ცენტრალური კავკასია – რეფორმები, გზა ევროპისაკენ

 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ცენტრალურ კავკასიაში სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა და საქართველო ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, უკვე საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში, კავკასიაში, ზოგადად, და სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით, ცენტრიდანული პროცესების გაჩენასთან ერთად, სიტუაცია დაიძაბა. ერთდროულად ამოქმედდა ყველა ის „შენელებული მოქმედების ნაღმი“, რომელსაც საბჭოთა კავშირის „მუდმივობა“ უნდა უზრუნველეყო.

საბჭოთა კავშირის დაშლა (კავკასიის შემთხვევაში კი მისი დანგრევა) სერიოზული პრობლემების ფონზე მიმდინარეობდა, კერძოდ, საომარი მოქმედებები ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში.

თუ მანამდე კავკასიის ინტეგრაციის სხვადასხვა ფორმაზე საუბრობდნენ (მაგალითად, საუბარი იყო ე.წ. „ამიერკავკასიის შეერთებული შტატების“, კავკასიის საერთო სახლის და ა.შ. შესახებ ), ცხადია, რომ საომარმა მოქმედებებმა ეს ინტეგრაციული პროცესები თუ სამუდამოდ არა, დიდი ხნით გადადო.

დღეს ცენტრალურ კავკასიაში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ჩნდება, რომლებიც არა იმდენად პოლიტიკურ, რამდენადაც ეკონომიკურ საფუძველს ეყრდნობა.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება თუნდაც ეკონომიკურ საფუძველზე მთელი ცენტრალური კავკასიის ჩართვა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა.

მიუხედავად ამისა, ცენტრალური კავკასიის სამივე სახელმწიფოში რეფორმების მიმდინარეობის ძირითადი მიმართულება და სამივე სახელმწიფოს, მიუხედავად ტაქტიკური განსხვავებებისა, დეკლარირებული პრინციპები მსგავსია. თუმცა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სისტემის რეფორმირება განსხვავებული გზებით ხორციელდება.

ამასთან, გასათვალისწინებელია ეკონომიკური შესაძლებლობებიც, რომლებიც რეგიონის სახელმწიფოებს ერთმანეთისაგან მკვეთრად განასხვავებს.

დღეისათვის, როგორც თავად კავკასიის, ისე მის გარშემო განლაგებული სახელმწიფოების ინტერესები, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით, მეტად „ჭრელია“. რუსეთთან, აშშ-სთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, კავკასიური პრობლემატიკის გადაჭრაში თავის მნიშვნელოვან როლს თურქეთიც ასრულებს.

უკანასკნელ პერიოდში, ნათლად გამოიკვეთა, რომ კავკასიაში დომინანტობის პრეტენზია სწორედ რუსეთსა და თურქეთს გაუჩნდათ. თუმცა, რეგიონში როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად ძლიერდება ევროკავშირის გავლენა.

არა მარტო ეკონომიკური, არამედ ზოგადად პოლიტიკური და სხვა სახის დაპირისპირება კავკასიისათვის ახალი არ არის. ჯერ კიდევ ძველი რომისა და საბერძნეთის დროიდან, შავი ზღვა და კავკასია სახელმწიფოთა გაფართოების სერიოზული პოტენციალის მატარებელი გახლდათ. ამის დასტურია კავკასიაში აღმოჩენილი ბერძნული კოლონიები და „არგონავტების” მოგზაურობა ძველ კოლხეთში (დღევანდელ დასავლეთ საქართველოში).

ცენტრალური კავკასიის გეოპოლიტიკური როლი და მისი მნიშვნელობა ევროპისათვის

კავკასია ზოგადად, და ცენტრალური კავკასია მათ შორის, განვითარებადი ბაზარია, რომელსაც ეკონომიკური ზრდის მაღალი პოტენციალი და ენერგეტიკული და სატრანპორტო კვანძები გააჩნია. 186 ათას კმ2 ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს უკავია, 16,5 მლნ ადამიანი ცხოვრობს და 2009 წელს, 65,6 მლრდ აშშ დოლარის (მიმდინარე ფასებში) მთლიანი შიდა პროდუქტი იქნა წარმოებული. საშუალოდ, მოსახლეობის ერთ სულზე მიმდინარე ფასებში 4 ათასი აშშ დოლარის მშპ იქნა წარმოებული, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკანასკნელი 9-10 წლის განმავლობაში ზრდა არნახულია, თუ 2000 წლისათვის მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 651 დოლარი იყო, დღეისათვის ნომინალური მშპ მოსახლეობის ერთ სულზე, აშშ დოლარებში, 6,1-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება მთლიანი მშპ-ს (მიმდინარე ფასებში, აშშ დოლარებში), სამივე სახელმწიფოს მონაცემებით, საშუალოდ 6,4-ჯერ გაიზარდა, აქედან, ზრდის მაჩვენებლით აზერბაიჯანი ლიდერობს (8,2-ჯერ) .

დღეს კავკასია ევროკავშირისათვის რამდენიმე ფაქტორის გამოა ძალიან საინტერესო. აშშ და ევროპა ცდილობენ როგორც სპარსეთის ყურის, ასევე, რუსეთის ენერგორესურსების ალტერნატიული წყაროები მოიძიონ. პოლიტიკური ნება, რომლის საფუძველიც ეკონომიკურ ინტერესებში უნდა ვეძიოთ, აისახა იმაში, რომ კავკასია მნიშვნელოვანი ენერგონაკადების გზაჯვარედინებზე აღმოჩნდა. კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობა მყიფეა, რამეთუ ევროპისა და აშშ-ის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები რუსეთის ინტერესებთან დისონანსში მოდის. 2008 წლის აგვისტოს ომი, რუსეთის გააქტიურება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ რუსეთის ეკონომიკური და უმთავრესად პოლიტიკური ამბიციების ზრდა კავკასიის რეგიონში ძალთა სერიოზულ გადანაწილებას მოასწავებს.

 

მიუხედავად ე.წ. „გადატვირთვის პოლიტიკისა“, რომელსაც აშშ-ის ადმინისტრაცია ახორციელებს, ცხადია, რომ როგორც ევროპა, ისე აშშ ცდილობენ ალტერნატიული სატრანსპორტო მაგისტრალები არ აღმოჩნდეს რუსეთის ხელში, რათა რუსეთმა არ აღიდგინოს ის მონოპოლიური მდგომარება, რომელიც მას წლების წინ გააჩნდა, როდესაც ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, როგორც რუსული, ისე ცენტრალური აზიისა და კასპიის ენერგომატარებლების ევროპაში ტრანსპორტირების ერთადერთი გზა რუსეთზე გადიოდა.

რუსეთის დღემდე პრიორიტეტულ მდგომარეობას ხელს ისიც უწყობს, რომ რუსეთის ენერგოგზების ალტერნატიული, სამხრეთკავკასიური გზის გასწვრივ სამი კონფლიქტური კერაა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოში და მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანში, რაც რეგიონული სატრანზიტო გზების განვითარებაში ინვესტორთა ინტერესს აშკარად ამცირებს და რისკებს სერიოზულად ზრდის.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, კავკასია დანარჩენი მსოფლიოსათვის და განსაკუთრებით ევროკავშირისათვის, ისევ და ისევ სატრანსპორტო კორიდორის ფუნქციის გამოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. კავკასია რესურსებით მდიდარი ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა და რესურსებზე გაზრდილი მოთხოვნის მქონე ევროპას შორის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზაა.

რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა უნიკალურია. სწორედ გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობა დაედო საფუძვლად საქართველოს ინიციატივას, „დიდი აბრეშუმის გზის“ საქართველოს გავლით აღდგენაზე. ცხადია, „დიდი აბრეშუმის გზის“ ამბიცია გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ნავთობის ტრანზიტი. რეალურად, ამ გზამ მსოფლიოს ახალი ეკონომიკური გიგანტი – ჩინეთი -ევროპას უნდა დააკავშიროს.

სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვანი ფუნქციონირება მჭიდროდ უკავშირდება სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას, ამასთან, დიდია მისი პოლიტიკური მნიშვნელობაც. ამ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებამ შეუწყო ხელი შუა აზიისა და ცენტრალური კავკასიის ქვეყნების ტერიტორიაზე ე.წ. „სამხრეთის დემოკრატიული სახელმწიფოების სარტყელის ფორმირების“ იდეის შემდგომ სრულყოფასა და მსოფლიო ბაზარზე ალტერნატიული დერეფნის ჩამოყალიბებას.

ევროპისათვის კავკასია არა მხოლოდ სატრანსპორტო არტერიაა. მას შემდეგ, რაც ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრები გახდნენ, კავკასია პრაქტიკულად ევროკავშირის მეზობელი გახდა. ამდენად ყურადღება, ამ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებზე უფრო მეტად გამახვილდა.

 

რეფორმები კავკასიაში

 

მეოცე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, სსრკ-ის დაშლის შემდეგ, საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საუკუნეში მეორედ დამოუკიდებლობის მიღება და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლება მოიპოვეს. პირველად მოპოვებული დამოუკიდებლობა (1918 წლის 26-28 მაისს, კავკასიის სამივე რესპუბლიკამ თბილისში დამოუკიდებლობა გამოაცხადა) ხანმოკლე აღმოჩნდა – 1920 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა, ხოლო 1921 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგეს და ისინი კვლავ რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის ნაწილები აღმოჩნდნენ, 1921 წლის ბოლოს შექმნილი სსრკ-ის შემადგენლობაში ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციის, ხოლო შემდეგ „დამოუკიდებელი რესპუბლიკების“ სახით. 1991 წლის ბოლოდან კი, მას შემდეგ, რაც სსრკ-მა არსებობა შეწყვიტა და მსოფლიოს ბევრმა სახელმწიფომ აღიარა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა, დღის წესრიგში დადგა როგორც ეკონომიკური, ისე, უპირ¬ვე¬ლეს ყოვლისა, ზოგადად პოლიტიკური აღმშენებლობის და სახელ¬მწი¬ფო-ებ¬რი¬ობის აღდგენის დაწყება.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში ცენტრალური კავკასიის (იმ დროისათვის „ამიერკავკასიის“) რესპუბლიკები მეტ-ნაკლებად ხავერდოვანი გზით ვითარდებოდნენ, დამოუკიდებლობის პირველი წლები სამივე ქვეყნისათვის უდიდეს გამოცდად იქცა, რაც სამოქალაქო თუ სამამულო ომების, ეთნოკონფლიქტებისა და სატრანსპორტო და ენერგეტიკული ბლოკადების სახით მოევლინა კავკასიას.

ყოველივე ამას სამივე ქვეყნის უმძიმესი კრიზისული მდგომარეობა მოჰყვა. ამ ფონზე, ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და ერთმანეთისადმი სასიცოცხლოდ განმსაზღვრელი ამოცანის გადაჭრა დაიწყო: დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირება და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების განხორციელება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არცერთ კავკასიურ სახელმწიფოში არც სახელმწიფოს მართვის და, მით უფრო, არც ეკონომიკური და სხვა ტიპის რეფორმების განხცორციელების არანაირი გამოცდილება არ არსებობდა. ყველა გადაწყვეტილება მანამდე მოსკოვში მიიღებოდა. ამდენად, სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან ერთად, დღის წესრიგში განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობა დადგა, რათა მას მოემზადებინა კადრები ეროვნული სახელმწიფოს, ეკონომიკის, სოციალური და სხვა სფეროებისათვის, რომლებიც არა მხოლოდ კარგი აღმასრულებლები, არამედ უკვე „პოლიტიკის კარგი შემქმნელები“ იქნებოდნენ.

 მნიშვნელოვანი იყო ასევე, შრომის ბაზრის, ჯანდაცვისა და ზოგადად სოციალური სისტემის გარდაქმნაც. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ის არსებობის ბოლო წლებში ცხოვრების დონე მცირდებოდა, სოციალური გარანტიები, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა (მართალია უხარისხო) იმის საფრთხეს აჩენდა, რომ ქვეყანაში ამ ტიპის პაკეტების შემცირება სერიოზული სოციალური პრობლემების ინიციატორი შეიძლება გამხდარიყო.

განათლების, სოციალური, ჯანდაცვისა და სხვა სისტემები კონკურენტუუნარონი აღმოჩნდა და ერთიანი სისტემის დანგრევამ მათი ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მკვეთრი რეგრესი გამოიწვია.

შესაბამისად, სსრკ-ის დაშლის შემდეგ, კავკასიის სამივე სახელმწიფოში დაიწყო რეფორმები, რომლებიც, იდეაში მაინც, გულისხმობდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოების (და მისი ყველა ატრიბუტის) ფორმირებას, საკუთარი სასამართლო სისტემის შექმნას, დემოკრატიული რეფორმების გატარებას, გეგმიური ეკონომიკური სისტემის დემონტაჟს, საკუთრებით პლურალიზმს (ანუ საკუთრების ყველა ფორმის თანასწორ არსებობას), ხოლო შემდეგ კერძო საკუთრების პრიმატს, დირექტიული ფასწარმოქმნის სისტემის მოშლას, დამოუკიდებელი ფისკალური, საბაჟო და მონეტარული ინსტიტუტების შექმნას.

რეფორმის პირველი წლები სამივე სახელმწიფოსათვის ურთულესი იყო. სირთულე კი, არა იმდენად რეფორმების იდეოლოგიურ ან შინაარსობრივ მხარეს, არამედ, უფრო მეტად, საომარ მოქმედებებს და მის შედეგებს მოჰყვა.

კავკასიის სახელმწიფოებმა რეფორმები, პრაქტიკულად, სინქრონულად დაიწყეს. ამასთან, რეფორმების ნაწილი იდენტური გეგმით მიდიოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეფორმების მაგალითი ხშირად რუსეთისაგან მოდიოდა და უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებში „ერთ თარგზე მოჭრილი“ რეფორმები ხორციელდებოდა. ეს ეხებოდა როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა რეფორმებს.

რეფორმების დაწყებიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, რეფორმების იდეოლოგია ერთმანეთს დაშორდა. თუმცა, მიზანი სამივე სახელმწიფოში ისევ ერთია (ყოველ შემთხვევაში დეკლარირებული), რომ სამივე სახელმწიფო ისწრაფვის ევროპული სივრცისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე მათ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ.

სამწუხაროდ, ხშირია რეფორმების იდეოლოგიის ცვლილებაც, მათ შორის, კარდინალური. თუ რეფორმირების პირველ წლებში სამივე სახელმწიფო მიზნად „სოციალურ საბაზრო ეკონომიკას“ აცხადებდა, შემდგომში ეს „თანხვედრა“ მნიშვნელოვნად შეიცვალა.

 

 ეკონომიკური რეფორმები

საბჭოთა კავშირის დაშლა მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ტრანსფორმაციის ფონზე მიმდინარეობდა. „პერესტროიკამ“, რომელიც 1995 წელს დაიწყო და „რკინის ფარდა“ ჩამოხსნა, მოსახლეობას დაანახა, რომ ცხოვრების დონე, რომლითაც ასე ამაყობდნენ, არცთუ ისე მაღალი იყო. ამდენად, „კომუნიზმის“ მშენებელ საზოგადოებაში კაპიტალიზმის „შენების“ სურვილი გაჩნდა.

სამწუხაროდ, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე „გადასვლის“ არანაირი არც თეორიული, და მით უფრო, არც პრაქტიკული გამოცდილება არ არსებობდა. ყველაზე მიახლოებული, თუმცა მაინც რადიკალურად განსხვავებული, გზა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ გერმანიაში განხორციელებეული რეფორმები იყო, რომელიც ლუდვიგ ერჰარდის ხელმძღვანელობით გატარდა.

შემდგომში ეკონომიკური რეფორმების ორი რადიკალურად განსხვავებული გზა გამოიკვეთა, რომელთაგან ერთი „ბალცეროვიჩის გეგმის“ სახით პოლონეთში, ხოლო მეორე კი ჩინეთში განხორციელდა .

ცენტრალური კავკასიიის სამივე სახელმწიფოში დღემდე კამათობენ, შეიძლებოდა თუ არა რეფორმების ჩინური გზის განხორციელება. თუმცა, სამივე ქვეყანამ რეფორმების იდეოლოგიად „პოლონური გამოცდილების რუსული ვერსია“ გამოიყენა.

საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რუსეთის ანალოგიურად და პარალელურად იწყება „შოკური თერაპიის” გამოყენება, რაც გულისხმობდა ფინანსურ სტაბილიზაციას, ფასების ლიბერალიზაციას, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას, მკაცრი საკრედიტო პოლიტიკის გატარებას, ზომიერი საგადასახადო სისტემის დანერგვას და სახელმწიფო ხარჯების შემცირებას.

მაგრამ ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა რეფორმატორებმა არ გაითვალისწინეს რამ¬დენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძოდ, არც ერთ ცენტრალურ კავკასიური სახელმწიფოს ხელისუფლებას, იმ ეტაპზე, არ ჰქონდა არანაირი რეალური მაკროეკონომიკური ინსტრუმენტი, მათ შორის, არ გააჩნდა არც საკუთარი ფულად-საკრედიტო სისტემა, საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის გატარების რეალური ბერკეტები. ამდენად, ნაცვლად ამ ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაზე ზრუნვისა, ხელისუფლება მოუმზადებლად იწყებს „შოკური თერაპიის” განხორციელებას.

 როგორც ზემოთ აღინიშნა, „შოკური თერაპიის” ქრესტომათიულ მაგალითად იქცა პოლონეთში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები, რომე¬ლიც პოლონეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრისა და დღეს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ლეშეკ ბალცეროვიჩის სახელთანაა დაკავშირებული და „ბალცეროვიჩის გეგმის” სახელითაა ცნობილი.

„ბალცეროვიჩის გეგმის” თანახმად, პოლონეთში გატარდა უმკაცრესი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რაც ფასების ლიბერალიზაციაში, საბიუჯეტო დოტაციებსა და სუბსიდიებზე უარის თქმის მეშვეობით, ბიუჯეტის დეფიციტის მნიშვნელოვნად შემცირებაში, მოსახლეობის შემოსავლებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის შეზღუდვაში გამოიხატებოდა.

პოლონეთში ჩატარებული „შოკური თერაპია” ითვალისწინებდა 11 სხვადასხვა სახის ღონისძიების სინქრონულად ჩატარებას, კერძოდ:

ბაზარზე წონასწორობის დამყარების მიზნით, ინფლაციის ხელოვნური წახალისება, ფასების მრავალჯერადი მატება;

მოსახლეობის შემოსავლების მკაცრი შეზღუდვა;

საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი ზრდა და ბრუნვაში არსებული ფულის მასის შეზღუდვა;

ანაბრებსა და სხვა დეპოზიტებზე პროცენტის გაზრდა, მოსახლეობის მიერ ფულის დაზოგვის სტიმულირების მიზნით;

ბიუჯეტის ხარჯების შემცირება, კაპიტალდაბანდებებისა და დოტაციების ხარჯზე;

სახელმწიფო სესხის ობლიგაციის გამოშვება, ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის მიზნით;

საგადასახადო სისტემის მოწესრიგება და უნიფიცირება;

აშშ დოლარის მიმართ ზლოტის ერთიანი გაცვლითი კურსის შემოღება და შიდა ბაზარზე ზლოტის კონვერტირების უზრუნველყოფა;

ერთიანი საბაჟო ტარიფების შემოღება იმპორტის შეზღუდვისა და ექსპორტის სტიმულირების მიზნით;

მოსახლეობისათვის სოციალური დახმარებების აღმოჩენა რეალური შესაძლებლობების ფარგლებში;

მონოპოლიური სტრუქტურების ლიკვიდაცია და საწარმოთა საქმიანობაში სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ჩარევაზე უარის თქმა.

 

 სამწუხაროდ, როგორც უკვე აღინიშნა, „შოკური თერაპიის” განხორციელება რუსული რეფორმების კალკით, რუსეთში დაწყებული პროცესების პარალელურად,1992 წლის 6 იანვარს დაიწყო აზერბაიჯანში და ერთი თვის დაგვიანებით, საქართველოში და მას რამდენიმე უკვე აღნიშნული მიზეზის გამო (საომარი მოქმედებები, სატრანსპორტო, ეკონომიკური და ენერგობლოკადები, ძირითადი მაკროეკონომიკური ინსტრუმენტების არქონა) რაიმე განსაკუთრებული ეფექტი ამ ქვეყნებში არ ჰქონია.

მოსაზრება, შეიძლებოდა თუ არა ამ ქვეყნებში რეფორმების „ჩინური გზის“, ანუ „გრადუალიზმის“ განხორციელება, შესაძლოა, უდიდესი ალბათობით უარვყოთ, რადგან ჩინეთი ბევრი ფაქტორით განსხვავდებოდა და დღესაც განსხვავდება როგორც კონკრეტულად ცენტრალური კავკასიის ამ სახელმწიფოებისაგან, ისე, მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირისაგან.

საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა უწევდა. დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება ერთდროულად უნდა მომხდარიყო, ამიტომ, ცხადია, რომ შეცდომები რეფორმირების გზაზე ბევრი იყო.

 

იმის გამო, რომ არც გამოცდილება და არც ფინანსური საშუალება არ იძლეოდა ამ პროცესების დამოუკიდებლად წარმართვის საშუალებას, სამივე სახელმწიფომ დახმარებისათვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, უპირველეს ყოვლისა კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს მიმართა. ამდენად, ამ ქვეყნებში მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების ზემოგანხილულ წანამძღვრებთან ერთად, პოლიტიკის ფორმირებაში უდიდესი წვლილი მსოფლიო საფინანსო წესრიგის განმსაზღვრელმა ორგანიზაციებმა შეიტანეს . ამ ორგანიზაციების დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესის წარმართვისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი როგორც მეთოდური და მეთოდოლოგიური, ასევე ფინანსური დახმარება და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფალთა მეტ-ნაკლებად კოორდინირებული ქმედებები.

ცენტრალური კავკასიის სამივე სახელმწიფოში ჩატარდა ფასების რეფორმა (რეალურად, გათავისუფლდა ყველა ფასი იშვიათი გამონაკლისის გარდა ე.წ. „რეგულირებად სფეროებში“), განხორციელდა მიწის რეფორმა (სამწუხაროდ, მიწის პრივატიზაციამ ყველა ქვეყანაში, რეალურად, მიწის დაქუცმაცება, ტექნიკური საშუალებების გარეშე დატოვება და სოფლის მეურნეობის წილის შემცირება გამოიწვია), პრივატიზაცია, მოხდა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაცია.

 

 

 

მნიშვნელოვანი ცვლილელები გატარდა ინსტიტუციური თვალსაზრისით. ყველა ქვეყანამ დატოვა რუსული რუბლის ზონა და საკუთარი ფულად-საკრედიტო სისტემა შექმნა (საქართველოში ჯერ ეროვნული ბანკის კუპონის, ხოლო 1995 წლიდან, ლარის შემოღებით; სომხეთში – დრამის, ხოლო აზერბაიჯანში მანათის შემოღებით, კავკასიის სამივე სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემის ფორმირებისაკენ). დიდ წილად განხორციელდა საბანკო სფეროს პრივატიზაცია (პრაქტიკულად, პრივატიზებულია ყველა ე.წ. სახელმწიფო კომერციული ბანკი, გარდა აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკისა).

დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი იყო ოპტიმალური საბიუჯეტო სისტემის ჩამოყალიბება. გადაიდგა ნაბიჯები საგადასახადო და საბაჟო სისტემების ოპტიმიზაციისაკენ.

ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ქვეყნების ეკონომიკის განვითარებისათვის, არამედ მათი ევროკავშირთან დაახლოებისათვის, ეკონომიკის ინსტიტუციური მოწყობის ევროპულთან დაახლოებას.

რეფორმების პირველ წლებში, სერიოზული კონსულტაციების და დახმარების შედეგად, დაიწყო ევროპულთან მიახლოებული მარეგულირებელი ინსტიტუტების ფორმირება. საქართველოში შემდგომ რეგულაციების მინიმუმადე დაყვანა მოხდა, რამაც საქართველო ევროპულ მიზანს დააშორა.

ცხადია, ეკონომიკური რეფორმები გრძელდება, ვინაიდან პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესი დასრულებული არ არის. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ძირითადი „ხერხემალი“ ფორმირებულია და მისი მხოლოდ ხორცშესხმაა საჭირო.

 

 

 

 

 

 

რეფორმები შრომის ბაზარზე და სოციალურ სფეროში

 

პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია, რომელიც 20 წლის წინ დაიწყო, მძიმე სოციალური ფონის თანხლებით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს.

ერთიანი საბჭოთა ეკონომიკური სივრცის რღვევამ, პოლიტიკურმა, სამხედრო და ბუნებრივმა კატაკლიზმებმა (მათ შორის, მიწისძვრა) წარმოების მოცულობა მკვეთრად შეამცირა.

1990 წლიდან, სამივე სახელმწიფოში რეალური მშპ-ს მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ვარდნა საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირდა. სამწუხაროდ, საქართველო ერთადერთია ცენტრალური კავკასიის სახელმწიფოებს შორის, რომელსაც რეფორმებამდელი მდგომარეობისათვის აღარ მიუღწევია.

ცხადია, ამგვარმა დაცემამ ყველა ქვეყანაში დაძაბა სოციალური ფონი, გაიზარდა უმუშევრობა. საქართველოში დღეს უმუშევრობა თითქმის 17%-ს აღწევს, სომხეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 6,9 და 6%-ია.

ამდენად, მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის და სოციალური დაცვის სისტემების რეფორმირება, დაზღვევის მექანიზმების დანერგვა.

შრომის კანონმდებლობა კავკასიური სახელმწიფოებისთვის, და განსაკუთრებით საქართველოსთვის, სერიოზული პრობლემაა. თუ სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედი კანონმდებლობა მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია, გათვალისწინებულია პროფკავშირების როლი და დასაქმებულის უფლებები ისევეა დაცული, როგორც დამსაქმებლის, ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში „ულტრალიბერალური“ შრომის კანომდებლობაა. საქართველო, სამსახურში აყვანისა და სამსახურიდან განთავისუფლების თვალსაზრისით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ქვეყანაა . ამდენად, როდესაც საუბარი შრომის კანონმდებლობის სრულყოფაზეა, უპირველესად ინსტიტუციური ჩარჩოების შეცვლა და მისი ევროპულთან ჰარმონიზაცია იგულისხმება.

 

 

 

 

 

ეკონომიკური თვალსაზრისით, მდიდარი რესურსული უზრუნველყოფის გამო, აზერბაიჯანის რესპუბლიკას, სომხეთთან და საქართველოსთან შედარებით, მეტი შესაძლებლობა აქვს. სოციალურ სფეროზე დიდი სახელმწიფო დაფინანსება გამოყოს. რაც შეეხება სომხეთსა და საქართველოს, შეზღუდული რესურსების პირობებში, აქცენტი სწორედ ინსტიტუციურ რეფორმებზე უნდა გაკეთდეს.

სოციალური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საპენსიო სიტემის რეფორმირება. სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს საპენსიო სისტემა (უფრო სწორედ, ალბათ, ხანშიშესულთა და შრომისუუნაროთა სოციალური უზრუნველყოფის სისტემა) ჩამოყალიბების პროცესშია და მოქმედებს ტრადიციული სისტემა, როდესაც ან სოციალური შენატანების (როგორც ეს სომხეთსა და აზერბაიჯანშია), ან სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიდან ხდება პენსიის გაცემა.

საპენსიო სისტემა გარდაქმის და ჩამოყალიბების სტადიაშია. საშუალო პენსია საქართველოში 54, სომხეთში 67, ხოლო აზერბაიჯანში 125 დოლარია.

 

კამათი იმაზე, თუ როგორი საპენსიო სიტემა უნდა ჩამოყალიბდეს ამ ქვეყნებში, არ წყდება. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ დღესვე რომ შეიცვალოს რომელიმე ამ ქვეყნის საპენსიო სისტემა და მთლიანად საპენსიო დაზღვევის მექანიზმი ამოქმედდეს, საპენსიო სისტემის სრულყოფილად ამოქმედებას დაახლოებით 45 წელი დასჭირდება.

კავკასიაში იდგმება ნაბიჯები ჯანდაცვის სისტემის სადაზღვევო პრინციპებზე გადასაყვანადაც, თუმცა, მენტალური წინააღმდეგობის გამო, სადაზღვევო სისტემა დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.

 

 ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში

 

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ