რვა ნახევარი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში

ახლა ვუყურე პირდაპირ ეთერში ‘ქართული ხმების’ და თამრიკო ჭოხონელიძის საოცარ კონცერტს და მანამდე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას.  სიმართლე გითხრათ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი.  ამ სიამოვნებას განაპირობებდა ორი მთავარი ელემენტი:

1.  ის რომ ბიძინა ივანიშვილის ეს საარჩევნო აქცია არაფრით გავდა ქართულ პოლიტიკაში უფრო 28 წლის დამკვიდრებულ ‘სამიტინგო’ ტრადიციას, სადაც ერთმანეთს გამოსვლებში ათასი დემაგოგი პოლიტიკოსი ეჯიბრებოდა.   ქართული ხალხური სიმღერა და საერთოდ ხელოვნება საქართველოს ძლიერი მხარეა.  ეს ის ადგილია, სადაც ქართველი არავის ტოლს არ უდებს.  როდესაც ‘ქართული ხმების’ ან ‘ერისიონის’ ხმას გაიგებ, ხვდები, რომ საქართველოს ამ პლანეტაზე საკუთარი ადგილი ტყუილად არ უკავია.  სადაც არ უნდა იყოს ქართველი, მას ყოველთვის გულს აუჩუყებს ნამდვილი ქართული სიმღერა და ხელოვნება.  გლობალიზაციის უარყოფითი მხარეებისგან თავის დასაცავად ჩვენ სწორედ ამ ჩვენი ხელოვნების და მსოფლმხედველობის პოზიტიური მხარეების წარმოჩენა გვჭირდება.  იმ მონური მიმბაძველობით, რომელიც დღეს ბევრ პოლიტიკურ მოღვაწეს ახასიათებს პრეზიდენტით დაწყებული საქართველო საკუთარ კულტურას დაკარგავს და გახდება ცოცხლა მკვდარი ერი.  ჩვენი ძალა არა ამერიკელებისგან ნაყიდ ‘ჰამვიშია’ ან გერმანულ ‘მერსედესში’ და არც რუსულ ტანკ T-72-ში.  ჩვენი ძალა ‘ქართულ ხმებშია’.  ადამიანებს აქვთ უფლება რომ ჰქონდეთ საკუთარი კულტურა, რომელიც სიყვარულის გამოხატვის განსაკუთრებული გზაა.  ამითია დიდი ბევრი კულტურა და ჩვენი ძალაც ამაშია.  ეს სულაც არ ნიშნავს უგემოვნო კიჩის გაღმერთებას, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.  ეს ნიშნავს ღირებულის დანახვას საკუთარ ქვეყანაშიაც პოლიტიკური შეხედულებებისგან დამოუკიდებლად.  სტურუას თეატრი, ‘ქართული ხმების” სიმღერა, დოჩანაშვილის ლიტერატურა, ნაირა გელაშვილის სიმართლე, ზურა რთველიაშვილის ანთებული სიტყვა, სუხიშვილების ცეკვა, ნანა ბრეგვაძე, ახალგაზრდა გიორგი ზანგური, უკვე გამოცდილი მერაბ ნინიძე, გაგა ნახუცრიშვილი,  ნინო ქათამაძე, რატი ამაღლობელის მუსიკა, გოგი ძუძუაშვილის ელექტრონული გრძნობა, საოცარი ქალი ნინელი ჭანკვეტაძე, დიდი პოეტი იანა ჯინჯიხაშვილი  და ბევრი სხვა საქართველოს არანაკლებ სჭირდება ვიდრე მსოფლიო ბანკის კარგი შეფასება.  მსოფლიო ბანკის კარგ შეფასებებს პინოჩეტიც იღებდა – მაგრამ გაბრიელ მარკესისას ვერა.  სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი სწორედ ისაა რომ კლუტურა მისთვის სამომხმარებლო საგანია – სადაც ბაგრატის ტაძარში ლიფტის გაკეთება სწორედაც რომ სამომხმარებლო სამყაროს გულის მოგებისთვის კეთდება.  ‘ქართული ხმები’ სამომხმარებლო საგანი არ არის – მისი ‘ბაზარზე’ გაყიდვა არ არის საჭირო.  ხელოვნება თავისი მნიშვნელობით მარადიული კატეგორიაა და არ ექვემდაბერება არც ერთი დროის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კონიუნქტურას.  აი, ამასაა რომ ვერ ხვდება მიშას მთავრობა. 

2.  მეორე სასიამოვნო სიურპრიზი იყო თვითონ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა. გამოვიდა ადამიანი, რომელიც კონკრეტულად ლაპარაკობდა პრობლემებზე, მათი გადაწვეტის გზებზე და რაც მთავარია, ლაპარაკობდა იმაზე რისი გაკეთებაც შესაძლებელია და რისი გაკეთებაც თვითონ შეუძლია.  მისი მხრივ ყურადღების გამახვილება სოციალურ გაჭიირვებაზე და სიდუხჭრეზე, რომელშიაც საქართველო ამ მთავრობამ ჩააგდო თავის მასწავლებელ წინამორბედებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია.  ჯანდაცვა, განათლება, სოციალური უსაფრთხოება ადამიანის სიცოცხლის უფლების ტოლფასია.  და ძალიან კარგია, რომ ეს დისკურსი მკვიდრდება პოლიტიკურ ლექსიკონში.  ცხადია, დანაპირებს შესრულება სჭირდება და არ არის საჭირო დროზე ადრე დივიდენდების გაცემა.  ერთი რამე კი ცხადია:  სურვილის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ეს დანაპირები შეასრულოს.  რამდენად შეასრულებს ვნახავთ მისი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.  თუმცა, ნამდვილად სასიამოვნოა რომ იგი უბრალო ადამიანისათვის გასაგებ ენაზე ლაპარაკობს.  მისი ამ საუბრიდან კარგად გამოჩნდა რომ ამ ადამიანს კარგად აქვს წაკითხული ‘გლახის ნაამბობიც’ და ‘ტრაგედია უგმიროდ’.   სამწუხაროა რომ ამ ბოლო ხანებში ბევრს აღარ ახსენდება ნიკო ლორთქიფანიძე ან დავით კლდიაშვილი – ან თუნდაც თერგდალეულების ნაწერები სოციალურ საკითხზე.  ეს სწორედ იმის ბრალია რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ნეოლიბერალიზმი იმდენად მოდაშია, რომ სიტყვა ‘სიღარიბის’ ხსენებაც ტაბუდადებული გახდა.  ჩვენს პოლიტიკურ და ინტელექტუალურ წრეებში ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ფროიდის ‘ოიდიპოსის კომპლექსზე’ და საკუთარ დედასთან სექსუალურ ურთიერთობებზე გაცილებით მეტს საუბრობენ, ვიდრე ათასობით ადამიანის შიმშილზე.  ეს არა მარტო ჩვენი პრობლემაა ცხადია – ეს მსოფლიო ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი დანაშაულია.  უბრალოდ სასიამოვნოა, რომ საქართველოშიაც გაჟღერა ‘გლახის ნაამბობის’ თემატიკამ დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ. ილია თავისი არსით არც ლიბერალური გარეული Laissez-faire  კაპიტალიზმის მომხრე იყო და არც ბოლშევიკური ცრუ-სოციალიზმის.  მისი მსოფლმხედველობა უნიკალურად ქართული იყო – თუმცა შინაარსით ახლოს იყო განვითარებულ, დღევანდელ სოციალურ-დემოკრატიასთან (არა მაშინდელ, რომელიც ლენინის, სტალინის და მათდაგვარი ავანტიურისტების ხელში იყო) ან კიდევ უფრო მეტი ზომიერ ანარქიზმთან.  თავისუფალი ინიციატივის და სოციალური სამართლის შერწყმა ნამდვილად არ არის შეუძლებელი და ამაში ოქსი-მორანების ძიება სრული სისულელეა.  21-ე საუკუნეში უკვე პრაქტიიკულად დამტკიცდა რომ შეიძლება გქონდეს ორივე: თანასწორობაც და თავისუფლებაც.  სწორედ ამიტომაა, რომ დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის ტრენდები სწორედ სოციალ-დემოკრატებს და ანარქისტებს მიჰყავთ. 

სააკაშვილის მიერ გილაურის სასწრაფო გადაყენება და მის ადგილას მერაბიშვილის დაყენებაც ნეოლიბერალიზმის დოქტრინისგან დროებით მაინც გამიჯნვას გულისხმობდა.   ორი აზრი არაა, რომ მიშა ნიჭიერი ‘პოლიტიკური ცხოველია’ და მანაც შეამჩნია რომ ბანკების რეპუტაცია 2008 წლის მსოფლიო კრიზისის მერე შეირყა.   თავიდან ვიტყვი რომ ნამდვილად მისასალმებელია მისი მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვაზე, განათლების უფლებაზე, ბანკებისგან პასუხის მოთხოვნაზე, იგივე 2 უნივერსიტეტის აშენებაზე და რეგიონების განვითარებაზე ლაპარაკი.   ის, რომ ის 2 უნივერსიტეტს აშენებს და ფულს ამაში დებს, ნამდვილად კარგია.   თუმცა, სოციალურ თემებზე მიშა 2003 წლების არჩევნებამდეც სპეკულირებდა.  ეს გახდა იმის მიზეზი, რომ 2004 წლის არჩევნებზე მეც და ბევრმა ჩემმა მეგობარმა მას მივეცით ხმა.  მაგრამ მას მერე რვა ნახევარი წელი გავიდა და იმის მაგივრად, რომ ჯანდაცვა უფრო ხელმისაწყდომი გამხდარიყო, იგი ბევრად უფრო ‘გაბიზნესდა’.  საქართველოში ჩემს ერთ-ერთ უკანასკნელ ჩამოსვლაზე მომიწია საავადმყოფოში დაწოლა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგიერთი წესიერი და პატიოსანი ექიმის გულისხმიერება რომ არა ფულის უქონლობის გამო მკურნალობას ვერ მივიღებდი.  ცხადია, მე ყველაზე ღარიბების რიცხვს არ მივეკუთვნები, და რამოდენიმე დღეში ვიშოვე ის 800 ლარი, რომელიც ჩემს ძალიან ელემენტარულ მკურნალობას სჭირდებოდა.  მაგრამ იმან რა ქნას ვისი შემოსავალიც 800 ლარი წელიწადშიაც არ არის?  ამ რვანახევარი წლის განმავლობაში ავადმყოფების, მოხუცების, მარგინალიზებული ადამიანების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და მათი მდგომარეობა ბევრად გაუარესდა.

სწორედ ამიტომაა რომ მიშას მიერ მერაბიშვილის გამინისტრებისას წარმოთქმული სიტყვების აღარ მჯერა – აქამდე სად იყო ბატონი პრეზიდენტი?

და მეორე, სოციალური სამართლიანობის დამყარება პოლიციური მეთოდებით სოციალიზმი კი არა ბოლშევიზმია.  ლენინის, სტალინის, ტროცკის და მათი მეგობრების თანამებრძოლებმა შთამომავლებმა იმის მაგივრად რომ ბურჟუაზიისათვის წართმეული თანხა ხალხისათვის მიეცათ, პოლიტბიურო აქციეს ახალ ოლიგარქიულ ბუდედ და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობას მოახმარეს მთელი ეს აურაცხელი სიმდიდრე.  ეს არის შედეგი ძალადობით განხორციელებული ცვლილების.   მიშას გუშინდელი ნაბიჯი მისასალმებელი იქნებოდა, ის რომ ნეობოლშევიზმი არ იყოს – ძერჟინსკის, ეჟოვის, იაგოდას და ბერიას დამყარებულმა ‘სოციალიზმმა’ სადაც მიგვიყვანა, ყველამ ვნახეთ.  სწორედ ბოლშევიზმმა შვა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ‘ახალი ბურჟუაზია’, რომელიც პირდაპირ ლაპარაკობს ადამიანების დამონებაზე.  

თუ პრეზიდენტს მართლაც სოციალური სამართალი აწუხებს და არ უნდა ისტორიაში ნეობოლშევიკ კაპიტალისტად შევიდეს მაშინ საკუთარი და მისი თანაპარტიელების ბიზნესებით და ოჯახებით დაიწყოს:

1.  თვითონ მერაბიშვილი და მისი ოჯახი ერთ-ერთი მთავარი ოლიგარქია საქართველოში და უამრავ ბიზნესს ‘კრიშავს’ – გაიღოს ამ კლანმაც ფული სოციალური ხარჯებისათვის და ნუ გადამალავს ‘ოფშორებში’!

2.  მერაბიშვილმა ყველას პასუხი უნდა გასცეს რატომ არ დაისაჯნენ სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის და პოლიციური რეჟიმის მიერ მოკლული ბევრი უცნობი ახალგაზრდა, რომელთა ოჯახებიც დააშინეს და დაატერორეს!  არ შეიძლება პრემიერ მინისტრის ცოლი დანაშაულებრივი ჯგუფის თანამონაწილე და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყოს.

3.  ოლიგარქებზე თუ მიდგა საქმე სააკაშვილის ოჯახის წევრებსაც ბევრი აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხი!  დღეს მისი თითქმის ყველა ნათესავი უზომოდ გამდიდრებულია და დიდ ბიზნესებს ფლობს მთელს საქართველოში.  მისი ყბადაღებული ნათესავების სახელების და გვარების ჩამოთვლას აზრიც არა აქვს.  უკვე ყველამ იცის საქართველოში რომ ამ ქვეყნის ნახევარზე მეტს ისინი ფლობენ სხვადასხვა ფორმით.

4.  ისევ აღარაფერს ვამბობ სააკაშვილის ‘ჯიბის’ ოლიგარქებზე.  კაცმა არ იცის რას იზამენ ნეოლიბერალი ოლიგარქები.  მათზე ყურადღებასაც აღარ გავამახვილებ.  ისევე როგორც პუტინის რეჟიმში, სააკაშვილსაც პოლიტიკური ერთგულებით ჰყავს თავისი ოლიგარქები.

ასე რომ ნეოლიბერალიზმსა და ნეობოლშევიზმს შორის დიდი სხვაობა არაა.  სოციალური სამართლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით და დემოკრატიული განვითარებით მიიღწევა.  ძალადობა უარეს შედეგს მოიტანს.

სააკაშვილისგან რომ სოციალისტი ან ანარქისტი აღარ გამოვა უკვე ცხადზე ცხადია – მაგრამ ივანიშვილი იმედია ასევე არ დაივიწყებს დღეს გაცემულ დაპირებებს.  სწორედ ამიტომაა საჭირო უფრო დემოკრატიული სისტემა, რომ პოლიტიკოსებმა ამომრჩევლები ადვილად ვერ მოატყუონ.

სააკაშვილმა კი უმჯობესია ფელინის ‘რვანახევარს’ შეხედოს და ეცადოს ისეთივე ტალახის პროცედურები გაიკეთოს, როგორც ამას მარჩელო მასტროიანის მთავარი გმირი აკეთებს.  ამ ადგილის მიგნება არ გაუჭირდება:  მამამისი იმედია უფასოდაც მიართმევს სამკურნალო წუმპეს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ