სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის

გიგი თევზაძის სტატიის შესახებ

გაზეთ 24 საათში გამოქვეყნდა გიგი თევზაძის სტატია ძალზე ‘გამჭრიახი’ სათაურით: ‘მხოლოდ ტენურით განათლებისა და კვლევის სისტემას ვერ ააწყობ’. იქნებ აზრი ჰქონოდა კიდეც ავტორისთვის შემხვედრი კითხვის დასმას – ტენუარის გარეშე ააწყობ? მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ ბატონი თევზაძე ‘განათლების’ სისტემის დღევანდელი მდგომარეობის უშუალო ავტორი და ერთ-ერთი უმთავრესი პასუხისმგებელი პირია, ამდენად, სისხლხორცეულადაა დაინტერესებული ის ამტკიცოს, რასაც ამტკიცებს. ამდენად, 24 საათის მიერ მისი ‘მიუკერძოებელ ექსპერტად’ გამოყვანა – უბრალოდ საზოგადოებისადმი დაცინვაა. რეფორმის კონცეფცია თავად თავისი ამოცანებით პირველ რიგში სწორედ იმას ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ბატონი თევზაძე წლების მანძილზე ტყუილად გაისარჯა, რომ განათლების არსებული სისტემა – უვარგისია, ხოლო მის ავტორთა დღევანდელი ‘წუხილი’ – უბრალოდ საღი აზრის შეურაცხყოფა.

akademiuri tavisuflebaარავინ ამტკიცებს, რომ ტენუარის სისტემა პანაცეაა, და უნივერსიტეტებში არსებულ უამრავ პრობლემას მხოლოდ მისი განხორციელება ავტომატურად გადაჭრის. მაგრამ უდავოა ერთი რამ: ტენუარის სისტემის გარეშე ყველა სხვა პრობლემის გადაჭრის შემთხვევაშიც კი, ჩვენ არ გვექნება უნივერსიტეტი, არამედ გვექნება ის, რაც თავისი მოცემულობით დღეს არის ილიაუნი – უნივერსიტეტის პაროდია.

რამდენიც არ უნდა ეცადოს ბატონი თევზაძე ‘შუღლი’ ჩამოაგდოს კომისიის წევრებსა და სხვა მეცნიერთა შორის, ან საზოგადოებისთვის გაუგებარი ეზოთერულ-ექსპერტული ტერმინების კორიანტელი დააყენოს და ამით პრობლემაზე არსებითი საუბრის ნაცვლად – დეტალებში უნაყოფო კირკიტისკენ გვიბიძგოს, ამტკიცოს, რომ რეფორმა პროფესიონალმა ექსპერტებმა და კონკრეტული ვიწრო დარგის სპეციალისტებმა (?!) უნდა აკეთონ, კონცეფციის არსი მარტივია, და მისი ლოგიკის ძალა სწორედ იმაშია, რომ გასაგებად არავითარ სპეციალურ განსწავლულობას არ მოითხოვს. იგი ადვილად გასაგებია საშუალო სკოლის მოსწავლისთვისაც კი, თუკი ის ამას მოისურვებს, ყველასთვის, ვისაც ფულს სწორედ იმაში არ უხდიან, რომ ‘ვერ გაიგოს’.

ეს არსი კი შემდეგია: მხოლოდ ტენუირება უზრუნველყოფს ინსტიტუციონაულურ დონეზე აკადემიური თავისუფლების დამკვიდრებას. კაცობრიობას დღემდე არ გამოუგონია სხვა მეთოდი. და არც ბატონ თევზაძეს, არც მის მიერ დამოწმებულ ნაზარბაევის მრჩევლებს არ შეუძლიათ წარმოადგინონ მისი ალტერნატივა. მხოლოდ აკადემიური თავისუფლება, და არაფერი სხვა, შეიძლება მივიჩნიოთ ერთადერთ კრიტერიუმად, რათა დავასკვნათ, საერთოდ არსებობს უნივერსიტეტი, თუ იგი მხოლოდ ფიქციაა.

არსებობს მავნებლობის ერთი გამოცდილი გზა: ილაპარაკო ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც არსებითია. აკეთო ყველაფერი, გარდა მთავარისა.

სწორედ ამგვარი მავნებლობის პროდუქტია დღევანდელი ‘განათლების‘ სისტემა. ასეთივეა მის ავტორთა დღევანდელი საუბარიც.

ბატონი თევზაძე საბჭოურობაში სდებს ბრალს კომისიის წევრებს. რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან რეალური უნივერსიტეტი და მისი ფიქცია, მაგალითად, საბჭოური უნივერსიტეტი? მარტივი რამ წარმოვიდგინოთ – აიღეთ რეალური უნივერსიტეტი, გამოაკელით მას აკადემიური თავისუფლება, დანარჩენი ყველაფერი კი დატოვეთ, ან თუნდაც – იდეალის დონემდე მიიყვანეთ: დატოვეთ ტექნოლოგიური ბაზები და ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები და გარემონტებული შენობები, პატენტები და ინოვაციები – აკადემიური თავისუფლების გარეშე ხელთ ყოველთვის მხოლოდ პაროდია შეგრჩებათ.

განათლებისადმი სწორედ ასეთი მიმართება ახასიათებს არსით ავტოკრატიულ რეჟიმებს, სწორედ ასეთი იყო საბჭოთა უნივერსიტეტი, სწორედ ასეთია დღეს განათლების ქართული სისტემა, რომლის ავტორიც ბატონი თევზაძეა, და ასეთია ამ სისტემის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში – ილიაუნიც, რომლის რექტორიც, კვლავ, სწორედ ბატონი თევზაძე ბრძანდება.

განათლების ეს სისტემა სწორედ ისევეა რეალური უნივერსიტეტის პაროდია, როგორც პრესის პაროდიაა 24 საათი – გაზეთი, რომელსაც ჯერ არ უნებებია ვრცლად წარმოედგინა თავად რეფორმის კონცეფციის ავტორთა პოზიციები, ისე გადაწყვიტა მათ კრიტიკას დაუთმოს ადგილი.

როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე – დაე, მკვდრებმა იზრუნონ საკუთარ მკვდრებზე. ჩვენ კი ყველა სტუდენტს, თანატოლებს, ჩვენ მშობლებს, მთლიანად საზოგადოებას მოვუწოდებთ – შემოგვიერთდით აკადემიური თავისუფლებისათვის ბრძოლის პროცესში, რადგან ეს პროცესი სხვა არაფერია, თუ არა უნივერსიტეტთა ხელახალი დაარსება. ამის გარეშე კი ჩვენი საერთო მომავალი ისეთივე უბადრუკი იქნება, როგორც ჩვენ ცოცხალ მეხსიერებაში არსებული წარსული.

სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ