ქრისტიანულ-სოციალისტური მეტაეკონომიკა

როგორია ქრისტიანულ-სოციალისტური ეკონომიკური მოდელის წანამძღვრები–პრინციპები, ნორმები, ღირებულებები, როგორია ის მიღმური – არაეკონომიკური, რაც თვით ეკონომიკურ შინაარსსა და ბუნებას განსაზღვრავს, ანუ როგორია ქრისტიანულ-სოციალისტური მეტაეკონომიკა?

როგორც ცნობილია, ტერმინი მეტაეკონომიკსი პირველად ავსტრიელმა მათემატიკოსმა, გამოჩენილი ეკონომისტის შვილმა, კარლ მენგერმა გამოიყენა იმ ახალი ტიპის ეკონომიკის შექმნის აუცილებლობის გამოსახატავად, რომელშიც შესაბამისი პროცესები რაოდენობრივად ზუსტ მათემატიკურ ფორმულებში აისახებოდა  და ამით ეკონომიკა მეცნიერულ ხასიათს შეიძენდა. შემდგომში ამ მიმართულებამ და გარკვეული დადებითი თუ უარყოფითი როლი ითამაშა ეკონომიკის, როგორც მეცნიერების, განვითარებაზე. ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ ამ ტერმინს ახალი შინაარსი შესძინა და მეცნიერულ მოხმარებაში შემოიტანა ფრიც შუმახერმა, ბესტსელერის „პატარა მშვენიერია“(1)ცნობილმა ავტორმა. ამჟამად მეტაეკონომიკამ დამოუკიდებელი თეორიის შინაარსიც კი შეიძინა(2) .

შუმახერის განმარტებით, „იმდენად, რამდენადაც ეკონომიკური ეხება ადამიანს გარემოში, მეტაეკონომიკა მოიცავს ორ ნაწილს – ერთი ნაწილი ეხება კაცს, ხოლო მეორე ნაწილი შეეხება ბუნებას“. სხვა სიტყვებით, ეკონომიკურმა უნდა გამოიყვანოს თავისი მიზნები და ამოცანები ადამიანის ცოდნიდან, ხოლო მისი მეთოდოლოგიის დიდი ნაწილი – ბუნების ცოდნიდან. ეკონომიკსის დანიშნულება და დასკვნები იცვლება იმისადა მიხედვით, თუ როგორია ადამიანისა და დედამიწაზე მისი დანიშნულების გაგება და როგორია ბუნებრივი გარემო. შუმახერი ასკვნის: „როგორც ვნახეთ, ეკონომიკური არის „გამოყვანილი“ მეცნიერება, რომელიც ინსტრუქციებს იღებს იქიდან, რასაც მე ვუწოდებ მეტაეკონომიკურს. როგორც კი იცვლება ინსტრუქციები, იცვლება ეკონომიკის შინაარსიც“. მაგალითად, თუ დასავლური მატერიალისტური მეტაეკონომიკური საფუძველი შეიცვლება ბუდისტური (ქრისტიანული, ისლამისტური) საფუძვლით, შესაბამისად შეიცვლება ეკონომიკაც .

დღეს მეტაეკონომიკური ესმით აგრეთვე, როგორც ეკონომიკური თეორია, რომელიც ადამიანს განიხილავს მოტივირებულად როგორც საკუთარი ინტერესებით (გამომდინარე მისი ეგოისტურ-ჰედონისტური ბუნებიდან), ასევე ემპათია-სიმპათიით (თანაგრძნობა-კეთილგანწყობით, გამომდინარე სხვისი გაზიარებული ინტერესებიდან). ეს არის ეკონომიკური მიდგომა, რომელიც აფართოებს რაციონალურ არჩევანს, რომელიც ცხადად მოიცავს ეთიკურ და მორალურ სიკეთეებს, სიქველეებს, ასეთი არჩევანის რაციონალურ ფარგლებში; ურთიერთთვაგანწირვის შესაძლებლობა კი, როგორც ორმხრივი სარგებლიანობისა და პოტენციური სინერგიზმის ნიშან-თვისება, ახალ მნიშვნელობას სძენს ეფექტიანობას; ეს არის შეცვლილი, ტრანსფორმირებული ეკონომიკური მიდგომა, აშენებული როგორც თერმოდინამიკის (ხომალდი – დედამიწა, ეკოსისტემა), ასევე ჰუმანისტურ პრინციპებზე.(2)

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქრისტიანულ-სოციალისტური მეტაეკონომიკა ჩვენ წარმოგვიდგენია, როგორც ერთობლიობა იმ ქრისტიანული, სოციალ-დემოკრატიული და ეკოლოგიური ნორმებისა, პრინციპებისა, რეგულატორებისა, შეზღუდვებისა, დაშვებებისა და მიზნებისა , რომელთა საფუძველზეც უნდა აიგოს ქრისტიანულ-სოციალისტური ეკონომიკური მოდელი. ამ ერთობლიობის საფუძვლად შეგვიძლია მივიჩნიოთ   სოციალ-დემოკრატიული (სოციალური– საბაზრო) მეტაეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც შეივსება ეკოლოგიური  ნორმებითა და რეგულაციებით (ჩვენი ხედვა ამ ნაწილში იხ.(3)) და კიდევ უფრო დაკონკრეტდება ქრისტიანული პრინციპებით, ნორმებით, ტრადიციებითა და ინსტიტუციებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება შეზღუდული ბაზარი (თავისუფალი ბაზრის საპირისპიროდ) გარკვეული აზრით(ქრისტიანულ–ეკო–სოციალისტური).

 მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, სადაც ზემოთაღნიშნული პრინციპები ურთიერთთანხმობაშია:

სოციალური ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ პოლიტიკაში რეალიზდეს ისეთი საბაზისო ღირებულებები, როგორებიც არის: თავისუფლება, სოციალური სამართლიანობა (თანასაწორობა) და სოლიდარობა. მაგალითად, თავისუფლების პრინციპი განხორციელდეს ე. წ. პოზიტიური სამოქალაქო უფლებების გზით, რაც უკავშირდება თანასწორობასაც და სოლიდარობასაც. ეს პრინციპი ასევე მნიშვნელოვანია ქრისტიანობისთვისაც – „თანასწორობა ქრისტეში“, „მოყვასის სიყვარული“, „ურთიერთ სიმძიმის ტვირთვა“  (თანაგრძნობა – გაზიარებული ინტერესი), რაც ამავე დროს, როგორც მტკიცდება, ეკონომიკურად ეფექტიანიც არის. ასევე, შრომის უფლება, რომელიც გაეროს სოციალური კონვენციითაც არის დაფუძნებული (1966, თავი 6), პოზიტიური სამოქალაქო უფლებაა, რისი განხორციელების მცდელობას სრული დასაქმების პოლიტიკა წარმოადგენს, მნიშვნელოვანი ქრისტიანული ღირებულებაა, რამდენადაც იგი ღვთისგან დადგენილი ნორმაა ჯერ კიდევ ადამის დაცემამდე და ათიდან ერთ-ერთი მცნებაცაა („ექვს დღეს იქმოდე“).

მომხმარებლური საზოგადოების (Consumer Society) ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობა განპირობებულია არა მხოლოდ რაციონალური, გარემოსდაცვითი (ანუ რესურსების შენარჩუნებისკენ მიმართული) მოსაზრებებით, არამედ ქრისტიანულ-მორალურ-სულიერი მოთხოვნილებებითაც, რაც ასახულია, მაგალითად, მარხვის ინსტიტუტში (თავშეკავება ნორმაა – ბევრის მოხმარება არ ნიშნავს კარგად ყოფნას). აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდა , ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა კი არ არის თავისთავად მნიშვნელოვანი,  აბსოლუტური პროგრესის კრიტერიუმი, არამედ მნიშვნელოვანია მისი სტრუქტურა, განაწილების ხარისხი, პროპორცია და განვითარების სხვა კრიტერიუმები (იხ.3,4,5) .

სოციალ-დემოკრატებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პროგრესული გადასახადი და ბიუჯეტის განაწილების პრინციპები სრულ თანხმობაშია ქრისტიანულ სამართლიანობასთან, როგორც პავლე მოციქული გვიხსნის, „რათა არა იმისათვის, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანაბრობისთვის, ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათ ნაკლულობას, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულობა, რომ იყოს თანაბრობა“ (კორინთ. 8, 4).

მომავალში უფრო კონკრეტულად ვიმსჯელებთ იმ ეკონომიკურ ფორმებზე, ინსტიტუტებზე, მექანიზმებზე, რეგულაციებსა და ნორმებზე, რაც კიდევ უფრო ნათელს გახდის ქრისტიანულ-სოციალისტურ ეკონომიკურ ხედვას.

 

ლიტერატურა

(1)   E. F. Scumacher. Small Is Beautiful. A Study of Economics As if People Mattered. Abacus. Copyright 1973. (ე.ფ. შუმახერი, პატარა მშვენიერია. ეკონომიკის სწავლება ისე, როგორც ეს ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი)

(2)   http://agecon.unl.edu/metaeconomics 

http://www.metaeconomics.co.uk/

(3)   ქრისტიანული ეკოსოციალიზმი https://european.ge/?p=865

(4)   ქრისტიან სოციალისტთა საშობაო მიმართვა  www.sdd.ge

(5)   საქართველოს მდგრადი განვითარების კონცეფციისთვის, ავტორთა ჯგუფი, ჟურნალი „ეკონომისტი“ #12, 1992;  #1, 1993

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ