ჩვენ, ამ მანიფესტის ხელმომწერნი, მივიჩნევთ, რომ პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის მიუხედავად საქართველო სოციალურად არამდგრად და ნაკლებად დემოკრატულ პოლიტიკურ სისტემად ყალიბდება. გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ვერ ერთვებიან მოქალაქეები. საზოგადოებრივ სიკეთეებს ფლობენ ხელისუფლებასთან დაახლოებული მცირერიცხოვანი ჯგუფები. ამდენად,აშკარაა სოციალური უთანასწორობა. პირადი, ეგოისტური ინტერესებით მოქმედი უმსხვილესი ეკონომიკური აქტორები ვერ ითვალისწინებენ და ხშირად აზარალებენ სხვათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებს – ჩვენ საზოგადოებაში ვერ ხერხდება ჯანმრთელობის, შრომისა და განათლების უფლებების სრულყოფილად უზრუნველყოფა. ამრიგად, საქართველოს მოქალაქეთათვის კეთილდღეობა ხელმისაწვდომი არ არის!
შეფერხებულია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. ეს ხდება მაშინ,როცა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთ გზას წარმოადგენს ცოდნის საზოგადოების მშენებლობა. ყოველდღიურად მძაფრდება გენდერულ ნიშნით განპირობებული უთანასწორობაც. პოლიტიკა ხასიათდება ცალსახად გამოკვეთილი ეკოლოგიური უპასუხისმგებლობით!!!
საერთაშორისო ურთიერთობებში კი ქვეყანა გამოირჩევა მსოფლიო თუ რეგიონალური ზესახელმწიფოებისა და გლობალური საფინანსო ბაზრებისადმი ნულოვანი წინააღმდეგობითა და სრული მორჩილებით.
შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ქართველი სოციალისტ-ფედერალისტებისა და სოციალ-დემოკრატების („ალიონელთა“ ჯგუფი) ,მეოცე საუკუნის დასაწყისის გერმანელი „რევიზიონისტების“, ბრიტანელი ცენტრისტი მემარცხენეების იდეებისა თუ ტრადიციების გათვალისწინებით გავერთიანდეთ არარეგისტრირებულ, არაფორმალურ და არაიერარქიულ სამოქალაქო ინიციატივად. ჩვენ ვაყალიბებთ თბილისის ფაბიანური საზოგადოების საინიციატივო ჯგუფს, რომელიც შემდეგ ღირებულებებს დაეფუძნება:
• პოზიტიური თავისუფლება
პიროვნების დამოუკიდებელი აზროვნებისა თუ მოქმედების ხელშეწყობა. სახელმწიფო არა მხოლოდ უნდა იცავდეს სამოქალაქო-პოლიტიკურ თავისუფლებას,არამედ უნდა ქმნიდეს პირობებს რათა ინდივიდს ხელი მიუწვდებოდეს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების განხორციელებაზე და სრულად ახდენდეს პირადი შესაძლებლობების რეალიზებას.
• სოციალური სამართლიანობა
თანასწორუფლებიანობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემა, სადაც საჯარო სიკეთეების გადანაწილება სუსტი, მოწყვლადი ჯგუფების სასარგებლოდ ხდება!
მიზანი- უსამართლობისა და სოციალურ-ეკონომიკური დისკრიმინაციის დათრგუნვა, მოქალაქეთათვის მეტ-ნაკლებად თანასწორი შანსების შექმნა და იმგვარი განვითარების გარანტირება გახლავთ, რომელიც ყველა საზოგადოებრივი ფენისათვის შედარებით თანაბრად სასარგებლო იქნება. სოციალური სამართლიანობის უპირველესი ფუნქცია სხვადასხვა ჯგუფს შორის არსებული დაპირისპირების თანამშრომლობით ჩანაცვლება და სოციალური ინტეგრაციის უზრუნველყოფაა.
• სოციალური საბაზრო ეკონომიკა
ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემა, რომელიც არ იმართება მხოლოდ საბაზრო ძალების მონაწილეობითა და ერთპიროვნული კარნახით. სახელმწიფო აქტირუ როლს თამაშობს ეკონომიკური სიკეთეების მეტ-ნაკლებად თანაბარ გადანაწილებაში. საბაზრო ეკონომიკა სახელმწიფოს მხრიდან დარეგულირებულია შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებით (მაგ. პროგრესული გადასახადებით, ლიცენზიებით და ა.შ.).
• ეკოლოგიური პასუხისმგებლობა
არა ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ეკოსისტემების პრივატიზებისა და რესურსების მაქსიმალური გამოყენების პოლიტიკას!!!.ენერგო-ტექნიკ
• სამოქალაქო მონაწილეობა და პლურალისტური დემოკრატია
პრიორიტეტთა განსაზღვრისას პოლიტიკური სტრუქტურების მუშაობაში ნებისმიერი რიგითი მოქალაქის ჩართვის შესაძლებლობა. შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში პირდაპირი დემოკრატიის მექანიზმების გამოყენება. პოლიტიკური ძალაუფლების დეკონცენტრაცია და დეცენტრალიზაცია თვითმმართველი ადგილობრივი თემების სასარგებლოდ (მართვა „ქვემოდან ზემოთ“).
ყველა აქტიური პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით მიმდინარე გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელიც არ ეფუძნება უბრალო უმრავლესობით მართვის პრინციპებს (მაჟორიტარიზმს) და ორიენტირებულია პოლიტიკური დიალოგის შედეგად გამომუშავებულ მაღალი რანგის კონსესუსზე.
• გენდერული თანასწორობა
ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის წარმოება. ქალთა საკუთრების, ჯანმრთელობის,განათლების, შრომისა და პოლიტიკურ უფლებათა დაცვის პრიორიტეტი.
• პაციფიზმი და ანტიიმპერიალიზმი
მშვიდობასა და არაძალადობის პრინციპებზე დაფუძნებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმოება. ანტიმილიტარისტული სახელმწიფო კურსების შემუშავება და მხარდაჭერა. ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კოოპერაციისაკენ მიმართული მოქმედებები. ადეკვატური წინააღმდეგობა უკონტროლო მსოფლიო საბაზრო ძალებისა და მსოფლიოს/რეგიონალურ სახელმწიფოთა აგრესიული მისწრაფებებისადმი.
• პატრიოტიზმი
გლობალიზაციის რაციონალური მიმართულებების, ზოგადსაკაცობრიო კოსმოპოლიტური ღირებულებების პატივისცემისა და აღიარების პარალელურად, თითოეული პოლიტიკური ნაბიჯი დაკავშირებული უნდა იყოს საქართველოს, ქართული საზოგადოებისა და მისი მრავალფეროვანი მოსახლეობისათვის პროგრესის უზრუნველყოფის მოტივაციასთან, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულებასთან.
ანტიშოვინისტური, კულტურული რელატივიზმით განსაზღვრული სამოქალაქო ნაციონალიზმის მხარდაჭერა.
–
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოსა თუ გლობალურ მემარცხენე დისკურსში მარგინალური რადიკალიზმის, კომერციალიზებული „მესამე გზისა“ და სოციალური პოპულიზმის გარდა, არსებობს კიდევ ერთი, მთავარი მიმართულება – სოციალური დემოკრატია.
ჩვენ ვიბრძვით და ვმოქმედებთ თავისუფალი ადამიანის, სოლიდარული საზოგადოებისა და კეთილდღეობის სახელმწიფოსათვის!
თბილისის ფაბიანური საზოგადოების საინიციატივო ჯგუფის წევრები :
სოფიკო შუბითიძე
ირაკლი ირემაძე
ლევან ლორთქიფანიძე
ნოემბერი 2013
საინიციატივო ჯგუფის ფეისბუქ გვერდის მისამართი: https://www.facebook.com/fabiansofgeorgia