ამას წინათ სოციალურ ქსელში ჩემმა ძველმა მეგობარმა ირაკლი მჭედლიშვილმა მთხოვა რომ განმემარტა რატომ არის დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება თავისი არსით ნეოლიბერალური და არა ნეობოლშევიკური. ძალიან კარგი კითხვაა და ვფიქრობ ეს კარგი კითხვა კარგ პასუხსაც იმსახურებს.
თავისთავად ცხადია რომ ბევრი რამე რასაც დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ბოლშევიკების სამოქმედო სახელმძღვანელოს ძალიან ჰგავს. სახალხო დაპატიმრებები, სატელეფონო მოსმენები, ‘ლიკვიდაციების’ პოლიტიკა, მოქალაქეებისათვის ბინების, სახლების და სხვა ტიპის კერძო საკუთრების ჩამორთმევა, მათი ‘განკულაკება-გაძარცვა’ მისი თანმდევი ‘კონფისკაციებით ცხადია ბოლშევიზმის ისტორიაში კარგად ჩაბეჭდილი ფურცლებია. თუმცა აქ აუცილებელია ვთქვათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება, ისევე როგორც პოსტ-კომუნისტური სამყაროს სხვა რეჟიმები მთლად ნეობოლშევიკური არ არის. ის თავისი არსით უფრო ნეოლიბერალურია პუტინის რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელორუსთან, ნაზარბაევის ყაზახეთთან და სხვა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად.
პირველ რიგში უნდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წარმოების საშუალებებზე და ნედლეულზე ‘კერძო საკუთრების’ ფორმების დაკანონება ახალი ნომენკლატურის წევრების მიერ სრულიად ახალ ფაზაში შევიდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში პოსტმოდერნულმა რეჟიმებმა მოახერხეს პრაქტიკულად მთელი სახელმწიფო სიმდიდრის პრივატიზაცია და საკმაოდ წარმატებითაც. ნეოლიბერალურ მოდელს ბოლშევიკური მოდელისგან სწორედ ეს ელემენტი განასხვავებს. თორემ მათს შორის მსგავსება ბევრად მეტია ვიდრე გასხვავება.
ბოლშევიკებმა 1920 წლიდან უღალატეს კომუნიზმის ერთ–ერთ მთავარ პრინიციპს, სახელმწიფოს დაშლისაკენ სწრაფვას და დაიწყეს სწორედ იმ სახელმწიფო აპარატის გაძლიერება, რომელიც კაპიტალის მთავარი მოკავშირე და დამცველი იყო. სწორედ ამიტომ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მიიღო ნომენკლატურული ფეოდალიზმის მოდელი და უფრო გვიანდელ ხანაში კი სახელმწიფო კაპიტალიზმი, რომელიც ასევე ადვილად ტრანსფორმირდა ნეოლიბერალურ სისტემაში. ელცინის რუსეთი და შევარდნაძის საქართველო საუკეთესო მაგალითები იყო იმისა, თუ როგორ გახდნენ კომუნისტური პარტიის და კომკავშირის ფუნქციონერები ახალი ‘კაპიტალისტები’ და ოლიგარქები. ბურჟუაზიული სისტემის ყველაზე რაექციულ ნაწილად სწორედაც რომ ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის წევრები მოგვევლინენ. მომხმარებლური მატერიალიზმის საქმეში ყველას დიალექტიკური მატერიალიზმის ურწმუნო ბერებმა აჯობეს. ეს ის ხალხი იყო, რომელიც 1980 წელს პროლეტარიტის გამარჯვებაზე წერდა და 1992 წლიდან შავ ლიმუზინში გადაჯდა და იარაღის, ნავთობის, ლითონების და სხვა ძვირადღირებული საქონლის გაყიდვით სერიოზულად გაიმდიდრა თავი. ამ ადამიანებს პროლეტარები სინამდვილეში ისევე სძულდათ ან უფრომ მეტადაც, ვიდრე მეფის რუსეთის პოლიციის უფროსებს.
ნეოლიბერალიზმიც ასევე დაშორდა კლასიკური ლიბერალიზმის პრინციპებს, როგორც ბოლშევიზმი კომუნიზმისას. ჰუმბოლტის, კანტის და სხვა განმანათლებლების პრინციპები მეოცე საუკუნის პირველი ნახევრისათვის საკმაოდ არაპოპულარული იყო. ამ დროს ყველაზე უფრო გავრცელებული სწორედაც რომ სოციალისტური იდეები იყო – ანუ სახელმწიფო ჩარევის და რეგულაციის პოლიტიკა. Laissez-faire თავისუფალი ვაჭრობის პრინციპი უკვე აღარ მოქმედებდა. ახალი ტიპის ‘თავისუფალი ბაზრის’ ერთ–ერთი მთავარი პროპაგანდისტი ვალტერ ლიპმანი პირდაპირ ლაპარაკობდა იმაზე რომ ადამიანების დიდი ნაწილი არ იმსახურებს სრულ თავისუფლებას და მას ‘რჩეულებმა’ უნდა მიუთითონ განვითარების გზაზე. ნეოლიბერალიზმის ცნებაც გერმანელმა მეცნიერმა ალექსანდერ რიუსტოვმა სწორედაც რომ ვალტერ ლიპმანის კოლოკვიუმზე ჩამოაყალიბა 1938. აქ ჩამოსული მეცნიერების დიდი ნაწილი ლაპარაკობდა სწორედ სახელმწიფოს ჩარევაზე თავისუფალი ეკონომიკის წარმართვის პრინციპში. კლასიკური ეკონომიკური ლიბერალიზმისაგან განსხვავებით მეოცე საუკუნის ლიბერალიზმი სახელმწიფოს გაძლიერებულ როლს სცნობდა, ოღონდ ეს როლი გამოხატებოდა ‘თავისუფალი მეწარმეების’ კლასის ხელშეწყობაში. კერძოდ, სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას რომ მთელი მისი მოსახლეობა დაებეგრა იმდენად, რამდენადაც ეს ხელს აძლევდა ფასების წარმოქმნისა და რეგულირების გარკვეულ მექანიზმს. ასეთი მექანიზმის ბენეფიციარი კი ის ‘კერძო მეწარმეთა’ კლასი იყო, რომელსაც მიშელ ფუკომ ‘ჰომო ეკონომიკუსი’ უწოდა. რეალურად, ნეოლიბერალიზმის პირობებში საბჭოთა პოლიტბიურო ჩაანაცვლა ოლიგარქიულმა კლასმა, რომელიც ხალხისაგან აღებულ გადასახადებს საკუთარი ‘კერძო საკუთრების’ გაზრდა-გაფართოვებისათვის იყენებდა.
ნეოლიბერალურმა ეკონომიკურმა სკოლამ საკუთარი ფილოსოფიური ტრადიციები ფრაიბურგის სკოლაში ნახა და ნეოკანტიანური ფენომონოლოგიის, ჰუსერლის და ჰაიდეგერის ტრადიციებზე. ამ აზროვნების სკოლამ ყურადღება გაამახვილა ‘ინდივიდუალურ უფლებებზე’ და გარკვეულ პერიოდში ამ მიმდინარეობამ ბევრი მომხრე მოიპოვა, განსაკუთრებით მას მერე რაც საბჭოთა და ნაცისტური გერმანიის გამოცდილების შემდეგ კოლექტიური ფილოსოფიის ეს უკიდურესი ფორმები სრულად დისკრედიტებული აღმოჩნდნენ. ფრაიბურგელი ეუკენის ‘ორდოლიბერალიზმი’ და მას მერე უკვე ვენის და ჩიკაგოს უნივერსიტეტების სკოლები სწორედ იმაზე ლაპარაკობდნენ თუ როგორ შეენარჩუნებინათ ინდივიდუალის თავისუფლება. თუმცა, როგორც ეს ცხოვრებამ აჩვენა თეთჩერის და რეიგანის მიერ გამოცხადებულ ‘ინდივიდუალურ წარმატების’ სიმბოლოდ მხოლოდ ‘ჰომო ეკონომიკუსები’ აღმოჩნდნენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით კრიმინალები იყვნენ, ხანდახან კი ან საბჭოთა ან ჩინელი მაღალჩინოსანი ბიუროკრატები. ცხადია, გამონაკლისებიც იყო: კერძოდ მაღალტექნოლოგიურ ბიზნესში, იგივე ბილ გეიტსის და სტივ ჯობსის მაგალითები ბევრის მთქმელია. მაგრამ, თავისთავად ‘ნეოლიბერალური ინდივიდუალიზმის’ ხანამ არც ისე ბევრ ‘ინდივიდუალს’ მოუტანა წარმატება და ბედნიერება. მათი უმრავლესობა დიდ ვალებში ჩაიხრჩო, ნაწილი ეკონომიკურ მონობაში და კაცობრიობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღატაკეში ცხოვრობს.
ბოლო 30 წელია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ მსოფლიო ნეოლიბერალური იდეოლოგიის ცალსახა და უალტერნატივო დიქტატის ქვეშ ცხოვრობს. გვაქვს თუ არა იმის საფუძველი, რომ 1970-იანი წლების შემდეგ დიდი პროგრესი დავინახოთ კაცობრიობის ისტორიაში. ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია. ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება: დედამიწაზე სიღატაკე კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. დიახ, გაიზარდა.
ნეოლიბერალიზმი ბოლშევიზმს იმით ჰგავს რომ საკუთარი მოქალაქეების დამონების საშუალებად ძლიერ სახელმწიფო და უშიშროების აპარატს იყენებს. სატელეფონო მოსმენები და დაპატიმრებები არც ამ სისტემისთვის არის მთლად უცხო, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში: მაგალითებად შეგვიძლია ავიღოთ ჩილე პინოჩეტის დროს, ფილიპინები მარკოსის მმართველობის პერიოდში ანკიდევ კენია დანიელ არაპ მოის დროს. პროპაგანდის საშუალებების დახვეწილობით ნეოლიბერალური პროპაგანდა ბევრად სჯობნის ბოლშევიკურ მოუქნელ იდეოლოგიას. ვალტერ ლიპმანი თვითონ გახლდათ პროპაგანდის და სპინის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი – თანამედროვე ‘მორჩილების დამზადების’ საუკეთესო რეცეპტები სწორედ მისი დამზადებულია. თანამედროვე ლიბერალური პროპაგანდის მამა თვლიდა რომ ადამიანების უმრავლესობა ვერასოდეს მიხვდება თვითონ რა სჭირდება, და ამიტომაც მას უნდა დაეხმარონ საზოგადოების ‘რჩეული წარმომადგენლები’.
ეს რჩეულები კი სწორედ ის ‘ჰომო ეკონომიკუსები’ არიან, რომელთაც გლეხურ ენაზე ‘ოლიგარქებს’ უწოდებენ – ოლიგარქებთან ერთად კი მათი მომსახურე პერსონალი: იურისტები – ჰომო ლეგალის, ექიმები, პოლიტიკოსები, ინტელექტუალები, და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, ეს სისტემა არის კლასობრივი აპარტეიდი, სადაც მოსახლეობის ძალიან პატარა პროცენტი ყოველთვის თავს ახვევს საკუთარ შეხედულებებს და ცხოვრების სტილს დანარჩენ ადამიანებს. ეს დანარჩენი ადამიანები სრულყოფილ პიროვნებებად არც ითვლებიან – ისინი უბრალოდ ‘ცოცხალი არსებები’ – ჰომო საკერები არიან, ჯორჯო აგამბენის ფრაზას რომ დავესესხოთ.
სწორედ ამიტომაა რომ ნეოლიბერალიზმი ისევე არ არის ლიბერალური, როგორც ბოლშევიზმი არ ყოფილა კომუნისტური არასდროს. და სწორედ ამიტომაცაა, რომ დღეს საქართველოში არსებული სერიოზული პროპაგანდისტული მანქანა უფრო ვალტერ ლიპმანის სისტემას ჰგავს, ვიდრე ლენინის და ორჯონიკიძის.