► ავტორი: გიორგი ღვინჯილია, სოციალური აქტივისტი.
უპირობო სოლიდარობა აქციაზე გამოსულთა მოთხოვნებს, ასევე ციხეებში ნარკოტიკების გამო აღმოჩენილ ბიჭებს, თავისუფლება ბირჟა მაფიას და ციხე გოდერძი თევზაძეს. სანამ ახალგაზრდობა საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენს, მნიშვნელოვანია არ შეგვიყვარდეს საკუთარი თავი. სარკე რომელშიც საკუთარ თავს ვხედავთ, ხანდახან იტყუება.
არსებობს რაღაც, რაც უბრალოდ ხდება, ხოლო პოლიტიკა მომხდარის შედეგების ორგანიზებაა. რა ხდება მეორე დღეს? როდესაც მთელი ბნელეთის არმია, პოლიტიკური მეძავები, ლიბერალური ჟანდარმერია დოლარებით გატენილი ჯიბეებით, დაზეპირებული უფლებებით, სასმენი აპარატებით და მაუზერებით ხელში მიწისქვეშა მოძრაობას იწყებს. არსებობს კარგი ქართული პოლიტიკური ტერმინი, რომელიც ბირჟებსა და სამზარეულოებში გამოიყენება – გაყიდულები. გაყიდულები ჩვენი კარგი ნაცნობები არიან, რომლებიც ახალი პულავერებითა და წინა დღისგან რადიკალურად განსხვავებული აზრებით გვევლინებიან. ისინი, ვინც გვიღიმიან და გვარწმუნებენ, რომ გუშინაც იგივეს ამბობდნენ. ეს სიტყვა უნდა გვახსოვდეს, მაშინ როდესაც დარწმუნებას დაგვიწყებენ, რომ დროა დავკმაყოფილდეთ. ეს მალე მოხდება.
რა მაიძულებს ამ ტექსტის წერას? ყველა ჩვენგანის მსგავსად მხოლოდ და მხოლოდ იმის რწმენა, რომ ჩვენს სიტუაციაში მოცემულია, არა მხოლოდ სპონტანური უკმაყოფილება, გულუბრყვილო აღფრთოვანება, ბიზნესისა და პოლიტიკური პარტიების ინტერესები (რომლებიც საუკეთესო შემთხვევაში გალიის გაფერადებას და ცოტა მოსაწევს გვპირდებიან), არა მხოლოდ სწრაფვა პირადი თავისუფლებისა და ნარკოტიკებისაკენ, არამედ რაღაც სხვა, რასაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. რაც დაუკმაყოფილებელია და ასეთად დარჩება, იბრძოლებს საყოველთაოს გამარჯვებისთვის, ან ლამაზად დაეცემა მაინც. ის რაც სიმართლისთვის ნეოლიბერალურ ხორცსაკეპში თავის შეყოფას არ შეუშინდება. ცრემლებისა და შიშის გარეშე.
იმასაც ამბობენ, ბირჟა მაფიის მხარდასაჭერად მოვედით და ისევ მუშები შემოგვტენესო. ცხადია, მხოლოდ ბნელ ნეოლიბერალს არ შეიძლება ესმოდეს, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია. ყველა ჩვენგანის მიზანია, რომ მსგავსი ფაქტები აღარ ხდებოდეს. როგორ უნდა ავირიდოთ ისინი თავიდან? დღესავით ნათელია, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა, არც „არა ჩადებას“ ძახილით აღმოიფხვრება და არც ნარკოპოლიტიკის შედარებითი ლიბერალიზაციით. ხუთ გრამს, თუ არა ათს ჩაგიდებენ, ნარკოტიკებს თუ არა ტროტილს შემოგტენიან, შენ თუ არ ჩაგიდებენ სხვას ჩაუდებენ, მათ, ვინც ხმასაც ვერ ამოიღებს, ჯიბეში თუ არა სხვაგან ჩაუდებენ, თანაც სხვა რამეს. მხოლოდ კანონმდებლობის ცვლილებით ეს არ შეიცვლება, ამის თავიდან არიდება მხოლოდ საზოგადოების ორგანიზებით, აპათიაში მყოფი ხალხისთვის იმედის მიცემით, ქსელების გაბმით, ღარიბების ეკონომიკური და უფლებრივი გაძლიერებით შეიძლება. ეკონომიკური სიდუხჭირისა და გაუცნობიერებლობის გამო, საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი მოწყვლადი და დაუცველია. აუცილებელია შეიცვალოს სტატუს-კვო მდიდრებსა და ღარიბებს შორის. მხოლოდ ამ სტატუს კვოს შეცვლას შეუძლია არ დატოვოს ადამიანები იმ სატელევიზიო კამერის იმედად, რომელსაც განსაცდელში ჩავარდნილ „აზრზე მოსულ“ ტიპებს, გვამებს და დასახიჩრებულ მუშებს უშვერენ ხოლმე.
ყველა კრიზისს ობიექტური და სუბიექტური მხარეები აქვს – ობიექტური მხარე ეკონომიკის და რესურსების გადანაწილების შეუძლებლობაშია გამოხატული, სიღარიბის და უთანასწორობის დაძლევაში, რომელშიც ჩვენი საზოგადოება იმყოფება. სუბიექტური მხარე „აჭრილი“ მდგომარეობაა და მთლიანად აზროვნების, სამყაროს ხედვის დეფორმირებას გულისხმობს. ასეთი კრიზისის დროს მომავალში გახედვაც კი ბუნდოვანი და შემაშინებელია. ხშირად ეს ნისლი სენტიმენტალურ და მანიპულირებად არსებად გაქცევს – რაღაც, რაც თავისუფლებად გეჩვენება, შეიძლება მონობა აღმოჩნდეს. რამდენადაც ვიცი, განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში პირიქითაც ხდება ხოლმე.
ყველა აჭრილის მსგავსად, ჩვენებური, შედარებით მაძღარი სამოქალაქო საზოგადოებაც (ენჯეო სექტორის დიდი ნაწილის ჩათვლით), საშინლად მანიპულირებადი და ფეთქებადია. ის მანიპულირებადია და ამასთანავე მანიპულირებს მათი ბედით ვინც სიღარიბით გამოწვეულ ტანჯვას შეკრული კრიჭით იტანს – პოლიტიკური დღის წესრიგის არასწორი შედგენით, პრიორიტეტების უკუღმად გადანაწილებით, ინდივიდუალური უფლებების პრივილეგირებით კოლექტიურის ნაცვლად. ცხადია მათაც „არ იციან მაგრამ აკეთებენ ამას“ – მათი ეროგენული ზონები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე რეაგირებენ, ახალგაზრდებზე, რომლებიც ხმის ჩახლეჩამდე ითხოვენ სისტემის დანგრევას. ისინი არ ტოვებენ არც ერთ პანაშვიდს და ქელეხს, გულწრფელად ტირიან, მაგრამ ცვლიან ყველაფერს უმთავარესის გარდა. ეს უმთავრესი – უთანასწორობა, სიღარიბე და ნაძარცვით გამდიდრებული ელიტების გადამეტებული ძალაუფლებაა.
მეგობრებთან ბოდიშის მოხდით, უფლებას დავიტოვებ ერთი ფეხით შექმნილი სიტუაციის გარეთ ვიყო. სკეპტიკურად ვუყურებ ამაღლებულ და ცრემლიან მომენტებს – რაღაც არასწორად არის, როდესაც ბერა, ლაკა, კახი, ღია, რამდენიმე პოლიტიკური მეძავი და, რა თქმა უნდა, აკაკი ბობოხიძე ერთად ძოვენ ბალახს. მაშინ, როდესაც ისინი ერთად დგანან, იდეოლოგია მუშაობს, ანუ ყველა მათგანი უსაფრთხოდაა. ეს ხალხი, ან თუ გნებავთ „ევროპული კამანდა“, იმ ცვლილების აუცილებლობის გამოყენებას ცდილობს, რომელსაც ყოველი ჩვენგანი განიცდის, ამ აუცილებლობას ჯერ კალაპოტის მიცემით აუვნებელყოფენ, ხოლო შემდეგ საკუთარი პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების დასაცავად იყენებენ. იმისთვის, რომ შერეკილების მსგავსად დილეგის ერთი კუთხიდან გათხრილ გვირაბში შეგვიყვანონ, რომელიც მხოლოდ მეორე კუთხეში ამოგვიყვანს და რა მნიშვნელობა აქვს ამ დროს ფხიზლები ვიქნებით თუ არა. ჩვენგან განსხვავებით, მათ კარგად იციან რა უნდათ, ეს მათი ნეოლიბერალური პარტიების პროგრამებშია გაწერილი – ფორმალური შრომის კოდექსი, ყველა პრივილეგია ბიზნესს და საბანკო ელიტას, კერძო საკუთრებაში გადასული განათლება და ჯანდაცვა და ცხადია ნარკოტიკები დანარჩენებს. ვოლსკის სახეზე ღიმილი მაშინ შეახმება, როდესაც ჯიბიდან გულწრფელობის გარდა სხვა რამის ამოღებაც შეგვეძლება, ეს სხვა რაღაც საერთო მიზანი და ღირებულებებია. მიზანი, რომელიც ბიზნესმენებისა და გაყიდული პოლიტიკოსების ჰეგემონიას საფრთხეს შეუქმნის. ჩვენი სისუსტის მიუხედავად, აქ მემარცხენეობას ალტერნატივა არ აქვს და ალბათ არც ექნება. მანამდე გამოცდილი „ძელეცების“ ფოკუსების ყურება მოგვიწევს და ძალიანაც კარგი, თუ ბიჭებს ემდიემეის გამო აღარ დაიჭერენ.
კიდევ ერთი ყალბი დაყოფა, რომელიც ჩვენმა ელიტამ შემოგვთავაზა თაობების ბრძოლაა. ქართველი ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს, რომელიც დამამცირებელ სამსახურებს, პოლიციურ ძალადობას და სააფთიაქო ნარკომანიას ებრძვის, ისეთივე ბუნდოვანი მომავალი აქვთ, როგორც ტაქსის მძღოლებს, მუშებს და სკოლის მასწავლებლებს, მათ ვინც ძარცვის პერიოდში საკუთარი ფუნქციის შესრულება და ოჯახის გადარჩენისთვის ბრძოლა გაჭირვებით მოახერხა. მოვითხოვოთ ამ ხალხის პირობების გაუმჯობესება, მდიდრების დაბეგვრა ღარიბების სასარგებლოდ, მიწის საკითხის გადახედვა, ბანკების მონოპოლიის განადგურება, ერთი სიტყვით არსებული სტატუს კვოს შეცვლა და ყველა კარგად დავინახავთ ახალგაზრდობის ახალგაზრდობაზე აღგრძნებული პოლიტიკური მეძავები, სწორხაზოვანი ლიბერალები, რომლებისთვისაც მოძრაობის სპექტრში მხოლოდ – წინ და უკან არსებობს, ათი კილომეტრის რადიუსზე არ მიეკარებიან აქციას. ხოლო მანამდე საკითხების დავიწროვებითა და საერთო საზრუნავის მუდმივი გადადებით, მხოლოდ მათი თამაშის თამაში შეგვიძლია, საკუთარი თავის და სხვების გასახარად. საკითხი შემდეგში მდგომარეობს – „როგორ გავხდეთ კონტრჰეგემონიური თაობა?“, ისინი ვინც ზემოთ ჩამოთვლილთა სიხარულის ცრემლების ნაცვლად, მათ სახეზე შიშის გრიმასას გამოიწვევენ. ამისათვის საზოგადოების პოლიტიკური და მორალური ლიდერობაა საჭირო. ავანგარდის ფუნქციის შესრულება, ხოლო როგორც ვიცით ავანგარდი ის არის, ვინც ბრძოლაში პირველი, მხოლოდ იმისთვის შედის, რომ მის გვამზე დანარჩენებმა გაიარონ.
ლიბერალური ჟანდარმერიის კიდევ ერთი თვისება იუმორის არ ქონაა, მათი იუმორი დაცინვის უნარით შემოიფარგლება – ერთი კარგი არტისტი, მეორე კარგ არტისტს საყვედურობდა, რომ ის სცენაზე ნათამაშებ მგელს ნამდვილი მგლისგან ვერ არჩევდა. პირიქითაც ხდება, სცენაზე გამოსულ კრავის პაროდისტს, რომელიც კრავის ცხოვრების კომედიად წარმოჩენას ცდილობს, ნამდვილი მგელი ესხმის. ცხადია წესიერი მოქალაქეები ამ დროს სცენაზე ადიან და საკუთარი სხეულით ცდილობენ მის დაცვას, თუმცა თუ ბიჭებს საფრთხე არ ემუქრებათ და სცენაზე ამოსულები მგლის მოგერიებასაც ახერხებენ, არ ღირს გამშველებლებისთვის ცინიკური ღიმილის აკრძალვა.
ალან ბადიუ, რომელმაც ბოლო ნაშრომი მთლიანად ველურ კაპიტალიზმში მცხოვრებ ახალგაზრდებთან აღმზრდელობით საუბარს დაუთმო, სადღაც ამბობს, რომ პესიმისტებისთვის ფიქრისა და აზროვნების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. დანარჩენებისთვის არსებობს უკეთესი სამყაროს იმედის ქონის გასამხედროებული ვალდებულება, ეს იმედი მატერიალურია. „დღევანდელი სამყარო მთელი მისი მოჩვენებებითა და კარნავალებით, გვთავაზობს ყალბ ცხოვრებას, ცხოვრებას, რომელიც ცხოვრების მოჩვენებაა. პროცესის არჩევა დაკმაყოფილების წინააღმდეგ, ეს არის არჩევანი ახლის შესაძლებლობას და გამეორებას შორის.“
ჩემი უპირობო მხარდაჭერა მათ, ვისაც შეუძლებლის შესაძლებლობის ჯერა, ჩემს დებს და ძმებს მარცხენა ფლანგზე, რომლებიც ფულისა და რესურსების გარეშე ცდილობენ ქარში კარტის სახლების აშენებას, ასევე იმ „არაადამიანებს“, რომლებიც ნაც-ქოცური (ნეოლიბერალური) ჰუმანიზმის ზეიმს ვერასოდეს ერგებიან და სიტუაციაზე დაკვირვება გვერდიდან უწევთ. ჩვენ ბევრნი ვართ, მაგრამ ჩვენთვის ამ ქვეყანაში უფრო და უფრო ნაკლები ადგილი რჩება. მაშინ, როდესაც მთელი ეს არმია დაიძრება ჩვენ არაფერი გვექნება სიმართლის გარდა და ცხადია, სიმართლე გაიმარჯვებს.
პოლიტიკური აზროვნება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც გაქანებული ორგიის დროოს საკუთარ თავში გაჩერების და დაფიქრების ძალას იპოვის. გაჩერების მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ და უკეთესად გააგრძელოს. და ბედნიერები იყავით, თუ ხვალინდელი დღე გათენდა და მზე ისევ ამოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას ახალი პულავერი აცვია. არ ენდოთ მათ ცრემლებს და არ დაკმაყოფილდეთ. კონტრჰეგემონიური მუხტი მხოლოდ იქ არის, სადაც ბედნიერება და დაუკმაყოფილებლობა იკვეთება, ხოლო „სუსტებს განსაცდელი ელით“.
– ფოტო გარეკანზე © ცოტნე გიორგაძე.