანაირად არსებობის და გადარჩენის უნარი არ გააჩნია. წარსულის უარყოფა და წარსულთან ბრძოლა, ამდენად, რეალურად აღმოჩნდა ბრძოლა მოსახლეობის დიდი ნაწილის წინააღმდეგ, რომელიც ამ ბრძოლაში ახალი პოლიტიკური იდენტობების გამომუშავებას ცდილობს.

ორი სოციუმისა და ეკონომიკის წარმოქნას უკავშირდება აგრეთვე სოციალური სტრატიფიკაციის ორგვარობა, რაც საზოგადოებრივი კონტრაქტის, სოციალური სოლიდარობის საპირისპიროდ მოქმედებს. სოციალური მობილურობა, „ცხოვრების შანსები“ (რალფ დარენდორფის ტერმინი), წარმატებას და რეპუტაციას ერთმანეთისგან აცალკევებენ და აშორებენ, და ამით არღვევენ არსებული სოციალური დისკურსული ველების ავტონომიას. წარმატების და წინსვლის მიღწევა გლობალიზებულ სამყაროში ხდება ლოკალური სოციუმისგან მოშორებულ სფეროებში, რომლებზედაც საზოგადოებას ზეგავლენის მექანიზმები არა აქვს. ახალ გლობალურ ურთიერთობებში ინდივიდი შესაძლოა ფიზიკურად ცხოვრობდეს თბილისში, და აღწევდეს დიდ წარმატებებს თავის საქმიანობაში ისე, რომ მისი პროფესიული რეპუტაციის ფორმირებაში არ მონაწილეობდნენ ადგილობრივი კოლეგები. შესაბამისად, თუკი (როდესაც) ამგვარი ადამიანები იკავებენ სოციალურად მნიშვნელოვან თანამდებობს, ისინი ხშირ შემთხვევებში განიხილებიან როგორც „ტროას ცხენები“ , რომლებიც „შემოგზავნილია“ საზოგადოებაში გარედან, მისი ავტონომიურობის შესასუსტებლად.

ამდენად, ჩნდება სტრატიფიკაციის ორი სისტემა, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. ერთი ეფუძნება იმას, რასაც ადამ სმიტი ბაზრის უხილავი ხელის საფუძვლებში ეძებდა – ეს არის საკონტრაქტო ჰორიზონტალური ურთიერთობები, რომლებიც ბადებენ სამოქალაქო ერთობას, მორალურ წესრიგს და ზრდიან იმ რეპუტაციების გავლენას საბოლოო წარმატებაზე, რაც საზოგადოების წევრად ყოფნის პრივილეგიას უკავშირდება. მეორე ეფუძნება გარე ლეგიტიმაციას, და/ან არსებობს გარკვეულწილად იზოლირებულად საზოგადოებისაგან და „ელიტისტურად“, ან პოლიტიკური ძალების ზემომედებით ჩნდება იქ, სადაც ის გლობალიზაციის ზემოქმედების გარეშე ვერ აღმოჩნდებოდა. გლობალიზაციით წარმოქმნილი „ტროას ცხენების“ ფენომენის გაჩენას საზოგადოებაში ბუნებრივად მოყვა ნეგატიური, ხშირად ქსენოფობიური რეაქციები. საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ თვალნათლივი ხდება ახალი, ანტიგლობალისტური ტენდენციების ზრდა, რომლებიც საკუთარ თავს ზოგჯერ ანტიამერიკანიზმის, ხოლო ზოგჯერ ნაციონალიზმის ტერმინებში არტიკულირებენ.

იგრძნობა ტენდენციები, როდესაც „დანარჩენი საზოგადოება“ იწყებს საკუთარი თავის გაცნობიერებას „მეორე ხარისხის“ ადამიანებად, რაც ადამიანური ღირსების დაცვის ძლიერ მოთხოვნლებას ბადებს. ასევე ჩანს, რომ საზოგადოებაში ძლიერდება უფრო ზომიერი და არა-ანტიგლობალისტური ტრადიციონალისტური განწყობებიც, როგორც ახალი საზოგადოებრივი კონტრაქტის შესაძლო საფუძვლების ძიების ფორმა.
როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს , საზოგადოების უმეტესობა დღეს ტრადიციონალისტურადაა განწყობილი, მაგრამ ეს ტრადიციონალიზმი ერთგვაროვანი არ არის. ტრადიციონალისტების ერთი ნაწილი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც წარსულზე ძლიერად დამოკიდებული, ახალთან ძნელად ადაპტირებადი ადამიანები. მათ უფრო ნოსტალგიური განწყობები აქვთ, ხოლო სიახლეს უნდობლობით ეკიდებიან. ასეთები უფრო მრავლად მოიპოვება სოფლად, უფროს თაობაში, დაბალი განათლების მქონე ადმიანებში.

ტრადიციონალისტების მეორე ნაწილში უფრო მეტია მაღალი განათლების, დიდ ქალაქებში მცხოვრებების პროცენტი; ამ ჯგუფში წარმოდგენილია ყველა ასაკის ადამიანები. ესენი ტრადიციას და სიახლეს ერთმანეთს არ უპირისპირებენ, არამედ ორივეს შეზავებას ცდილობენ. როგორც ჩანს, მათთვის ტრადიციული განწყობები გლობალიზაციის კონტექსტში იდენტობის შენარჩუნებისა და განმტკიცების საშუალებად არის მიჩნეული. ეს სწორედ ის სოციალური ჯგუფია, რომელიც ფლობს ყველაზე მეტ ტრადიციულ კულტურულ კაპიტალს, და რომლის შეშფოთება ამ კაპიტალის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაპირობებს მის „კლასობრივ“ განწყობებს მიმდინარე პროცესების მიმართ. რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ამ ჯგუფში წინასთან შედარებით უფრო მაღალია.

მზარდი ტრადიციონალისტური იდენტობები პირდაპირ კავშირშია საქართველოს არსებულ და მოსალოდნელ პოლიტიკურ დაყოფებთან. საქართველოს პოლიტიკაში ერთ-ერთი წამყვანი, თუ არა ცენტრალური როლი უჭირავს საგარეო ურთიერთობებსა და გარე ორიენტაციებს, თანაც ისეთნაირად, რომ ცივილიზაციების მიჯნაზე მდებარე ქვეყანაში დასავლური ცივილიზაციური მიკუთვნებულობა გადათარგმნილია პირდაპირ პოლიტიკურ სტრატეგიებში ამერიკული და ევროპული განზომილებით. ქვეყანაში რუსეთის, როგორც დომინანტური პოლიტიკური აქტორის როლის დაკნინებასთან ერთად გაიზარდა სხვა, დასავლური გარე აქტორების როლი. ამდენად, შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების ფორმირებაში საგარეო ფაქტორი დიდ როლს თამაშობს, და პოლიტიკური დაყოფების ფორმირების ორ შესაძლო ვარიანტს გვთავაზობს.

პირველი, „ქსენოფობიური“ სცენარის ფარგლებში დაპირისპირების არტიკულირება გაგრძელებას ჰპოვებს „გეოპოლიტიკურ“ განზომილებებში და საგარეო პოლიტიკის დისკურსი გამოაქვს წინა პლანზე, რაც იწვევს გარკვეული ტიპის ანტი-გლობალისტური „იდეოლოგიის“ ფორმირებას, ხოლო დასავლეთზე ორიენტაციას ბოლშევიკური ტიპის პოლიტიკური სტილის ხასიათს ანიჭებს. ამ შემთხვევაში ან „წარმატებული გლობალისტების“ ნაწილი, რომელიც ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას, იდეოლოგიურ დომინირებას ამყარებს, ან იმარჯვებენ ანტიგლობალისტები, რომლებიც ძველი (დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდისთვის დამახასიათებელი) ეროვნული დღის წესრიგის ჩარჩოებში მოქმედებენ.

სინამდვილეში ორივე ეს პოლიტიკური ძალა შესაძლოა ერთობლივადაც მოქმედებდეს – გლობალისტები თანამშრომლობდნენ ნაციონალისტებთან, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს „პატრიოტული“ რიტორიკის და პრაქტიკის გაძლიერებაში იმ ტრადიციონალისტური სოციალური ჯგუფების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც უკვე ნახსენები ნოსტალგიური განწყობებით ხასიათდება. სხვა სცენარი შესაძლოა მიმართული იყოს უფრო შიდა, და არა საგარეო პოლიტიკაზე, რაც აუცილებლობით პოლიტიკას ნაკლებად პოლარიზებულ ხასიათს მიანიჭებს. ამგვარი სცენარი უნდა იცნობიერებდეს მიმდინარე გარდაქმნებს, როგორც მოტანილს მსოფლიო განვითარების ახალი ტენდენციებით და ცდილობდეს ამ ტენდენციებზე ადექვატურ რეაგირებას „ქსენოფობიური“ განწყობების გარეშე. ეს სცენარი აუცილებლობით გაითვალისწინებს სოციალური სოლიდარობის რაღაც ელემენტებს, რათა სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე საზოგადოებრივი მომსახურების ფუნქცია და არ მიანდოს მომავალი განვითარება მხოლოდ ბაზრის მამოძრავებელ ძალას. ამგვარმა ხედვამ უნდა გაიცნობიეროს გლობალიზაციის პრობლემა, როგორც სოციალური გამოწვევა, რომელსაც მიზანდასახული პოლიტიკური რეაგირება სჭირდება.

როდესაც ქვეყნის განვითარებას ახალი, გლობალიზაციური გამოწვევები აყალიბებენ, ამ განვითარების ალტერნატიული პოლიტიკური ხედვები ვერ იქნება ისეთივე, როგორებიც იყო ძველად. ახალი პოლიტიკური დაყოფები, რომლებიც მთელ მსოფლიოში XXI საუკუნეში იჩენს თავს, აღარ არიან ტრადიციული მემარჯვნენ-მემარცხენე დაყოფები, რომლებიც წინა საუკუნეების დასავლური ქვეყნების პოლიტიკას ამოძრავებდნენ. თუკი ცალ მხარეს ნეოლიბერალიზმით ფორმირებულ გლობალიზაციას მოვათავსებთ, რომელსაც პოლიტიკურად, ზოგიერთი ავტორის ფორმულირებით, ლიბერალური ელიტიზმი შეესატყვისება, მეორე მხარეს სხვადასხვა სახის მოძრაობები შეიძლება აღმოჩნდეს, რომლებისთვისაც იდენტობები, მათ შორის ტრადიციონალისტური, ნაციონალისტური, მულტიკულტურალური თუ პაროქიული განწყობები იქნება მნიშვნელოვანი.

საქართველოს რეალობაში პრაგმატული და რეალისტური მიდგომების სისუსტის ფონზე ორივე მხარეს მდგომი მიდგომები ძლიერი იდეოლოგიზირების სახეს იძენენ, პრაგმატული, ემპირიულად დასაბუთებული და ანალიტიკურად გათვლილი სტრატეგიების გამომუშავების გარეშე. ასე, ნაციონალისტების მიერ ქართული ენისთვის უპირობო და ექსკლუზიური ღირებულების მინიჭების შედეგად საზოგადოება დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ იკარგება ქვეყნის კულტურული კაპიტალის ერთ-ერთი ძლიერი მაფორმირებელი მხარე – მასობრივი ბილინგვურობა, რომელიც წინა საუკუნეში ქართული კულტურის განვითარების ერთ-ერთ ძლიერ ფაქტორს წარმოადგენდა. ნეოლიბერალური პასუხი ამ გამოწვევაზე ასევე, როგორც ამას სტატისტიკა ადასტურებს, არაადექვატური აღმოჩდნა: ამ მიდგომის მიხედვით, თუ ადამიანმა ვერ ისწავლა ინგლისური ენა, ეს მისი პიროვნული პრობლემაა და მისი საბაზრო კონკურენტულობის განსახიერება. ის რომ გარდაქმნების ოცი წლის თავზე პროცენტი ინგლისური ენის მცოდნე ადამიანების არის ასეთი დაბალი, ნეოლიბერალებს მაინც არ უბიძგებს იქითკენ, რომ ეს პრობლემა განიხილონ როგორც სოციალური.

სოციალური სოლიდარობის მომხრეთა თვალში უთანასწორობები, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს უკან ტოვებს, როგორც მინიმუმ, სახელმწიფო რეაგირებას და შესაბამისი პოლიტიკის გამომუშავებას მოითხოვს. ის მანძილი, რომელიც დღესდღეობით თბილისსა და რეგიონებს შორის წარმოიქმნა, ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელშიაც ქართული სოფელი აღმოჩნდა, ის დაპირისპირება, რომელიც ასაკობრივ ჯგუფებს ყოფს ერთმანეთისგან, ხშირ შემთხვევაში არ დაიყვანება მხოლოდ რესურსების გადანაწილების პოლიტიკის სისუსტეზე, რომლისთვისაც სახელმწიფოს შესაძლოა უბრალოდ ფინანსები არ ყოფნიდეს. ეს უთანასწორობები ქვეყნის ერთობლივი სტრუქტურული განვითარების სხვადასხვა მოდელებს უკავშირდება პრობლემები, რომლებიც აქ იყო აღწერილი, ასახავენ ვითარებას, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა ადამიანების თვალში განსხვავებულ რეაგირებას მოითხოვდეს. გამოწვევებზე რეაგირების პოლიტიკა, რომელიც პრობლემების მოგვარებას ემსახურება, და არა აბსტრაქტული იდეების განხორციელებაზეა მიმართული, საერთო და ნაკლებად ემოციური მსჯელობის შედეგად მიგვიყვანს პრობლემის შემსუბუქებამდე. როგორიც არ უნდა იყოს ამგვარ მსჯელობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება –მემარჯვენე თუ მემარცხენე, ის იქნება პირველ რიგში გააზრებული და რაციონალური.

 

“საზოგადოების კვლევის ცენტრის” მიერ გამოქვეყნებული კრებულის – “გლობალიზაციის ახალი გამოწვევები მემარცხენეობისთვის: ზოგადი ტენდენციები და საქართველო” –  ელექტრონული მისამართი: http://cssge.ge/site/globalizaciis-axali-gamowvevebi-memarcxeneobistvis/

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ