სამშაბათს დილით მოხდა ის, რასაც ამდენ ხანს ელოდა აუდიტორია ნიუ იორკში: პოლიციამ ალყა შემოარტყა "თავისუფლების სკვერს" (სხვანაირად ზუკოტი პარკს) და როდესაც იქ დამსწრეთა რაოდენობა მინიმუმს მიუახლოვდა, პრაქტიკულად უმტკივნეულოდ დაშალა თავყრილობა. რამოდენიმე ადამიანის მეტს ბევრს არავის გაუწევია წინააღმდეგობა. პოლიციის ამ ქმედებას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ამიტომაც აღშფოთებაც ბევრ ხალხ არ გამოუხატავს.
პირიქით, Occupy Wall Street აქციის მთავარი ორგანიზატორები კმაყოფილებას არ მალავდნენ. აქციამ თავის მიზანს მიაღწია და არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში უამრავი გამოძახილი ჰქონდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნეოლიბერალური დისკურსის სრული ბატონობის პირობებში პირველად მოხერხდა საყოველთაო გაფიცვის მოწყობა ოკლენდში. მეინსტრიმ პრესამ 30 წლის განმავლობაში პირველად დაიწყო კაპიტალიზმის კრიტიკა. ეს თავისთავად დიდი მიღწევაა. ადამიანებმა დაიწყეს ეკონომიკურ და სოციალურ უთანასწორობაზე საუბარი და პირველად მოხდა ეგრეთწოდებული 'ვაშინგტონის კონსესუსის' ლეგიტიმურობის გადახედვა. როგორც სლავოი ჟიჟეკმა კარგად თქვა უოლ სტრიტის აქციაზე, კარგია რომ საბჭოთა კავშირი და ყოფილი 'კომუნისტური' ბანაკი ისტორიას ჩაბარდა, რადგანაც ყველაზე რეაქციულ ბურჟუა კლასს სწორედაც რომ საბჭოთა ნომენკლატურა წარმოადგენდა და წარმოადგენს დღევანდელ მსოფლიოში. ბედის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ირონია სწორედ ის არის რომ საბჭოთა სტეიტისტურმა სისტემამ კაპიტალიზმი არათუ ვერ დაანგრია, არამედ გააძლიერა კიდეც.
ახლა კი ყველაფერი ნულიდან იწყება და ეს ახალი მოძრაობა არის გარკვეულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა. დღეს უკვე თავიდან გამოჩნდა რომ საკუთრების ის ფორმები, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოშია მიღებული – აღარ არის ადეკვატური და მსოფლიო საჭიროებს უფრო მეტ ეკონომიკურ დემოკრატიას. სწორედ ამიტომაც არის რომ ამ პროტესტების ცენტრი დღეს მესამე მსოფლიოს ქვეყნებშია – ტუნისი, ეგვიპტე, შემდეგ ლიბია, სირია, ბაჰრეინი და სხვა არაბული ქვეყნები სწორედ რომ 'განვითარებად სამყაროს' ეკუთვნიან, რომელთაც დღევანდელი რასისტული სისტემა მუდამ პერიფერიად განიხილავს.
"განვითარებადი სამყაროს" ეკონომიკურ საშუალო კლასად გადაქცევა ძალიან საინტერესო მომენტია. ეს დღევანდელი ეკონომიკური ზრდის და დემოკრატიის გავრცელების აუცილებელი პირობაა. კაპიტალიზმი მუდმივად ახალ ბაზრებს ეძებს. 90-იან წლებში ასეთ ბაზრებად ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნები მოევლინენ მსოფლიოს და ამან დაახლოებით 20 წლით გადადო დიდი ეკონომიკური კრიზისი. აქ შეიძლება ბევრნაირი ანალიზი გააკეთოს ადამიანმა დე მეც დიდხანს აღარ გავაგრძელებ თეორიულ საკითხებზე საუბრით.
The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ბილ დობსი ამბობს რომ ამის შემდეგ მოძრაობა მხოლოდ გაიზრდება. ანუ პროტესტის ორგანიზატორები თავისთავად აქციის დაშლის ფაქტს ნეგატიურად არ უყურებენ. "თავისუფლების სკვერმა' თავისი როლი უკვე შეასრულა. მე თვითონ რამდენჯერმე ვიყავი ზუკოტი პარკში და ბოლო პერიოდში ეს ადგილი უკვე ერთ, დიდ ჰიპურ-პანკურ თავყრილობას დაემსგავსა, სადაც აქციის მთავარი მოთხოვნა, ეკონომიკური სამართალი ჩაანაცვლა თავისუფალი სექსის და პლანის მოყვარულთა 'ტუსოვკამ'. თავისთავად არც ჰიპების და არც პანკების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მათ შეუძლიათ საკუთარი სახლები გამოიყენონ საკუთარი სექსუალური და სხვა ჰედონისტური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამაში მათ ნეოლიბერალური ცივილიზაცია ხელს არ უშლის. ბევრ ასეთ ადამიანს დღეს ნიუ იორკში 'ტრასტაფარიანებს' (Trust-afarians) უწოდებენ. ეს ბობ მარლის 'რასტა-ფერაის' და საკუთარი მშობლების საბანკო 'ტრასტების' დამყნობის შედეგად მიღებული სოციალური ფენომენია, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა და საზოგადოების პარაზიტად გადაიქცა. ამ ადამიანებს სოციალურ სამართლიანობაზე მეტად სექსუალური და ნარკოტიკების საკითხები აინტერესებთ. ბევრი მათგანი საკუთარი მდიდარი მშობლების დატოვებულ 'ტრასტებზე' ცხოვრობს, რომლებიც ზუსტად იმ მდიდარ ბანკებში ინახება, რის წინააღმდეგაც გამოვიდა უამრავი ახალგაზრდა დღევანდელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ, ამ მოძრაობის ახალგაზრდა ორგანიზატორებმა უარი თქვეს 'ტრასტაფერიანელების' მოთხოვნაზე რომ მათ უვადოთ გაეგრძელებინათ პარკებში გორაობა და თავისუფალი სექსით და ნარკოტიკით ტკბობა. ადამიანების უმრავლესობას ასეთი საქციელი მაინც აღიზიანებს – რაც არ უნდა ლიბერალური იყოს. საჯარო ადგილებში ინტიმუირ ცხოვრების გამოტანა ბავშვებზეც ცუდად მოქმედებს და აქედან გამომდინარე იპირისპირებს საზოგადოების დიდ ნაწილს – იმ ხალხს ვისაც ბავშვები ჰყავს და ამ ბავშვების გაზრდა პერვერსიებისა და მანიაკების გარეშე უნდა.
მოძრაობის ორგანიზატორების წინაშე სწორედ ეს დილემა იყო – აერჩიათ პრიორიტეტი – ან ერთიანი ბრძოლა ეკონომიკური უთანასწორობის წინააღმდეგ ანაც კი პარკის გადაქცევა სექსუალური და ნარკოტიკული საკითხების მუდმივ ლაბორატორიად. მათ გადაწყვიტეს რომ 'თავისუფლების სკვერის' აქცია დროებით შეეწყვიტათ – და დაეწყოთ სერიოზული მუშაობა მომავალზე. ამ ბრძოლის მოგება ადვილი არ იქნება და ამას პარკში გორაობით და სექსუალური თავისუფლების დემონსტრირებით ვერავინ გააკეთებს. ძალიან კარგია რომ ამ მოძრაობამ 60-იანი წლების შეცდომები აღარ გაიმეორა. ტრასტაფერიანელებს საკუთარ მდიდარ სახლებში დაბრუნება შეუძლიათ, სადაც გულმოდგინედ მოჰყავთ მარუხუანა და სადაც ასევე გულმდოგინედ აწყობენ ორგიებს. მაგრამ, ეს ადამიანები ნეოლიბერალურ სისტემას არ უპირისპირდებიან. იმ სისტემას, რომელიც მილიარდ ადამიანს აშიმშილებს და რომელიც ამდენ უდანაშაოლო ბავშვს, მხოლოდ იმიტომ კლავს შიმშილით, რომ ეს 'თავისუფალ ბაზარს' სჭირდება.
ორგანიზატორებმა აქცენტი გააკეთეს პროფკავშირებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი მუშაობა მიდის იმაზე რომ ამერიკის წამყვანი ეკლესიები შემოუერთდნენ პროტესტს. სოციალური თანასწორობა ხომ პირველ რიგში რელიგიური პრინციპია და თუ 1960-იან წლებში სამოქალაქო უფლებების მოძრაობას წარმატება ჰქონდა ეს სწორედ მაშინ იყო, როდესაც მას სასულიერო პირი, მართინ ლუთერ კინგ ჯუნიორი უძღვებოდა. პროტესტის ორგანიზატორების გათვლა ამჯერად სწორია – ტრასტაფერიანელების სექსუალურ-ნარკოტიკული ვნებების დაკმაყოფილებას მათ ადამიანების უმრავლესობასთან სოლიდარობა არჩიეს. პროფკავშირები და ეკლესია საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენს, რომელთა უმრავლესობა სოციალურად შედარებით კონსერვატიულია – ტრასტაფერიანელები კი ერთი მცირე და პრივილეგირებული ჯგუფია, რომელიც მუდმივად საკუთარ დროსტარებაზე ფიქრობს. მართალია, ბევრი მათგანი თავს ლიბერალს უწოდებს, მაგრამ როგორც მალკოლმ ექსი იტყოდა ასეთ ლიბერალებს კონსერვატორები ათასჯერ სჯობიან.
ახლა ის დრო მოვიდა, როდესაც ეკონომიკური სამართლიანობისთვის მშვიდობიანი ბრძოლისათვის მნიშვნელოვანია 99 პროცენტი ნამდვილად იყოს წარმოდგენილი ამ მოძრაობაში. ეს კი იმას ნიშნავს რომ ეს მოძრაობა ეკლესიაშიც უნდა იყოს და პროფკავშირებშიც. ეკლესიაში და პროფკავშირებში კი სოციალურად შედარებით კონსერვატიული ხალხია. ისეთები, რომლებისთვისაც მიუღებელია ტრასტაფერიანელობის გორაობა საჯარო ადგილებში. საკუთარი სექსუალური ცხოვრების სხვებისთვის ჩვენება აღარ არის არც მოდური და არც საინტერესო.
ტრასტაფერიანელები კი არაფერს დაკარგავენ თუ 'თავისუფალ სექსს' და ნარკოტიკებს მშობლების მიერ დატოვებულ მდიდრულ სახლებში მოიხმარენ – დახურულ კარებს მიღმა. მათი ყურებით ბევრი ხალხი ღიზიანდება – არ დაგიმალავთ, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.
სამოქალაქო უფლებების საკითხებში ნამდვილად არის პრიორიტეტები – ეს არის ძალადობა და ეკონომიკური უთანასწორობა – ნარკოტიკების და სექსუალური საკითხები ასეთი მნიშვნელოვანი არ არის. აქედან გამომდინარე ერთ მოედანზე მუდმივი გორაობა არ არის გამოსავალი. ახლა ახალი ეტაპი იწყება მოძრაობაში.
იმისათვის რომ 1 პროცენტიანი მდიდარი უმცირესობის დიქტატი დამთავრდეს საჭიროა ყური დავუგდოთ ადამიანების ღარიბ უმრავლესობას. კარგია რომ პროტესტის ორგანიზატორები ამაზე ფიქრობენ.