დღევანდელი გლობალური ეკონომიკური კრიზისის სათავეები

ჯეფრი სომერსი

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი  გრძელდება. მისი დაძლევის რეცეპტების უმეტესობა ტექნოლოგიური ინოვაციებისა და  ე.წ ,,მკაცრი პოლიტიკის“  ფარგლებში თავსდება და იშვიათად ასახავს ამ ორ მიმართულებას შორის ბუნებრივად არსებულ წინააღმდეგობებს. შემოთავაზებული ზომები  ხშირად ეფუძნება ვარაუდებს, რომლებიც ხელს უშლიან სათანადო შედეგის მიღებას.  ეს ვარაუდები წარსული გამოცდილების შეზღუდული (არასრული ან წარმოსახვითი) გააზრებიდან, მასთან გადაჯაჭვული საბაზრო იდეოლოგიის თეორიებიდან და ნორმატიული პრინციპებიდან (,,რა უნდა იყოს“) აღმოცენდებიან. გარდა ამისა,  თანამედროვე ანალიტიკოსები ხშირად საერთოდ არ ითვალისწინებენ კრიზისის ეკოლოგიურ და გრძელვადიან განზომილებებს.

მოდით, ამ ორი უკანასკნელით –  ეკოლოგიური და გრძელვადიანი პერსპექტივებით დავიწყოთ. ,,დასავლეთის აღზევება“ და გლობალური ეკონომიკის შექმნა შესაძლებელი გახდა 500 წლის წინათ მსოფლიო მომოცვლით პროცესებში ამერიკის ინკორპორირებით.  მანამდე გამოუყენებელი ამერიკული რესურსების ათვისებამ შექმნა საქონლის წარმოუდგენელი სიუხვე,  თავდაპირველად ფულის (ოქრო და ვერცხლი), შემდეგ კი ხე–ტყის სახით. ამ ფულმა  დასავლეთისათვის ხელმისაწვდომი გახადა უფრო განვითარებული აღმოსავლეთის სიმდიდრე. ამერიკულმა ხე–ტყემ, შევსებულმა ბალტიისპირულით, უზრუნველყო დასავლეთი სანაოსნო ხომალდებისათვის და სხვა მშენებლობებისათვის საჭირო მასალით. ამის შემდეგ, ამერიკამ მოამარაგა დასავლეთი აგრარული საქონლით – უპირველეს ყოვლისა, შაქრით. შემდეგი ამას მოჰყვა ბამბა და მარცვლეული. ყოველივე ამან ხელი შეუწყო მოსახლეობისა და ინდუსტრიის ზრდას.

18–ე საუკუნის დასარულამდე –  სანამ ამერიკასა  და ბალტიკაში ხე–ტყე მრავლად  იყო, დედამიწის მოსახლეობის ზრდამ შესაძლებელი გახადა გლობალურ პერიფერიებში წარმოებული საქონლის  გაცვლაში ჩართვა. ამან წარმოშვა ენერგომომარაგების კრიზისი ცენტრალური ევროპისაგან დაშორებულ, მსოფლიოს მეტ-ნაკლებად განვითარებულ  ორ ნაწილში –  ცინის პერიოდის ჩინეთში და ჩრდილო–დასავლეთ ევროპაში. პრობლემიდან  გამოსავალი მიწაში იპოვეს, მაგრამ, ამჯერად არა პერიფერიაში, არამედ ბრიტანული ქალაქების შორიახლოს (ქვანახშირი). ასე რომ, ენერგეტიკული კრიზისი გადაჭრილ იქნა. ინგლისის  მაღაროები მუდმივად იტბორებოდა.  იქიდან წყლის ამოტუმბვა ორთქლის ძრავის მეშვეობით მოახერხეს. ამ ძრავის გამოგონებამ დააჩქარა ინდუსტრიალიზაციის ტემპი და განაპირობა 19–ე საუკუნეში ევროპის უსწრაფესი დაწინაურება ჩინეთთან და სხვა კონკურენტებთან შედარებით. 18–ე საუკუნის ბოლოს, როგორც კი ბრიტანეთის მიერ დიდ მოგოლთა ინდოეთის დაპყრობა დაიწყო, დაკაში არსებული, მსოფლიოში საუკეთესო ბამბის ქსოვილის წარმოება ნაწილობრივ განადგურდა, ნაწილობრივ კი პრივატიზებულ იქნა და ბრიტანელების კონტროლს დაექვემდებარა. ქალაქი აღარასდროს აღმდგარა. 1776 წელს ადამ სმიტი წერდა, რომ ამ პერიოდში ჩინეთს, კვლავაც მსოფლიოს უმდიდრესი ეკონომიკა ჰქონდა, თუმცაღა მას ასუსტებდა   ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის უუნარობა. ამის გამო ჩინეთი იძულებული გახდა დანებებულიყო ბრიტანეთის თავისუფალ ვაჭრობას და ოპიუმის იმპორტს ინგლისის კოლონიიდან – ინდოეთიდან. ამას მოჰყვა შიმშილობა და განვითარებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოშლა.

,,თავისუფალი ბაზრისთვის“ ორი საუკუნის წინ იძულებით გახსნილი ინდოეთისა და ჩინეთის საპირისპირო მაგალითს წარმოადგენს შეერთებული შტატები, ან მისი ჩრდილოეთი ნაწილი მაინც. ამერიკელებმა უარყვეს ბრიტანული თავისუფალი ვაჭრობა და მთელი 19–ე საუკუნის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მაღალ სავაჭრო ტარიფებს იყენებდნენ საკუთარი ახალშობილი ინდუსტრიის დასაცავად. აშშ-ს მაგალითმა ხელი შეუწყო ქვეყნის განვითარებაში სახელმწიფოს როლის მნიშვნელობის იდეის პოპულარიზაციას. იგი არსებითად გაიზიარეს გერმანული ისტორიული სკოლის წარმომადგენლებმა, მოგვიანებით კი, იაპონელებმა.

მომდევნო დიდი კრიზისი მეოცე საუკუნეში დაგვატყდა. ამჯერად პრობლემა იყო არა რესურსების სიმცირე, არამედ სახელმწიფოების კონკურენცია, რომელიც მათ ბაზარზე მოსახვედრად გააჩაღეს. ამან ინტერ–იმპერიალისტური პაექრობა წარმოშვა.   საბჭოთა კავშირი, გერმანია და იაპონია ცდილობდნენ ანგლო–კაპიტალისტური წესრიგის ალტერნატივა  შეექმნათ (გერმანია და იაპონია განსაკუთრებულად აგრესიულად მოქმედებდნენ).  ამ სახელმწიფოების ძალისხმევა ომით დასრულდა. ამის ლოგიკური შედეგი იყო ეკონომიკური კრიზისი, რომელიც წინა კრიზისთან იყო დაკავშირებული და გამოწვეული იყო კაპიტალიზმის  ბუნებრივი ევოლუციით – ფინანსიალიზაციით. ამან წარმოშვა როგორც მოთხოვნის დეფიციტი ეკონომიკაში, ასევე სპეკულაციური ვარდნები, რენტებით მანიპულირება და ზოგადად, არასტაბილურობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ პერიოდის კრიზისების ბუნებას უპირატესად მოთხოვნილების პრობლემები განსაზღვრავდა.

ამ პრობლემის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა მეოცე საუკუნის შუა ხანებში ბრეტონ–ვუდსის სისტემა შექმნა. ახალმა წესრიგმა ფინანსების ძალაუფლება შეზღუდა და  გვიანი ხანის სახელმწიფო კაპიტალიზმის ფინანსიალიზაციისაკენ მიმართულ ბუნებრივ კურსს  ერთგვარად მიმართულება შეუცვალა. თუმცა ეს პროგრესული, მაგრამ, არაბუნებრივი გზა  მხოლოდ საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილ სისტემასთან კონკურენციის გამო იყო არჩეული. შეერთებულმა შტატებმა უბიძგა საბჭოეთის გარშემო მდებარე ქვეყნებს სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიების გამოყენებისაკენ. პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მოთხოვნილების წარმოშობის მიზნით, მან ხელი შეუწყო რეგიონში სოციალ–დემოკრატიის დამკვიდრებას და ცდა არ დაუკლია, რომ მისი ეს ძალისხმევა წარმატებული ყოფილიყო, რათა ამ ქვეყნებს განვითარების საბჭოთა მოდელი არ აერჩიათ.  სისტემა საკმაოდ კარგად მუშაობდა;  იგი უზრუნველყოფდა შთამბეჭდავ განვითარებას და არსებული სოციალური წესრიგის შესანარჩუნებლად საჭირო რესურსების კონკურენციას.  კრიზისი, რომელიც 1970-იან წლებში დაიწყო, ენერგეტიკული იყო. დედამიწის  სამხრეთი აჯანყდა, მთელ მსოფლიოში მშრომელი კლასები მეტს მოითხოვდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, მიწოდების კრიზისი წარმოიშვა.

სამუელ ჰატინგტონმა ამ პრობლემას ,,დემოკრატიის კრიზისი“ უწოდა. მას მიაჩნდა, რომ მსოფლიოში მეტისმეტი დემოკრატია იყო, სწორედ ეს წარმოშობდა პრობლემებს და  შეერთებულ შტატებს მდგომარეობა უნდა დაებალანსებინა. განვითარების ამ ეტაპზე ბრეტონ–ვუდსის წესრიგი სრულიად უსარგებლო სისტემად იქცა.  ისე ჩანდა, რომ გამოსავალი ფინანსებისთვის გზის გახსნაში უნდა ეძებნათ, აქ კი შტატებს დიდი უპირატესობა ჰქონდა. ვარაუდობდნენ, რომ ასეთი მოქმედებით მშრომელთა ძალა შემცირდებოდა, გლობალურ სამხრეთთან დამოკიდებულება კი გამკაცრდებოდა, რაკიღა, აშშ-ს ხაზინის მდივნის, უილიამ სიმონის სიტყვებით, ,,მათ არ შეასრულეს საკუთარი დაპირება, მიეხედათ თავიანთი საქმეებისათვის“. მოკლედ, ბრეტონ–ვუდსის წესრიგმა გზა დაუთმო ვაშინგტონის კონსენსუსის სისტემას, რომელიც შტატების ფინანსურ ლიდერობას ეფუძნებოდა და  მომსახურების სფეროში, ფარმაცევტიკაში და აგრო–კულტურაში  მიღწეულ  წარმატებებთან ერთად, ნავთობდოლარებზე დამყარებულ სარეზერვო ფონდებს იყენებდა. ამგვარად, შტატების ინოვაციას წარმოებასა და კაპიტალის ფორმირებაში  ფინანსური ინოვაციები, რენტული მანიპულიაციები და ხშირად, მატერიალური  წარმოების დესტრუქცია ჩაენაცვლა.

პრობლემის გადაჭრის სხვა გზა იყო წარმოების გლობალიზაცია და ამგვარად, მსოფლიოს აქამდე დაუსაქმებელი მუშახელის სარეზერვო არმიის გამოყენება. ეს დაემთხვა დენ სიაოპინის სურვილს, განევითარებინა ჩინეთის ინდუსტრია. ამგვარად, ჩინეთის შორს გამიზნულმა გეგმებმა მოკლე დროით  ხელი შეუწყო შტატების გავლენის გაძლიერებას, თუმცა დაასუსტა იგი გრძელვადიან პერსპექტივაში. ამას მოჰყვა მსოფლიოს მდიდარ ნაწილში ხელფასების შემცირება და ამდენად, დასავლეთის მოგების ზრდა.  უზარმაზარი რაოდენობის იაფი მუშახელის ხელმისაწვდომობამ გამოიწვია წარმოებაზე ფასის ზეწოლის მოხსნა და შედეგად შეამცირა ინოვაციები მრეწველობაში. რაკი კაპიტალი ჩინეთში გაედინა, 1980–იან წლებში შემცირდა იაპონური და ამერიკული ინვესტირება რობოტოტექნიკაში.  მოხდა ფინანსების შემდგომი დერეგულაცია. პოსტ ბრეტონ-ვუდსისეული წესრიგი, ფასების დაცემის პირობებში, ფეხს ვეღარ უბამდა ინდუსტრიის მიერ საქონლის წარმოების შესაძლებლობებს. მდიდარმა ეკონომიკებმა ისწავლეს ახალ ვითარებაში ცხოვრება და კერძო და საჯარო კრედიტების ციკლების გვერდის ავლა.

ამასობაში, ჰორიზონტეზე გამოჩნდა ახალი პრობლება –  ენერგიით მომარაგების შოკებისა და ზოგადად ენერგეტიკის კონტროლის საჭიროება. ამან გამოიწვია 21-ე საუკუნის დასაწყისში  ერაყში შერთებული შტატების სრულიად არაადექვატური თავგადასავალი. თუმცა, შფოთვა როგორც ჩანს, უსაფუძვლო არ ყოფილა.  რექტიფიკაციასა და ჰორიზონტალურ ბურღვაში წარმატებების მიღწევამდე,  შტატებისათვის უეჭველი ჩანდა,  რომ ახალი ენერგეტიკული კრიზისი კარს იყო მომდგარი და რომ რუსეთი ამით კარგად იხეირებდა.

მომდევნო დიდი კრიზისი 5 წლის წინ, 2008-ში დადგა. სწორედ ამ დროს ფინანსური პროდუქციის უსასრულო წარმოებამ არსტაბილურობა გამოიწვია და გლობალური ფინანსური სისტემა დაეცა. ფინანსებმა  დაიწყეს რეალური ეკონომიკის გამოფიტვა,  ნაცვლად იმისა, რომ მომსახურებოდნენ მას. 1970 წელს შეერთებული შტატების კორპორატიული მოგების 15 % ფინანსური სფეროზე მოდიოდა.  2008 წლისთვის ეს მაჩვენებელი გამაოგნებელ 40% მდე გაიზარდა. კრიზისმა დროებით გადაჭრა ენერგეტიული პრობლემა, რადგან შეამცირა მოთხოვნილება, თუმცა, ფუნდამენტური მიზეზები არ აღმოფხვრილა. ვაშინგტონის კონსენსუსმა შეამცირა ინვესტრება ტექნოლოგიური ინოვაციებში, რომელთაც რესურსების დეფიციტის პრობლემის გადაჭრა შეეძლოთ. მეტიც, არ არსებობდა მოთხოვნის დეფიციტის პრობლემის ეკონომიკური მეთოდებით გადაჭრის გზები; ევროკავშირში ევროპის ცენტრალური ბანკი, ხოლო შეერთებულ შტატებში  ,,ჩაის პარტია“ მკაცრი პოლიტიკის გატარების შემოთავაზებით შემოიფარგლნენ.  ატლანტიკის ორივე მხარეს მკაცრი პოლიტიკის ექსპერიმენტები კრახით დასრულდა.

თუმცაღა, ამერიკამ დრო მოიგო. დღეს ელექტროსადგურები ენერგიის მოპოვების  ახალი ტექნოლოგიების წყალობით მუშაობენ,  მაგრამ, ამისი ეკოლოგიური საფასური ძალიან მაღალია. რუსეთი რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით საკმაოდ წამგებიან  მდგომარეობაშია, რადგან ცხადია, რომ  მისი ენერგიის ფასი მნიშვნელოვანად არ გაიზრდება. მეტიც, შექმნილი მდგომარეობა აკნინებს ამ ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. რუსეთს სიტუაციის გამოსწორება კოსმოსის ათვისების საერთაშორისო პროგრამების მეშვეობით შეუძლია. მაგალითად, ასტეროიდების საწარმოო ათვისება (რაც დღეს  წარმოუდგენლად გვეჩვენება) ხელს შეუწყობს რადიკალურ ინოვაციებს, რადგან მათ გარეშე ამგვარი პროექტების ხელშემშლელი ტენოლოგიური ბარიერები ვერ დაიძლევა. შეერთებული შტატების კოსმოსურმა პროგრამამ 1960–იან წლებში მხოლოდ ეს ეფექტი გამოიღო, რომ მისი ინოვაციები დაინერგა მიკროპროცესორების წარმოებაში. ეს ინოვაციები დღესაც წარმართავენ ტექნოლოგიურ განვითარებას. რუსეთს ამ სფეროში მნიშვნელოვანი  ადამიანური რესურსები და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა აქვს და მან ეს უნდა გამოიყენოს.

BRIC-ის ქვეყნებს (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) ზოგადად შეუძლიათ გამოწვევები შეუქმნან ჩვენ დღევანდელ წერსიგს. მათ ძალუძთ საკუთარი ეკონომიკების და ვაჭრობის ბალანსის სალდოს  ორიენტაციის შეცვლა. სუვერენული სიმდიდრის ფონდების (რაც ისტორიულად, როგორც წესი, ამოწურვადია) ან სახაზინო ვექსილების (რომლებიც, როგორ ჩანს, ფასს დაკარგავენ), ნაცვლად მათ შეუძლიათ გადაერთონ ინოვაციებსა  და ენერგიისა და წარმოების რევოლუციურ ტექნოლოგიებში ინვესტირებაზე; ამასთანავე, იზრუნონ საშინაო მოთხოვნილების დაკმაყოფილებასა და სოციალურ განვითარებაზე.  ცალკეული ქვეყნების განვითარება ქმნის ახალ ტექნოლოგიებს და მნიშვნელოვან ჭარბ კაპიტალს ინვესტირებისათვის, ამას კი მსოფლიოს გამდიდრება შეუძლია. ამდენად, BRIC-ის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ – პასიურად დაელოდონ შემდეგ კრიზისს, თუ გადადგან ნაბიჯები რათა საკუთარ თავს და მსოფლიოს უკეთესი მომავლისაკენ გაუძღვნენ. ახლა არჩევანი ნამდვილად მათზეა…

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ