მათე გაბიცინაშვილი: საჯარო სივრცის გარდაქმნის აუცილებლობა

პრაქტიკოსები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არანაირ ინტელექტუალურ გავლენას არ განიცდიან, ჩვეულებრივ, რომელიმე წარსულში ჩარჩენილი მოაზროვნეების მონები არიან“.

ჯონ მეინარდ კეინზი (1883-1946)

 

შესავალი

ერთ-ერთ მის ყველაზე გავლენიან ესსეში, მილტონ ფრიდმანი აღნიშნავს: „კრიზისი – აშკარა თუ აღქმული – წარმოადგენს რეალური ცვლილების საფუძველს. როდესაც კრიზისი დგება, გადასადგმელი ნაბიჯები დამოკიდებულია იდეებზე, რომელიც ფორმირდება ამ მოვლენების გარშემო. სწორედ, ეს წარმოადგენს ჩვენს რეალურ ფუნქციას: განვავითაროთ იდეური ალტერნატივა არსებული ხედვების, ვაცოცხლოთ მანამდე, სანამ პოლიტიკურად შეუძლებელი არ გახდება პოლიტიკურად გარდაუვალი.“

ნებისმიერი კრიზისი ყოველთვის ახდენს საზოგადოებრივი სულისკვეთების მობილიზებას. ჩვენი ვალია არ დავუშვათ ამ სულისკვეთებით შექმნილი ილუზიით თვითკმაყოფილება. ცხადია, აღგვაფრთოვანებს პოსტკრიზისეულ პერიოდში მოქალაქეთა სოლიდარულობა და მათი ნებაყოფლობითი აქტივიზმი, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან მსგავსი პრეცენდენტები ბევრი გვქონია, რაც არ გამოდგა საკმარისი შემდგომი კრიზისების პრევენციისთვის.

ჭეშმარიტი საზოგადოებრივი სოლიდარობა დგება მაშინ, როდესაც ის მუდმივად საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების კულტურის ნაწილად იქცევა და გამოიხატება საზოგადოების სხვადასხვა ფენების ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში. მოქალაქეთა სოლიდარობის აფეთქებები, როგორც ცნობილია, რეფლექსური და სტიქიურია, თუმცა, ამავდროულად, ხანმოკლეც. ხანდახან ეს მოძრაობები ხდებოდნენ (და ხდებიან) “სოლიდარობის კარნავალები”. რუსი ფილოსოფოსის მიხაილ ბახტინის მიხედვით, კარნავალები საერო ცხოვრების შესვენებებია, რომელსაც თან ახლავს წუთიერი შვება მძლავრი, ყოვლისმომცველი და საძაგელი ყოველდღიური რუტინისაგან. ისინი აჩერებენ რუტინას, აცხადებენ მას გაუქმებულად, თუმცა, მხოლოდ “ფესტივალის” განმავლობაში. როგორც კი ენერგია დაიხარჯება და პოეტური სულისკვეთება დაიკლებს, “მეამბოხენი” უბრუნდებიან ყოველდღიურ ყოფას. რუტინას სჭირდება პერიოდული კარნავალები საკუთარი თავის კვლავწარმოებისთვის – დაძაბულობის გამოსათავისუფლებლად. დრო და დრო, საჭიროა საშიში ემოციების განმუხტვა, ცუდი სისხლის გამოშვება, რუტინის მიმართ არსებული ზიზღის მოხსნა ისე, რომ მისი დამასუსტებელი ძალა აღდგეს.

როდესაც ზიგმუნდ ბაუმანი აღწერდა ე.წ. “სოლიდარობის აფეთქების” ბუნებას 2011 წლის მსოფლიოს საპროტესტო მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენდა არსებულ ნეოლიბერალურ პოლიტიკურ დისკურსზე უკმაყოფილებით გამოწვეულ სტიქიურ მოძრაობას, რაც რეალურად აღმოჩნდა მოკლევადიანი კარნავალური სახის გამოვლინება, ის წერდა: “გსურთ სოლიდარობა? თუ ასეა, მაშინ თვალი უნდა გაუსწორო და გაუმკლავდე ამ ქვეყნიურ რუტინას, თავისი ლოგიკით თუ უშინაარსობით, თავისი მოთხოვნებით, ბრძანებებითა და აკრძალვებით.“ ანუ დაფიქრდე იმ სივრცეზე და ნაკლოვანებებზე, რომელშიც იმყოფები და ფუნქციონირებ.

უკანასკნელი დღეების ტრაგედია, რომელიც თავისი მასშტაბებით წყალგამყოფი შეიძლება გახდეს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე გავლენის ხარისხით, თავისი არსით პოლიტიკურია, რადგან ის დაკავშირებულია წლების მანძილზე არასწორი ურბანული პოლიტიკის დაგეგმარებასთან და შესაბამისი რისკების არასწორად გაზომვასთან. გასაგებად რომ ვთქვათ „განვითარების“ შესახებ არასწორ წარმოდგენებთან. სწორედ მთელი არსი მოდერნულ საზოგადოებად ყოფნის მდგომარეობს იმგვარი ტრანსფორმაციის შესაძლებლობაში, სადაც ადამიანი თვლის რისკებს და იყენებს ტექნოლოგიებს ამ რისკების თავიდან ასაცილებლად.

რაც უფრო მალე გამოვალთ საყოველთაო ემოციური აღტკინებიდან, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტო-ვიდეო კადრებმა მოგვანიჭა, სადაც მართლაც რომ მოქალაქეთა (ძირითადად საშუალო და უფრო დაბალი ფენის წარმომადგენლები) თავდაუზოგავი შრომაა ასახული და მთელ ძალისხმევას პოლიტიკური და ეკონომიკური დისკურსის ანალიზს და საფუძვლიან გააზრებას მოვახმართ, მით უფრო მეტად შევძლებთ სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიების პრევენციას. რატომ? იმიტომ რომ დღეს ფინანსური „კაპიტალის“ დონიმიცია იმდენად დიდია, ბაზრის გავლენა სახელწმიფო პოლიტიკასა და მის სტრატეგიაზე იმდენად დიდია, რომ იმის მაგივრად რომ ცოდნა, საზოგადოებრივი ინტერესები ახდენდეს მის ფორმირებას, დღეს პირიქით ხდება, ბაზრის და კაპიტალის ინტერესების მიხედვით ხდება როგორც ცოდნის ფორმირება, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა.

საზოგადოებაში შეუძლებელია ყველა ‘კაპიტალის’ მფლობელი იყოს. სახელმწიფომ იმის ნაცვლად, რომ დაიცვას ბალანსი ბაზარსა და საზოგადოებას შორის, პირიქით, მისი ინტერესების ტყვეობაშია. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი დედაქალაქი, მისი იერსახიდან დაწყებული, საზოგადოების განვითარებისთვის ფუნდამენტურად აუცილებელი პროფესიების საჯარო პოლიტიკის სივრციდან განდევნით დამთავრებული. მაგალითად, 2005 წლიდან საერთოდ აღარ არსებობს გეოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც შესაბამის დაკვირვებებს განახორციელებს, რათა წინასწარვე მოხდეს რისკების გათვლა და მათი გავლენის ხარისხის გაზომვა. მთელი თბილისის ფლორა, დავირუსებულია ათასი რჯულის ვირუსებისგან. კუს ტბიდან დაწყებული ბოტანიკური ბაღით დამთავრებული ხეები ხმება, და კაცმა არ იცის მიზეზი. თან, როდესაც არვიცით და არ გვაქვს ინფორმაცია, ცხადია, ნაკლებად ვნერვიულობთ. იმის არ იყოს, როცა აღწერა არ იყო ჩატარებული არც ვნერვიულობდით, რომ თურმე 10 წელიწადში 700 000-ზე მეტი მოქალაქით შევმცირდით. ეს ხომ ადამიანური რესურსის კუთხით უდიდესი დანაკლისია. ვინ აგებს მომავალში პასუხს სხვა შესაძლო პოტენციური ტრაგედიების შედეგად მოყენებულ ზიანზე? პასუხი ერთია: სახელწმიფო პოლიტიკა, მეთოდები და მიდგომები ფუნდამენტურად შესაცვლელია, მაგრამ ეს ვერ მოხდება მანამდე, სანამ იდეურად არ გვექნება გააზრებული სახელმწფოს შინაარსი, რომელიც სწორედაც რომ უნდა ჩაერიოს ეკონომიკის, სოციალური ცხოვრების იმ სფეროებში, რომელიც აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონტროლისათვის. ეს არის სახელმწიფო, რომელიც იკვლევს, ქმნის ცოდნას, იღებს პასუხისმგებლობას განვითარებაზე და არა განზე დგება და შემოიფარგლება რიგითი ადმინისტრაციული ფუნქციებით, რომელიც მოკლებულია ფუნდამენტური გამოცდილების შექმნას. შესაბამისად, საჭიროა სხვა სახელწმიფო, სხვა იდეები, ვიდრე ის მოცემულობა, რომლის ტყვეობაშიც დღემდე ვცხოვრობთ. ცინიკურია როდესაც ქალაქის ურბანული სივრცის გენერალური გეგმის შექმნას ახორციელებს კერძო კომპანია, რადგან თავად სახელწმიფო ინსტიტუცია მოკლებულია საჭირო ცოდნასა და კომპეტენციას. როცა სახელმწიფოს თავად ჭირდება ინსტიტუციური ცოდნა და გამოცდილება იმ საკითხზე, რომლის განხორციელების პასუხისმგებლობასაც აკისრებს საკუთარ თავს. ურბანული სივრცის განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება არ გულისხმობს მხოლოდ პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას. თუ ამაზე პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტში თუ სხვა სტრუქტურაში მყოფ ჩინოვნიკს არ გააჩნია ხედვა და კომპეტენცია, თუ თავად ინსტიტუცია არ არის ჩართული აღნიშნულის კვლევაში (და მხოლოდ კვარტალში ერთხელ ისმენს ანგარიშების სახით გეგმის განხორციელების შედეგებს), ის ვერანაირად ვერ შეძლებს დოკუმენტში აღნიშნული მიზნების პრაქტიკაში განხორციელებას. აღნიშნული ტრაგედია იმთავითვე ეხმიანება მცდარი იდეური დისკურსიდან გამოწვეულ სხვა მნიშვნელოვან პრობლემებსაც.

გამოცემა New Eastern Europe-სთვის მიცემულ ინტერვიუში, პოლონეთის პრეზიდენტი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ლეხ ვალენსა, ზუსტად შენიშნავს იმას, რაც გადმოსცემს ჩვენი ეპოქის ტრაგიკულობას ორ ათეულზე მეტი წელია: „კომუნიზმის დემონტაჟი იყო ჩემი წარმატება და შედევრი, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც დრო მოვიდა მშენებლობის, მე არ აღმომაჩნდა იდეები. მე საკმაოდ წარმატებული და კარგი ვარ ნგრევაში, მაგრამ ვისურვებდი ასეთივე წარმატებული და კარგი ვყოფილიყავი მშენებლობაშიც.“

ერთი სიტყვით, ჩვენ ვცხოვრობთ „ყალბი ცნობიერების“ ტყვეობაში, რომელიც ხელს გვიშლის თვითგამორკვევაში. ამის ყველაზე ელემენტარულ ახსნას ჯერ კიდევ მარქსთან ვხვდებით: „მათ არ იციან, მაგრამ მაინც აკეთებენ“ (კაპიტალი). ფრანკფურტის სკოლის ინტელექტუალების აზრით, იმისთვის რომ ადამიანებმა შეიცნონ თავიანთი ნამდვილი ინტერესები, ამისთვის მათ ესაჭიროებათ განავითარონ ცნობიერება, რომელიც თანმიმდევრულია მათი სოციალური კლასის ინტერესებთან მიმართებაში.

ყალბი ცნობიერების ტყვეობიდან გამოსვლისა და თვითგამორკვევის საკითხის მნიშვნელობა, ისევე როგორც არასდროს, აქტუალურია დღესაც. შევხედოთ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. ოდესმე გინახავთ როდესაც დაბალი ფენის სოციალური ჯგუფები, ან ამ ჯგუფებიდან წამოსული პოლიტიკური აქტივისტები, იღებდნენ გადაწყვეტილებას საკუთარი ქალაქის, თემის განვითარებასთან დაკავშირებით. პირიქით, მუდმივად ერთი და იგივე ელიტა, რომლებიც პარალელურად წარმოადგენენ კერძო სექტორს (პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი პოლიტიკაში მოსვლამდე ან მის შემდეგ დაკავშირებულია ბიზნესის სფეროში საქმიანობასთან) იღებენ გადაწყვეტილებას ჩვენს შესახებ, რომლის შედეგებსაც იმკის დაბალი სოციალური ფენები. ქალაქგარეთ, ‘მწვანე წალკოტში’ მცხოვრებნი, მუდამ იღებდნენ გადაწყვეტილებას თუ სად რა უნდა აშენდეს, როგორ განვითარდეს ესა თუ ის ურბანული სივრცე, რომლის უარყოფითი შედეგები დაკავშირებულია არა მათთან, არამედ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ღარიბი ადამიანების ბედთან. იან ბურუმამ მოსწრებულად თქვა, რომ ‘კეთილშობილურ’ იდეებს ახასიათებს შესაძლო უარყოფითი შედეგები, რომელიც არასოდეს დაემართება ამ იდეების მატარებელთ.

თანამედროვეობის შეფასებისას, ზიგმუნდ ბაუმანი შენიშნავს: „ვინ ვის მოატყუებს, ვინ იქნება პირველი დამარცხებული? ესაა დღევანდელი შრომის ბაზარი, და ალბათ საზოგადოებაც მთლიანობაში, რომელიც დაყვანილია სატელევიზიო რეალითი შოუს დონეზე.“ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საბაზრო ანუ კერძო და არა საზოგადოებრივი ინტერესების მონოპოლიის ქვეშ. წლებია ქართული სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა, მისი იდეური ბაზისი, ნაცვლად იმისა, რომ მისი ყველაზე დიდი კაპიტალის, ადამიანური რესურსების განვითარება იყოს, წარმოადგენს კაპიტალის დომინაციის, როგორც განვითარების ერთადერთი და უალტერნატივო ფაქტორის დომინაციის ხელშეწყობას. ესაა ფუნდამენტურად არასწორი ხედვა, რომელმაც უკვე მიგვიყვანა ‘საბაზრო ავტორიტარიზმამდე’. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ წლების მანძილზე არსებული პოლიტური დისკურსი ჯანდაცვის სექტორის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს ის სფეროა, სადაც ყველაზე მეტად არ ვრცელდება კაპიტალისტური საბაზრო ლოგიკა „მოთხოვნა – მიწოდებასთან“ დაკავშირებით, რაც გულისხმობს საზოგადოების მხრიდან ფორმირებულ საჭიროებებზე, მიწოდების ანუ სერვისის უზრუნველყოფას. რადგან, არცერთმა ჩვენთაგანმა არ იცის დაზუსტებით რა დაავადება ჭირს ექიმთან მისვლამდე, რა თანხებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, საჭიროა თუ არა ოპერაცია თუ აფთიაქში წამლების ყიდვით დამთავრდება მკურნალობა. ანუ ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია ჩვენი მოთხოვნის შესახებ, შესაბამისად ვერ გავზომავთ სერვისის ადეკვატურობას და რელევანტურობას. აღნიშნულ სფეროში მოთხოვნასა და სერვისის მიწოდებაზე ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მეორე მხარეს. შესაბამისად, ორ მხარეს შორის ინფორმაციული დისბალანსის მუდმივად არსებობისას, მომხმარებელი მუდმივად დაზარალებული იქნება. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ამ სფეროს სრული პრივატიზაცია. განსაკუთრებით ჰოსპიტალური, სააფთიაქო და სადაზღვეო სისტემის ერთი კაპიტალის ქვეშ მოქცევა, რადგან მათი ინტერესების ლოგიკა სრულიად განსხვავებულია. სააფთიაქო ბიზნესი მუდმივად მოწადინებულია რაც შეიძლება ბევრი მომხმარებელი ყავდეს (უხეშად რომ ვთქვათ, რაც შეიძლება ბევრი დაავადებული იყოს), სადაზღვეო სექტორი კი პირიქით, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯი ჰქონდეს, ანუ ბევრი ჯანმრთელი ბენეფიციარი ყავდეს საზოგადოებაში.

 

კულტურა და სოლიდარობა

2011 წელს, როდესაც მასიური საპროტესტო ტალღა მოედო მსოფლიოს, დაწყებული ესპანური „ინდიგნადოსიდან“, დამთავრებული „დაიკავე უოლ სტრიტის ქუჩის მოძრაობით“, მათმა ორგანიზატორებმა სოლიდარობის თხოვნით მიმართეს პოლონეთის „სოლიდარობის მოძრაობის“ ლიდერს ვალენსას. ქვემო მანჰეტენზე „ზუკოტის“ პარკში აღნიშნული მიპატიჟება (მიუხედავად იმისა, რომ ვალენსა დათანხმდა, საბოლოო ჯამში ვიზიტი მაინც არ შედგა), ეხმიანება მის მიერ განხორციელებულ სხვა ვიზიტს, ნარინჯისფერი რევოლუციის დღეებში, კიევში 2004 წელს. იქ ვალენსა იქცა ანტი-სისტემური ბრძოლის სიმბოლოდ დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის. „ზუკოტის“ პარკში კი მას უნდა მოეხდინა სოციალური სოლიდარობისა და ნეოლიბერალური აუტოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის სიმბოლიზაცია. პოლონური „სოლიდარობის მოძრაობა“ 80-იანებში კი ერთდროულად განასახიერებდა ეროვნული თავისუფლებისა და სოციალური თანასწორობის იდეას. დღეს არავინ აყენებს ეჭვქვეშ ამ მოძრაობის დამსახურებას ეროვნული თავისუფლების ნარატივის შექმნაში, მაგრამ უამრავი ადამიანი სვამს კითხვას თუ რა კონტრიბუცია შესძინა პოსტსაბჭოთა ეპოქაში ამ მოძრაობამ სოლიდარობის იდეის კუთხით სოციალური სოლიდარობის გამტკიცებაში.

პოსტსაბჭთა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, თავისუფლების იდეა დავაფუძნეთ კარტეზიანულ პერსპექტივას ადამიანის შესახებ (სადაც „მე“ არის ცენტრში) და ორ მნიშვნელოვან სისტემას. პირველი გახლავთ სახელმწიფო აპარატი, რომელიც ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნების სამსახურშია პოლიტიკური სისტემით – წარმომადგენლობითი ძალაუფლება მოქალაქეთა უმრავლესობის თავისუფალი ნების გამოვლინებით (საარჩევნო სისტემა). მეორე გახლავთ ეკონომიკური სისტემა, რომელიც დაეფუძნა კერძო საკუთრების უმწიკვლობასა და თავისუფალი ბაზრის სიქველის ლოგიკას. რომ შევაჯამოთ, ჩვენ შევქმენით კულტურა „თავდაჯერებული სამყაროს შემოქმედი ინდივიდით“ ცენტრში. ინდივიდით, რომელიც არის მამოძრავებელი წყარო პროგრესისა და ცვლილების. სწორედ აქ უნდა დავსვათ მთავარი შეკითხვა: ააშენებს საავადმყოდოს ინდივიდი? გზას გაიყვანს ინდივიდი? ანუ არის თუ არა მთავარი კოლექტიური პრაქტიკა, კოლექტიური ძალისხმევა ფუნდამენტური პოზიტიური ცვლილებისთვის?

ჩვენი გამოცდილებიდან დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობისა და ინდივიდების ემანსიპაციის სახელით, 80-იანებში ჩვენ გავილაშქრეთ „მონობის“ კოლექტიური ფორმების, კულტურული იმპერიალიზმის, რეპრესიული სახელწმიფო აპარატის წინააღმდეგ. თუმცაღა წლების შემდეგ, ინდივიდუალური თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდამხარ, მივიღეთ საზოგადოებრივი გათიშულობა და ინდივიდის „პოლიტიკურიდან“, მაშასადამე საზოგადოებრივიდან იზოლირება, ინდივიდუალური ეგოიზმი, მარტოსულობა, ისევე როგორც სოციალური დეპრესია – რომელიც გახლავთ ყველაზე მძლავრი დაავადება ლიბერალური საზოგადოებების. როგორც არ უნდა ვაფასებდეთ 80-იანებში გაჩენილი თავისუფლების ნარატივს და მის მემკვიდრეობას დღეს, როდესაც ვსაუბრობთ საზოგადობრივი სოლიდარობისა და კულტურის შესახებ, უნდა გავითვალისწინოთ რომ სოციალური თანასწორობა და საკუთარი თემის, საზოგადოების სიყვარული არის ის მთავარი ფუნდამენტი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს თავისუფლებას. დღეს ბევრს ვსაუბრობთ სოლიდარობაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, სწორედ აღნიშნული პრაქტიკა მოქალაქოებრივი სოლიდარობის უნდა ვაქციოთ კულტურული პარადიგმის ცვლილების საფუძვლად. ამის ნიშნები აშკარად ჩანს, როდესაც ვხედავთ „სხვის“ მეტად დაყენებას ჩვენს ცხოვრებაში. კარტეზიანული „მე“ ადრე თუ გვიან უნდა ჩაანაცვლოს სხვამ – „შენ“ – რომელიც იქნება ჩვენს მიერ დანახული სამყაროს ცენტრში. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეგო-ცენტრული, ინდივიდუალისტური კულტურის პარადიგმა. ჩვენ უნდა შევქმნათ „დიალოგის საზოგადოება“, სადაც არ გაისმის მხოლოდ ერთი, მაღალი სოციალური სტრატის წარმომადგენელთა ხმები, არამედ დაბალი ფენის სოციალურ ჯგუფებსაც ექნებათ შესაძლებლობა თვითგამორკვევის, რომელიც თავისუფლების რეალიზებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ბოლო დღეების პრაქტიკა უნდა ვაქციოთ მნიშვნელოვანი და გრძელი პროცესის დასაწყებად. შესაძლოა ჩვენ ჯერ კიდევ არ შევხებივართ ღრმა კულტურის საფუძვლებს, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ „მეს“ ტყვეობაში ყოფნა არის ის მთავარი დამაბრკოლებელი, რომელიც ინდივიდის ემანსიპაციასა და თვითგამორკვევას უშლის ხელს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენ დღეს გვაკლია, არის კრიტიკული კულტურა, კრიტიკული გააზრება, რომელიც საშუალებას მოგვცემდა წარსულთან კავშირის დამყარებაში და ღრმა კულტურის საფუძვლების შეცვლაში.

ჩვენ გვჭირდება გამოვცადოთ მოდერნულობის ყველა ის გამოცდილება, რომ გავიაზროთ ადამიანები დაბადებულნი არიან როგორც თავისუფალნი, მაგრამ ისინი ნამდვილად თავისუფლები ხდებიან მაშინ, როცა მათ მოხალისეობრივად, ნებაყოფლობით შეუძლიათ ამ თავისუფლების დათმობა. სწორედ ამ კონტექსტში ხდება სოლიდარობის იდეასთან დაბრუნება. სწორედ სოლიდარობის ანუ მოქალაქეთა კოლექტიური ნების გამოვლენიბას უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს, როგორც მოქალაქეთა სოციალური კონტრაქტის იდეა და მის მიერ შემუშავებული პროგრესული კანონებით, რომელიც ემსახურება მთავარს, აიღოს პასუხისმგებლობა განვითარებაზე, საზოგადოებაში არსებული სოციალური ჯგუფებისთვის საჭირო სფეროებში. არ დატოვოს ის კერძო ინტერესების, ინდივიდის მხრიდან მოქმედების ნებასურვილზე. წლებია, სოციალური ცხოვრების უამრავი სფერო, იქნება ეს სურსათის უვნებლობა თუ სამშენებლო სექტორის ხარისხის განსაზღვრა, აბსოლუტურად კერძო ძალისხმევის და მისი მორალურობის იმედზეა მიტოვებული.

პოლონელი სოციალური აქტივისტი და ესსეისტი ქშიშტოფ ჩიჟევსკი სოლიდარობის კულტურის ანალიზისას ხაზს უსვამს არაერთგზის გამეორებულ თეზას: „თანასწორობისა და სოლიდარობის გარეშე, თავისუფლებას მოაქვს მონობა,“ ის შეიძლება იყოს დამანგრეველი. „ცივილიზაციური პროგრესისა და სიმდიდრის ზრდის სამყაროში, რომელიც ასოცირდებოდა დემოკრატიასთან, კულტურულ და ეკონომიკურ ლიბერალიზმთან, ჩვენ გამოვცადეთ სოციალური უთანსწორობის გაზრდა და კულტურული კონფლიქტები, ისევე როგორც ადამიანებს შორის გაუცხოება“. ჩიჟევსკი დღევანდელ „ეგოცენტრულ კულტურას“ აღწერს, როგორც „მწუხარების კულტურას“, რომელიც ნათლად ეხმიანება ჩვენი დროების ცენტრალურ გამოწვევას: „როგორც ჩანს სოლიდარობა მოგვევლინა, როგორც ახალი გამოწვევა „თავისუფლების გაკვეთილების“ გამოცდილების შემდეგ, რომელმაც საკუთარი თავი იპოვა ინდივიდუალიზმში, დამოუკიდებლობაში და მრავალფეროვნებაში, მაგრამ არა თანასწორობაში და ემპათიაში. აღნიშნულის საილუსტრაციოდ, შეხედეთ ჩვენს გარშემო მყოფ ტექნოკრატებს, რომელთაც ადრეც და დღესაც აბარიათ მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო თანამდებობები. როდის სიმულირებენ ისინი სოლიდარობის განცდას? მხოლოდ პოსტ-პაქტუმ, ან როდესაც პოლიტიკურ დისკურსში ცდილობენ „ნაციონალისტური“ რიტორიკით „სოციალური დისკურსის“ ჩახშობას და განდევნას საჯარო სივრციდან. მათ სოლიდარობა გამოხატეს პოსტ-ფაქტუმ, როდესაც დაიწყო ციხის კადრების შემდეგ მასიური სამოქალაქო პროტესტი. ისინი არასოდეს არ იღებენ მონაწილეობას სოციალური უთანასწორობის, სიღარიბის და ეკონომიკური ჩაგვრის გარშემო დაწყებულ დისკუსიებში. ისინი მხოლოდ მონაწილეობას იღებენ „სოლიდარობის კარნავალში“ და არა, იმ ფუნდამენტური ზემოთაღნიშნული სოციალური მდგომარეობის გამოსწორებისთვის ბრძოლაში, რომელიც თავისი არსით განამტკიცებს სოლიდარობას, დამოუკიდებლობის და თავისუფლების ნარატივის კუთხითაც.

ჩვენი საზოგადოება განიცდის, მაგრამ ერთიანი პოლიტიკური კლასი არ აღიარებს იმას, რაც ვალენსას სიტყვებშია გადმოცემული. ისინი ფუნდამენტური იდეური კრიზისის წინაშე არიან საბჭოთა სისტემის ნგრევიდან დღემდე. მათ არასოდეს არ ქონიათ წარმოდგენა ისეთი ტიპის საზოგადოებრივ ორგანიზებაზე, რომელიც ჩაანაცვლებდა იმ წესრიგს, რომლის ნგრევაზე საუბრისას მათი ქართველობის და ილუზიური სახელწმიფოებრივი განცდის ყიჟინა მოისმის. წლებია, ჩვენ ვიმყოფებით პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე. საზოგადოებრივი აზრი უკმაყოფილოა, თუმცა მხოლოდ განცდების დონეზე. ადამიანები ვერ ახერხებენ თვითგამორკვევას და წლების განმავლობაში გატარებული ფუნდამენტურად არასწორი პოლიტიკებით მიღებული შედეგების რაციონალიზებას. მიუხედავად ამისა, ილუზიური, ფსევდოპატრიოტული ემოციები ჯერ კიდევ დომინანტია, რასაც საკმაოდ წარმატებით იყენებენ პოლიტიკური და ფინანსური ელიტები სტატუს-კვოს ლეგიტიმაციისთვის. ყველაზე მეტად, რაც დღეს გვჭირდება, არის ნაკლები ფსევდო პატრიოტული პოლიტიკური თეოლოგია და მეტი ფიქრი სოციალური კონტრაქტის იდეაზე. წესრიგი, რომელშიც ჩვენ რამოდენიმე ათწლეულია ვცხოვრობთ აბსოლუტურად დაცლილია იდეებისგან. შედეგად ჩვენი საზოგადოება იმყოფება მსოფლმხედველობრივი კრიზისის ზღვარზე. უწიგნური და ჭორაობაზე ფოკუსირებელი მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც პოლიტიკურ ელიტაზე მეტი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, არის ის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ცვლილების შესაძლებლობას დაუშვებელს ხდის ჩვენს სინამდვილეში.

ფაქტია, რომ ეროვნული იდეალიზმი, რომელიც საფუძვლად დაედო პოსტკომუნისტური საქართველოს დამოუკიდებლობის ნარატივს, სრულიად არასწორი და გამოსაცვლელია. დიდი ხანია გაჩნდა კითხვა, წარმოადგენს თუ არა არსებული ეკონომიკური მოდელი, რომელსაც უნდა დაფუძნებოდა ეროვნული დამოუკიდებლობის პროგრესი, საკმარის საფუძველს ამისთვის? დღევანდელი ჩვენი პრობლემა წმინდად პოლიტიკურია თავისი არსით, და ის მხოლოდ პოლიტიკური ძალისხმევით შეიძლება გამოსწორდეს. ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ტექნოკრატი ელიტების ინტერსებსა და მსოფლმხედველობას, თუმცა წარმოადგენს ერთადერთ და უალტერნატივო გზას გადაარჩინოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ნარატივი სრული მარცხისგან.

 

თვითგამორკვევა

დღეს როდესაც ყველანი ძლიერი შოკის ქვეშ ვიმყოფებით, სწორედაც რომ ფიქრის და ცვლილებისთვის საჭირო ძალისხმევის პოვნის დროა. ცხადია, ვალდებულნი ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მოხალისეთა მიერ წამოწყებულ კამპანიაში, თუმცა მიმაჩნია რომ უნივერსალური სოლიდარობის პათოსი გადამატებულია და არ არის საკმარისი. არგენტინელ ნოველისტს სესარ აირას, კარგად აქვს ნათქვამი თავის წიგნში „დაბადება“: „ნებისმიერი ცვლილება თავისი არსით უკვე ცვლილებაა“. საჯარო სივრცეში საზოგადოების ორგანიზებასთან დაკავშირებული პოლიტიკური იდეების დაბრუნება უნდა ვაქციოთ ახალი სოლიდარული და თანასწორი საზოგადოების დაბადების საფუძვლად.

ფაქტია ტექნოკრატიული სტილის მმართველობა დაცლილია შინაარსისგან. სახელმწიფო ბიუროკრატიას ჭირდება შინაარსი, იდეები, რომელიც პოლიტიკური ტრანსფორმაციის გასაღებად უნდა იქცეს. იმისათვის, რომ ამ სახელმწიფოს იდეური ორიენტაცია გავარკვიოთ, ჩვენ შეგნებულად უნდა გავიდეთ წარსულის, ბოლო წლების ეკონომიკური ხედვის ვიწრო ჩარჩოებიდან და შევეცადოთ პრინციპულად გავცეთ პასუხი შეკითხვას, თუ რა ღირებულებებისკენ აპირებს პოლიტიკური კლასი საზოგადოების წარმართვას. საჯარო პოლიტიკური დისკურსის თვალთახედვის არეში მუდამ უნდა რჩებოდეს მთელი საზოაგდოება, პოლიტიკურიდან იზოლირებული დაბალი სოციალური ფენები.

თავისუფლება, სამართლიანობა და სოლიდარობა უნდა ვაქციოთ ყოველდღიური, რუტინული პოლიტიკის საბაზისო ღირებულებებად. პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომისას ვილი ბრანდტმა აღნიშნა: „მე თუ მკითხავენ, გარდა მშვიდობისა, რა არის ჩემთვის ყველაფერ დანარჩენზე მნიშვნელოვანი, მე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვიტყვი: თავისუფლება ყველასთვის, თავისუფლება ყველასთვის და არა ზოგიერთებისთვის. თავისუფლება გაჭირვებისგან და თავისუფლება შიშისგან“.

ყველაზე დიდი რაც ჩვენმა საზოგადოებამ შეიძლება გააკეთოს ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა სახელებისთვის, არის გათავისუფლდეს „ყალბი ცნობიერების“ დისკურსიდან და იბრძოლოს საკუთარი სოციალური კლასის ნამდვილი საჭიროებებიდან გამომდინარე, რათა ნამდვილად გახდეს შესაძლებელი ემანსიპაცია.

დიდება დაღუპულთა ხსოვნას, თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა მათი დანაკლისი, რადგან უილი ბრანდტის სიტყვების არ იყოს, ჩვენ ვერ ვუზრუნველყავით მათი და მათი ოჯახების თავისუფლება გაჭირვებისგან, შიშისგან.

 

მათე გაბიცინაშვილი
ივნისი, 2015 წ.

 

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ