ლიბერალი ინტელექტუალები და სიმბოლური კაპიტალი

ლიბერალი ინტელექტუალები და სიმბოლური კაპიტალი: სოციალური აღიარება, მოდერნიზაცია და გაუცხოება საქართველოში

წარმოდგენილი ესეს მიზანია მოკლე მცდელობით გაანალიზოს საქართველოში ლიბერალი ინტელეტუალებისა და საშუალო კლასის ინტელექტუალების კორელაცია სიმბოლურ კაპიტალსა და სოციალურ აღიარებასთან და ამ ურთიერთკავშირის შედეგად წარმოქმნილ გაუცხოებასთან ქართულ საზოგადოებაში, როგორც შედეგი იმ მახინჯი, სუსტი და ყალბი სოციალური, კულტურული და პოლიტიკური მოდერნიზაციისა, რომელიც ხორციელდება თანამედროვე საქართველოში ნეო-ლიბერალური ავტოკრატიული ჰეგემონური პოლიტიკური კლასის მიერ. ეს პატარა ნაშრომი შეეცდება განსაზღვროს ლიბერალი ინტელექტუალების სოციეტალური ფუნქცია ამ ყალბი მოდერნიზაციის პროცესში.

თანამედროვე ქართველი ლიბერალი ინტელექტუალები, რომლებიც შეიძლება ასევე მოვათავსოთ საშუალო კლასის ინტელექტულების სტრუქტურაში, გამოირჩევიან საქართველოში სიმბოლური კაპიტალის მაღალი ინდიკატორით ახალი თაობის ქართველებში (ახალი ელიტებში, რომლებიც უპირისპირდებიან ძველ, ტრადიციულ ელიტას)

რა არის სიმბოლური კაპიტალი?

ფრანგი სოციოლოგი და ფილოსოფოსი პიერ ბურდიე (1930-2002), ძალაუფლების მნიშვნელოვან წყაროს უკავშირებს „სიმბოლურ კაპიტალს“. ბურდიეს მიხედვით, სიმბოლური კაპიტალის ფუნდამენტური გაგება იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის იმგვარი სოციალური პოზიცია რა დროსაც შენს მიმართ გამოხატულია უკიდურესი ყურადღება სხვისი მხრიდან (ეს შენში იწვევს გარკვეულ პრესტიჟს, პატივისცემას, ‘ნდობას’ და ა.შ.) უფრო მეტი კლარიფიკაციისთვის, რომ ვთქვათ ეს არის სოციალური აქტორის რესურსი რომელიც მთლიანად ეფუძნება პრესტიჟსა და აღიარებას. ბურდიე, ზოგადად საშუალო ფენის ინტელექტუალებს უკავშირებს ასეთი სიმბოლური კაპიტალის ფლობას.

სიმბოლური კაპიტალი მთლიანად დაკავშირებულია ასევე სოციალურ აღიარებასთან.

ეხლა განვმარტოთ რა არის „აღიარება“ ჩვენს შემთხვევაში უფრო ზუსტად კი რა არის „სოციალური აღიარება“?

ზოგადი აკადემიური მიდგომით აღიარება ეს არის ერთგვარი ინტელექტულური აქტი, წარმოდგენა, საკუთარი ინეტელექტუალური შესაძლებლობების და უნარის თეატრალიზება, ასევე ეს არის იდენტიფიკაციის გარკვეული ფორმა, როცა შენ ცნობილი ხარ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში, განსაკუთრებით იმ ჯგუფებში, რომლებიც შენ გიზიდავს. აღიარება ასევე მოიცავს სხვების პატიცისცემის ანუ იგივე სხვების აღიარების აქტს, თუმცა ლიბერალი ინტელექტუალების შემთხვევაში ეს აღიარება თუ პატივისცემა უკავშირდება მხოლოდ იმ ჯგუფს თუ ინდივიდს, რომელიც შესაბამის ლიბერალური აზროვნების ველში ოპერირებს, როგორც უკვე აღიარებული ლიბერალი. ბუნებრივია, აღიარება, როგორც სოციალური ფენომენი შეიძლება ასევე იყოს დაკავშირებული პოზიტივთან და არა მეტწილად ნეგატივთან. მაგალითად, ჰეგელი, აღიარებას მიიჩნევდა, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ელემენტს ეთიკური ცხოვრებისა, ჰეგელიანური გაგებით აღიარების გარეშე ჰომო-სოციალე ვერ შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების ან თავისუფლების რეალიზაციას. თუმცა ასევე ჰეგელი ავითარებს ე.წ „აღიარებისათვის ბრძოლის“ იდეას, ბუნებრივია ჰეგელი ამ ბრძოლას ცნობეიერებით სტრუქტურებს უკავშირებდა მაგრამ თანამედროვეობაში, რომ განვაზოგადოდ დღეს „აღიარებისათვის ბრძოლა“ უკვე სოციალურ კლასებს შორის ფუნქციონირებს.

ძალიან საინტერესოა თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსის, ფრაკფურტის სოციალური კვლევების ინსტიტუტის დირექტორის აქსელ ჰონეტის დამოკიდებულება თუ მოსაზრება აღიარებასთან დაკავშირებით. ჰონეტი აღიარებას უკავშირებს როგორც ფუნდამენტურ ელემენტს თვით-რეალიზაციისა, გამოყოფს რა „ინტერაქციის სამ სფეროს“ რომელიც შესაბამისად აყალიბებს „აღიარების სამ მოდელს“ ეს არის: სიყვარული, უფლებები და სოლიდარობა. ამ სამი მოდელიდან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა სიყვარული და სოლიდარობა და მათი კორელაცია საქართველოში ლიბერალური ინტელექტულურ ელიტასთან. ჰონეტის მიდგომით სიყვარული გულისხმობს იმ ემოციების გამოხატვას ჩვენს მიმართ რაც სიყვარულით არის განპირობებული და სოლიდარობა კი დაკავშირებული ინდივიდის კონკრეტული შესაძლებლობების აღიარებასთან რადგან ინდივიდი უფრო დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობებში.

აღიარების განმარტებას ჩვენ არ ვაკეთებთ მისი კრიტიკისათვის ან პროპაგანდირებისათვის, ჩვენ ვიყენებთ ამ თეორიას როგორც ახსნის ინსტრუმენტს ქართული ლიბერალური ინტელექტუალებისა.

სად დგას ქართული ლიბერალური ინტელექტუალური ელიტა?

ქართველი ლიბერალი ინტელექტუალების სოციეტალური როლი თუ ფუნქცია თანამედროვე საქართველოში არის მხოლოდ სიმბოლური და არ უკავშრდება იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას რასაც შვებს თანამედროვე ქართული ნეო-ლიბერალური რეჟიმი. ქართველი ლიბერალი ინტელექტუალების როლი და ფუნქცია მოცავს მხოლოდ ასპირაციას სიმბოლური კაპიტალის შეძენისათვის და ეს არის აღიარებისათვის ბრძოლა. საქართველოში ხელისუფლება ახორციელებს გაუკუღმართბული ტიპის მოდერნიზაციას, რომლის მიზანიც არის ძველი სისტემის გარდაქმნა (როგორც ეკონომიკური ასევე პოლტიკურის) ისე რომ ეს გამოიწვევეს არა რეალურად პოლიტიკური და ეკონომიკურ მოდერნიზაციას არამედ სისტემის გაძლიერებას. მაშასადამე, საქართველოში მოდერნიზაცია ხდება სისტემის გასაძლიერებლად და არა ტრადიციული სისტემის მოსაშლელად. საქართველოში არ ხდება რეალური მოდერნიზაცია რადგან მოდერნიზაცია გულისხმობს ერთის მხრივ პოლიტიკური სისტემის რაციონალიზაციას. პოლიტიკური სისტემის დიფერენციაციას და მაღალ პოლიტიკურ ჩართულობას რაც საქართველოში ნამდვილად არ ხდება. ასევე არ მიმდინარეობს ეკონომიკური მოდერნიზაცია რადგან ეკონომიკური მოდერნიზაცია გულისხმობს ეკონომიკური უთანასწორობის მაქსიმალურად შეკვეცას ან მოსპობას, რაც საქართველოში ასევე ნამდვილად არ ხდება და პირიქით, უფრო იზრდება ეკონომიკური უთანასწორობის დონე.

თუმცა საქართველოში მიმდინარეობს მოდერნიზაციის ის პროცესი რასაც მე პირადად დავარქმევდი „სელექციონისტურ მოდერნიზაციას“ ანუ ხელისუფლება ახორციელებს მოდერნიზაციის იმ ელემენტებს რაც ემსახურება მხოლოდ მის ინეტერესებს და არა საზოგადოების საერთო ნებას (რუსოს რომ დავესესხოთ). მაგალითად ამ „სელექციონისტური მოდერნიზაციის“ ელემენტებია: „ახალი ქართველის“ პროექტი, რელიგიური ეთიკის წინააღმდეგ ბრძოლა, ძველი და ახალი ელიტების დაპირისპირება, იდენტობის ჯგუფების მხარდაჭერა, მენტალიტეტის გარდაქმნა (ბარბაროსული, ფუნდამენტალისტური ინდივიდუალიზაცია) და ასე შემდგე.

თანამედროვე ქართველი ლიბერალები, გამომდინარე იქედან, რომ ისწრაფიან სიმბოლური კაპიტალისა და აღიარებისათვის, მექანიკური სოლიდარობით (დურკჰაიმს რომ დავესესხოთ) არიან ჩართული ამ „სელექციონისტურ მოდერნიზაციაში“. ხელისუფლება იყენებს „უფლებითი ცნობიერების ლიბერალური პარადიგმას“ იმისათვის რომ გაამართლოს მისი ბრძოლა „ახალი ქართველის“ შესაქმნელად. ხელისუფლება აკეთებს კონცენტრაციას იმ საკითხებზე რაც წარმოშვებს წყაროს ქართველი ლიბერალი ინტელექტუალებისათვის, სიმბოლური კაპიტალის დასაგროვებლად, ეს კონცენტრაცია შეიძლება იყოს პოზიტივი ან ნეგატივი, მაგალითად: რაიმე ანტი-ლიბერალური კანონდმებლობის მიღება აძლევს ინსპირაციის წყაროს ლიბერალ ინტელექტუალებს მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების ინტელექტაულური თეატრალიზება ამგავრი კანონის კრიტიკით ან მაგალითად პოზტივი, ანუ როდესაც ხელისფლება იღებს „ლიბერალურ კანონს“ რაც წარმოშვებს ახალი ნაკადის დისკუსიას ლიბერალებში, ასევე აღიარებისათვის ბრძოლაში.

ამ დროს კი რა ხდება? ამ დროს კი საქართველოში დგას რეალურად სულ სხვა პრობლემები და ეს არის უკიდურესი სოციალური უსამართლობა, ეკონომიკური ჩაგვრა და რაც მთავარია გაუცხოება. საქართველოში ჩამოყალიბდა გაუცხოების ახალი პარადიგმა: საზოგადოება რწმუნდება იმაში, რომ მათ არ ეკუთვნით ძალაუფლება არამედ ძალაუფლება ეკუთვნის მმართველ პოლიტიკურ კლასს. ხალხი რწმუნდება იმაში რომ ეკონომიკური რესურსების გამოყენება არის ხელისუფლების იმპერატიული კატეგორია და არა ხალხის! და ლიბერალი ინტელექტუალების კლასი კი ამ დროს იმ საკითხებით არიან დაკავებულნი რაც საბოლოოდ ხელს უწყობს იმ „სელექციონისტურ მოდერნიზაციას“ რასაც ხელისფლება ახორციელებს.

ბოლოს, მსურს ასევე ავღნიშნო ის, რომ საბჭოთა კავშირის დემონიზაცია არის ასევე „სელექციონსიტური მოდერნიზაციის“ პროცესი თუ პროდუქტი, რომელშიც ხელისუფლებას ასევე ეხმარება ქართველი ლიბერალი ინტელექტუალები და ამ პროცესში ორივეს აქვს თავისი მიზანი და ინტერესი: ხელისფლების მიზანია ამით ესკაპიზმში ჩაკეტოს საზოგადოება, ანუ მოწყვიტოს რეალურ სივრცეს, ხოლო ლებერალი ინტელექტუალების მიზანი და ინტერესი კი ისევ სომბოლური კაპიტალისთვის და აღიარებსიათვის ბრძოლაა.

საქართველოს ხელისუფლებას და ლიბერალურ ინტელექტუალურ ელიტას კი აქვთ ერთი გამაერთიანებელი მზიანი „სელექციონისტური მოდერნიზაციის“ პროცესში და ეს არის კულტურისა და ტრადიციული იდეების დემონიზაცია. 1999 წელს, პიერ ბურდიე ამბობდა „ევროპელები ძალიან ქვემოდ მიდიან, მათ რცხვენიათ საკუთარი ცივილიზაციის და აღარ ძალუძთ მაღლა ასწიონ საკუთარი ტრადიციები. პროცესი იწყება ეკონომიკური სფეროდან და თანდათან ვრცელდება კულტურის სფეროში. მათ რცხვენიათ საკუთარი კულტურული ტრადიციების, მათ ეშინიათ დაიცვან ის ტრადიციები რაც მიჩნეული და დაგმობილია თითქოს როგორც არქაული ტრადიციები – კინოში, ლიტერატურაში და ყველგან“ ეს ტალღა როგორც ვხედავთ საქართველოშიც გადმოდის

საქართველოს მოქალეეების უმრავლესობა კი ამ დროს უფრო და უფრო განიცდის ეკონომიკური ჩაგვრის წნეხს.

ვარშავა

2011 წლის. 29 დეკემბერი

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ