სასკოლო წიგნების უფასოდ დარიგებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებულმა შფოთმა მოიცვა ბანაკი, რომელიც აქამდე მხოლოდ სოციალ-დარვინიზმის მთლად ველური ფორმის ქადაგებაში იყო შემჩნეული. ისინი ‘დარდობენ’, რომ მდიდრებისთვის დაზოგილმა ფულმა – სოციალური სამართლიანობის (სიტყვა თანასწორობას ჯერ ერიდებიან) დამყარებას ძირი გამოუთხარა.
მე კი ვფიქრობ, რომ სასკოლო წიგნების უფასოდ დარიგება ძალიან კარგი რამაა. რატომ? – ამის და საერთოდ, არაფრის გაგება არ შეიძლება იმ ვითარებაში, როცა თავად ხელისუფლების სოციალური პასუხისმგებლობის იდეაც კი – ბოლშევიზმად ცხადდება, სადაც საბაზრო ფუნდამენტალიზმი – ‘აზროვნების’ წესია, მეწარმის უფლებები – ყველა სხვა უფლებათა შორის განსაკუთრებით პრივილეგირებულად მიიჩნევა და ა.შ. და რაც მთავარია, სადაც რაციონალურ მსჯელობას – პარანოიდალური ისტერიკა ჩაენაცვლება. ამის საპირისპიროდ მხოლოდ ერთი რამ შეიძლება გაკეთდეს: უნდა აიგოს საღ აზრზე დაფუძნებული მსჯელობა. კონკრეტულ ლოგიკაში შესაძლო ხარვეზების მიუხედავად, უნდა შევთანხმდეთ, რომ საღ აზრზე დაფუძნებული ლოგიკა გაგების აუცილებელი პირობაა, და რომ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ არგუმენტებს და არა მზა იდეოლოგიურ კონსტრუქციებს ან რაიმე სხვას. ეს პირობა ასევე გულისხმობს, რომ არის საგნები და მოვლენები, რომელთა გასაგებად აბების გადაყალაპვა – მათ შორის, საინფორმაციო საშუალებათა მიერ მომზადებული აბების – საკმარისი არაა და ცოტაოდენი გარჯის, შესაძლოა, სტერეოტიპთა დანგრევისა და ფასეულობათა გადაფასებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად.
უფასო სახელმძღვანელოების შესახებ ჩემი არგუმენტაცია რამდენიმე ისეთ გარემოებას ეფუძნება, რაც მე უდავოდ მიმაჩნია. დებატები მხოლოდ ამ საბაზისო შეხედულებების გაზიარების შემდეგ, განსახორციელებლად საჭირო კონკრეტულ გზებსა და მეთოდებზე შეიძლება და არა თავად ფუნდამენტურ პრინციპებზე. ისევე, როგორც ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, მაგრამ არ შეიძლება დებატებში შესვლა იმასთან, ვინც ამტკიცებს, რომ ყველა ადამიანი სულაც არაა ადამიანი და ზოგიერთები, მაგ. ებრაელები, ბოშები ან სლავები ამ სახელს არ იმსახურებენ.
ამიტომ, ეს ტექსტი არ გულისხმობს მოწინააღმდეგეებთან დებატებს, არამედ იმ ფუნდამენტურ გარემოებათა წარმოდგენას, რომლის პირობებშიც უნდა გავიგოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე, და შემდეგ – გავემიჯნოთ მოწინააღმდეგებს.
ეს საბაზისო გარემოებებია:
1 – სახელმწიფო არ უნდა ახდენდეს სოციალური ან სხვა რამ ნიშნით ადამიანთა სეგრეგაციას.
თუკი დისკრიმინაციული საზოგადოებრივი დაყოფა მოცემულ ვითარებაში რეალურად არსებობს, ყველა მიზნობრივი პროგრამა სწორედ სეგრეგაციის აღმოფხვრაზე უნდა იყოს მიმართული, არა მის წახალისებასა და/ან სტატუს ქვოს შენარჩუნებაზე.
მაგ. სოციალურად დაუცველის სტატუსის მიზანი სახელმწიფოს მიერ ადამიანების მდიდრებად და ღარიბებად დაყოფა კი არ არის, არამედ აღიარება იმისა, რომ ასეთი დაუცველობა არსებობს, რაც შეიძლება მრავალი ფაქტორით იყოს გამოწვეული. ეს ასევე ნიშნავს ხელისუფლების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარებას საიმისოდ, რომ ეს ვითარება გაუქმდეს პოზიტიურად – თავიდან სოციალური დაცვის, შემდეგ განვითარების პირობების შექმნით (ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. ) გაუქმდეს სოციალური უთანასწორობა.
ამავე დროს, სახელმწიფო არ უნდა უზღუდავდეს უფლებებს იმ ადამიანებს, ვისაც სურთ ამა თუ იმ (მაგ. სიმდიდრის) ნიშნით საზოგადოებისგან გამოყოფა, თუ ეს გამოყოფა არ აწესებს უფლებებსა და პრივილეგიებს, რომლებიც კანონისა და საზოგადოებრივი ეთიკის, საღი აზრის საწინააღმდეგოა ან არ ზღუდავს სხვათა უფლებებსა და პრივილეგიებს, რომლებიც ნებადართულია კანონისა და საზოგადოებრივი ეთიკის, საღი აზრის მიერ.
ამდენად: სახელმწიფოსთვის ყველა მოსწავლე, რომელიც სკოლაში სწავლობს, მათთან მიმართებისას არის მოსწავლე და არაფერი მეტი ან ნაკლები. სახელმწიფო არ ყოფს მოსწავლეებს მდიდრებად და ღარიბებად, არც რაიმე სხვა ნიშნით. იგი პასუხისმგებლობას იღებს ასწავლოს ყველას, ვისაც სურს, მხოლოდ განათლებისა და არა პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა ინტერესების შესაბამისად, მიუხედავად იმისა,თუ რომელ სოციალურ წრეს ეკუთვნის იგი; ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფს ისეთ სასწავლო გარემოს, სადაც ყველანაირი სოციალური განსხვავება წაშლილია და არა – პრივილეგირებული ვინმეს სასარგებლოდ.
2 – რატომ?
ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან, კაცობრიობა (ან – მისი უკეთესი ნაწილი), შეთანხმდა, რომ განათლება საყოველთაო სიკეთეს წარმოადგენს (საჭირო არაა ერთმანეთში ავურიოთ ამ სიტყვის ისტორიით განპირობებული მნიშვნელობები: ანტიკურ საბერძნეთში საყოველთაო გულისხმობდა ყველა მამრობითი სქესის მოქალაქეს, თავისუფალ ადამიანს, ყველას, ქალებისა და მონების გარდა. დღეს, საყოველთაო გულისხმობს უკლებლივ ყველას).
ეს დასკვნა უბრალო დაკვირვებისგან გამომდინარეობს, რომლის შედეგად ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ განათლებას არანაირი კავშირი არ აქვს ქონებრივ მდგომარეობასთან; რომ ღარიბი ადამიანის შვილი შეიძლება ისეთივე (ან გაცილებით) ნიჭიერი იყოს, როგორც მდიდრისა, თუკი მას შესაბამისი სწავლის პირობები ექნება. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ განათლება რაიმე ისეთი პროდუქტი კი არაა, რასაც მხოლოდ მისი მფლობელისათვის მოაქვს პირდაპირი სიკეთე, როგორც მაგალითად, ჰამბურგერის ან აიპოდის ფლობას, არამედ ესაა ისეთი რამ, რასაც სიკეთე მოაქვს ყველასათვის: ის, ვინც კიბოს წამალს ან კომპიუტერს იგონებს, ან მზის ენერგიის გამოყენებას სწალობს, ცხადია, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის არ ირჯება. ეს ყველაფერი მჭირდება მე, ჩემს შვილს, მეგობარს, მდიდარი ადამიანის შვილს, რომელიც შესაძლოა უნიჭოა, ან – რაიმე სხვა სფეროში ყველაზე ნიჭიერი, მაგრამ ტკივილის კანონებს ისევე ექვემდებარება, როგორც ყველა სხვა… წამალი შეიძლება გამოიგონოს ღარიბი ადამიანის შვილმა იმიტომ, რომ მისთვის განათლება ხელმისაწვდომი შეიქმნა.
გამომდინარე აქედან, განათლება არ არის საბაზრო პროდუქტი. ის, რაც უკლებლივ ყველასთვის ყოველთვის სასარგებლოა, არ შეიძლება მოცემული მომენტის მოთხოვნა-მიწოდების ლოგიკას ექვემდებარებოდეს, ისევე როგორც ჰაერი არ შეიძლება გახდეს საბაზრო მანიპულაციათა საგანი.
ადამიანებმა კიდევ ბევრი რამ აღმოაჩინეს – მაგალითად, მდიდარი ადამიანი ერთ ღამეში შეიძლება ბანკროტი გახდეს და ყველაფერი დაკარგოს, რაც გააჩნია, და პირიქით – უღატაკესი ადამიანი შეიძლება უცებ გამდიდრდეს. ამიტომ, რაკიღა განათლება არ ექვემდებარება საბაზრო პრინციპებს, და რაკიღა ცხოვრება არ ექვემდებარება მოცემული მომენტის სოციალურ სატუს-ქვოს, ადამიანებმა ბოლოს მარტივი რამ დაასკვნეს:
განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად, ყოველ მოცემულ მომენტში, უპირობოდ.
ეს დასკვნა 1966 წელს აისახა ევროპის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ქარტიაში, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ (იხ. სქოლიო).
ეს იდეალია. იდეალია ის, რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ. ეს არაა საბაზრო ‘იდეალი’, ან რაიმე ვიწრო პროფესიული კომპეტენციის თემა. ეს არაა საკითხი, სადაც გადაწყვეტილება ექსპერტებმა უნდა მიიღონ. ესაა საზოგადოებრივი იდეალი და მხოლოდ საზოგადოება წყვეტს (ანუ საზოგადოება მთლიანად, მათ შორის, ცხადია, ბაზრის სუბიექტები) – სწორია თუ არა ეს იდეალი. და თუკი საზოგადოება თვლის რომ სწორია, მაშინ ხელისუფლებას ავალებს მის განხორციელებას, რადგან ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტია საზოგადოების ხელში საკუთარ თავისუფლებათა განსახორციელებლად. ასევე ავალებს კანონიერად აღკვეთოს მათი ქცევა, ვინც ცდილობს ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი მიზნების მიღწევას. მაგ. კრიმინალები, ან – საზოგადოებრივი იდეალების – საბაზრო ლოგიკით ჩანაცვლების მსურველები.
სხვა საქმეა, როცა ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი ჩანს სხვადასხვა მიზეზის გამო. ყველას გვსურს სუფთა ჰაერს ვსუნთქავდეთ, მაგრამ რაკიღა სხვა გზა არ გვაქვს, გამონაბოლქვით გაჯერებულს ვისუნთქვათ. რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჩვენი იდეალია. იდეალი რომ გვახსოვს, სწორედ ამიტომ ვავალებთ ხელისუფლებას გაწმინდოს ჰაერი გამონაბოლქვისგან. ეს რა თქმა უნდა, დემპინგური საწვავის იმპორტიორებს არ ესიამოვნებათ, მაგრამ რაკიღა სასწორზე გაცილებით დიდი საპირწონე დევს, საზოგადოებისთვის ამას დიდი მნიშნველობა არ აქვს.
სასკოლო წიგნების საყოველთაო ხელმისაწვდომობა ის იდეალია, რომელსაც საზოგადოება თუ იზიარებს, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს და ყური არ უგდოს მოწინააღმდეგეთა ჩივილებს.
აქედან: კარგია, რომ:
სასკოლო წიგნი, როგორც განათლების პროცესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, ერთნაირად ხელმისწვდომი იყოს ყველასთვის – მდიდარია იგი დღეს თუ ღარიბი, ქალია თუ კაცი, მართლმადიდებელის ოჯახიდანაა, თუ ათეისტის.
დავა მხოლოდ იმის შესახებ შეიძლება იყოს, მართლა სასურველ ვითარებას ვიღებთ თუ არა ამოცანის ახლა, ამ ფორმით განხორციელებისას, ხომ არ ვჩქარობთ? სხვაგვარად – მართლა აქვს თუ არა სახელმწიფოს რესურსი დღეს უფასო წიგნებით უზრუნველყოს ყველა ხილვად პერსპექტივაში? ექსპერტის საჭიროება სიტუაციაში მხოლოდ ამ მომენტიდან ჩნდება.
ამ კონტექსტში შენიშვნა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს შეუძლია ბოროტად ისარგებლოს მდგომარეობით და მხოლოდ მისთვის სასურველი, პოლიტიკურად მომგებიანი და მერკანტილურად მიზანშეწონილი წიგნები დაბეჭდოს, სამართლიანი ჩანს და არადემოკრატიულ, ან ნომინალურად დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მენტალობისთვის ბუნებრივია, მაგრამ ეს არაა მიზეზი, რის გამოც იდეალის უარყოფა შეიძლება.
დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს ასე მოხდებოდა: გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა სახელმძღვანელო უნდა დაიბეჭდოს მაგ. ფიზიკაში, იღებს არა სამინიტროს ჩინოვნიკი, პრემიერ-მინისტრი ან ვინმე სხვა, არამედ ფიზიკის სპეციალისტთა კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც სასკოლო პედაგოგები, ასევე საუკეთესო ფიზიკოსები. ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ, რომ ეს სწორედ ასე მოხდეს. თუკი ფიზიკოსების აზრით, მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იმსახურებს დაბეჭდვას, სწორედ ეს ერთი უნდა დაიბეჭდოს, თუკი ორი და სამი მიიღებს თანაბარ შეფასებას, მაშინ სახელმწიფოს უპრობლემოდ შეუძლია დაბეჭდოს ორი ან სამი ტირაჟი. ხოლო თუკი ასეთი კოლეგიის მიერ რეკომენდირებული წიგნების რაოდენობა ოცდახუთია, ძალიან მძიმედ გვაქვს საქმე – ჩანს ფიზიკოსთა კოლეგიაში უმრავლესობა წიგნების ავტორთა ნათესავებს ჩაუგდიათ ხელში.
რასაკვირველია, ყველას შეუძლია გახსნას კერძო სკოლა, დაბეჭდოს ფიზიკის კერძო სახელმძღვანელო (რომელიც იგივე წესით, პროფესიონალთა მიერ უნდა იქნას სანქცირებული) და მიიზდოს მდიდარი ან რამე სხვა კატეგორიის ადამიანები.
რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკურადაც მომგებიანია: ის რაც მოხდა, არის არა ის, რომ მდიდრებს წიგნების ყიდვა აეკრძალათ, არამედ ის, რომ ღარიბებს მიეცათ მეტი საშუალება სრულფასოვნად ისწავლონ. ცხადია, საჭირო არაა ეკონომიკის, ზოგადად განვითარებისთვის განათლების მნიშვნელობაზე ლაპრაკი. განათლებაში ინვესტირება გრძელვადიან პერსეპქტივაში ყველაზე მაღალ მოგებას იძლევა. ასევე, ესაა რეალური სტიმული კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის კონკურენციისა, და ამდენად მაღალი ხარისხისაკენ სწრაფვისათვის.
მაგრამ:
თუნდაც ამ საზოგადოებრივი იდეალის მიღწევის შემდეგ ერთ გარემოებას აღმოვაჩენთ:
საზოგადოებაში უთანასწორობა არ გაუქმებულა! ისევ არიან მდიდრები და ღარიბები… და აი, საბაზრო ფუნდამენტალისტები, მათ შორის, იმ გამომცემელთა ლობისტები, რომლებიც კორუფციული შეკვეთებით ხეირობდენენ, ადამიანები, რომლებიც აქამდე საბაზრო დარვინიზმს ქადაგებდნენ, გოდებას იწყებენ: ‘რა უსამართლობაა, რა გულქვაობაა ღარიბთა მიმართ, მდიდრების მიერ წიგნებში გადახდილი ფულით ხომ ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და ა.შ. მხარდაჭერა შეგვეძლო’.
ასეთმა ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რატომ არ აუქმებს უფასო წიგნები უთანასწორობას: უფასო წიგნები მიზნად არ ისახავს ეკონომიკური უთანასწორობის პირდაპირ გაუქმებას! ეს არაა ‘სოციალური დაცულობის’ პროექტი და ის ფაქტი, რომ უფასო წიგნების დაბეჭდვით უთანასწორობა არ გაუქმებულა, სულაც არაა საბაბი იმისათვის,რომ უარი ვთქვათ მასზე. ამ ორ ლოგიკას ერთმანეთთან არაფერი ესაქმება. ფასიანი წიგნები როგორმე ეხმარებოდა თანასწორობას?!
საბაზრო, სოციალური და განათლების პროცესთა ლოგიკების აღრევისას მღვრიე წყალს მხოლოდ ბრიყვები ეტანებიან, ზოგჯერ კი სპეციალურად ამღვრევენ: სუფთა წყალში თევზის დაჭერას მეტი ოსტატობა და შრომა სჭირდება.
მაგრამ გამოსავალი არსებობს და ისიც ძალიან მარტივია, რთულია მხოლოდ ამ საბაზრო ისტერიკის, დამკვიდრებული ყალბი ფასეულობების დანგრევა და იმ სიცხადის დანახვა, სადამდეც ცივლიზებული სამყარო დიდი ხანია მივიდა:
პროგრესული გადასახდი არის ის მექანიზმი, რითაც ეს უსამართლობა უქმდება.
პროგრესული გადასახადის მეშვეობით (სხვა პროექტებთან ერთად) შეიძლება იმ სახსრების მობილიზება, რომლის ერთადერთი დანიშნულებაც სწორედ უთანასწორობის პოზიტიური გაუქმება იქნება.
ასე რომ, ჯერჯერობით, უფასო წიგნების პრობლემა ასე გამოითქმის:
რასთან გვაქვს საქმე ამ თავისთავად ძალიან კარგი პროექტის შემთხვევაში: ფართო, პოზიტიური პერსპექტივის ხედვაზე დაფუძნებული პროგრამის ნაწილთან, რომელიც (სხვა ნაბიჯებთან ერთად) პროგრესულ გადასახადს ლოგიკურად გულისხმობს, როგორც შემდგომ ეტაპს, თუ უბრალოდ მორიგ ღონისძიებასთან, რომელიც არა ‘საზოგადოებაზე’, არამედ ‘ამომრჩეველზეა’ გათვლილი?
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მუხლი 13
1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.
2. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ზემოაღნიშნული უფლების სრულად განხორციელებისათვის:
a) დაწყებითი განათლება უნდა იყოს ყველასათვის სავალდებულო და უფასოდ ხელმისაწვდომი;
b) საშუალო განათლების მიღება მისი სხვადასხვა ფორმით, ტექნიკური და პროფესიული საშუალო განათლების ჩათვლით, უნდა გახდეს საყოველთაოდ შესაძლებელი და ხელმისაწვდომი ყველა შესაფერისი საშუალებით, კერძოდ, უფასო განათლების თანდათანობით შემოღების გზით;
c) უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომი თითოეულის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველა შესაფერისი საშუალებით და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით;
სრული ტექსტი:
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1483577