დაუფარავი აღსარება

წერილი გამოქვეყნებულია , ყოფილი პატიმარის _ გია ფაცურიას გვერდზე facebook-ში.

 გია ფაცურია

3 წლის წინ დავწერე. ადრესატს გაუგზავნე. მერე რამდენიმე პატიმარს წავაკითხე. ბასილსაც – ჩემთან ერთად იჯდა 1 ზონაში:) რამდენიმე მეგობარს გარეთ. არ მინდოდა “გამოქვეყნება”. მაგრამ “მღვდლის” დაჯილდოებამ ძალიან “გამაკვირვა”. მაშ ასე:

დაუფარავი აღსარება
ანუ ღია წერილი პატრიარქს
უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს

შაბათს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსის, ანტონ ქელბაქიანის წერილი წამაკითხეს, რომელშიც ნათქვამია, რომ თქვენ გვთავაზობთ ჩვენ, საქართველოს პატიმრებს, “ჩამოვაყალიბოთ საკუთარი ხედვა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით”.
სიამოვნებით ვასრულებ თქვენს თხოვნას.
ჩემი აზრით, თქვენ, ჩვენი აზრი ეკონომიკურ პრობლემებზე, სასამართლო სისტემის პარალიჩზე, დემოკრატიის ჩანასახების უდროო გარდაცვალებაზე, პრეზიდენტის მიერ, კონსტიტუციის 71–ე მუხლში ფორმულირებული ფიცის დარღვევის მძიმე შედეგებზე, არ გაინტერესებთ. ეგ ისედაც იცით. თუ ვცდები, შეგიძლიათ დაავალოთ ქალბატონ შორენას, ამოგიბეჭდოთ მასალები ჩემი მეილიდან giapatsuria@yahoo.com, password …. აქ ჩემი აზრი ამ თემებზე გაშლილად მაქვს გამოხატული.
პატრიარქი ბრძანდებით და ალბათ ის გაინტერესებთ, ამ არაადამიანურ პირობებში, რომლებმაც თურმე თქვენც შეგაძრწუნათ, როგორ ვიცავთ დიდი შოთას დანაბარებს: “ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსა”. შეიძლება ციტატა არასწორად მომყავს, მაგრამ არსი, მგონი არ შემშლია.
თქვენი აღსაყდრების წელს, მე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის 2–ე კურსის სტუდენტი ვიყავი. ცხადია ათეისტი, ამიტომ თეოლოგიური კომპეტენცია არ გამაჩნია. სულის სიმტკიცეს მაშინ სხვა წიგნებით გვასწავლიდნენ. მაგალითად – “როგორ იწრთობოდა ფოლადი”. ვაგლახ, რომ იმის მერე, სხვა წიგნებიც წავიკითხე, თუმცა მაინც ათეისტად დავრჩი. სამწუხაროდ, ჩემმა ნათლიამ, თქვენმა კარგმა ნაცნობმა გია ცხადაიამ, ვერ დამაყენა გზაზე, “რომელიც ტაძრამდე მიდის”. და ასე აღმოვჩნდი აქ, რუსთავის #1 დაწესებულებაში.
ამიტომ მოგმართავთ, როგორც პირველ ყოვლისა ჩემს თანამოქალაქეს და არა როგორც ქართული ეკლესიის საჭეთმყრობელს. ჩვენთან ხომ ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან და კონსტიტუციის 19–ე მუხლით კი: “ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება”.
13 აპრილს თქვენ “გუბერნსკი” ციხეში მობრძანდით გარკვეული დროით და იქიდან გამოსვლისას აღნიშნეთ, რომ ციხეში ადამიანები არაადამიანურ პირობებში არსებობენ. ამის აღსანიშნავად რა საჭირო იყო იქ მიბრძანება? განა ვინმე, რომელსაც რაიმე გაუგია საქართველოს პატიმარზე, რაიმე სხვას ამბობს? ცხადია, გარდა იმ პილატეს შთამომავალი ჯალათისა, რომელიც თან გახლდათ, მის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიაზე ვიზიტისას. ამის გასაგებად ციხეში შესვლაც კი არაა საჭირო – ყური მიადეთ ციხის კედელს, მოისმინეთ “ქვათა ღაღადი” – ის მოგიყვებათ წამებისა და ტანჯვის ისტორიებს, მასში ამოლესილი სულების ამბებს და განახებთ ნატყვიარებს, 27 მარტის ღამეს უმაღლესი მთავარსარდლის БТРებმა რომ დაუშინეს. მაშინ სად იყავით? ან ყველა ის დღე – 2006–ის 27 მარტიდან 2007–ის 13 აპრილამდე? რატომ არ გვესმის თქვენი ხმა მაშინ, როცა “ოდეს კაცსა გაუჭირდეს, მაშინ უნდა ძმა და თვისი!” მერე უკვე გვიანაა – აღარავის ესმის. ისევე, როგორც ვერ გაიგეს თქვენი ხმა 9 აპრილის ღამეს, როცა ერი ირაკლი წერეთელს გაყვა, საკუთარი მამა პურზე რომ არ აგზავნიდა და არა თქვენ! გითხრათ რატომ?
იმიტომ, რომ იმ წამში, ეს სულელი წერეთელი ერის ნეტავს, ერის ერთობას, ერის სიმტკიცეს გამოხატავდა, ხოლო პატრიარქი მდუმარედ ისმენდა, როგორ იმეორებდა ათასობით ადამიანი “მამაო ჩვენოს!”
თქვენი, ეს ფაქტობრივად პირველი საერთო–სახალხო მოწოდება კრახით დამთავრდა და ტრაგედიით, რომელმაც არა მარტო საქართველო გააღვიძა, არამედ მთელი საბჭოთა კავშირი შეაზანზარა.
მერე შიდაომი შემოგვეპარა. თქვენ გამოაცხადეთ, რომ ანათემას გადასცემდით ყველა ქართველს, ვინც ქართველის სისხლს დაღვრიდა. ქართველებმა ამჯერადაც არ დაგიჯერეს. ჩვენი ძმები – ოსები კი დღესაც გვახსენებენ, რომ თქვენ ქართველები თქვით და არა საქართველოს მოქალაქეები.
აფხაზეთში არ იყო ნეტა თქვენი მრევლი? მოსკოვის პატრიარქატმა მიავლინა იქ უკვე თავისი მსტოვრები – მართლმადიდებლები ღვთისმსახურების გარეშე დარჩნენო! ნეტავ ძველად, დაუსრულებელი ქართული შიდაომებისას თუ ყოფილა, ქუთაისელი მღვდელი თბილისში არ შემოეშვათ? ან თელაველი ზუგდიდსა და სოხუმში. ამას მიღწევა უნდა. თუ ამ გზით იარეთ, მალე მიაღწევთ. და მე გეტყვით, როგორ და რატომ.როლანდ ახალაია
სადღაც, როდესღაც წავიკითხე, რომ საპატრიარქო ბიბლიის მეგრულ და სვანურ ენაზე თარგმნის წინააღმდეგია. კი გამიკვირდა მაშინ ეს პოზიცია, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. გავიდა დრო, და როდესაც საქართველოს ევროსაბჭოში შესვლისას ნაკისრი ვალდებულებები წავიკითხე, მივხვდი, რაშია საქმე.
ევროპელი რომ გახდე, სურვილი არაა საკმარისი. ცხოვრების წესი უნდა გქონდეს შესაბამისი. რაც ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების დაცვის კონვენციის რატიფიცირებას და შესრულებას მოითხოვს. ეს კი, არა თუ ბიბლიის თარგმნის, არამედ მეგრულ და სვანურ ენებზე წიგნების, გაზეთების გამოცემას, ტელევიზიის ფუნქციონირებასაც გულისხმობს.
კიდევ კარგი, მეგრელები პირველხარისხოვან ქართველებად თვლიან თავს. მეორეხარისხოვანი რომ ეგონოთ, გამოჩნდებოდა ვინმე ბერი წალენჯიხის ტყეებში, ააფრიალებდა თავის ნათარგმნ (რა ხარისხით, სხვა საქმეა) ბიბლიას, და ისეთ Раскол–ს მოაწყობდა საქართველოს ეკლესიაში, რომ ფაქტობრივად დაამთავრებდა ამ ისტორიას კარგა ხნით. მგონი ადრე “უწმინდესი” დასავლეთ საქართველოს პატრიარქს ერქვა და აღმოსავლეთისას “უნეტარესი”. თუ პირიქით?
ამგვარი რამე რომ ავიცილოთ, ჩემი აზრით, თქვენ უნდა წარუძღვეთ და წარმართოთ ბიბლიის თარგმნის, განმარტებისა და ლიტერატურული რედაქტირების პროცესი. ევროპაში შესვლა – შესაბამისად სამართლებრივ ბაზასთან მიერთება მაინც მოგვიწევს. არ ჩამორჩეთ.
სექტები იქ შემოდიან, სადაც ქართველები (თუ არაქართველები) სულიერი მოძღვრისა და წინამძღოლის გარეშე რჩებიან. მტერი იქ შემოდის, რასაც ჩვენ ვთმობთ, სადაც ჩვენ აღარა ვართ. და ჩვენ კი იქ არ ვართ, რისთვისაც არ გვცალია. ეკლესიებს ვაშენებთ, ფინანსებს ვეძებთ მობილური გადარიცხვებით თუ კუვეიტელ შეიხებთან.
კი, ბევრი შენობა შენდება, მაგრამ ეკლესია – ღვთის სახლი ყველასათვის, ამ ქვეყნის შვილებისთვის, ჯერაც არ აშენებულა. წმინდა სული ადგილს ვერ ჰპოვებს ფარისევლებთან. ეს გზა ტაძრისკენ არ მიდის.
გინდათ შემოგთავაზოთ მართალი ნაბიჯი, სწორი გზით? 27 მარტი უდანაშაულოდ დახოცილი პატიმრების, მათი ხსენების დღედ გამოაცხადეთ.
თქვენ მომთხოვეთ აღსარება. მეც გითხარით ჩემი სათქმელი. ზიარება არ მინდა.
2007 წლის აპრილი
დღეს იმაზე ვლოცულობ, ამ რეჟიმს გაუძლოს. თორე ამათ ხელში ვის აირჩევენ ახალ პატრიარქად…

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ