გერმანიის პროფესიული კავშირების გაერთიანების ოფიციალური საიტზე გამოქვეყნებული სატიტულო სტატიის „Geschichte des 1. Mai: Vom Kampftag zum Feiertag“ მიხედვით მოამზადა თსუ-ს პოლიტიკის მეციერების მიმართულების სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ
ბასტილიის ციხის დაცემის ასი წლის იუბილეზე, 1889 წლის 14 ივლისს მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან სოციალისტური პარტიებისა და პროფკავშირების მიერ წარგზავნილი 400 დელეგატი პარიზში, სპეციალურ კონგრესზე შეიკრიბა. მაშინდელი სხვა ამგვარი ყრილობების მსგავსად, შეკრებილები უამრავ ფურცელზე ამობეჭდილ დებულებებს განიხილავდნენ, მათ შორის გახლდათ ფრანგი რაიმონდ ფელიქს ლავინის რეზოლუციაც, რომელშიც ეწერა:
„დადგა განსაკუთრებული დრო დიდი საერთაშორისო მანიფესტაციის ორგანიზებისათვის, როდესაც ყველა ქალაქში ერთ კონკრეტულ დღეს, მშრომელები ხელისუფლებას რვასაათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით მიმართავენ. მით უმეტეს, რომ ასეთი ინიციატივა უკვე არსებობს ამერიკული პროფესიული კავშირების მხრიდან… 1890 წლის 1 მაისი საერთაშორისო აქციის დღედ უნდა გამოვაცხადოთ…“
თავდაპირველად, საუბრები არ მიდიოდა ამ დღის აღნიშვნის შემდგომ წლებში განმეორებაზე, არც 1 მაისის ინსტიტუციონალიზებაზე ან მის დღესასწაულად გამოცხადებაზე ფიქრობდა ვინმე. თუმცა, აღმოჩნდა, რომ უსიტყვო შეთანხმების საფუძველზე უმეტეს ქვეყნებში მშრომელთა მოძრაობებმა არ შეწყვიტეს მაისის დემონსტრაციების ორგანიზება.
რატომ აირჩია ამერიკულმა პროფკავშირებმა პირველი მაისი?
- სამუშაო დროის შემცირება
ისტორია აშშ-ს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო, როდესაც 1865 წელს ამერიკული პროფკავშირები რვასაათიანი სამუშაო დღის დანერგვის მოთხოვნით გამოვიდნენ. 1860-იან წლებამდე ყველა ამერიკულ საწარმოში სამუშაო დღე 11-დან 13 საათამდე გრძელდებოდა, სანამ მშრომელებმა არ შეძლეს 10-საათიანი სამუშაო გრაფიკის სტანდარტად დაწესება. კიდევ თორმეტი წლის გასვლა გახდა საჭირო, რათა 1884 წელს, მუშათა ორგანიზაციებს საყოველთაო და სავალდებულო რვასაათიანი სამუშაო დღის მოთხოვნა კვლავ უმწვავეს საკითხად დაეყენებინათ. საბოლოოდ, მათ გადაწყვიტეს 1886 წლის 1 მაისს მრავალდღიანი გენერალურის გაფიცვის ორგანიზება.
თარიღის დათქმა ბანალური და მითებთან, სიმბოლოებთან ნაკლებად დაკავშირებული მიზნებით მოხდა: აშშ-ში მაისის პირველი დღე ტრადიციულად განიხილებოდა, როგორც ე.წ. „Moving day“. ამ დღეს გახლდათ ბოლო ვადა ხელშეკრულებების გაფორმებისათვის ან ანულირებისათვის, რაც ახალი სამუშაო ადგილების მოპოვებასთან ან საცხოვრებელთა გამოცვლათან ასოცირდებოდა. ამ ახალ კონტრაქტებში რვასაათიანი სამუშაო დღის სტანდარტი უნდა გათვალისწინებულიყო.
1886 წლის 1 მაისს, 11 000 საწარმოს 400 000-მდე მუშა ერთად გაიფიცა. მათგან მხოლოდ ოცი ათასმა მიაღწია სამუშაო დღის 8 საათამდე რეალურ შემცირებას. მოკრძალებული წარმატება განაპირობა ჩიკაგოს მოვლენებმა. ქალაქის „ჰაიმარკეტზე“ გამართული აქცია კატასტროფით დასრულდა. პოლიციის მტკიცებით, ანარქისტებმა ოფიციალურ პირებს ჭურვები დაუშინეს და შედეგად შვიდი სამართალდამცველი იმსხვერპლეს. საპასუხოდ, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებმა დემონსტრაცია დაარბიეს, მუშათა ანარქისტული მოძრაობის ლიდერები კი დააკავეს და მიუხდავად იმისა, რომ არ იკვეთებოდა მათი უშუალო თანამონაწილეობა განხორციელებულ თავდასხმაში ისინი მაინც ჩამოახრჩვეს.
სისხლიანმა ინციდენტმა მხოლოდ დროებით შეაფერხა ბრძოლა რვასაათიანი სამუშაო დღისათვის. 1888 წლის დეკემბერში, ქ. სენტ-ლუისში შეკრებილმა პროფკავშირების დელეგატებმა, რომელთა შორის მრავალი გერმანელი ემიგრანტიც გახლდათ, მიიღეს გადაწყვეტილება1890 წლის 1 მაისს გაფიცვებისა და მანიფესტაციების განახლების შესახებ. მოძრაობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ამერიკით, იმავე წელს რვასაათიანი სამუშაო დღის დანერგვის მოთხოვნას ფრანგული პროფესიული კავშირებიც შეუერთდნენ.
- პირველი მაისი გერმანიის იმპერიაში (1890-1918)
პარიზის კონგრესის გადაწყვეტილებამ, რვასაათიანი სამუშაო დღისათვის საერთასორისო მანიფესტაციით ბრძოლის შესახებ, წინააღმდეგობის ტალღა ააგორა გერმანიის იმპერიაშიც.1889 წლის დეკემბრში, თვრამეტმა პროფკავშირმა მომავალ პირველ მაისს საერთო გაფიცვაში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადა.
სხვა ქვეყნებთან შედარებით, იმპერიაში გაფიცვებისადმი მიდრეკილება ნაკლებად შესამჩნევი გახლდათ, რაც განპირობებული არ იყო მხოლოდ გერმანული მუშათა კავშირების სისუსტით ან მოქალაქეთა ცივი ტემპერამენტით. საპირველმაისო დღესასწაულების მომზადების პერიოდში, გერმანიაში სოციალური კანონები უკვე მოქმედებდნენ. მრავალ პროფკავშირულ მოღვაწესთანთან დაკავშირებული სოციალ-დემოკრატიული პარტია რაიხსტაგის არჩევნებში მონაწილეობას ღებულობდა, თუმცა, აკრძალული იყო როგორც ფართომასშტაბიანი მოძრაობა ( როდესაც პარტიის თავმჯდომარე აუგუსტ ბაბელი პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა, მაშინ პარტიული გაზეთი „წინ“ საზღვარს შვეიცარულ ყველზე შემოხვეული, კონტრაბანდის სტატუსით კვეთთდა). სოციალურმა კანონდებლობამ და მემარცხენე პარტიის არსებობამ გერმანიაში გაფიცვების აუცილებლობა დროებით შეამცირა.
წლების განმავლობაში, გერმანული კომერციული ორგანიზაციები მუშებს პირველი მაისის ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევაში სამსახურიდან გაძევებითა და შავ სიაში შეყვანით ემუქრებოდნენ. ვინც აქციაში მონაწილეობას მიიღებდა, აღარც უნდა ეძებნა სამუშაო ადგილი თავის სფეროსი, რადგან მას გაპროტესტების გამო ხანგრძლივად ბლოკავდნენ. მხოლოდ ერთეული მეწარმეები, ჰაინრიხ ფრესე და ერნსტ აბბე („ცეისს იენა“), იყვნენ ორიენტირებულნი სოციალურ წონასწორობასა და კლასობრივი კონფლიქტის განმუხტვაზე. მათ 1900 წლის 1 მაისიდან, ეს დღე ანაზღაურებად (შემდგომში ნახევრად ანაზღაურებად) უქმედ გამოაცხადეს. ისინი მაისის ზეიმის აღნიშვნაში მონაწილეობასაც არ თაკილობდნენ.
- DGB-ს (გერმანიის პროფესიული კავშირების გაერთიანება) ჩამოყალიბება
მიუხედავად სახიფათო სანქციებისა, 1890 წლის პირველ მაისს 100 000-მდე მშომელმა მონაწილეობა მიიღო გაფიცვებში, დემონსტრაციებსა და ე.წ. „სამაისო სეირნონობებში“. მნიშვნელოვანი ცენტრები ბერლინსა და დრეზდენში ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია ჰამბურგის მანიფესტაციაც, სადაც მუშათა უფლებებისათვის გაჩაღებულ უმწვავეს ბრძოლაში ოცი ათასი ადამიანი იყო ჩართული. დაპირისპირება ზაფხულის განმავლობაშიც გაგრძელდა, რაც შესაძლებელი გახდა სხვა ადგილებში აქციების შეჩერებითა და პროფკავშირული ძალების ჰამბურგში კონცენტრირების გზით.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი მაისის დემონსტრაციით გერმანიაში როგორც იქნა მიაღწიეს შეკრების თავისუფლების საკანონმდებლო ნორმას, საერთაშორისო მოთხოვნა რვასაათიანი სამუშაო დღის შესახებ ბოლომდე მაინც განუხორციელებელი რჩებოდა. კაპიტალისტური ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად, მუშები იმპერიაშიც ათ საათიანი სამუშაო გრაფიკით ხელმძღვანელობდნენ. თუმცა, მშრომელთა ორგანიზაციების აქტივისტებმა მაისის მოვლენების „დამატებით პროდუქტად“ საერთო მოქმედებათა ორგანიზების გამოცდილება მიიღეს. პროფკავშირების წარმომადგენლებმა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს, 1890 წელს, კარლ ლეგიენის მეთაურობით დაფუძნდა „გერმანიის პროფესიული კავშირების გენერალური კომისია“ – ეს DGB-ს დაბადების თარიღია.
იმავე წელს, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) ჰალლეს ყრილობაზე პირველი მაისი ხელახლა გამოაცხადა მშრომელთა დღედ, რომელიც მუდამ უნდა აღნიშნულიყო. პარტიამ და პროფკავშირებმა გააკეთეს მოწოდება გაფიცვების ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენის შესახებ (მუშათა დემონსტრაციას შეეძლო სხვაგვარი ეკონომიკური წესრიგის განპირობება), პროფესიულ კავშირთა საპროტესტო ღონისძიებაში ყველა დასაქმებულის მონაწილეობა აუცილებლობად გამოცხადდა. იქ, სადაც გაფიცვების ორგანიზება ვერ მოხერხდებოდა, მაისის პირველ კვირა დღეს ფესტივალებისა და დღესასწაულების გამართვის ტრადიცია დამკვიდრდა.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სოციალისტური ინტერნაციონალი გაიხლიჩა. გერმანიის სოციალ დემოკრატიული პარტია დაუპირისპირდა თავის პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფებს სხვა ქვეყნებიდან. SPD ორ სოციალ-დემოკრატიულ და ერთ კომუნისტურ მოძრაობად დანაწევრდა. კომუნისტური პარტიის წინამორბედი „სპარტაკის ლიგა“ 1916 წელს ომის წინააღმდეგ მიმართულ საპირველმაისო აქციაზე გამოვიდა, სხვა მემარცხენე ჯგუფებმა ეს არ გააკეთეს, რაც მუშათა მოძრაობის საბოლოო დაყოფაზე მიანიშნებდა.
- პირველი მაისი კარგავს თავის უდანაშაულო ხასიათს (1919-32)
პირველი მაისისა და რვასაათიანი სამუშაო დღის ბედი ცვალებადი გახლდათ ვაიმარის რესპუბლიკაში, ისევე როგორც თავად ამ პოლიტიკური სისტემის მდგომარეობა. სახალხო წარმომადგენლობითმა საბჭომ, რომელიც 1918 წლის ნოემბრიდან რევოლუციური მთავრობის მოვალეობას ასრულებდა და სოციალ-დემოკრატიული ჯგუფებისაგან კომპლექტდებოდა, თავისი ერთ-ერთი პირველი დეკრეტით სამუშაო დღის ხანგრძლივობა რვა საათამდე შეამცირა. 1919 წელს, ეროვნულმა კრებამ პირველი მაისი ოფიციალურად გამოაცხადა ზეიმის დღედ. მისი შემდგომი საკანონმდებლო სტატუსი საერთაშორისო გადაწყვეტილებებით, სამშვიდობო ხელშეკრულებებითა და კონსტიტუციით უნდა დარეგულირებულიყო.
მიუხედავად SPD-სა და პროფკავშირების გაერთიანების მცდელობებისა, მშრომელთა დღემ 1919 წლის შემდეგ თავისი სახელმწიფოებრივი სტატუსი ვერ შეინარჩუნა. 1922 წელს დღესასწაული მხოლოდ ბრაუნშვაიგში, ლიუბეკსი, საქსონიასა და შამბურგ-ლიპეში აღინიშნებოდა.
სამოქალაქო პარტიები ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ ერთი სოციალური ჯგუფის დღეს საყოველთაო საზოგადოებრივი ერთიანობის უზრუნველყოფა არ შეეძლო. ამ მიზნით სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოლაპარაკებები დაიწყო ეროვნულ კრებასთან, რათა მშრომელთა ბრძოლის დღე საერთო სახალხო ზეიმად გარდაქმნილიყო. სახელმწიფო მინისტრ ედუარდ დავიდს (SPD) ამ ნაბიჯით კალობრივი თანხმობის დეკლარირებაც სურდა. მრავალი მეწარმე მაისის დღეს მაინც პროვოკაციად განიხილავდა. დამსაქმებელთა ცენტრალური ორგანო აღნიშნავდა: „პირველი მაისი რესპუბლიკაშიც წარმოადგენს რევოლუციის პროპაგანდის, კერძო საკუთრების გაუქმებისა და პროლეტარული დიქტატურის დამყარების მცდელობას. ამ დღისადმი გულგრილობა, მასზე რეაგირების არქონა მარქსიზმის წინაშე კაპიტულაციას ნიშნავს…“
- სისხლიანი მაისი 1929
თავად მშრომელთა მოძრაობაშიც გაჩნდა საკამათო კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღნიშნულიყო პირველი მაისი. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, ქრისტიანული პროფკავშირები თავიანთი ინტერკონფესიური გაერთიანებით უარყოფდნენ „მარქსისტულ თავყრილობებს“. შესაბამისად, ისინი ნაკლებად აქტიურნი იყვნენ მშრომელთა ინტერესების დაცვის საკითხებში, როდესაც საქმე ეხებოდა მუშათა უფლებებსა და სამუშაო დღის ხანგრძლივობის თემებს. განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობდა სოციალისტურ პროფკავშირებშიც. კომუნისტები მშრომელთა დღის აგრესიულ, საბრძოლო მახასიათებლებზე ამახვილებდნენ ყურადღებაას, სოციალ-დემოკრატები კი პირველ მაისს დღესასწაულად აღიქვამდნენ.
კომუნისტებსა და სოციალ-დემოკრატებს შორის დაპირისპირებამ ტრაგიკულ კულმინაციას მიაღწია 1929 წლის მაისში – კარლ ციორგიბელმა, ბერლინის პოლიციის სოციალისტმა უფროსმა, მთელ ქალაქში აკრძალა მშრომელთა დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაციების ჩატარება. კომუნისტებმა პოლიციის მოწოდების იგნორირება მოახდინეს, რასაც მასობრივი შეტაკებები და 28 ადამიანის, მათ შორის უდანაშაულო გამვლელების, მსხვერპლი მოჰყვა. ამ დღეს სისხლიანი „მაისი ეწოდა“ და ისტორიაში ვაიმარის რესპუბლიკის მშრომელთა მოძრაობის გახლეჩილობის სიმბოლოდ აღიბეჭდა. თუმცა, მოძრაობას წინ უარესი ელოდა …
- ეროვნული შრომის დღე (1933-45)
„შავმა პარასკევმა“, 1929 წლის ნიუ-იორკის ბირჟის კრახმა გერმანიის ეკონომიკა ღრმად შიყვანა ჩიხში. უმუშევართა რაოდენობა 6 მილიონ ადამიანს გაუთანაბრდა და უმაღლეს მაჩვენებელს 33%-ს მიაღწია. ეკონომიკურმა სირთულეებმა საპარლამენტო დემოკრატიის დასრულებაც განაპირობეს.
პროფესიული კავშირების წევრთა 44% უმუშევარი აღმოჩნდა. მათი მომავალი ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა ჰიტლერის ახალ მინისტრთა კაბინეტს, დაიწყო ნაციონალ-სოციალისტური პარტიისა და მუშათა ორგანიზაციების ინტეგრაციის ძალადობრივი პროცესი. პროფკავშირულ ლიდერთა ფიზიკური ლიკვიდაციისა თუ შევიწროვების შემდეგ, 1933 წელს ჰიტლრმა პირველი მაისი ეროვნული შრომის დღედ გამოაცხადა.
- ტრაგიკული გაუთვლელობა
პროფკავსირებში შიდა განხილვებისას ვარაუდობდნენ, რომ ნაცისტური რეჟიმის პირობებშიც შესაძლებელი გახდებოდა იმ საზოგადოებრივი პოზიციის შენარჩუნება, რომელიც მშრომელთა ორგანიზაციებს სოციალისტთა მმართველობის დროს ეკავათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ მოახერხებდნენ აპოლიტიკურ პროფესიულ ორგანიზაციებად ფორმირებას და შეძლებდნენ ნაცისტურ პოზიციებთან მიმართებით შეხედულებათა ლავირებას. ეს ტრაგიკული გაუთვლელობა იყო, მალე ჰიტლერის ბრძანების „SS“-მა და „SA“-მ პროფკავშირულ ლიდერთა სახლები დაიკავეს და თავად აქტივისტები დაატუსაღეს.
პირველმა მაისმა, მისი ყოფილი მთავარი მოთამაშეებისაგან განსხვავებით, ნაცისტური რეჟიმის გადატაა მოახერხა, რადგან იქცა საუკეთესო ფონად გერმანიის მრეწველობასთან დაკავშირებული აღლუმებისათვის, მარშებისა და მისი მიღწევების წარმოჩენისათვის. მასობრივი მონაწილეობის პათეტიკური ინსცენირება ნაცისტთა გამოგონება არ გახლდათ, უბრალოდ მათ მოახერხეს პოლიტიკური ნაბიჯების ესტეთიზაციის უმაღლეს დონეზე აყვანა. ნაცისტებს ჰქონდათ სურვილი მუშათა მოძრაობის ძველი დღის სრული უზურპაციის შორსმიმავალი გეგმები, მაგრამ მათ ეს მაინც არ გამოუვიდათ. 1 მაისი ყოველთვის წარმოადგენდა საზოგადოების გაბედული მოქმედებების სიმბოლოს და 1945 წლამდე ოპოზიციურ მოქმედებებთან ასოცირდებოდა. ჯერ კიდევ 1933 წელს, უცნობებმა მოჭრეს ტემპელჰოფის მამულში ჰიტლერის მიერ საპირველმაისოდ დარგული მუხები.
- ზეიმი ნანგრევებს შორის
1945 წელს პირველად გაჩნდა შესაძლებლობა შედარებით თავისუფალ გარემოში, მოკავშირეების მიერ ოკუპირებულ გერმანიასი პირველი მაისის აღნიშვნისა. კომუნისტებმა, სოციალისტებმა და პროფკავშირის აქტივისტებმა 13 წლის შემდეგ დემონსტრაციის ორგანიზება შეძლეს, რომელიც მოკრძალებულად აღინიშნა, რადგან ვერმახტს კაპიტულაცია ჯერ გამოცხადებული არ ჰქონდა. ამასთანავე, გერმანელთა უმრავლესობა ნანგრევებს შორის შიმშილისაგან გადარჩენისთვის იბრძოდნენ.
1946 წელს, გერმანელებს კვლავ ეჭვის თვალით უყურებდნენ, ამიტომ მემარცხენეებმა ეს დღე ოთხ საოკუპაციო ზონად დაყოფილ სახელმწიფოში ტრანსფარანტების გარეშე აღნიშნეს.
- განსხვავებული ტენდენციები გაყოფილ გერმანიაში
დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიაში პირველი მაისის ისტორია ურთიერთგანსხვავებულად განვითარდა. საბჭოთა მმართველებთან დაახლოვებულმა გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიამ სრულად გაიზიარა ტოტალიტარული და პოსტ-ტოტალიტარული პრაქტიკა. პირველი მაისი სახელისუფლებო ნომენკლატურის მიერ მართულ, პარტიის ელიტის მიერ საკუთარი ლეგიტიმაციისა და საზოგადოების ინტენსიური კონტროლის მადემონსტრირებელ მოვლენად იქცა, რომლის აღიშვნა ხშირად სამხედრო აღლუმებითაც კი ხდებოდა.
გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ არჩევანი ევროპული სტანდარტების სასარგებლოდ გააკეთა. პროფესიული კავშირები პოლიტიკური საზოგადოების დამოუკიდებელ აქტორებად და უაღრესად გავლენიან ძალებად ჩამოყალიბდნენ. პირველი მაისი კი მათი მოთხოვნების არტიკულაციისა და პოლიტიკურ ცვლილებებზე ზემოქმედების დღედ იქცა, რომელიც გამოძახილს ჰპოვებდა მასობრივ საპროტესტო დემონსტრაციებსა და გაფიცვებში.
- ახალი სოციალური მოძრაობები
მეოცე საუკუნის გვიან სამოციან და სამოცდაათიან წლებში, ისე როგორც არც ერთ სხვა საპირველმაისო ღონისძიებებზე, გაჩნდა არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი ცვლილებების სიგნალები. პროფკავშირებთან ერთად, საპროტესტო ღონისძიებების წარმართვა დამოუკიდებლად დაიწყეს ახალმა დაჯგუფებებმა, რომელთაც ერთგვარი გაუგებრობა და ქაოსი შეჰქონდათ მშრომელთა მოძრაობებში. მსგავსი მოქმედებანი გამოვლინდა 1977 წელს, ფრანკფურტსა და ჰამბურგში, ბერლინსა და ბრემენში. ოთხმოციან წლებში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა უფსკრული მშრომელთა მოძრაობის ახალ და გამოცდილ წევრებს შორის. მალე ჩვეულებად დამკვიდრდა, თავდაპირველად DGB-ს საპირველმაისო დემონსტრაციაში მონაწილეობა, შემდეგ კი ახალი სოციალური მოძრაობების მიერ ალტერნატიული ფესტივალების გამართვა. ასპარეზზე გამოვიდნენ აგრესიული „ავტონომების“ ჯგუფები, რომლებიც ანტიკაპიტალისტური დარბევების ინიციატორები ხდებიან ხოლმე.
- შეკავშირება
მშრომელთა მოძრაობის რეტროგრადიულ და ახალგაზრდულ სოციალურ ჯგუფებად დაყოფის აღმოსაფხვრელად, გაერთიანებულ გერმანიაში 1992 წლის მაისის დემონსტრაციები ახალი ლოზუნგით გაიხსნა – „ვაკავშირებთ სხვადასხვა ნაწილს“. პროფკავშირების მთავარ მოთხოვნად იქცა ის, რომ ქვეყნის გამთლიანების მთელი სიმძიმე მუშათა ფენას არ დაკისრებოდა და სოლიდარობის პასუხისმგებლობა სხვა სტრატებსაც გაეზიარებინათ.
ახალი საუკუნის დასაწსყისიდან მშრომელთა მოძრაობა განაგრძობს ბრძოლას მოქალაქეთა უკეთესი სამუშაო პირობებისათვის, მუშათა თვითრეალიზებისათვის. 1 მაისის მოდერნიზება, მისი გამოხატვის ახალი ფორმებით გამდიდრება და ადამიანური ღირებულებების კვლავ დღის წესრიგის მთავარ თემად განსაზღვრა, მიუთითებს იმაზე, რომ რაიმონდ ფელიქს ლავინის იდეები 120 წლის შემდეგაც ცოცხალია და ახალ თაობებსაც დაუბრკოლებლად გადაეცემა.