ლაზიკას მშენებლობა ზოგადად ჩვენში ‘რევოლუციის’ შემდეგ დაწყებულ მშენებლობათა ლოგიკის გაგრძელებაა. თავისთავად შენებაში რა თქმა უნდა ბოროტი არაფერია. მაგრამ: დავაკვირდეთ, რისი მშენებლობა ხდება ძირითადად? მშენებლობების პროცესი მიმართულია ერთი რამისკენ – ისეთი ქალაქების იმიჯების შესაქმნელად, რომელმაც ქვეყანა მიმზიდველად უნდა წარმოადგინოს ტურისტისთვის, უპირატესად, ფულიანი ტურისტისთვის. სასტუმროები, კაზინოები, რესტორნები, ფასადები, ასევე გზები, რომლებიც ამ სასტუმროებისა და კაზინოებისაკენ მიგვიძღვებიან, შესაბამისი ინფრასტრუქტურა… ასევე, იმისკენ, რამაც დიდი ფულის მფლობელებს ჩვეული კომფორტისა და უსაფრთხოების განცდა უნდა შეუქმნას: ბანკები, პოლიცია და ციხეები…
სახელმწიფოს თითქმის არ აქვს ფული ყველაზე მთავარი მშენებლობებისთვის: სკოლებისთვის, ქარხნებისთვის და ა.შ. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ პოლიტკის და საქმიანობის მთავარი მიზანი რომ მშენებლობაა – ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, და არა – კეთილდღეობის და დემოკრატიის მშენებლობა – ეს უკვე არის ბოროტება. თავის დროზე მერაბ მამარდაშვილი აკრიტიკებდა საბჭოური მითოსის ერთ მთავარ შემადგენელს – იმ რწმენას, რომ რაიმე ნაგებობის შენებით – სოციალიზმს ვაშენებთ. კიდევ დიდხანსაც რომ დარჩეს ძალაუფლებაში, საეჭვოა ამ ხელისუფლებამ იმის მეასედი შეძლოს, რაც ამ თვალსაზრისით შეძლეს სტალინმა, ჰიტლერმა, პინოჩეტიმ – ისტორიაში მსგავსი მასშტაბების მოდერნიზაციის პროექტების ანალოგების ნახვა ალბათ შეუძლებელია. მაგრამ – მოდერნიზაცია და მშენებლობა – დემოკრატიას და კეთილდღეობას რომ არ უდრის – დიდი ხნის წინ დამტკიცებული, ბანალური ჭეშმარიტებაა. მაშ რას უდრის?
რას ნიშნავს კერძოდ ლაზიკის მშენებლობა: ხალხის აყრას თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან, გადასახლებას ჭაობებში და კვალიფიკაციების არქონის გამო, მათ მხოლოდ ფიზიკურ ძალად გამოყენებას, მძიმე და ჯანმრთელობისთვის საშიშ სამუშაოებზე იაფ მუშახელად, ლამის მონებად დასაქმებას – ეს ყველაფერი უწყვეტი ხმამაღალი და ზეიმური პროპაგანდის ფონზე. ჩვენი დღვანდელი შრომის კანონმდებლობა და ხალხის უკიდურესი გაჭირვება სამოთხის პირობებს ქმნის იმ კორპორაციებისათვის და კერძო პირებისთვის, ვისაც მონები სჭირდება, რათა კიდევ უფრო მეტი ფული მოიგოს ამ პროცესიდან – ხელისუფლების მხრიდან მონების შეთავაზების გარეშე, საეჭვოა ინვესტორთა მოზიდვამ სასურველი მასშტაბი მიიღოს. ამ ხალხის ნაწილი ალბათ იქვე დარჩება, რადგან არავითარი პირი არ უჩანს, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყანაში დასაქმების პრობლემის გადაჭრა შეუძლია, ან სურს. შესაბამისად, წასვლასაც აზრი არ ექნება. და ვისაც ბედი გაუღიმებს, იქაურ ფეშენებელურ სასტუმროებში, რესტორნებში, კაზინოებში და ა.შ. დამლაგებლის და მოახლის როლს შეასრულებს, სხვა დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოებზე, ყველაზე მეტი – ბანკის მოლარედ იმუშავებს დამამცირებლად დაბალ ხელფასებზე.
ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კატასტროფულ საზოგადოებრივ შედეგებს გამოიწვევს, რაც ჩვენი დღევანდელი ახალგაზრდების და მომავალი თობების აღმოსაფხვრელი იქნება. მაგრამ იმას, ვინც ამ პროცესიდან ხვალ და ზეგ მილიონებს იშოვიან, ასევე, ზემოხსენებულ ნასუფრალზე მცხოვრებთ, ეს არ ადარდებთ.
ამ პროცესის მრავალ კატასტროფულ შედეგთა შორის იქნება მდიდართა და ღარიბთა შორის უთანასწორობის კიდევ უფრო გაღრმავება, სიღატაკე და გაუნათლებლობა, ჯანმრთელობის მოშლა და კრიმინალის ზრდა. შედეგად, დამშეულ და ავადმყოფ ადამიანებთან ერთად, ნულოვანი ტოლერანტობის ‘კეთილშობილური’ ლოზუნგის სკანირების ფონზე კიდევ უფრო მოიმატებს პატიმრების რიცხვი – კრიმინალი ბევრისათვის ერთადერთ გზად დარჩება შვილებისათვის ყოველდღიური ლუკმა პურის მოსაპოვებლად. ეს არაა ფანტასტიკური ჟანრის ფილმის თხრობა. ესაა რეალური ისტორიები მექსიკიდან თუ ნიუ იორკიდან, დუბაიდან თუ ჩილედან – სადაც მსგავსი პროექტები ‘წარმატებით’ განხორციელდა. ბოლოს და ბოლოს, ამის მკაფიო ნიშნები ჩვენთანაც სახეზეა.
ხალხი რომ ადარდებდეთ, როგორ მოიქცეოდნენ? იმ უზარმაზარ ფულს, რაც ინვესტიციებთან ერთად, ბიუჯეტიდან უეჭველად დაიხარჯება – მიმართავდნენ ადამიანების საცხოვრებელ ადგილებზე დასაქმებისკენ. მცირე გადამამუშავებელი ქარხნების აშენებისკენ (საიდანაც ფულის ‘მოტეხვა’, პროცესის გამჭვირვალობის და ფასების საჯაროობის გამო თითქმის შეუძლებელია), ინდუსტრიის განვითარებისკენ, ბაზრების მოპოვებისკენ, ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ, გადამზადებისკენ – რომ ხალხს იქ ეგრძნო თავი კარგად, სადაც დაიბადა, გაიზარდა და სურს იცხოვროს, იმის კეთებით რაც თითონ სურს. ამისთვის ჩვენ ბიუჯეტს საკმარისზე მეტი ფული აქვს. დაახლ. 100 სოფლის მეურნეობის მცირე გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას დაახლ. 300 მილიონი სჭირდება. რამოდენიმე წლის მანძილზე გაწერის შემთხვევაშიც კი, ეს არც ისე დიდი თანხაა ბიუჯეტისთვის. ხოლო სასიკეთო შედეგი მალე იქნება ძალზე თვალსაჩინო. გარდა ბიუჯეტისა, მრავალი ასეთი და დამხმარე (მაგ. სასწავლო, კვალიფიკაციის ასამაღლებელი) პროექტისათვის საკმარისი ფულის შოვნა შეიძლება საერთაშორისო ფონდებიდან. მექსიკის, ბრაზილიის და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა კარგად არგუმენტირებული პროექტების წარდგენისას ასეულობით მილიონი დოლარი მიიღეს მსოფლიო ბაკისგან შიმშილობის და სიღატაკის დასაძლევად. რამოდენიმე წელში მაგ. ბრაზილიაში სიღატაკე 20 %-ით შემცირდა, ეს ლამის სასწაულებრივი მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკი იმისთვისაა, რომ განვითარებად ქვეყნებს დაეხმაროს, მაგრამ პროგრამებს ქვეყნების ხელისუფლებანი წარუდგენენ. რა თქმა უნდა მათ ამოწმებენ, მაგრამ იმ დონეზე, რომ სუვერენობის პრინციპი არ დაირღვეს. ქვეყნის (ხელისუფლების) გადაწყვეტილება უპირატესია. ცხადია, ეს პროცესი და ინსტიტუციები უნაკლო არაა, მაგრამ კვლავ – ზოგიერთი ქვეყნის შედარებით პატიოსანმა ხელისუფლებამ შეძლო ამ ინსტრუმენტების ადამიანების სასიკეთოდ გამოყენება. რაში მოითხოვა ჩვენმა ქვეყანამ ფული და მიიღო კიდეც? – კვლავ სატურისტო მშნებლობები, რესტავრაციები…
მძიმე შედეგების თავიდან აცილება უკვე შეუძლებელია. საზოგადოებრივ აქტიურობას დღეს მხოლოდ ისღა შეუძლია, კიდევ უფრო არ გაღრმავდეს კატასტროფული პროცესები. ამისათვის მათი აღკვეთაა საჭირო. კონკრეტულად და მხოლოდ ლაზიკასთან, როგორც პროექტთან დაპირისპირება, ჩემი აზრით, შედეგს არ მოიტანს. გზა მხოლოდ ორი არსებობს, და პირველ მათგანს თორიულიც კი არ ეთქმის: 1 – ხელისუფლების გამოსწორება, და 2 – ანტისახალხო ხელისუფლების შეცვლა – საზოგადოების ძალაუფლებით.
პირველად გამოქვეყნდა ავტორის ბლოგზე http://kevles.blogspot.com/