მოლი კორსო(Molly Corso)
საბჭოთა კავშირის დაშლიდან პირველი ათი და მომდევნო წლების განმავლობაშიც, ქართველებმა თავი საპრტოტესტო აქციებისადმი კეთილგანწყობილ ადამიანებად წარმოაჩინეს. მაგრამ ადგილობრივი ექსპერტების თქმით, დღეს ეს მუხტი დაცლილია და წარსული აქტივობა აპათიით შეიცვალა.
საჯარო აქციებისადმი ქართველების მიდრეკილებამ „ვარდების რევოლუციის“ დროს პიკს მიაღწია. მას შემდეგ საპროტესტო აქტიურობა ნელ-ნელა მინელდა. დღეს ადამიანების მობილიზება ძველებურად იოლი არ არის. ამას ადადასტურებს საზოგადოების ძალიან თავშეკავებული რეაქცია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 26 აპრილის გადაწყვეტილებაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ 2006 წელს 28 წლის ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიების საქმეზე.
სანდრო გირგვლიანის დაღუპვის შემდეგ პოლიტიკური აქტივისტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები დემონსტრაციებს მართავდნენ. ისინი აპროტესტებდნენ ამ საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიებას და ამ უწყების წარმომადგენელთა სავარაუდო კავშირს აღნიშნულ მკვლელობასთან. ხოლო, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფაქტობრივად მხარი დაუჭირა იმ მოსაზრებას, რომ შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით სამართალი არ აღსრულებულა და სერიოზულად გააკრიტიკა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია, გენერალური პროკურატურა და სასამართლოები, ამას ქუჩაში გამოსვლის მოწოდებები აღარ მოჰყოლია.
მასობრივი პროტესტი არ მოჰყოლია არც სხვა ანალოგიურად სკანდალურ გადაწყვეტილებებს, მაგალითად საინვესტიციო სქემებს აჭარაში და მოსახლეობის გამოსახლებასთან დაკავშირებულ გეგმებს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გეგმების გამო შორეულ სვანეთის რეგიონში.
„ევრაზიის თანამშრომლობის“ ფონდთან არსებული კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის დირექტორი, პოლიტოლოგი კობა თურმანიძე ფიქრობს, რომ საეჭვოა დღეს რაიმე თემამ შეძლოს მასების მობილიზება საპროტესტო აქციისთვის. საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივ ქუჩაში მას შემდეგ გამოდიან, როდესაც პრობლემები დაგროვდება. სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებული აღშფოთების ამოფრქვევა, რაც 2007 წლის თბილისური საპროტესტო აქციების ცენტრალური ეპიზოდი იყო და სამართალდამცველ ორგანოებთან შეტაკებებში გადაიზარდა, საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული თვეობით დაგროვილი უკმაყოფილების და პოლიტიკოსების „ქედმაღლობის“ შედეგი იყო.
„ასეთი ერთჯერადი და ფრაგმენტული მოვლენები, როგორ ცუდ როლსაც არ უნდა ასრულებდეს მასში მთავრობა, სახალხო აღშფოთებას არ იწვევს“, – ამბობს თურმანიძე.
ეს არც ცვლილებების განხორციელების მექანიზმია, აღნიშნავენ სოციოლოგები. ბოლო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, რომლებიც 2009 წელს ჩატარდა, განსაკუთრებული ხმაურის გარეშე დასრულდა. ზოგიერთმა ოპოზიცურმა პარტიამ ამ კვირაში განაცხადა, რომ თბილისში ახალ საპროტესტო აქციებს იწყებს. საზოგადოების მხრიდან ამას ჯერ-ჯერობით არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.
მიმომხილველები ფიქრობენ, რომ საზოგადოებამ ცვლილებების მისაღწევად ქვევიდან ინიცირების სხვა მექანიზმები ვერ გამონახა.
ერთ-ერთი მიმომხილველის აზრით, ნაწილობრივ ეს საქართველოში პოლიტიკური წონასწორობის ცვლილებით აიხსნება. 2004 წელს, ხელისუფლებაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსვლით, ინიციატივა საზოგადოების ნაცვლად ხელისუფლების ხელში გადავიდა, მიაჩნია საზოგადოებრივი კვლევების ცენტრის თანადამფუძნებელს და პოლიტოლოგ მარინა მუსხელიშვილს.
„[მოსახლეობას] ძველებურად სჭირდება ის, რომ მას ვინმემ დაანახოს… [ცვლილებების მიღწევის] გზა, გზა, რომელსაც მხარს უჭერს ევროპა და ამერიკა“, – ამბობს იგი, „მისი რესურსები ამოწურულია. მოსახლეობას რესურსი აღარ აქვს – არც მატერიალური და არც იდეოლოგიური“.
პოლიტიკური სფეროს მიღმაც, ადამიანები „დათრგუნულები და ფრუსტრირებულები“ არიან და ნაკლებად არიან მიდრეკიდელნი სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე რეაგირებისკენ.
„როდესაც ვიღაცას მიყვები, საჭიროა ამ გზის სისწორეში დარწმუნებული იყო“, – ეთანხმება ამ აზრს თურმანიძე. „არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც დარწმუნებით იტყოდა, თუ საით მიდიდან ისინი და რა უნდა გაკეთდეს… ჩემი აზრით, ქართველები პროტესტისგან არ დაღლილან, ისინი უბრალოდ ახლა ამაში აზრს ვერ ხედავენ“.
დღეს ადამიანები საპასუხოდ უბრალოდ მხრებს იჩეჩავენ ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა ორნიშნა ციფრებსი გამოხატული ინფლაციის ზრდის ტემპი, ცუდი გზები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების მაღალი ღირებულება და საეჭვო ტარიფები კომუნალურ მომსახურებაზე.
თუმცა, ერთგვარი აქტიურობა საზოგადოებაში ადგილობრივ დონეზე მაინც შეიმჩნევა, ამბობს ქეთევან ვაშაკიძე, საქართველოში „ევრაზიის თანამშრომლობის“ ფონდის ხელმძღვანელი (ფონდმა 1992 წლიდან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი პროექტების განხორციელებაზე დაახლოებით 80 მილიონი დოლარი დახარჯა). მისი თქმით, ქართველები „პრაგმატული“ ხალხია, როდესაც საქმე ცვლილების მიღწევის შესაძლებლობას ეხება. „არ ვფიქრობ რომ აპათიაა. ვფიქრობ, რომ ადამიანები საკითხებს რაციონალურად უდგებიან და ესმით ის, თუ რა იმუშავებს და რა არა“, – ამბობს იგი. შესაბამისი წრთვნისა და საჭირო რესურსების არსებობის შემთხვევაში საქართველოს ზოგიერთი სოფლის მცხოვრები ნამდვილი „ცვლილებების მამოძრავებელი“ ხდება. ისინი გონივრულად უდგებიან სოციალურ საკითხებს, როგორც საზოგადოებრივ საქმეს და არ უშვებენ იმას, რომ ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდეს, ხაზს უსვამს იგი.
თუმცა უფრო ფართო მასშტაბში, ქართველებს უჭირთ რაღაც პრობლემებზე კოლექტიური რეაგირება, „რადგან მათ სჭირდებათ ნდობაზე დაფიძნებილი ორგანიზაცია, ქსელი“, რაც დღეს არ არსებობს, ამბობს კობა თურმანიძე.
არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ზოგჯერ ძალიან მწვავე, კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ეს სხვა საქმეა“, – დასძენს იგი, „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში წინასწარ დაგეგმილი და გააზრებული კოლექტიური აქციების ორგანიზება კარგად არ გვეხერხება. ნებისმიერი მასობრივი აქცია საქართველოში ყოველთვის სპონტანური და ხანმოკლეა“.
განსხვავებით მეზობელი აზერბაიჯანისგან და სომხეთისგან, რომლებიც სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად მასების მობილიზაციისთვის ისეთ თანამედროვე სისტემებს იყენებენ, როგორებიცაა Facebook და Twitter, საქართველოში ამან ფართოდ ფეხი ვერ მოიკიდა, დასძენს იგი.
სოციოლოგ მუსხელიშვილის აზრით, ასეთი სხვაობა გასული წლების გამოცდილებით აიხსნება. „აზერბაიჯანსა და სომხეთში არ ყოფილა ისეთი ეტაპები, როგორიცაა „ვარდების რევოლუცია“, ამიტომ, მათ კიდევ უფრო მეტი იმედი აქვთ იმის, რომ აჯანყებით რაღაცას შეცვლიან“, – ამბობს იგი. „ჩვენ აქ ეს უკვე გამოვცადეთ“.