GlobalMay Manifesto

2012 წლის 12 მაისი მასობრივი დემონსტრაციებით აღინიშნა. ეს დღე მოძრაობა დაიკავეს(Occupy) მიერ გამოცხადებული იქნა როგორც გლობალური მოქმედების დღე. ერთი წლის შემდეგ მსოფლიოს თითქმის ყველა დიდი ქალაქის ცენტრალური მოედნები და ქუჩები კვლავ დაიკავეს ამ მოძრაობის აქტივისტებმა და დღევანდელ კრიზისულ ეპოქაში კიდევ ერთხელ გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნები უფრო თანასწორი, სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს შესახებ, უკეთესი მსოფლიოს შესახებ რომელიც შესაძლებელია!

ჩვენ გთავაზობთ მოძრაობა დაიკავეს ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფის მიერ დაწერილი მანიფესტის თარგმანს, რომელიც თითქმის ყველა წამყვანმა ონლაინ გამოცემამ გაავრცელა.

ჩვენ ვცხოვრობთ იმ ძალებისგან მართულ მსოფლიოში, რომელთაც არა აქვთ უნარი მსოფლიოს მოსახლეობისათვის თავისუფლება და კეთილდღეობა უზრუნველყონ. იმ მსოფლიოში სადაც გვეუბნებიან, რომ ’არ არსებობს ალტერნატივა’ გარდა ჩვენი იმ უფლებების დაკარგვისა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე გროვდებოდა, ჩვენი წინაპრების მძიმე ბრძოლის შედეგად. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში სადაც წარმატება განისაზღვრება წინააღმდეგობით ადამიანის ყველაზე ფუნდამენტურ ფასეულობებთან, ისეთებთან როგორებიცაა სოლიდარობა და ურთიერთმხარდაჭერა. გარდა ამისა, ყველაფერი რაც ხელს არ უწყობს კონკურენტუნარიანობას, ეგოიზმსა და სიხარბეს განიხილება როგორც უფუნქციო და უუნარო.

მაგრამ ჩვენ აღარ გავჩუმდებით! ტუნისიდან ტაჰრირის მოედნამდე, მადრიდიდან რეიკიავიკამდე, ნიუ იორკიდან ბრიუსელამდე; ხალხი იღვიძებს რათა დაარღვიოს არსებული სტატუს-კვო. ჩვენ ვამბობთ რომ ’საკმარისია!’ და ვიწყებთ წინსვლას ცვლილებისათვის მთელს მსოფლიოში.

სწორედ ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავერთიანდით, რომ 12 მაისს ჩვენი ხმა მთელს მსოფლიოს გავაგონოთ.

ჩვენს ვამხელთ ეკონომიკური რესურსების ამჟამინდელ გადანაწილებას, სადაც მხოლოდ ძალიან პატარა უმცირესობა ახერხებს გაექცეს სიღარიბესა და დაუცველობას. ხოლო მომავალი თაობები განწირულები არიან მოიწამლონ იმ მემკვიდერეობით, რაც შედეგია მდიდრებისა და ძლიერების მიერ ჩადენილი  ეკოლოგიური დანაშაულებისა. ’დემოკრატიული’ პოლიტიკური სისტემები, სადაც ისინი არსებობენ, დაცლილია მისი შინაარსისგან და დგას იმ უმცირესობის სამსახურში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კორპორაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების სიძლიერის გაზრდით.

ეს კრიზისი არ არის უბედური შემთხვევა, ის გამოწვეულია იმ ადამიანების სიხარბით ვინც მსოფლიო კრიზისამდე მიიყვანა. ეკონომიკის დახმარებით, რომელიც აღარ არის მიმართული მოსახლეობის საყოველთაო კეთილდღეობისკენ და ფინანსური ელიტების მსახურების იდეოლოგია გახდა.

ჩვენ გავიღვიძეთ, და არა მხოლოდ უკმაყოფილების გამოსათქმელად! ჩვენ მივისწრაფვით, რომ ზუსტად განვსაზღვროთ კრიზისის ნამდვილი მიზეზები და წარმომოვადგინოთ მისი ალტერნატივები.

ქვემოთ მოყვანილ მანიფესტში/განცხადებაში, ჩვენ არ ვსაუბრობთ გლობალური მოძრაობა დაიკავეს ყველა წევრის სახელით.  ეს არის მოძრაობის შიგნით არსებული რამოდენიმე ჯგუფის მცდელობა შეეჯერებინა და შეეთავსებინა ის მანიფესტები რომლებიც სხვადასხვა შეხვედრებზე იქნა დაწერილი და დადასტურებული. მანიფესტის წერის პროცესი კონსესუსზე იყო დაფუძნებული, ღია იყო ყველასათვის, და რეგულარულად ქვეყნდებოდა ჩვენს საერთაშორისო საკომუნიკაციო პლატფორმერბზე. ეს იყო კომპრომისებით სავსე რთული და გრძელი პროცესი. და მასზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნები მთავრობების, კორპორაციების და პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებსაც ზოგიერთი ჩვენგანი არალეგიტიმურად, უპასუხისმგებლოდ და კორუმპირებულად მიიჩნევს. ჩვენ მივმართავთ მსოფლიოს მოსახლეობას, ყველას ვინც არ არის ჩვენს მოძრაობაში და ვინც არის.

ჩვენ გვინდა სხვანაირი მსოფლიო და ასეთი მსოფლიო შესაძლებელია:    

1. ეკონომიკა ხალხის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს. ორიენტირებული უნდა იყოს  და ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე და არა პირად მოგებაზე. ჩვენ გვინდა ისეთი სისტემა სადაც შრომა შეფასდება მისი სოციალური სარგებლიანობის და არა ფინანსური ან კომერციული მოგების მიხედვით. მაშასადამე ჩვენ ვითხოვთ:

თავისუფალ და უნივერსალურ ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაზე, განათლებაზე დაწყებითი სკოლიდან უმაღლეს განათლებამდე და საბინაო უზრუნველყოფას ყველა ადამიანისათვის. ჩვენ ვეწინააღმდეგებით საზოგადოებრივი სერვისების პრივატიზაციას და ამ ფუნდამენტური მომსახურეობების გამოყენებას პირადი მოგებისათვის.

ბავშვთა უფლებების სრულ მხარდაჭერას, მათ შორის ბავშვებზე მზრუნველობის უფასო პროგრამებს(childcare) ყველასათვის.

პენსიებს რათა ნებისმიერ ასაკში გვქონდეს ღირსეულად ცხოვრების საშუალება. ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში სავალდებულო უნივერსალურ შვებულებას ანაზღაურებით.

ყველა ადამიანს უნდა ქონდეს ხელმისაწვდომობა საკუთარი არსებობისათვის ადეკვატურ შემოსავალზე. სამუშაოზე ან ძირითადი შემოსავლის სხვა ალტერნატიულ საშუალებაზე.

კორპორაციებმა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. კორპორაციული სუბსიდიები და გადასახადების შემცირება უნდა შეწყდეს. მითუმეტეს იმ შემთხვევებში როდესაც ეს კომპანია აგრძელებს ხელფასების შემცირებას, ზიანს აყენებს გარემოს და არღვევს მშრომელთა უფლებებს.

პურთან ერთად ჩვენ გვინდა ვარდები, ყველა ადამიანს აქვს უფლება სიამოვნება მიიღოს კულტურით, თავისუფალ დროს მონაწილეობა მიიღოს შემოქმედებით პროცესში, გაამდიდროს და საკუთარი წვლილი შეიტანოს კაცობრიობის პროგრესში. სწორედ ამიტომ ჩვენ ვითხოვთ პროგრესულად კლებად სამუშაო საათებს, ხელფასის შემცირების გარეშე.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მდგრად განვითარებას და საკვების უვნებლობას, რომელიც ყველას ინტერესებშია. ეს გულისხმობს უვადო მორატორიუმს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოებასა და ვაჭრობაზე. აგრეთვე აგროქიმიკატების დაუყოვნებლივ შემცირებას.

ჩვენ ვითხოვთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც შეთანხმებულად იფუნქციონირებს  ჩვენს სწრაფად ცვლილებად მოთხოვნილებებთან და გარემოს საჭიროებებთან.  ეს პოლიტიკა დაფუძნებული უნდა იყოს მარტივ წესზე: არ უნდა დავარღვიოთ ეკო სისტემის ბალანსი უბრალო მოგების გამო. ამ წესის დარღვევა მთელს მსოფლიოში აღქმული უნდა იყოს როგორც ეკოლოგიური დანაშაული, რომელიც უმკაცრესად ისჯება, ყველასთვის ვინც მას ჩაიდენს.

ამოწურვადი საწვავიდან, განახლებადი ენერგიისაკენ მიმართული პოლიტიკის მხარდაჭერას, მსხვილი ინვესტიციების მეშვეობით, რომელიც წარმოების მოდელის ცვლილებისაკენ უნდა იყოს მიმართული.

ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო ეკოლოგიური სტანდარტების შემოღებას, რომელიც სავალდებულო იქნება ქვეყნებისათვის, კომპანიების, კორპორაციებისა და ინდივიდებისათვის. ეკოციდი საერთაშორისოდ უნდა იქნას აღიარებული, როგორც უდიდესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

2. ამ მიზნების მიღწევისათვის,  ჩვენ ვთვლით რომ ეკონომიკა მოწყობილ უნდა იქნას დემოკრატიულ პრინციპებზე ყველა დონეზე, ლოკალურიდან გლობალურამდე. ხალხს უნდა ქონდეს დემოკრატიული კონტროლის საშუალება ფინანსურ ინტიტუტებზე, ტრანსნაციონალურ კორპორაციებზე და მათ ლობებზე. ამისათვის ჩვენ ვითხოვთ:

ფინანსური სპეკულაციების კონტროლსა და რეგულირებას, ოფშერული ზონების(tax havens) გაუქმებითა და აგრეთვე ფინანსურ ტრანზიქციებზე გადასახადის(FTT) დაწესებით. სანამ ისინი არსებობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და საბანკო რეგულირების ბაზელის კომიტეტი, რადიკალურად უნდა იქნან დემოკრატიზირებულნი. ისინი უნდა მოეწყონ გადაწყვეტილების დემოკრატიულად მიღების პრინციპის ბაზაზე. მდიდარ მთავრობებს არ უნდა ქონდეთ მეტი ხმები, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი მდიდრები არიან. საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა აკონტროლდებოდნენ ამ საკითხს, იმ  პრინციპის მიხედვით რომ ყველა ადამიანი თანასწორია იმისგან დამოუკიდებალდ აფრიკელი იქნება ის არგენტინელი, ამერიკელი, ბერძენი თუ გერმანელი.

სანამ გლობალური სავაჭრო სისტემები და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია არსებობს საჭიროა მათი რადიკალური რეფორმირება და დემოკრატიზაცია. ცხოვრებისა და რესურსების კომერციალიზაცია, აგრეთვე ხელფასისა და ვაჭრობის დემპინგი ქვეყნებს შორის უნდა შეწყდეს.

ჩვენ გვინდა დემოკრატიული კონტროლი ბუნებრივ რესურსებსა და ეკონომიკურ ინსტიტუტებზე. სწორი  და მართებული მართვისათვის. ასეთი რესურსებია: წყალი, ენერგია, ჰაერი, ტელეკომუნიკაციები, სამართლიანი და სტაბილური ეკონომიკური სისტემები. ყველა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ და ეს გადაწყვეტილებები უზრუნველყოფდეს მათ ინტერესებს და არა მცირერიცხოვანი ფინანსური ელიტების ინტერესებს.

სანამ სოციალური უთანასწორობა არსებობს გადასახადები ყველა დონეზე დაფუძნებული უნდა იყოს სოლიდარობის პრინციპზე. მას ვისაც ბევრი აქვს უფრო მეტი უნდა გაიღოს კოლექტიური კეთილდღეობისათვის. მაქსიმალური შემოსავალი შეზღუდული უნდა იქნას, ხოლო მინიმალური შემოსავალი საარსებო მინიმუმის შესაბამისი უნდა იყოს და არ აყენებდეს მოქალაქეს  უმწეო მდგომარეობაში.

ჩვენ აღარ გვაქვს ზედმეტი ფული ბანკების გადასარჩენად. მანამ სანამ ვალი არსებობს უნდა მივყვეთ ეკვადორისა და ისლანდიიის მაგალითს, ჩვენ მოვითხოვთ სოციალურ აუდიტს დავალიანების მქონე ქვეყნებისგან. ფინანსური ინსტიტუტების მიერ უკანონოდ მიწერილი ვალები გადახდას არ დაექვემდებარებიან.

საბოლოოდ დასრულებას მკაცრი ფისკალური პოლიტიკის(austerity), რომელიც მხოლოდ უმცირესობის სასარგებლოდ მოქმედებს და დიდი ტანჯვისათვის წირავს უმრავლესობას.

სანამ ბანკები არსებობენ, კომერციული და ფინანსური ბანკები უნდა განცალკევდნენ ერთმანეთისაგან, რაც თავიდან აგვარიდებს ისეთი ბანკების არსებობას, რომლებიც ’მეტისმეატდ დიდები არიან იმასათვის, რომ გაკოტრდნენ’.

კორპორაციების უფლებების პიროვნების დონეზე აყვანის დასრულებას. კომპანიების ლეგალური სტატუსი არ შეიძლება აყვანილ იქნას იმავე დონეზე რაზეც ადამიანის უფლებებია. სამოქალაქო უფლებას მშრომელების, მოქალაქეებისა და გარემოს დაცვის შესახებ არ უნდა ჭარბობდეს კერძო საკუთრებისა და ინვესტიციების დაცვის უფლება.

3. ჩვენ გვჯერა რომ პოლიტიკური სისტემა მთლიანად დემოკრატიული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ საერთაშორისო ინსტიტუტების სრულ დემოკრატიზაციას და აგრეთვე ზოგიერთი მთავრობების ვეტოს უფლების ლიკვიდაციას. ჩვენ გვინდა ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობას.

ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს მთელი კაცობრიობა, რომელიც მიღებულ უნდა იქნას დემოკრატიულ ფორუმებზე, ისეთებზე როგორიცაა წარმომადგენლობითი და პირდაპირი გაერთიანებული ერების საპარლამენტო ასამბლეა ან გაერთიანებული ერების ხალხთა ასამბლეა და არა მხოლოდ მდიდართა კლუბები, როგორიცაა დიდი ოცეული(G20) და დიდი რვიანი(G8).

ყველა დონეზე ჩვენ ვითხოვთ დემოკრატიის განვითარებას, რომელიც შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად წარმომადგენლობითი იქნება, მათ შორის არა წარმომადგენლობითიპირდაპირ დემოკრატიასაც.

საარჩევნო სისტემები უნდა იყოს სამართლიანი და მაქსიმალურად წარმომადგენლობითი. თავიდან უნდა ავირიდოთ გადახრები, რომელიც  პროპორციულობის პრინციპს აზიანებს.

ჩვენ მივისწრაფვით მასობრივი საინფორმაციო საშაულებების ხელმისაწვდომობისა და მართვის დემოკრატიზაციისაკენ. ისინი უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოების ინფორმირებას და არა ხელოვნური კონსესუსის შექმნას არასამართლიანი პოლიტიკის შესახებ.

ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიისაკენ კომპანიებსა და კორპორაციებში. მუშებს ხელფასის რაოდენობისა და სქესისგან განურჩევალდ უნდა ქონდეთ რეალური ძალაუფლება  გადაწყვეტილების მიღების პროცესზე იმ კომპანიებსა და კორპორაციებში, სადაც ისინი მუშაობენ. ჩვენ გვინდა კოოპერაციული კომპანიები და კორპორაციები, როგორც ნამდვილი დემოკრატიული ეკონომიკური ინსტიტუტები.

ნულოვანი ტოლერანტობა ეკონომიკურ პოლიტიკაში კორუფციას. ჩვენ უნდა შევაჩეროთ დიდი ბიზნესის მზარდი გავლენა პოლიტიკაზე, რომელიც დღეს რეალური დემოკრატიის უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს.

ჩვენ ვითხოვთ გამოხატვის სრულ თავისუფლებას, კრებებსა და დემონსტრაციებზე, და აგრეთვე ინტერნეტში ცენზურის დაწესების მცდელობების შეწყვეტას.

ჩვენ ვთვლით რომ სამხედრო ხარჯები საზოგადოების წინსვლისთვის, პოლიტიკურად კონტრპროდუქტიულია. სწორედ ამიტომ ჩვენ მის მინიმუმამდე დაყვანას მოვითხოვთ.

ეთნიკური, კულტურილი და სექსუალური უმცირესობების სამოქალაქო, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებები საყოველთაოდ უნდა იქნას აღიარებული.

ეს არის გლობალური გაზაფხული. ჩვენ ვიქნებით აქ და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე. ჩვენ არ შევწყვეტთ ადამიანებად ყოფნას, ჩვენ არ ვართ რიცხვები, ჩვენ თავისუფალი ქალები და მამაკაცები ვართ.

გლობალური გაზაფხულისათვის!

გლობალური დემოკრატიისა და სოციალური სამართლიანობისათვის!

დაიკავე ქუჩები 2012 წლის მაისში!

ინგლისურიდან თარგმნა

ლევან აბაშიძემ

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ