სამართლიანობა კანონზე მაღლა!

,,უფლებებს არ იძლევიან, უფლებებს იღებენ” _ ასეთი იყო ,,ლაბორატორია1918″-ის ერთერთი ლოზუნგი საპირველმაისო დემონსტრაციაზე. ერთი შეხედვით ამ შინაარსის აღქმა რთულია, მაგრამ თუ მისი შინაარსი გესმით, ესეიგი გესმით, როგორ ვითარდება საზოგადოება, როგორ იცვლება სოციალური კანონები, რას ეფუძნება დემოკრატია და როგორი ფორმირდება ძალთა ბალანსი სოციალურ ჯგუფებს შორის.

ყველა განხორციელების შესაძლებლობით გამყარებული უფლება, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაში ადამიანებმა ეტაპობრივად მოიპოვეს, ემყარება ბრძოლას, გაბედულ და თამამ რწმენას, რომ შენ ისეთი რამის აღების უფლება გაქვს, რის აღებასაც გიშლიან. კაცობრიობის მთელი პროგრესი ემყარება დევიაციას, გადახვევას აღიარებული წესრიგიდან, ეჭვის შეტანას მოძველებული და დისფუნქციური კანონების კეთილისმყოფელობაში და ახალი, უფრო ჰუმანური და ცივილური წესების დამყარებას.

ასამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ყველაფერი მოძრავია, ერთი ფორმიდან მეორეში გადადის… გალაქტიკები ფართოვდება და იკუმშება,ვარსკვლავები იბადებიან და ქრებიან, უსულო მატერია სიცოცხლის ფორმებად ორგანიზდება… მარადიულად იცვლება სოციალური კანონებიც, ღირებულებათა სისტემები, რწმენები, რელიგიები და მათ პარალელურად იცვლება სამართალი. მარტივი შესამჩნევია, რომ ამ ცვლილებებს ერთი მიმართულება აქვს – წინისაკენ. ამას ზოგადად პროგრესს ეძახიან. მისი მამოძრავებელი ძალა კი ყოველთვის ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც არ ეშინოდათ სიტყვებსა და საგნებს შორის მიმართებების გასწორების, საგნების სწორად სახელდების და ადამიანური გონების უდიდესი მიღწევის _ სიტყვის იარაღად გამოყენების.

უფლებები ჩნდებოდა მათი სახელდებისას _ შემდეგ კი ადამიანები მთავრობებთან, სისხლიან ტირანებთან და მათ ჯარისკაცებთან ბრძოლის ფასად აღწევდნენ უფლებების აღიარებას და აქცევდნენ დაწერილ კანონებად. ბუნებრივია, ამ გზაზე ბევრი შეფერხება არსებობს, მაგრამ თანამედროვე სამყარო და სოციალური წესრიგი თავისი არსებობით ამტკიცებს, რომ პროცესი შეუქცევადია. ასე მოვიდა კაცობრიობა მონათმფლობელობიდან დღევანდელობამდე. დღეს კი დღის წესრიგში მონობის იმ ფორმების აღმოფხვრაა, რასაც საკუთარ თავში ინახავს სოციაულური წესრიგი და რაც გამოხატვას ჰპოვებს პოლიტიკურ სისტემებში. ამის მაგალითია შრომის ექსპლოატაცია და დღეს მოქმედი ეკონომიკური კანონები: ბანკები, რომლებიც შენი ყოველი ამოსუნთქვიდან საკუთარ წილს იღებენ და რომელთაც მონოპოლიზებული აქვთ შენი სიცოცხლე, სიკვდილი, სახელფასო ბარათი და კუჭში გასვლის გრაფიკი. პოლიტიკოსები, რომლებიც გპირდებიან სამოთხეს შენი თვითმმართველობის უფლების მათთვის დათმობის სანაცვლოდ, შეპირებულის ნაცვლად კი შენივე შრომით დაგროვილი დოვლათით ჯარისკაცებს ქირაობენ, რათა არ მიხვდე, რომ მოგატყუეს და საკუთარი თვითმმართველობის უფლება უკან არ დაიბრუნო. ამის მაგალითია შიმშილით დახოცილი ბავშვები რუანდაში თუ საქართელოში, ამის მაგალითია ომები და სოკოების დასახლებებში შესახლებული, მიწებწართმეული და უსამსახუროდ დარჩენილი დევნილები. ეს ყველაფერი კი თავისთავად არ შეიცვლება – ამ ლოგიკას ვერ შეცვლის რომელიმე მთავრობის დეკრეტი და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები _ ცვლილებები ხდება მენტალობაში შემდეგ კი ფორმდება დეკრეტებში, ბულებსა და მისთანებში. თუ მთავრობები უარს ამბობენ მის შეცვლაზე, მაშინ კანონები მთავრობების შეცვლის შემდეგ იცვლებიან _ ასეთია განვითარების ლოგიკა და ამ ლოგიკას ირაკლი ღარიბაშვილი ან თინა ხიდაშელი ვერ შეცვლის.

გუშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე პოლიცია დემონსტრანტებს დაერია და ცემა-ტყეპა და დაკავება დაიწყო, ძალიან გამიკვირდა _ გამიკვირდა ეს მოქმედება ახალი მთავრობისგან, რომელსაც წინა მთავრობის ტირანიით შეწუხებულმა ხალხმა ცვლილებების იმედით დაუჭირა მხარი. გამიკვირდა სტუდენტების აქციის დარბევა ხელისუფლებაში მოსვლიდან ნახევარი წლის თავზე, იმის შემდეგ რაც წინა მთავრობას ლეგიტიმაცია საბოლოოდ თბილისის ქუჩებში ათასობით გამოსულმა სტუდენტებმა წაართვა. ცუდი მთავრობა და პოლიციის ცუდი მოქმედება როგორ არ მინახავს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ველოდი უბრალოდ. არ მესმის რა მიზანი შეიძლება ჰქონოდა სტუდენტების მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევას გარდა ძალის დემონსტრირებისა. ან რა მუნდირის ღირსებაზეა საუბარი… რომელი მუნდირის რომელ ღირსებაზე, რითი იქმნება ეს ღირსება _ სტუდენტების ცემით და დასჯით იმის გამო რომ გამბედაობა გამოიჩინეს და სოციალური ცვლილებები მოითხოვეს?

მათთვის სამწუხაროდ, მათი ძალის და სასჯელის არავის ეშინია. შეუძლიათ დაგვაკაონ, დაგვშალონ, გვცემონ, გვდევნონ _ ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით ადრეც და ახლაც: მაშინაც, როდესაც უნივერსიტეტის თვითმმართველობის წინააღმდეგ ამოვიღეთ ხმა, მაშინაც როცა ქიმერიძის მკვლელობას ვაპროტესტებდით ხაშურის პოლიციასთან ცივ ზამთარში, როდესაც 26 მაისის დილით პირველები გამოვედით და პრეზიდენტის საზეიმო აღლუმს საპროტესტო აქციით შევხდით, მაშინაც როდესაც ზონდერებით გატენილ მოდულის შენობასთან ვიდექით და პატიმრების წამებისთვის მაღალჩინოსნების დასჯას ვითხოვდით. ჩვენ ადრეც გადაგვიკეტია გზა, ადრეც გაგვიკეთებია სტენსილები, დაგვიხატავს კედლები და ტროტუარები, მაგრამ ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია ის, რაც გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. რა, როცა ,,სისტემა უნდა დაინგრეს” ლოზუნგებით იყო მთელი ქალაქი აჭრელებული, ეს შენობების იერსახეზე მაშინ არ მოქმედებდა? მაშინ არ იყო გზის გადაკეტვა ყოვლად უგვანი სამარცხვინო კანონით აკრძალული? თუ ესგანსაკუთრებით მძიმე დანაშაული მას შემდეგ გახდა, რაც სტუდენტები ,,ოცნების” ოპონენტი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ აღარ გამოდიოდნენ და უბრალოდ უსახლკაროების, ღატაკებისა და უმუშევრების მოთხოვნებს გაჰყვიროდნენ ქალაქში? მოთხოვნების გაჟღერების აგრესიად კვალიფიცირება ახლა დაიწყო? თუ ყველაფერი რაც ანტიკაპიტალისტურია თავისთავად ვანდალიზმია?

გუშინ სტუდენტების დაკავება ,,გაპრავდა” შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც საქართველოს კანონდებლობას ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა უსახსოვრა, რომელიც ვენეციის კომისიის, საიას, საერთაშორისო გამჭვირვალობის და უამრავი ორგანიზაციის მიერ შეფასებულია როგორც საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან შეუსაბამო კანონი, რაკი უხეშად ზღუდავს ადამიანის თავისუფალი გამოხატვის უფლებას. გაეროს სპეციალურმა ელჩმა, მაინა კიაიმ 2012 წლის თებერვალში შემაშფოთებელი უწოდა ამ კანონს და მისით სარგებლობის პრაქტიკას. ჩვენი მეგობრები დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით, მაშინ როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებაში შენობებზე სტენსილების გაკეთება და გამოხატვის უფლების ამგვარად განხორციელება იგულისხმეს. ახალი ამბავი არაა იმის თქმა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსი მოძველებული და სამარცხვინო დოკუმენტია და უნდა შეიცვალოს. ამ კოდექსის გამო წინა მთავრობა მწვავე კრიტიკის ადრესატი ხდებოდა. ამ კანონების შეცვლის ნაცვლად კი ახალმა ხელისფულებამ გაჭიმულ ბაგირზე ორმაგი სალტო გააკეთა და წინამორბედის მანკიერი პრაქტიკით თავად დაიწყო სარგებლობა. ამის პირველ ობიექტად კი სტუდენტური მოძრაობა შეარჩია _ ნამდვილად შესაშური მოწადინებაა, თუმცა დასასრული ჯერჯერობით უცნობია.

განსაკუთრებით საოცარი იყო ის განცხადებები რაც დღეს გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა, თინა ხიდაშელმა, გიორგი მარგველაშვილმა… ასეთ განცხადებებს მხოლოდ ორი შესაძლო ახსნა აქვს: ინტელექტუალური სიმწირე ან პოლიტიკური თვალთმაქცობა. რა, თინა ხიდაშელმა არ იცის რომ ადამიანისთვის გზის სპონტანურად გადაკეტვის უფლების შეზღუდვა უსამართლობაა, არ იცის რომ ადამიანს ამის უფლება აქვს იმის მიუხედავად, რა ჩაწერა მიხეილ სააკაშვილმა თავის თავზე მორგებულ კანონებში? რა, თავად არ იციან, რომ შენობაზე წარწერის გაკეთება დანაშაული არ არის? არ იციან, რომ კადრებზე აციმციმებული წითელი ისრების დადება ძალადობის ფაქტებს ვერ აჩვენებს? არ იციან რომ მანქანისთვის წინ გადადგომა, როდესაც ეს მანქანა დემოსტრაციის გადათელვას ცდილობს სასაცილოა შეაფასო როგორც თავდასხმა? არ იციან რომ ქუცაში ლოზუნგების ყვირილი აგრესია არ არის? არ იციან რომ ხმაური ბოროტების სინონიმი არაა? არიციან, რომ პოლიცია სამართალს უნდა იცავდეს და არა ბრძანებას? არ იციან, რომ ეს კანონები უნდა შეიცვალოს, და სანამ შეიცვლება მანამდე ასე სულელურად არ უნდა გამოიყენონ მშიდობიანი მანიფესტაციის დასარბევად?

მაგრამ როგორც ჩანს, მათი მიზანი არის არა ცუდი კანონის შეცვლა, არამედ ამ კანონის გამოყენება საკუთარი პირადი, და არა სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის. შეუძლებელია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა გაამართლოს ის რაც დღეს მათ გაამართლეს. შეუძლებელია ფართო კატეგორიებით მოაზროვნე ადამიანებმა ბიუროკრატიული დეტალები სამართლის პრინციპებზე წინ დააყენონ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოში თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები პირველ რიგში ახალგაზრდები არიან, რომლებსაც არ ეშინიათ ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილი კაცუნების ნორმატივების და მოქმედებენ ისე, როგორც ამას კარნახობთ ჰუმანიზმის პრინციპები, სიყვარულის კანონები და სოლიდარობის ლოგიკა. ახალგაზრდებს ესმით ის, რაც არ ესმით სხვებს _ რომ კანონებში ყველაზე მთავარი სამართლიანობის პრინციპია და არა ნორმატიული ხასიათი. კანონი რომელიც ამ პრინციპს არღვევს უნდა შეიცვალოს! ამაში ორი აზრი არ არსებობს.

მეოცე საუკუნემ აჩვენა ის მკრთალი ზღვარი, რაც ფორმალური კანონების მორჩილებასა და სოციალურ კატასტროფებს შორის არსებობს. ლეგალური არ ნიშნავს ლეგიტიმურს ან სამართლიანს. ჰიტლერმა ებრაელები ისე დახოცა, რომ მაშინდელი გერმანიის არცერთი კანონი არ დაურღვევია. სავსებით კანონიერი იყო 37 წლის რეპრესიებიც: გამოსცემ ბრძანებას და ადამიანის მოკვლის უფლებაც გენიჭება. სააკაშვილის მთავრობამ 26 მაისის აქცია ისე დაარბია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს ზემოთხსენებულიკანონს იცავდა. ფორმალური ლოგიკა რკინის გალიაა, რაც საზოგადოების განვითარების პოტენციალს ატყვევებს და ადგილს არ ტოვებს ადამიანობისთვის, სიხარულის და მწუხარების, აზროვნების და შეფასებისთვის.

ამიტომ მთავარია არა იმის შესრულება, რასაც გვიბრძანებენ, არამედ იმის, რაც ვიცით რომ სამართლიანია.
ღირსეული შრომისთვის ბრძოლა სამართლიანია, მაღაროში ჩახოცილი მუშების გახსენება სამართლიანია, შიმშილით მკვდარი ბავშვის პორტრეტის დახატვა ახალგარემონტებული აღმაშენებლის ქათქათა კედელზე სამართლიანია, ბანკებისთის ძარცვის შეწყვეტის მოთხოვნა სამართლიანია, მოხუცებისთვის ხელმისაწვდომი წამლების მოთხოვნა სამართლიანია, მონოპოლისტი სააფთიაქო ქსელების დადანაშაულება სამართლიანია, როცა მათი გასამმაგებული ფასების გამო ადამიანები უწამლოდ იტანჯებიან, ითმენენ ტკივილს და წინასწარ ეგუებიან საკუთარ უნუგეშო მდგომარეობას. ამ ხალის ხმის მისაწვდენად ქუჩის გადაკეტვა სამართლიანია. ზოგადად, სოციალური სამართლიანობა სამართლიანია! კანონები და მთავრობები კი, რომელიც ამ ყველაფრის სამართლიანობას არ აღირებს, მათთვის ბრძოლას კი აგრესიას დაარქმევს, უსამართლო!

PS. ხვალ ერთერთი ჩვენგანის, ბათუ კოპალიანის სასამართლო პროცესია. ბათუს ბრალი ედება შრომის უფლების დაცვაში, სოლიდარობაში, თანასწორობისა და თავისუფლების მოთხოვნაში!

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ