2011 წლის სოციალური მოძრაობები და ’ისტორიის დასასრულის’ დასასრული
ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციები, არაბული გაზაფხული, საბერძნეთის ფინანსური დეფოლტი, ევროზონის სულ უფრო მზარდი კრიზისი, დრამატული საპროტესტო გამოსვლები მკაცრი ეკონომიკის(austerity), უთანასწორობისა და ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ ესპანეთში, საბერძნეთში, ჩილესა და ისრაელში. მასობრივი არეულობები ლონდონში, ათენსა და რომში. Wall Street -ის დაკავება და ამ მოძრაობის გავრცელება მთელი აშშ-ის ტერიტორიაზე, მილიონობით ადამიანის მასობრივი პროტესტი 15 ოქტომბერს, რომელშიც მსოფლიოს 80 ქვეყნის 1000 ქალაქმა მიიღო მონაწილეობა.
ყველა ეს მოვლენა მიუთითებს მარტივ და აშკარა ჭეშმარიტებაზე: 2011 წელი აღინიშნა, როგორც ’ისტორიის დასასრულის’(ფუკუიამა) დასასრულად, როდესაც სულ უფრო მეტი ადამიანი მსოფლიოში ხვდება და აცნობიერებს, რომ ლიბერალური დემოკრატია და დაურეგულირებელ თავისუფალ ბაზარზე დაფუძნებული ნეოლიბერალური კაპიტალიზმი არ არის კაცობრიობის იდეოლოგიური ევოლუციის უკანასკნელი ეტაპი და ორგანიზებული სოციალური ცხოვრების ერთადერთი სახე.
ეს არ არის მემარცხენეების მიერ დაუსრულებლად გამეორებადი კლიშე, რომ ნეოლიბერალიზმი მკვდარია, როგორც სლავოი ჟიჟეკმა აღნიშნა ამ იდეოლოგიამ უკვე განიცადა ორი სიკვდილი, პირველად 9/11-ის ტერორისტული აქტების დროს როგორც ტრაგედია და შემდეგ 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი დროს როგორც ფარსი.
2001 და 2008 წელი აღინიშნა, როგორც ნეოლიბერალიზმის პოლიტიკური და ეკონომიკური სიკვდილის თარიღად, ხოლო 2011 წელი ’ისტორიის დასასრულის’ დასასრულად. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანებისათვის, მხოლოდ ახლაღა გახდა ნათელი, რომ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, ჩვენ უბრალოდ ტყუილში ვცხოვრობდით. სტაგნაციური ხელფასების, სწრაფად მზარდი უთანასწორობის, ახალგაზრდების მასობრივი უმუშევრობის, ფართო სოციალური გაუცხოებისა და გლობალური საკრედიტო ’ბუშტების გასკდომის’ 20 წლიანი პერიოდის შემდეგ, არსებული სისტემის არსი და მისი მთავარი მანკიერი მხარეები გაშიშვლდა და ყველასათვის ნათელი გახდა.
დემოკრატიული თავისუფალ ბაზარზე დაფუძნებული კაპიტალიზმი არ აღმოჩნდა ის რაც ჩვენ გვეგონა და გვსურდა რომ ყოფილიყო: როგორც მიმდინარე წლებმა გვიჩვენა მასში არაფერი არ არის არც დემოკრატიული და არც თავისუფალი. ომები დიდი ნავთობ კორპორაციების ინტერესების გამო იწყება, მიუხედავად მასობრივი სახალხო წინააღმდეგობისა. გადასახადები მსხვილი კაპიტალის ინტერესების გამო მცირდება, მიუხედავად დაუძლეველი საბიუჯეტო დეფიციტისა. გაკოტრებული ბანკები გადარჩენილნი იქნენ საბიუჯეტო რესურსების
დრაკონული შეკვეცით მსხვილი ფინანსური სექტორის გადარჩენის მოტივაციით მიუხედავად, ხალხის წინააღმდეგობისა და უდავო მტკიცებულებისა იმისა, რომ ეს ქმედებები, კიდევ უფრო გაზრდის დეფიციტს. ასეთ ვითარებაში სისტემის არსებობამ აზრი დაკარგა, შინაგანი წინააღმდეგობები მას შიგნიდან ჭამს და მსოფლიომ როგორც იქნა დაიწყო ასეთი რეალობის არსებობის გაცნობიერება.
ნეოლიბერალების პოლიტიკური პასუხი ფინანსურ კრიზისზე და ასეთი ტიპის გლობალურ მოძრაობებზე, მარგარეტ ტეტჩერის ცნობილ ლოზუნგს იმეორებს ’არ არსებობს ალტერნატივა’(there is no alternative), რომელიც საფუძველშივე კლავს დისკუსიის წარმოებისა და ალტერნატიული განვითარების ყველანაირ შესაძლებლობას. ამ ფრაზის იდეოლოგიური ნარატივი გულისხმობს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს ნაკლები პასუხისმგებლობა, მცირე ჩარევა ეკონომიკაში, ფისკალური კონსერვატიზმი, მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკა, სახელმწიფოს სოციალური ხარჯების შემცირება და ’ქამრების მოჭერა’ ერთი სიტყვით ნეოლიბერალური მიდგომა, თუმცა იმპლიციტური შეტყობინება იმაში მდგომარეობს, რომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ სხვა ალტერნატივა.
ფროიდიანული თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ჩვენ რეპრესიულობის დაბრუნების მომსწრენი ვართ, რადგან თუკი რამოდენიმე ათწლეულის მანძილზე ხალხს ვეტყვით, რომ არ არსებობს ალტერნატივა მსოფლიოსი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და თუკი იმავე დროს მათ უმცირებ შემოსავლებს, უფლებებს და საზოგადოებრივ სერვისებზე ხელმისაწვდომობას სახეზეა აშკარა ფსიქოლოგიური ზეწოლა საპროტესტო/რევოლუციურ პოტენციალზე , რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად ამოხეთქავს და შესაძლოა გარკვეულწილად ვანდალური სახეც მიიღოს, როგორც ეს მაგალითად ლონდონში აგვისტოს მოვლენების დროს მოხდა.
თუმცა ეს სოციალური მოძრაობები უმეტესწილად მშვიდობიანი, მკაფიო სოციალური მოთხოვნებისა და უფრო მეტი ეკონომიკური დემოკრატიისა და სამართლიანობის მატარებელია. სწორედ დღეს მთელს მსოფლიოში ახალგაზრდა თაობა, რომელსაც არსებული სისტემის პირობებში იმედი და თვითგანვითარების შესაძლებლობა აქვს დაკარგული, გამოდის იმ აბსურდული აზრის წინააღმდეგ, რომ არსებული კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია იმ ნეოლიბერალური იდეებით, რომლითაც ბოლო 20 წლის მანძილზეე მსოფლიოში მთავრობების უმრავლესობა მოქმედებდნენ და ახლაც მოქმედებენ(მათ შორის საქართველოშიც) რამენაირი სახით ’კაცობრიობის იდეოლოგიური ევოლუციის’ კულმინაციას წარმოადგენს და მას ალტერნატივა არ გააჩნია.
’ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვეულებრივ უნდა მოვიქცეთ და ვისწავლოთ, რომ ღირსეულად ცხოვრება შევძლოთ, მაგრამ მე ვერ შევძელი უზრუნველმეყო ეს უკეთესი ცხოვრება. მე ახლახანს დავამთავრე კოლეჯი და 50 000 დოლარი მაქვს კოლეჯის ვალი, რომელიც ბერკლიში ბიზნესის მმართვის სწავლის დროს დაგროვდა. მე არ შემილია ს
ამუშაოს პოვნა, რათა ამ ვალის დაფარვა მოვახერხო. მიმოიხედეთ ირგვლივ Chase, Citigroup, Goldman Sachs, პირველ რიგში სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მაგრამ ისინი ღებულებენ დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ რა ხდება ჩვენთან დაკავშირებით? ვინ დაგვეხმარება ჩვენ? ბევრი ჩემი მეგობარი აქ არის, ჩვენ გვაქვს კარგი განათლება და კარგად ვმუშაობდით, მაგრამ ახლა რა ვქნათ?’
ეს არის ტიპიური Wall Street-ის ოკუპაციის აქციის მონაწილის პოზიცია, სწორედ ათასობით ასეთი ’კარგი განათლების მქონე, მაგრამ უმუშევარი და შესაბამისად გაბრაზებული’ დემონსტრანტისგან შედგება ეს მოძრაობა, რომელთა აღშფოთების ტალღა მთელს მსოფლიოს გადაედო და გლობალური სახე მიიღო. რისი დასტური იყო 15 ოქტომბერს გლობალური აქცია მსოფლიოს 1000-ზე მეტ ქალაქში.
მსგავსი აქცია მსოფლიოს ყველა ქალქში 11 ნოემბერს სახელწოდებით 11.11.11. კვლავ იგეგმება. მაგია გაქრა და ხალხი მთელს მსოფლიოში ცდილობს გაბატონებულ ჯგუფებს გააგებინოს, რომ ტაჰრირ სკვერიდან ტაიმზ სკვერამდე, მადრიდიდან, მედისონამდე და სანტიაგოდან ათენამდე, მთელს მსოფლიოში ჩვენ ვიცით რომ ნეოლიბერალიზმი შიშველია და არსებული სისტემა უკვე საფუძველშივე დამპალია.
საქართველო გლობალური მოძრაობების კონტექსტში
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის განვლილი 20 წლის მანძილზე საქართველოც დომინანტური გლობალური იდეოლოგიური ტრენდების გავლენის ქვეშ მოექცა და შესაბამისად ნეოლიბერალური სცენარის მიხედვით განვითარდა. რაც განსაკუთრებით აშკარა 2003 წლის შემდეგ გახდა.
ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა თუ როგორ იშორებს სახელმწიფო საკუთარი თავიდან სოციალურ პასუხისმგებლობას, რისი შედეგიცაა მაკროეკონომიკურ სფეროში მთავრობის მოქმედების არეალის დავიწროვება, სოციალური ხარჯებისა და სერვისების შეკვეცა, განათლებაზე ხელმისაწვდომობის შემცირება, უმუშევრობის კატასტროფულად მაღალი დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება თვითგანვითარების, თვითრეალიზებისა და ღირსეულად ცხოვრებისათვის. სულ უფრო მზარდი სოციალური უთანასწორობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის, რაც ლოგიკური შედეგია ნეოლიბერალიზმისა, რომელსაც სიმდიდრის რედისტრიბუციის იმგვარი მექანიზმები აქვს, რომ რესურსები ყოველთვის მცირე რიცხოვანი ჯგუფების ხელში კონცენტრირდება. ასეთ პირობებში დაბალი და საშუალო კლასის წარმომადგენლებისთვის(ანუ მოსახლეობის უმრავლესობისათვის) პერმანენტული კრიზისის მდგომარეობას ვიღებთ.
საქართველოში არსებული სიტუაცია თითქმის იდენტურია მსოფლიოში არსებული
ვითარებისა, რამაც გამოიწვია გლობალური სოციალური მოძრაობების წარმოშობა, მართალია ჩვენთან არ დგას ისე აქტუალურად ვთქვათ იგივე ბანკების პრობლემა და არ არსებობს უდიდესი გავლენის მქონე კორპორაციები, მაგრამ სამაგიეროდ საქართველოში ჩამოყალიბდა ოლიგარქიული კაპიტალიზმი და გაჩნდნენ კრიმინალური მონოპოლისტები, რომლებიც მთელი რიგი პროდუქტებისა და სერვისების საბაზრო ფასს მნიშვნელოვნად აძვირებენ, საფრთხეს უქმნიან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მოსახლეობის უმრავლესობის ფუნდამენტურ ინტერესს, რომ ღირსეულად იმუშავონ და იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში.
ის საერთო პრობლემები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და ამ გლობალური სოციალური მოძრაობების აქტივისტებს აერთიანებთ აშკარაა. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ასეთი ტიპის აქტივიზმი საქართველოშიც გავრცელდეს და ქართულმა საზოგადოებამაც თავისი წვლილი შეიტანოს უკეთესი მსოფლიოს შექმნისათვის ბრძოლაში. სადაც პოლიტიკოსები გააცნობიერებენ, რომ მათი ერთადერთი მანდატი საყოველთაო კეთილდღეობაზე ზრუნვაა და არა გაბატონებული 1 ან 5 %-ის ინტერესების გატარება. საქართველოშიც ქართულმა საზოგადოებამ უნდა აიღოს ინიციატივა საკუთარ ხელში, რათა ფინანსურ და პოლიტიკურ ელიტებს, გაბატონებულ 1 %-ის დაანახოს რომ სწორედ ’ჩვენ ვართ 99 %’ და გვსურს ისეთი ცვლილებების მოხდენა, რომელიც უფრო თანასწორი, სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობების სისტემის შექმნის წინაპირობა იქნება.