ცვლილებების აუცილებლობა და თანამედროვე გამოწვევები

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რომელსაც თავისი მასშტაბებით 1929 წლის „დიდ დეპრესიას“ ადარებენ, ნათლად მიანიშნებს არსებული ნეოლიბერალური განვითარების კურსის შეცვლის აუცილებლოებაზე, რადგან მემარჯვენე ლიბერალური პოლიტიკა ვერ ახერხებს უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და დაძლიოს ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც მსოფლიოს თავს მოახვიეს 70–იანი წლების შემდეგ, რეიგანისა და ტეტჩერის ეპოქაში, „კონსერვატორული რევოლუციის“ შედეგად, რომელმაც  სოციალური უთანასწორობა უფრო გაამწვავა და 2008 წლის მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე მიგვიყვანა.  

 ნეოლიბერალურმა განვითარების გზამ პრობლემები შექმნა სოციალური ღონისძიებების დაფინანსებისათვის, რომელიც ერთ–ერთი უმთავრესი ფაქტორია სახელმწიფოს მოსახლეობის სოციალურად უზრუნველყოფისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული სოციალური აფეთქება და ნორმალური პირობები შეიქმნას ადამიანთა სრულყოფილი განვითარებისათვის, რათა შექმნან ღირებული პროდუქტი და ხელი შეუწყონ სახელმწიფოს განვითარებას, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არსებული რეფორმისტული შეხედულებები კაპიტალიზმის სოციალურ–პოლიტიკური სტაბილიზაციის გზების შესახებ.

საინტერესოა „რეიგანომიკის“, როგორც ნეოკონსერვატიული ფილოსოფიის პროდუქტის შედეგების გაანალიზება, რომელიც თავისი რადიკალური ფორმებით მკაცრად ზღუდავდა სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის პასუხისმგებლობას მისი რეგულირების მიზნით.

რეიგანი იზიარებდა პროფესორ არტურ ლაფერის მოსაზრებებს, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა წარმოების, საქონლისა და მომსახურების სტიმულირებას, რასაც იდეაში უნდა გამოეწვია სასწაულმოქმედი შედეგები. ეს ყველაფერი კი წახალისებული უნდა ყოფილიყო დაბალი საგადასახადო პოლიტიკით, შემოსავლების გაზრდის მიზნით. ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში უნდა გამოეწვია ეკონომიკის გამოცოცხლება, ინფლაციის შემცირება, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა და უმუშევრობის მკვეთრად შემცირება.

გადასახადების და სახელმწიფო ხარჯვების შემცირება  ნეოლიბერალური ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მთავარი მახასიათებელია. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება გაბატონებული შეხედულება ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალური ჩარევის საკითხი, ბაზრის რეგულირების გაუქმება, მინიმალისტური მთავრობის იდეა, მხოლოდ კერძო ინიციატივაზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება, სადაც მხოლოდ კერძო სექტორი იქნება დასაქმების და ცხოვრების დონის ამაღლების ძირითადი წყარო.

სინამდვილეში, სახელმწიფოს მხარჯველობითი პოლიტიკის შემცირებამ ეკონომიკაში, ბიუჯეტის გასავალი ნაწილის შეკვეცამ ძირითადად სოციალური მიმართულებით, შედეგად  გამოიწვია ის, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა. საგადასახადო რეფორმით უფრო მეტად ისარგებლა მსხვილმა მონოპოლიურმა კაპიტალმა და კორპორაციებმა, ვიდრე მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა. საშუალო და დაბალი ფენა დარჩა სოციალური სტაბილურობის გარეშე, ანუ ფაქტიურად დაეკარგათ შანსი ნორმალური ფუნქციონირების და წარმატების მიღწევის. ამ პერიოდში შეიქმნა 17 მილიონამდე სამუშაო ადგილი, ძირითადად დაბალ ხელფასიან მრეწველობის დარგებში, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა ღირსეულ ცხოვრებას. გადასახადების შემცირებამ კორპორაციებზე, ბიზნესის წახალისების მიზნით, შეერთებული შტატები მიიყვანა უპრეცედენტო საბიუჯეტო დეფიციტამდე.

დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი პრაქტიკულად განვითარების ამ მოდელის გამოძახილია, რომელმაც ნეოლიბერალური განვითარების სახელმწიფოებს სოციალური უთანასწორობის წახალისებისა და კლასობრივი ბრძოლისაკენ უბიძგა, სადაც რესურსების უდიდესი ნაწილი 1%–ის ხელშია ცენტრალიზებული და 99% თამაშ გარეთაა დარჩენილი. ამგვარი დემოკრატიები მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აქცევს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებში ხმის მიმცემებად, ხოლო ყოველგვარი სოციო–პოლიტიკური გავლენა პოლიტიკის წარმოებაზე უგულვებელყოფილია.

შესაბამისად, უარი უნდა ითქვას თანამედროვე საბაზრო პრინციპების უმწიკვლო საიდუმლოების გაფეტიშებაზე და მნიშვნელოვნად გაიზარდოს სახელმწიფოს როლი, როგორც სტაბილური გარანტის, ეკონომიკაში ინვესტირების კუთხით. საბოლოოდ უნდა ეთქვას უარი ლიბერტარიანული დემოკრატიის მშენებლობის იდეას, მისი ყოველი ატრიბუტით, რომელიც ცდილობს არ შეეხოს ბაზრის უხილავ ხელს“. 

ბოლო 20 წლის გამოცდილებამ და მსოფლიოში მიმდინარე სოციალურმა აფეთქებებმა, გვიჩვენა მცდარობა და კოლაფსი ჩიკაგოს  სკოლის მონეტარული მოძღვრებისა, იმის შესახებ, რომ კორპორაციებისა და მაღალი ფენებისათვის გადასახადების შემცირება სახსრებს დააგროვებდა და ქვედა სოციალურ საფეხურზე მდგომნი ამით ისარგებლებდნენ.   სახელმწიფოებმა თავიანთ თავზე უნდა აიღონ პრობლემების გადაწყვეტა თავიანთი აქტიური მონაწილეობით.

სახელმწიფო – ეს უნდა იყოს მთავარი ინვესტორი!

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ